ორი საუკუნის გზაჯვარედინზე

გადავწყვიტე, ამ ნოველაში დაახლოებით, 40 წლის ისტორია ჩამეტია (ზუსტად ამდენი ხანია, რაც ცნობიერი ცხოვრება დავიწყე...) თან ძალიან მოსაწყენი რომ არ გამოსულიყო, მოკლედ დამეწერა... თუმცა... როგორ გინდა 40 წელი ”Word”-ის რამოდენიმე გაქათქათებულ ფურცელზე დატიო?! მით უმეტეს, თუ (სამ, რადიკალურად განსხვავებულ დროში და) ორი საუკუნის მიჯნაზე მოგიწია ცხოვრება.
ყველაფერი კი უზრუნველი წლებით დაიწყო: სკოლა, 1 მაისის, 7 ნოემბრის საზეიმო დემონსტრაციები, ”ნათელი” სოციალიზმის და კიდევ უფრო ”ნათელი”, მომავალი კომუნიზმის ეპოქა, ასეთივე ბავშვობით... უსაყვარლესი ადამიანების გარემოცვით: დედ-მამა, ბებია-პაპა. . . შავი ვოლგით და ხანდახან (თუ სხვა ტრანსპორტი არ იყო), პაპას კოლმეურნეობის ავტობუსით სკოლაში სიარული და მაინც დაგვიანება გაკვეთილზე. სკოლის ბუფეტში ნაყიდი ცივი და ზეთში გულმოდგინედ გაშავებული ხაჭაპურები და პონჩიკები, ხმაურიანი დერეფნები, მტვრის და ოფლის მძიმე სუნით გაჯერებული ჰაერი კლასებში და იატაკზე მოშლილი ნავთში არეული ნახერხი, მასწავლებლის და დამლაგებლის "ღრმა რწმენით", პარკეტი რომ უნდა გაეპრიალებინა. საგულდაგულოდ ჩანიშნული დავალებები და სახლში მთელი დღე ნამეცადინები გაკვეთილები. დაზეპირებული გეომეტრიის თეორემები და გულისრევამდე მობეზრებული მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია. დედას მორიგეობები და ღამით ბებიასთან დარჩენა, პაპა, რომელსაც სულ სადღაც ეჩქარებოდა და მძღოლი აკითხავდა. მამა, რომელიც გამთენიას ტოვებდა სახლს (მეორე რაიონში მუშაობდა) საღამოს დაბრუნებული კი სახეზე წიგნ ან გაზეთ აფარებული, მუდმივად ტელევიზორთან იჯდა. ჩვენს ხმაურს არ უნდა შეეწუხებინა და დროზე დაგვეძინა. დანარჩენი- დედას ჰქონდა გადაბარებული და ისიც ბებიაჩემის აქტიური დახმარებით, ამას პირნათლად ასრულებდა...ერთად ერთხელ დაითანხმა დედამ მამა ხაზვაში დამხმარებოდა.
-წადი, როგორც შეძლებ დახაზე და მაჩვენეო-მითხრა.
მთელი ერთი საათი ვიცოდვილე, ერთი საშლელი ზედ მივახარჯე და წიგნში დახატული კონუსის მაგვარი რომ გამოვიყვანე ფურცელზე, ხელის კანკალით მივუტანე. სულ ერთი წამი უყურა, მერე ფანქარი გამომართვა და პირდაპირ შუაში გაურჭო ფურცელს სიტყვებით: ჩემს ლექტორთან რომ ეს მიგეტანა, ასე მოიქცეოდაო... რა სასტიკი წესები ჰქონიათ შენს სასწავლებელში-მეთქი კი გავიფიქრე, მაგრამ თქმას როგორ გავუბედავდი. ერთი კია, მას მერე არასოდეს მითხოვია ტექნიკურ საგნებში დახმარება. ან ჩემით ვცოდვილობდი (სასოწარკვეთილი ვიზეპირებდი) ან მათემატიკის მასწავლებელს ვაკითხავდი სახლში. ისიც მზამზარეულ დავალებას ან უკვე ამოხსნილ საკონტროლოს ამოცანებს გადამაწერინებდა, მეც კმაყოფილი მოვდიოდი და ისიც მშვიდი სინდისით იღებდა მოწაფეების მორიგ ჯგუფს...
ზამთარში, მოსკოვიდან და ლენინგრადიდან დაბრუნებული დედისა და მამის მოლოდინი, მათი ჩამოსვლის ბედნიერ დღემდე ყველა წუთისა და წამის თვლა. შემოდიოდნენ ზამთრის ცივი ჰაერით და შორეული ქალაქების სუნით გაჟღენთილები... ახლადგაღვიძებულს ცხვირში რომ ფორთოხლის გრილი არომატი შემიღიტინებდა, ხოლო დაბლა სართულიდან კარის ხმას და მათ ლაპარაკს გავიგებდი, ღამის პერანგიანი მოვქროდი კიბეებზე ჩემს დებთან ერთად. ბებია უკვე ქვემოთ ხვდებოდათ. შემოჰქონდათ ტანსაცმლით და უცხო ტკბილეულით სავსე ყავისფერ ქაღალდებში შეფუთული ჩემოდნები... ქაღალდებს შემოვახევდით და სულმოუთქმელად ველოდებოდით როდის გახსნიდნენ და ამოალაგებდნენ. ქვედა სართულზე, აგიზგიზებული ბუხრის წინ მდგარ მაგიდაზე ნელ-ნელა ჩნდებოდა პარკები, ქაღალდებში შეფუთული საჩუქრები, ლამაზი შოკოლადის ყუთები, ”მაროკოს” ფორთოხლები და მაშინ საბჭოეთისთვის ძალიან უცხო და იშვიათი ხილი-ბანანები. ეს ყველაფერი მარტო მაგიდას კი არა, ბუხრის ორივე მხარეს თაროებსაც იკავებდა... ჩვენ კი სულმოუთქმელად ველოდით მეორე დღის დადგომას, როცა ახალ ფეხსაცმელებსა და ტანსაცმელში გამოწყობილები წავიდოდით სკოლაში.
თეთრ მანჟეტებიანი ფორმის კაბები და პიონერული ყელსახვევები, ზურგჩანთები დროშებისა და წიგნების აპლიკაციებით, შიგნით მძიმე, გადაქექილი, მეორადი სასკოლო სახემძღვანელოები, აპრეხილ ყდიანი თხელი ან ნაცრისფერყდიანი სქელი რვეულები, ფარგალი და სახაზავები, მელანგამოსული პასტები, ჩანახევრებული საშლელი და სახლიდან გამოტანებული ბუფეტის ფული, რომლითაც ყოველდღე ჩემს ორ ოროსან და ჩამორჩენილ მეგობარ გოგოს ბუფეტში ვეპატიჟებოდი, დაბადების დღეებზე საჩუქრებისთვის ვუგროვებდი და ზაფხულობით ნაყინს ვყიდულობდი სრულიად უანგაროდ და არასოდეს დაბრუნებული მადლიერებით.
რაზმისა და რაზმეულის საბჭოს შეკრებები სკოლის ეზოში, ოქტომბრელებში, პიონერთა რიგებში და ბოლოს, კომკავშირში მიღების ცერემონიალები ქალაქის სკვერში.
ელექტრო ზარის მჭახე ხმა და ზამთარში რადიატორთან შეყუჟული კლასელები. მაღალ ქუსლებზე შემხტარი, "პრიჩოსკადაყენებული" შუახნის მასწავლებლები სისხლის გამყინავი მკივანა ხმით და მკაცრი სახეებით, არასოდეს რომ არ იღიმებოდნენ...აი, ეს იყო მათი პროფესიის მთავარი "ხიბლიცა" და საბჭოთა პედაგოგიკის საიდუმლოც.
დედას კვალიფიკაციები თბილისში და კალოსუბნისკენ გამგზავრება. ჩემი გამაოგნებლად ცელქი ბიძაშვილები, ბაბო, რომელიც ძლივს დადიოდა ართრიტისა და მარილებისგან დეფორმირებული, გაბერილი ფეხებით და ტახტზე ჩამომჯდარი, გამეტებით იტყაპუნებდა ხელებს მუხლებზე, აი, ესა მკლავსო...მისი მომზადებული ქათმის ჩახოხბილი, ზეთში ჩაბუჟბუჟებული, უხვად პესოკმოყრილი ბლინები და საღამოობით ბეციაშვილებიდან ჩამოტანილ მაწონში ჩაყრილი შოთი პურის დიდი ლუკმები ზემოდან აისბერგივით ამოსული შაქრის გროვით. დილით ყავისფერი ზღარბებით მოხატულ დიდ ფინჯნებში ჩასხმული უტკბილესი ჩაი და კარაქიან პურზე წასმული მსხლის გემრიელი ”პავიდლო”, ისეთი, მხოლოდ ბაბომ რომ იცოდა. პატარა სამზარეულში მუდმივად ქაღალდის დიდი ”კულოკით” ”მიატნის” და კოწახურის საწუწნი კამფეტები (ნოდარი ძიას უყვარდა და სულ ყიდულობდა) ამავე სამზარეულოს დიდ, ახალ მაცივარში (ნოდარი ძიამ ლატარიაში მოიგო), ჭიქიანი და ვაფლში ჩადებული ნაყინები, დილით მოტოკიცლეტზე შემომჯდარი ”პიპინასგან” რომ ვყიდულობდით მე და ჩემი ბიძაშვილები და თან იმდენს, რომ მეორე დილისთვისაც გვრჩებოდა...
სახლის გვერდით, გახურებული თონის პირას გამოტანილი დიდი ხის ვარცლი შიგ აფუმფულებული ცომით, რომელსაც ზედ ყოველთვის უხეში, თეთრი ტილოსგან შეკერილი ტომარა ჰქონდა გადაფარებული. ცომი ყოველთვის მარანში მზადდებოდა, იქვე ამოდიოდა რამოდენიმე საათში, მერე უკვე თონის პირას დადგმული ვარცლიდან იღებდა ბებია გუნდებს და მიჯრით აწყობდა ხის ფიცარზე. მალე მთელ ეზოსა და ქუჩაში პურის თავბრუდამხვევი და ჭკუაზე შემშლელი (განსაკუთრებით თუ მშიერი იყავი) სუნი დგებოდა და მეზობლებიც ციალა, ნელი, ნუნუ, მარგო აღარ აყოვნებდნენ შემოსვლას. ბებიაჩემი კარების გაჭრიალებისთანავე ხვდებოდა ამ "ესკადრონის" შემობრძანებას, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნებდა, "შაჭამეს გულიო" და ხმამაღლა კი სულ სხვა რამეს გასძახებდათ, მოდით ქალო, რა შორიდან იძახითო...ისინიც ჭრელი ხალათებითა და ”კალოშებით” (ზაფხულის პაპანაქებაშიც ასე დადიოდნენ) მორიდებით იქვე მდგარ ხის სკამებზე ჩამოსხდებოდნენ და თონეს ხარბად მიაჩერდებოდნენ. ამოდიოდა და ამოდიოდა მრგვალი ლავაშები, გაწკეპილი თეთრი შოთები და ბოლოს ნაზუქები. მარტო ბებიამ იცოდა ასეთი ნაზუქების გამოცხობა და მთელ სამყაროში ასეთს ვერავინ ვერასდროს გამოაცხობდა. მალე უკვე მინელებული თონის გარშემო რიგრიგობით ჩნდებოდა წიწაკის,კომბოსტოს და ნივრის მწნილიანი თეფშები, თხლად დაჭრილი ყველი, ბახჩაში ბებოს ხელით მოყვანილი, სურნელოვანი მწვანილები, ბოლოკი... თვითეულ მეზობელს რამოდენიმე შოთს გადაუხვევდა და სახლშიც გაატანდა. მერე იწყებოდა ბებოს ჭრელი, კუბიკებიანი გადასაფარებებისაგან გაკეთებულ "ქოხებში" თამაში ჩემ ბიძაშვილ-გოგიასთან ერთად.
მზის გადასვლისთანავე კალოსუბნის მტვრიან და უასფალტო შარაზე ”სამაკატკებით” ქროლვა...ზემოდან დავეშვებოდი, თან ბორბლების რიტმს ფეხს ენერგიულად ვაყოლებდი, ეს ბედნიერი ქროლვის შეგრძნება დღემდე მახსოვს...ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ბებიას სახლის პირდაპირ, ხის გრძელ სკამზე ჩამომჯდარი შამილა პაპა, ჭაღარა გაჩეჩილი თმით, მუდმივად ორ ღილზე შეკრული სტაფილოსფერი ”საროჩკით” და უზარმაზარი ღიპით, ისეთი ხაფი ხმით ლაპარაკობდა, სულ მეგონა ყელში უჭერდნენ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა არ უნდა გაგეჭყიტა ქუჩის კარიდან, სკამზე მარტო იჯდა და მეგონა, ღამესაც იქ ატარებდა...ჩვენი ვიზიტი არასოდეს გამოეპარებოდა თვალთახედვის არედან და შორიდან ხელის აწევით დაიხრიალებდა: როგორა ხარ, პაპავ? მერე ბებიასგან გავიგე რომ ეს ხმაც და აწითლებული სახეც ღვინისა და არყის ”დამსახურება” ყოფილა...შამილა პაპა გამოუსწორებელი ლოთი იყო, თუმცა მაინც კეთილ ადამიანად მიმაჩნდა ყოველთვის და ბავშვურად განვიცადე მისი გარდაცვალება, როცა ხის ძველი სკამი დაცარიელდა...
ღამე კი ლომის ხალიჩიან და რკინის საწოლებიან ოთახში თავ-ფეხთით დაწოლილი ძილი, ღია ფანჯარასთან დადგმული ძმრიანი პატარა თეფში, კოღოების ბზული, კუნაპეტ წყდიადში ძაღლებისა ყეფის ხმა და ჭრიჭინების ჭრიჭინი, რომელსაც მალე ბებიაჩემის უდარდელი ფშვინვა ენაცვლებოდა...
ბებიას მეზობლად მცხოვრები ჭუჭყიანი ბოშები, ეზოში შემოტანტალებულებს სადილის დროს, ჩემი დაჟინებული თხოვნით რომ დაითხოვდა ხოლმე სახლიდან. მათთან ერთად საჭმლის ჭამას სასტიკად ვაპროტესტებდი და არც ბებიაჩემი იყო დიდად ამის მომხრე: ”გაიცით, ესენი ახლა შეჭამენ და მერე მოდითო”-ხელს აუქნევდათ და ისინიც მიდიოდნენ, მათი თვალები კი ღრმა თეფშებზე დასხმულ ”ჩახოხბილზე” რჩებოდა...
ბებიაჩემის შეკერილი აბრეშუმის ვარდისფერი გრძელი კაბები, ამავე ნაჭრით გაწყობილ შლიაპებთან ერთად და საღამოთი ამ "სამეჯლისო" მასკარადით "ზევით ბავშვებთან" გასეირნება.
მერი ძალო სკოლიდან ბრუნდებოდა, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს გაიხდიდა, ხელებიდან ოქროს ბეჭდებს მოიხსნიდა და ოქროსივე საათის სამაჯურზე წამოაცმევდა. მთელი ეს საგანძური მეორე დილამდე ბინას კომოდის დიდ უჯრაში, ჩემი ბიძაშვილების ტანსაცმლის ქვეშ იდებდა. თუმცა ერთხელ ძლივს გადარჩა მოპარვას, როცა ოთახში შემოპარულ ქურდბაცაცა ციგან რიტას მერი ძალო ღრმა ძილში წასული ეგონა და კომოდის მძიმე უჯრა ჩუმად გამოსწია...საბედნიეროდ, ბიცოლაჩემს გამოეღვიძა და რიტასაც არ დაადგა კარგი დღე. იმ დღიდან მხოლოდ კაკლების მოპარვას სჯერდებოდა და გავსებული უბით ჩუმად გაიპარებოდა ხოლმე ბაბოს ეზოდან...
განსაკუთრებით ბებიაჩემის უსაყვარლესი ყავისფერი "შიფანერკა" (ასე ეძახდა)დამამახსოვრდა. დეკორატიულ მინებიანი ვიწრო ვიტრინით, რომელზეც ბოლომდე, სანამ გაიტანდნენ, ჩემი მისადმი სარვამარტოდ მიძღვნილი ნახატი იყო მიმაგრებული. ვიტრინის ქვემოთ უჯრები, შიგ ათასნაირი ნაკუწებით, ძაფებითა და ხარახურით სავსე. გვერდით კი უზარმაზარი ტანსაცმლის საკიდი კარადით. გამოაღებდი და ისეთი მძაფრი ნაფტალინის და სიძველის სუნი გამოვარდებოდა, ცხვირები გვეწვოდა, მაგრამ არ ვეპუებოდით და უკვე მერამდენედ გულმოდგინედ ვიქექებოდით. უკვე მერამდენედ ვკითხულობდი ორ "ისტორიულ" წარწერას მისი უკიდეგანო კარების შიგნით. ერთი ეზოს "უბორნიის" ამოჭრის თარიღი იყო და მეორე - ბიძაჩემის ავარიის თვე და რიცხვი დაბლა მინაწერით: "დაიწვას ეს დღე". ბებიაჩემმა რატომღაც ეს ორი ფაქტი ჩათვალა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენად და ქიმიური ფანქრით გამოყვანილი დიდი, აჩხა-ბაჩხა ასოებით სამუდამოდ აღბეჭდა ძველი "შიფანერკის" ჭრიალა კარებზე. ერთხელაც ამ კარის ქვემოთ ასევე უკიდეგანოდ განიერ უჯრაში, ბებიაჩემის ფართოტოტიან საცვლებსა და ჩითის პერანგებს შორის საგულდაგულოდ შენახული სუნამოები ვიპოვეთ "კრასნაია მასკვა" და "ბახჩისარაისკი ფონტან" მჭახე სუნით, რომელიც დასხმიდან რამოდენიმე წამში მთელ მახლობელ პერიმეტრზე ვრცელდებოდა და სანამ ბებიაჩემის ფხაჭნია სახეხით არ დაიბანდი, არაფრით არ გადიოდა კანიდან. "დუხები" რა თქმა უნდა, ვიჩუქე და სახლში წამოვიღე, თუმცა მისი გამოყენება მალე სასტიკად ამიკრძალეს...
დედაჩემის თბილისიდან დაბრუნებისთანავე ანდა სკოლის დაწყებასთან ერთად, მთავრდებოდა ჩემი ”კალოსუბნური არდადაგები” და ისევ "ქალაქურ" ცხოვრებას ვუბრუნდებოდი ზუგდიდის ქუჩაზე, თუმცა სულ ცოტა ხნით. ამჯერად მეორე ბებიასთან მინდოდა ყოფნა, რომელთან დარჩენასაც არც დედას კვალიფიკაციაზე გამგზავრება და არც არდადაგების დაწყება არ სჭირდებოდა. მისკენ გული სულ მიმიწევდა ყოველგვარი მიზეზისა და აუცილებლობის გარეშე, რადგან იქ სულ სხვა "თავგადასავალი" მელოდებოდა... საოცრად, არნახულად და არგაგონილად მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი-ბებიაჩემი პაპასთან ერთად და მეორე სართულის სულ ბოლო ოთახში- ბიბლიოთეკა, ჭერამდე ასული შემინული თაროებით და უამრავი წიგნებით, სადაც მთელი დღე შემეძლო ყოფნა და ტახტზე უდარდელად წამოკოტრილებულს, ქართული თუ უცხოური რომანების კითხვა....
მხოლოდ ბებოსთან ვუსმენდი საგანგებოდ ჩვენთვის მოგონილ ზღაპრებსა და ისტორიებს, მერე ერთად ვაცხობდით უგემრიელეს ”პეროგს” და ბებოს გვერდით უტკბილესი ძილით მეძინებოდა...ბებია იყო ჩემი მესაიდუმლეცა და დარდის გამზიარებელიც... პირველად მას გავუმხილე ჩემი ბავშვური სიყვარულის ამბავიც...
ზაფხული ”რეზინობანას”, ბადმინტონის და საღეჭი რეზინის ტკაცა-ტკუცით კარტის თამაშში გადიოდა. ღამის სიბნელეში ქუჩაზე მოსეირნეების ”შესაშინებლად” გაკეთებული და ბალახებში ჩადგმული განათებული გოგრები, ”ბატყაჭებს” რომ ვეძახოდით და ქალაქის ტელეფონით ”გაშაყირება”, როგორც ფლირტის ერთ-ერთი საშულება. შუადღით საბავშვო კონოდარბაზ ”ცისკარას” მოლოდინი, ”В гостях у сказки” და ძალიან კეთილი «Морозко»...
თუმცა ამ ”დიდ საბჭოურ იავნანაშიც” მოხდა ისეთი ფაქტი მთელი კავშირი რომ აალაპარაკა. ალბათ, ბევრი სხვა ფაქტებიც იყო, მაგრამ ეს გახმაურდა, რადგან 1983 წლის გვიან შემოდგომაზე ათიოდე ახალგაზრდამ რკინის დარაბების მიღმა მარტო გახედვა კი არა, მათ მიღმა გადაბიჯებაც სცადა. გაფრენა სცადეს იქ, თავისუფლებისაკენ და ყველაზე მთავარი არ გაითვალისწინეს, რომ ისევ იმ ქვეყანაში ცხოვრობდნენ რომელიც სტალინმა, ბერიამ, ორჯონიკიძემ შექმნეს, იმ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სადაც 37 წლის რეპრესიები მოაწყეს და მათნაირები არამარტო განსხვავებული აზრისთვის, ნიჭიერებისთვის და კეთილშობილი წარმომავლობის გამო დახვრიტეს. დაავიწყდათ, რომ იმ დროიდან არაფერი არ იყო შეცვლილი და ისეთივე წესები მოქმედებდა, იგივე მენტალიტეტის, ოღონდ ამჯერად სხვა ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში და ამას არ აპატიებდნენ...არ შეიბრალეს... ისინიც დახვრიტეს... ლამაზები, ძალიან ნიჭიერები და... ძალიან ახალგაზრდები... საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი მაშინ მიხვდა, რომ ასეთი ქვეყანა დიდხანს ვეღარ იარსებებდა....ის თაობა კი ყველას მეხსიერებაში ”თვითმფრინავის ბიჭებად” დარჩა, იმ ბიჭებად ”ზღვა რომ ვერ გადაცურეს”...
მერე კი... მერე 80-იანები დამთავრდა და ამ ქვეყანამ მართლა დაიწყო რღვევა. რთული დრო დადგა. საბჭოეთის ყველა სიკეთე ერთბაშად გაქრა და ჩვენი ბავშვური უზრუნველობაც თან გაიყოლა... როცა მარტო კომუნიზმი კი არა, იმ პერიოდის მონუმენტებიც (მათ შორის ბევრი ძალიან ღირებული და ხელოვნების ნიმუში) ძირს დასცეს, ეცადნენ წარსული გაენადგურებინათ, ხოლო აწმყო ქაოსად ექციათ... და ეს გამოუვიდათ კიდეც...
მანამდე კი, რამოდენიმე წლით ადრე, ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა ქვეყნის და ჩემს ცნობიერებაში - ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძის გახმაურებული დრამა ”მონანიება”, რომელსაც მთელმა ოჯახმა ერთად ვუყურეთ და რომელმაც ისე დაგვზაფრა მეც და ჩემი დებიც, რომ იმ ღამეს პირველად დავიძინეთ მშობლებთან ერთად ოთახში. ეს არც ”ბაში აჩუკის” და არც ”მაია წყნეთელის” ფსევდო პატრიოტიზმი არ იყო, მთელი ბავშვობა რომ ვუყურებდი ეკრანზე და ზეპირად ვიცოდი... ეს სულ სხვა პერსონაჟები და ის სულისშემძვრელი ამბები გვიჩვენეს, აქამდე რომ მხოლოდ ყურმოკვრით მქონდა გაგონილი, ხოლო ცენტრალური ტელევიზიით მათ სააშკარაოზე გამოტანას, უკვე სხვა ეპოქის სურნელი შემოჰქონდა... ჯერ კარგად არ გაცნობიერებული ეპოქის...
დაიწყო იმით, რომ მაღაზიის და გასტრონომების თაროებიდან ერთი მეორის მიყოლებით გაუჩინარდა ყველანაირი პროდუქტი, შაქარი, კარაქი...დაცარიელებულ თაროებზე მხოლოდ კონსერვის ფერად ეტიკეტიანი ქილებით აშენებული პირამიდები, ხოლო რკინის მოწნულ თეთრ კალათებში ფორმადაკარგული მარგარინის ბრიკეტებიღა დარჩა...სამაგიეროდ, ტელევიზორში პირველი ბრაზილიური სერიალი-”იზაურა” გავიდა. მონა ქალის (რომელიც გრძელ, ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი, მონას სულაც არ გავდა) განსაცდელით აღსავსე ცხოვრებას სრულიად საქართველო სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩემი დის რუსულის მასწავლებელი, გაკვეთილის ნაცვლად, ბავშვებს კლასში ”იზაურას” მორიგ სერიას აყურებინებდა და თან ისეთი არგუმენტი ჰქონდა, ქვას გახეთქავდა- რუსულადაა და ენასაც ისწავლითო...
ქართულ ტელესივრცეში სერიალების სეზონი გახსნილად გამოცხადდა, მაგრამ პოლიტიკურმა ვნებათაღელვამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია...
მალე ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა თავისუფლების მოედანზე გაშლილი კარვები და ”ადეიალებში” გახვეული წვერმოშვებული და ნაშიმშილარი სტუდენტები, თავისუფლებას რომ ითხოვდნენ, თუმცა ალბათ, კარგად გაცნობიერებულიც არ ქონდათ ეს რა იყო, და თუ მიიღებდნენ, მერე როგორ უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება, როგორ უნდა დაელაგებინათ უკვე გაღატაკებული და აწეწილი ქვეყანა.
ავბედითი 9 აპრილის გარიჟრაჟი და სულ ცოტა ხნით გაერთიანებული ერი, მერაბ კოსტავამ ”დიდებული წამი” რომ უწოდა. ჯემალ სეფიაშვილის ”ტიტებზე” ატირებული საქართველო და ამ ყვავილების ზღვა მთავრობის სასახლესთან... მერე ყველაფერი ისე დატრიალდა, ჰიუგოს "საბრალონში" რომ წამიკითხავს. ის ბარიკადები და გაუთავებელი სროლა ამჯერად პარიზის ქუჩებში კი არა, აქ, ჩემი სახლიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზე ხდებოდა. რასაც მალე იმ ორი დიდი ქართველის მკვლელობა მოჰყვა, მდინარის დინების საპირისპიროდ რომ მიცურავდნენ: მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ერთნაირად ქარტეხილიანი ცხოვრება ტრაგიკული აღსასრულით, ხოლო მათი წასვლის შემდეგ, დემორალიზებული და დაქსაქსული ეროვნული მოძრაობა...
უკვე ყველა მხრიდან ისროდნენ, ძარცვავდნენ და არავის ინდობდნენ. დიდი რუსეთიდან ”ბაბუს” ჩამოსვლა და ტერორიზმი... არც ის დაინდეს...გუშინდელივით მახსოვს, ბომბის ნამსხვრევებისგან დახვრეტილ და სისხლით დაწინწკლულ, უხელო მაისურის ამარა, სახეგამურული, თმააჩეჩილი და შეშინებული საქართველოს პრეზიდენტი-ედუარდ შევარდნაძე, შიშისგან თავზარდაცემული პირს თევზივით რომ აფჩენდა, თუმცა სიტყვასაც ვეღარ ამბობდა და მარტო უაზრო თვალებით უყურებდა კამერას...სადღაც გამქრალიყო ოპტიმიზმიცა და ჩვეული იქედნური ღიმილიც...
რისთვის ან ვისთვის გაჩაღებული ომები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ახლანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან უაზრო და სასტიკ სისხლისღვრად მიმაჩნია, რომლის შედეგიც უკვე წინასწარ იყო ცნობილი და უამრავი ახალგაზრდა ტყუილად ჩახოცა არასწორმა, არანამუსიანმა ხელისუფლებამ. ამ ომებმა ჩვენ მხოლოდ უარესი გაჭირვება და ადამიანების გაბოროტება, "მე ყველაფრის უფლება მაქვს" - გაგება მოიტანა. და მაშინ მივხვდი, რომ მეც, ჰემინგუეისა არ იყოს, ჩემს თანატოლებთან ერთად, ვინც ეს ყველაფერი გამოიარეს, დაკარგული თაობა ვიყავი...
კახი ასათიანის და მოგვიანებით კი, მთელ თბილისში გამორჩეული ბიჭის, კალათბურთელ დუდუ დადიანის გახმაურებული მკვლელობები (ალბათ, სწორედ ეს გამორჩეულობა არ აპატიეს) და ულამაზესი მაკა ასათიანი... 90-იანი წლების ყველაზე გლამურული გოგო, ამ ორ მოკლულ პიროვნებას რომ აერთიანებდა, ძალიან ორიგინალურ მოდელებს ქმნიდა. მარტო თბილისის და პარიზის პოდიუმს არ დასჯერდა და დეფილე არც მეტი არც ნაკლები, შუაგულ პანკისში მოაწყო... ეს მაშინ სიგიჟის ტოლფასი იყო, ალბათ, ამიტომაც იყო ასე ქარიზმატული და მომხიბვლელი...
დოი, ნიკა მემანიშვილი და ამ ნიჭიერი ხალხის "კოლაბორაციით" შექმნილი უძლიერესი და გახმაურებული სპექტაკლები, ფესტივალები, მუსიკალური კლიპები...უცნობის სკანდალურად პოპულარული შოუ რუსთაველის თეატრში, "ვაგონი მიჰქრის" და მის რიტმზე აცეკვებული ქორწილები, ამ სიმღერაზე გადაღებული ბასა ფოცხიშვილის ცნობილი კლიპი. ჩემი უსაყვარლესი სიმღერა- "მზეს ველოდები". Soft Eject" -ი და პეჩო რომანტიული ზამთრის კლიპით, ”სულ ყველაზე ლამაზი” ლელა სიხარულიძის უცებ მოპოვებული პოპულარობა და ”ყვავილების ნამქერივით” მალე გაფრენილი სიცოცხლე. პირველი ქართული სერიალი "სახლი ძველ უბანში", ჟორათი და თამილათი. საუბნო გენერატორის, ე.წ.”დვიჟოკის” საყიდლად გაღებული ბოლო კაპიკები და ”კასანდრას” საგულშემატკივროდ შეკრებილი მოსახლეობა...მეზობელ გვერდწითელებთან საღამოობით სერიალზე ჩასვლა (როდესაც ჩვენი ტელევიზორი საბოლოოდ შავდებოდა), დეიდა თამარასთან ერთად ხუანისა და მონიკას სიყვარულის ისტორიის ყურება, რაც საბოლოოდ, ხუანის სურათიანი კალენდრის ყიდვით დაგვირგვინდა. კალენდარი, რა თქმა უნდა, ამ პერსონაჟის ფანმა-დეიდა თამარმა შეიძინა, მაგრამ შეგვითანხმდა, რომ ყიდვის ფაქტსა და ხუანის სიყვარულსაც ჩვენ დავიბრალებდით...
ეს იყო დრო, როდესაც ყველა საჭირო კითხვაზე პასუხს ენციკლოპედიებსა და საჯარო ბიბლიოთეკის გაყინულ დარბაზებში ვეძებდით და არა გუგლში ან ფეისბუკზე და ეს დაუსრულებელი წიგნებში ქექვა თვითეულ ფურცელს გვაყვარებდა, ხოლო ნაპოვნი პასუხები სამუდამოდ გვამახსოვრდებოდა... ყოველდღიური და სტუდენტების სარჩენი თანხის მოგროვებაში გაწამებული მშობლები, უზარმაზარი ჩანთებით რომ ჩამოდიოდნენ დედაქალაქში და წასვლისას ჩვენი გულიც თან მიჰქონდათ...ოჰ, როგორ ვბრაზობდი მაშინ საკუთარ თავზე, რომ არაფრით არ შემეძლო მათი დახმარება...
”კერასინკაზე” გამომცხვარი კექსი და გვიან ღამით (დენი მაშინ იყო შედარებით ძლიერი) გამათბობელის ერთადერთ მბჟუტავ სპირალზე მოხარშული ინდაური. ახალი წლის ღამეს მხოლოდ ერთი საათით ანთებული ”ილიჩის ნათურა”...
ნავთისა და პურის გრძელი რიგები და ამ რიგებიდან ნავთით სავსე ბოთლითა და შუაღამისას შეხვედრილი, გულში ჩახუტებული ორი ლავაშით შინ დაბრუნება... ერთხელ რიგში ცალკ-ცალკე ჩავდექით მე და ქეთინო იმ იმედით რომ უფრო მეტ პურს წამოვიღებდით და რამოდენიმე დღით მაინც თავს დავაღწევდით მრავალსაათიან რიგში დგომის ”ბედნიერებას”, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, მიგვიხვდნენ: დები იქნებით, ერთნაირი თმები გაქვთო... რა გაეწყობოდა...ისევ ორ პურს დავჯერდით....
1997 წლის 31 აგვისტოს პარიზის სენას სანაპიროს გვირაბში შეწყდა ”ადამიანთა გულების დედოფლის”, ჩემი და მთელი მსოფლიოს უსაყვარლესი პრინცესა - დიანას სიცოცხლე...მაშინ მთელი სამყარო დაცარიელდა და დღემდე ასეა... დიანა აღარ განმეორდება, სანამ ადამიანები სიკეთის და სიყვარულის ენას არ ვისწავლით...
ამ ყოველდღიურ სიმძიმეებს კი საღამოთი ცოტა ხნით ”პა-სეანსი”, კიჭა, ცუცა, რადიო105-ში შონზოსა და ზვიოს სკეტჩები გვავიწყებდნენ...
კვირიდან კვირამდე ფრანგული ”პარი მატჩის” ახალი ნომრის მოლოდინი და ფოსტალიონის ნანატრ ზარზე გრძელი კიბეების ფრენა-ფრენით ჩარბენა... (მაშინ ჯერ კიდევ ფოსტალიონები დაატარებდნენ პრესას და არა სკუტერიანი და ”კასკიანი” ბიჭები.) უცნაურად პატარა ტანის ინვალიდი ქალი იყო ფოსტალიონი-ლია, მაგრამ თავისი სხეული რის საშუალებასაც აძლევდა, მაღლა იწეოდა და ცდილობდა, ყავისფერი სანუკვარი კონვერტი შორიდანვე შეგვემჩნია. მემგონი, ჩვენზე არანაკლებ უხაროდა, როცა ხედავდა ამით სამ გოგოს როგორ აბედნიერებდა...
ბუკინისტურ ჯიხურში შეძენილი რუსული ”სპიდ ინფო” და ნახევარ საათში წაკითხული ყველა სტატია... ”მუზ აბოზის” და ”ვზგლიადის” ყურებაში თავზე დათენებული ღამეები...”პოლე ჩუდეს” თავისი გულუხვი პრიზებით...
ყველაზე მთავარი და სასიამოვნოდ გასაოცარი - მოწოდების სიმაღლეზე მდგარი უნივერსიტეტი და მისი პროფესორ-მასწავლებლები. გაცდენა კი არა დაგვიანებაც რომ გამორიცხული იყო. გაყინულ აუდიტორიებში, ფანჯრების მორყეული მინებიდან უმოწყალოდ უბერავდა ზამთრის სიცივე, ხშირად არ იყო შუქი, მაგრამ ყველა ბოლომდე იხარჯებოდა და შესაშური ენთუზიაზმით კითხულობდნენ ლექციებს...
გამოსაშვები გამოცდის წინა დღეს საგანგებოდ შეძენილი ჩემი დის ფრანგული კაბა, წარმატებით დამთავრებული უნივერსიტეტი და ამ კაბაში გამოწყობილი ულამაზესი ქეთინო...
ხულიო იგლესიასის მუსიკაზე ტკბილად ჩაძინება და ხვალინდელი დღის იმედი...
მეორე მხრივ, დღევანდელზე გაცილებით უფრო ცოცხალი, მდიდარი და მრავალფეროვანი იყო კულტურული ცხოვრება... ქვეყანა ამით ცდილობდა რეაბილიტაციას, კოშმარული ბარიკადებისა და პურის რიგების დროიდან სხვა განზომილებაში გადასვლას და ეს ხელოვნებას უნდა გაეკეთებინა. ყველა თეატრში იდგმებოდა სპექტაკლები, იწერებოდა ახალი სიმღერები, ქართველი ხელოვანები თავს არ ზოგავდნენ და მინიმალური ხარჯებით, ექსტრემალურ პირობებში ახერხებდნენ საუკეთესოს შექმნას, იმართებოდა საიუბილეო კონცერტები. მახსოვს "ივერიას" და "სუხიშვილების" ანშლაგები, "მანას" ფესტივალი, "იუმორინა", გადაჭედილი ფილარმონია.
გამოჩნდა მუსიკალური ჯგუფები ან ცალკეული მომღერლები რომლებიც ელვისებურად გახდნენ პოპულარულები, ყველა მღეროდა მაშინ "სახეს" და გიგა მიქაბერიძის , ლექს-ენის და მეფე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს.
საღამოობით ძველი და საყვარელი "ილუზიონისგან" განსხვავებული "ფსიქო", არაორდინალური გოგი გვახარია და სკანდალური "გრძნობათა იმპერია", რომელიც საბჭოთა ცენზურის მერე, პირველად გავიდა ტელევიზიით და ალბათ, ეს იყო ”თავისუფლება”.
ვაკეში პირველად გახსნილი ”ალბატროსი”, ”ბაბილონი”, ”ბატა” და ვერ ასრულებული ოცნებები.
სულ სხვანაირად გვიხაროდა ახალი ფილმის გამოსვლა, მახსოვს, რამოდენიმეჯერ ვნახეთ ”ტიტანიკი” დიდ ეკრანზე და მერე გულისფანცქალით ველოდებოდით რამდენ ”ოსკარს” მიიღებდა ჯეიმს კამერონის ეს შედევრი.
რ. სტურუას "მერე რა რომ სველია, სველი იასამანი" და საკულტო ფრაზა: "საკუთარ ერს არ ებუტებიან" -მესიჯად რომ გამოგვიგზავნა ლაშა თაბუკაშვილმა. გადაჭედილი რუსთაველის თეატრი... ჩვენ სადღაც ზემოთ, ქანდარაზე ძლივს ვიშოვეთ ბილეთები და რა ბედნიერები ვიყავით... მერე უკვე საღამოს ბინდში, რუსთაველზე გამოსულები, ხარბად ვისუნთქვადით გაზაფხულის გრილ ჰაერს და უკვე ძალიან გვიყვარდა ზაზა პაპუაშვილი. სახლამდე სულ სპექტაკლზე ვსაუბრობდით და დანამდვილებით ვიცოდით, კიდევ უნდა გვენახა...ოჰ, როგორ გვიზიდავდა ეს ჯადოსნური სამყარო და იქ სცენაზე დამდგარი ლეგენდები...მერე ფარდა იხურებოდა და მტვერსა და რაღაც ძალიან ნაზი სუნამოს სურნელში ეხვეოდა ყველაფერი. ჩვენ კი გარეთ, ისევ 90-იანების რეალობას ვუბრუნდებოდით, თუმცა ეს ორსაათიანი ”ნირვანა” დიდხანს თან გვდევდა...
"მის საქართველოს" პირველი კონკურსი თბილისში და მოკრძალებულ საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი მონაწილეები... მაშინდელ თბილისში კულტურული ცხოვრება დუღდა და ამ სიტყვას არასოდეს ჩავსვავ ბრჭყალებში, რადგან, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლა ასე იყო..
დამთავრდა 90-იანები, თითქოს არაფერი, ისე მიიწურა ასი წელი - ერთი საუკუნე, ძალიან გრძელი და რთული ეპოქა... მოვიდა 21-ე მთელი თავისი ”დიდებულებით”... შუქთან და გაზთან ერთად თან მოიტანა დაუსრულებელი არჩევნების, მთავრობების ცვლილების, ნეგატიური ინფორმაციის გარემოში ცხოვრება. მხოლოდ არჩევნების წინ გახსენებული მოსახლეობა და ხმის მიცემის სანაცვლოდ დარიგებული მცირედი დახმარება. გადაქექილ ფასადებზე ძველი, წვიმისგან ჩამორეცხილი პლაკატების ზემოდან თვითკმაყოფილღიმილიანი ახალი სიფათების გადაკვრა, რომლებიც ცოტა ხანში, წინამორბედების ბედს გაიზიარებენ: უჩნდებათ ულვაშები, დაკრეჭილი კბილები და პირში გარჭობილი სიგარეტი... შესაკრებთა გადანაცვლებით კი ჯამი არასოდეს არ იცვლება... ცდილობ, გაექცე ამ სახეებს, მაწანწალა, ავადმყოფი ცხოველებით სავსე, ჭუჭყიან ქუჩებს, მათხოვრებს, შეშლილივით მოსიარულე მანქანებს და დეპრესიულ ადამიანებს. სახლში მალე მიხვიდე...
იქ კი... რთავ ტელევიზორს და კასკადივით იფრქვევა ნეგატივი: ვიღაც მოკლეს, ვიღაცამ თვითონ დაასრულა სიცოცხლე, გადართავ და... სხვა არხზე პომადიან "უკლადკიანი" ტრანსგენდერი ზის, ფეხი ფეხზე გადაუდია და თავის "ცხოვრებაზე" ჰყვება, თან იმდენი თავხედობაც ჰყოფნის, რომ შიგადაშიგ ჭკუაზეც დაგვარიგოს, მათდამი შემწყნარებლობა გვიქადაგოს...
შეურაცხოფილი ეკლესია და პატრიარქი, შავი ჯიპებით მოსიარულე მამაოები და შერყეული რწმენა.. ეკლესიის კედლებშივე დატოვებული პატიებაც, მონანიებაც და ზოგჯერ რწმენაც...
დრო იმდენად სწრაფად გარბის რომ ცვლილებების ვერც აღქმას და ვერც განხორციელებას ვერ ასწრებ. ორშაბათიდან შაბათამდე, ზამთრიდან გაზაფხულამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრება... ეკონომიით დახარჯული, მაგრამ თვის ბოლომდე მაინც ვერ ნამყოფი ხელფასი.
ხანდახან გგონია, დრო კი გადის, წლები გემატება, მაგრამ სულ ერთ ადგილს ტკეპნი ერთ დიდ ქაოსში გახვეული, ბანკების, აფთიაქების და მარკეტების ალყაში მოქცეული. საითაც არ უნდა წახვიდე, მათ გვერდს ვერ აუქცევ... ამიტომ ისევ მორჩილად შედიხარ და სესხად აღებულ გროშებს გვერდით მდებარე აფთიაქში ან პროდუქტის მაღაზიაში ხარჯავ, თუმცა ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რამდენად უსაფრთხო და ხარისხიანია ის, რაც შეიძინე...
"მეორად" ტანსაცმელში გამოწყობილი მოსახლეობა და თვითონაც "სექენდ ჰენდს" დამსგავსებული ქვეყანა.
ყველა დროს ”მოწოდების სიმაღლეზე” მყოფი კორუფცია და ნეპოტიზმი.
სამაგიეროდ, უცხოელებს ვეგებით ფეხქვეშ, გუნდრუკს ვუკმევთ და მათ ღირებულებებს, ქართულ მენტალიტეტთან შეუთავსებელ წეს-ჩვეულებებს ბრმად ვიღებთ და ვიზიარებთ...(ალბათ, ამანაც მიგვიყვანა აქამდე)
მხოლოდ წარსულითა და სახელოვანი წინაპრებით თავმოწონება, სუფრის დასრულებისთანავე დავიწყებული მაღალფარდოვანი სადღეგრძელოები და ახლობელი ადამიანები...
დისტანციური სწავლება, დისტანციური მეგობრობა, სიყვარული. მესენჯერით და ვაიბერით გაზიარებული გრძნობები...
ახალგაზრდები, რომელთა დიდმა ნაწილმა არც დავით აღმაშენებელი იცის, არც ექვთიმე და არც ინანიშვილი. სამაგიეროდ, ”პაპ-ჯის” თამაშობენ დაუსრულებლად და ”ტიკ-ტოკს” ცეკვავენ თავგამოდებით... მერე რა რომ წერა-კითხვის დროს ბორძიკობენ და ენაც ებმებათ, ვირტუალურ თამაშებს ხომ ეს ორი რამ საერთოდ არ სჭირდება...
დაავადებული ადამიანები, უნკურნებელი სენით შეპყრობილი, თავგადახოტრილი პატარები ნაღვლიანი თვალებით დახმარებას რომ ითხოვენ ფეისბუკზე...მოწამლული პროდუქტი და დაბინძურებული ატმოსფერო, ავადსახსენებელი 5-G ანტენების მონტაჟის შიში და ”ერის განადგურების ვერაგული გეგმა”...
ჩამკვდარი ხელოვნება და ჩაქოლილი, შეურაცყოფილი დიდი რეჟისორები: რობერტ სტურუა და ზაზა ურუშაძე, რომლის გულმაც ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო...არადა რამდენი სათქმელი დარჩა...შუა ქუჩაში ჩაცხრილული გურამ შარაძე, დღემდე რომ არავინ გამოიძია რისთვის "დასაჯეს"...
გულგრილი, ინდიფერენტული, აგრესიული საზოგადოება, რომელიც დაუნდობლად იშორებს გამორჩეულებსა და ჭკვიანებს და საერთოდ არ აინტერესებს სხვისი ტკივილი... სოციალურ ქსელებში მხოლოდ ერთი დღით, მოწყენილი სმაილებით გამოხატული თანაგრძნობა და პათეტიკა (ესეც ერთგვარ მოდად იქცა), ცოტა ხნით აყაყანებული საინფორმაციოები და მერე დავიწყება, ტოტალური დავიწყება სხვისი უბედურების... თანადგომა ხომ უკვე დაფიქსირებულია ვირტუალურ სამყაროში და არა რეალურ ყოველდღიურობაში. რაც ყველაზე მთავარია - არასოდეს სამაგალითოდ არ დასჯილი მკვლელები, სადისტები, პედოფილები...
ამ საზოგადოებისგან ვერ გაგებული, გარიყული და განწირული პატარები, მოზარდები...უამრავი თან წაღებული უთქმელი დარდი და წუხილი.
საზღვრებს გარეთ გასული ნახევარი საქართველო და უკან ჩამოსასვლელი მოჭრილი გზა.
ჩვენ არარეალიზებული და უპერსპექტივო თაობა გავხდით, რომელსაც დრომ და გარემოებებმა თავიაანთი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ მისცეს...რომლის საუკეთესო ნაწილი ან ომებში დაიღუპა, ან ”წამალმა” იმსხვეპლა, ან საზღვარგარეთ დარჩა სამუდამოდ.
თაობა, რომელსაც არავინ მოუსმინა, თაობა, რომელსაც ფრთები შეაჭრეს და რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მზის ამოსვლას ელოდება...


Comments

Popular Posts