ჭილაშვილები

ყოველ დღე, სამსახურში მიმავალი, გვერდით ვუვლი შენობას, სადაც ახლა ჯანდაცვის, არჩევნების და კიდევ ბევრი ინსტანციაა განთავსებული და რომლის გადაქექილ კედელზე ახლაც  შემორჩენილია თეთრი აბრა წარწერით " ქ. გურჯაანის ყოფილ საშუალო სკოლაში 1935-1345 წლებში  სწავლობდა გურამ ალექსანდრეს ძე ჭილაშვილი".
 არ დაიჯერებთ და დღეში რამდენჯერაც არ უნდა გავიარო ამ  პატარა მარმარილოს ფილასთან, ყოველთვის ახლიდან ვკითხულობ და სასწაული სიამაყით ვივსები. მე ჭილაშვილების დიდი ოჯახის ნათესავი ვარ. მე მათი ნახვა და გაცნობა მოვასწარი...
ყველაფერი კი იმ ბედნიერი შემთხვევით დაიწყო, როდესაც  40-იან წლებში,  ფარმაცევტული ტექნიკუმის კურსდამთავრებული, ცისფერთვალება და სიფრიფანა ბებიაჩემი-თამარი,  გურჯაანის ერთადერთ მთავარ აფთიაქში გამოგზავნეს სამუშაოდ და  მოშორებით მდებარე სოფლიდან, ბაკურციხიდან სიარულს, ამჯობინა, ამ პატარა ქალაქშივე ექირავა ბინა და სამსახურთანაც ახლოს ყოფილიყო.
აი, სწორედ აქ მოხდა მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამ, ბინა ბებიამ სწორედ იმ სახლში იქირავა, სადაც სამი უნიჭიერესი ბიჭი, (შემდეგში ყველა ცნობილი მეცნიერი) იზრდებოდა. მათი გაცნობა ხომ ერთი ბედნიერება იყო. სწორედ ამ ბიჭების და მათი მშობლების დახმარებით შეხვდა მომავალ მეუღლესაც, პაპაჩემს, რომელიც ახალგაზრდების დედის ძმისშვილი გახლდათ.
 ყველაფერი ისე თავისთავად მოხდა. ბებია-თხელი აღნაგობის, თეთრი, ზღვისფერთვალება გოგო საოცრად გამჭვირვალე კანით და  მაღალი, გამხდარი, უკვე  პერსპექტიული ახალგაზრდა ძალიან ცოცხალი თვალებით, სასწაულ ენერგიას რომ ასხივებდნენ.  ყველა ხვდებოდა რომ მათი გზები უნდა გადაკვეთილიყო.  ვალიკო პაპამ თავის მამიდაშვილებთან სახლში სიარულს მოუხშირა. 
წარმოდგინეთ, ომის პერიოდი, უშუქო, ჩაბნელებული და შეშინებული ქალაქი. აფთიაქი გვიან ამთავრებდა მუშაობას, წამალი ჭირდა და ყველას სჭირდებოდა. ბაბო გვიან გამოდიოდა სამსახურიდან, შორი გზა არ ქონდა გასავლელი, სულ ერთი ქუჩის იქით ცხოვრობდა, მაგრამ კარებთან ყოველთვის  ხვდებოდა  მაღალი, გამხდარი, გრძელ, სამხედრო შინელში გამოწყობილი  ბიჭი, მერე სახლამდე ერთად მიდიოდნენ.
 ეს ბიჭი გურამ ჭილაშვილი იყო...
თამარის არავინ აწყენინოს ან გზად არავინ შეაშინოსო  ფიქრობდა და როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, რა დროსაც არ უნდა დამთავრებულიყო სამუშაო საათები, გურამი იქ იდგა და ბაბოს ელოდებოდა.  ელოდებოდა, რადგან დრო იყო ასეთი, ღირსება, ვაჟკაცობა და ქალის პატივისცემა ასე ესმოდათ. სწორედ გურამის იდეა იყო ბებიასა და პაპას ერთმანეთთან შეხვედრაც... მართლაც, ულამაზესი წყვილი იყო...
გავიდა  წლები,  ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წიგნებში ვკითხულობ ხოლმე ..ომი დამთავრდა, ლამაზი ფარმაცევტი გოგო და მოუსვენარი ახალგაზრდა, მერე შრომის გმირი რომ უნდა გამხდარიყო, შეუღლდნენ და ბედნიერი განგების წყალობით, მე მათ შვილიშვილად მოვევლინე ამ ქვეყანას...
გრძელ სამხედრო შინელში გამოწყობილმა ბიჭმაც  სკოლა წარჩინებით დაამთავრა და უნივერსტეტში ფიზიკის კათედრაზე გააგრძელა მუშაობა. უკვე პროფესორი,  სამეცნიერო ნაშრომების ავტორი იყო და ამასთან, უნივერსიტეტის პრორექტორიც.
 ყვებიან,  რომ სწორედ მაშინ იყო ეს ცოდნის უდიდესი ტაძარი ყველაზე მოწესრიგებული და  წარმატებული.  სტუდენტი გოგოები მაშინ ძალიან მოდური, წვრილქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ ბედავდნენ შიგნით შესვლას და გაპრიალებული იატაკის დაზიანებას. ყველაფერს ასწრებდა, სამეცნიერო მუშაობასაც და ამ საუკუნოვანი შენობის საკუთარი ოჯახივით მოვლასა და გაფრთხილებასაც. 
ალბათ მეექვსე კლასში ვიქნებოდი,  როცა ბებიამ ჩემი თავი ძალიან მაღალ, ჭაღარათმიან ადამიანს წარუდგინა. ბატონმა გურამმა, ასე პატარას, ხელი ჩამომართვა და თბილად მომიკითხა. რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე  ბორჯომში ვისვენებდით და ბებიამ მეც და ჩემი დებიც მის სანახავად ლიკანის სანატორიუმში წაგვიყვანა. მძიმე დაავადებას  ებრძოდა უკვე, ვეღარ დგებოდა, სავარძელში იჯდა და მახსოვს, როგორ პატარა ბავშვივით ატირდა როცა ანა ბაბო  და ლექსო პაპა გაიხსენა. მერე მახსოვს ლიკანის ულამაზესი ბაღი მის შვილთან, ნატასთან  ერთად რომ დავათვალიერეთ... მას შემდეგ ბატონი გურამი აღარ მინახავს, მალევე გარდაიცვალა. 
ბებიას ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა და პატივს სცემდა. მეტყოდა ხოლმე,  გურამს რომ ვიხსენებ, სულ ის აწოწილი, კოჭებამდე სამხედრო შინელში გამოწყობილი ბიჭი მიდგას თვალწინ, სამსახურიდან გამოსულს  რომ კარებთან მხვდებოდა და გვიან ღამით მივდიოდით სახლშიო.
გაივლის წლები და ბატონი გურამის ძმის, ასევე ცნობილი ფიზიკოსის, ინიციატივით დაარსებულ გურჯაანის გიმნაზიას გურამ ჭილაშვილის სახელს დაარქმევენ და იქ თაობები აღიზრდებიან.
 ამჯერად უკვე გიმნაზიაში შესული, დავინახავ მის სურათს  ძალიან მართალი და გულშიჩამწვდომი სიტყვებით: "კაცი, რომელმაც ნათელი კვალი დატოვა...'
ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.
          ძალიან ბევრია ოჯახი სადაც სამი ვაჟიშვილი იზრდება, მაგრამ იშვიათია ისეთი ოჯახი, რომელიც ერთბაშად, სამ ძალიან წარმატებულ მეცნიერს გაზრდის. ასეთივე იყო  მეორე ძმაც, ლევან ჭილაშვილი. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სიცოცოხლის ბოლომდე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, საოცრად განათლებული და თავმდაბალი ადამიანი, რომელიც არასოდეს გეტყოდა დახმარებაზე უარს და რომლის მხოლოდ სახელის ხსენებაც კი საკმარისი იყო, რათა მთელი კათედრა კეთილგანწობილად გამსჭვალულიყო შენს მიმართ.
 ახლა ვფიქრობ, რაღაც საერთო, გენეტიკური კოდი იდო პაპაჩემშიც და სამივე ძმაშიც-მოუსვენრობა. ერთ ადგილას არასოდეს ჩერდებოდნენ. ბევრს ჰგონია, აკადემიკოსი თუ ხარ, შენს სამუშაო კაბინეტს არ უნდა გასცდე და ქაღალდებში თავჩარგულმა გაატარო მთელი დღეები. სხვებს შესაძლოა, ასეც  ეცხოვრათ, მაგრამ არა ჭილაშვილებს. არქეოლოგიური საქმის  სპეციალისტი,  უკვე ასაკში მყოფი, მთელ საქართველოში მოგზაურობდა  და უშუალოდ ღებულობდა მონაწილებას ახალ-ახალი საგანძურის აღმოჩენაში. მისმა ერთ-ერთმა  ექსპედიციამ და პირადად ბატონმა ლევანმა გაშიფრა ნეკრესის სტელა, (ქვასვეტი), რომელიც თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით, პირველი-მეორე საუკუნეებით და ამით დაამტკიცა ქართული დამწერლობის  გაცილებით უფრო ძველი წარმომავლობა.  (საერთოდ, მიჩნეული იყო, რომ ქართული ანბანი მე-III საუკუნეში შეიქმნა).  ეს ხომ მთელი რევოლუცია იყო ისტორიაში,ენათმეცნიერებაში...
 ერთ-ერთ ასეთ ექსპედიციას უკავშირდება უნიკალური ვერცხლის თასის შემთხვევით აღმოჩენის ცნობილი ფაქტი, რომელიც ჩვენს ოჯახში სტუმრად მყოფმა ბატონმა ლევანმა თავად გვიამბო. კახეთში ყოფნის დროს, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, იგი ერთ-ერთი გლეხის ოჯახში მიიწვიეს, სადაც არყის გამოხდის ტრადიციული რიტუალი მიმდინარეობდა ტრადიციული კახური სუფრით. განსხვავებულ სასმისად გამოიტანეს  თასი, რომლის სიძველეც პროფესიონალმა არქეოლოგმა მაშინვე შეამჩნია. პირველადი დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ იგი  წარმართული და ქრისტიანული ეპოქის  გარდამავალ პერიოდს ეკუთვნოდა. მასზე გამოსახული იყო როგორც წარმართული , ისე ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკები.  დღეს ეს უძვირფასესი ნივთი ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. 
ბატონი ლევანისთვის, როგორც მეცნიერისთვის,  ეს უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული იყო, ვიდრე ყველანაირი ტიტული და წოდება.
სასტიკ 90-იანებში, ძარცვისა და  შიშის პერიოდში, სწორედ, ბატონ ლევანს ჩაუტანა პაპაჩემმა თავისი ორდენები და შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავი, რომლებსაც ასე უფრთხილდებოდა და რომლის დაკარგვისაც ყველაზე ძალიან ეშინოდა. საბჭოთა  ეპოქის უკვე რელიქვიად ქცეულმა ჯილდოებმა ის უმძიმესი წლები სახელმწიფო მუზეუმს შეაფარეს თავი და ბატონი ლევანის წყალობით, ხელუხლებელნი დაუბრუნდნენ პატრონს. 
 მე მაინც იგი ერთი, განსაკუთრებული შემთხვევით დამამახსოვრდა.  უნივერსიტეტს ვამთავრებდით, როდესაც ჩემს დას, რომელიც მაგისტრატურაში აბარებდა, დახმარება დასჭირდა. ამისათვის კი, ყველაზე ახლობელ ადამიანს,  ლევან ჭილაშვილს მივმართეთ. მახსოვს, მეორე დღეს უნივერსიტეტის წინ დაგვითქვა შეხვედრა მე და ნინოს  და გაოგნებულები დავრჩით, როცა დათქმულ დროს მისულებს, უკვე იქ დაგვხვდა.  იდგა ძალიან კეთილი ღიმილით უნივერსიტეტის კიბეებთან და გველოდებოდა...
ყველაზე  კარგად კი მესამე ძმას-ბატონ ოთარს ვიცნობდი, რადგან უმეტეს დროს გურჯაანში ატარებდა. დიდი ამბები ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა გურჯაანამდე იყო  ფიზიკის კათედრა, მერე, ახლაც და მაშინაც, ყველასათვის საოცნებო ინგლისი და იქ გატარებული წლები. ბევრი ალბათ, მის ადგილას ევროპაში დარჩენას თუ არა, თბილისში კარიერის გაგრძელებას ამჯობინებდა, ის კი ჩამოვიდა...
არც ნისლიან ლონდონში გაუძლო გულმა და არც ხმაურიან თბილისში.  აქვე, რუსთაველის ქუჩაზე ლამაზ ეზოიან და შუშაბანდიან ბავშვობის სახლს დაუბრუნდა...  ცოტა ხანში გახსნის დღემდე ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელს-გიმნაზიას და მოწვეულ პროფესორებთან ერთად  სწავლის ხარისხს უმაღლეს დონემდე აიყვანს.
გიმნაზიას გურამ ჭილაშვილის სახელი დაარქვა...
ძალიან უყვარდა ჩვენთან სტუმრობა და დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ იმ საღამოებს,  ბუხრის წინ ან გარეთ, დერეფანში, მასთან ერთად რომ ვატარებდით.  მახსოვს, როგორ მეკითხებოდა რა წავიკითხე, მარიგებდა, რჩევას მაძლევდა და მეც მთელი ყურადღებით ვუსმენდი. სწორედ მისი დამსახურებაა რომ ძალიან ბევრი კლასიკოსი აღმოვაჩინე, ახლობელი ადამიანივით შემიყვარდა ჰემინგუეი...
არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი შემთხვევა:  როდესაც პაპა გარდაიცვალა, სასაფლაოზე უკვე ბოლო წუთები იყო, ვეთხოვებოდით, სამარესთან ძალიან ახლოს ვიდექი და ტირილით ვუყურებდი, როგორ ცვიოდა ქვემოთ მიწა. ხალხი შემოიფანტა და უცებ, ვიგრძენი, ვიღაცამ როგორ მომხვია მხრებზე ხელები და გამომიყვანა, გამოდი, აღარ შეიძლებაო. ეს ბატონი ოთარი იყო.
ახოვანი, ჭაღარა, ჭილაშვილებისათვის დამახასიათებელი მაღალი შუბლითა და ჭკვიანი თვალებით,  განუყრელ თეთრ ჟილეტში, აი, ასეთი დამამხსოვრდა...
სიკვდილამდე  სულ ცოტა ხნით ადრე, გიმნაზიელებმა, რომლებიც დღემდე უდიდეს პატივს სცემენ, ვარსკვლავი გაუხსნეს. თვითონ ვერ დაესწო, თუმცა ინტერნეტით ადევნებდა თვალს. ალბათ, იმ წუთებში როგორი ბედნიერი იყო, ასე მხოლოდ ვალმოხდილი ადამიანი გრძნობს თავს.
სულ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი იმ სახლში, სადაც ძმები გაიზარდნენ და რომელთანაც, ალბათ, ჩემს ბებიასაც დაუვიწყარი მოგონებები აკავშირებდა.   რამოდენიმე ოთახი,  წინ პატარა შემინული შუშაბანდით, რომელიც სიმწვანეში ჩაფლულ ეზოს გადაჰყურებდა.  მაღალი, წელში მოხრილი ნინა პაპიდა, არასოდეს რომ ავიწყდებოდა ჩვენთვის ახალი წელი მოელოცა, დაგვირეკავდა და უხუცესი გილოცავთო-გვეტყოდა. ხელოვნება უყვარდა და პოეზია. მახსოვს, პატარა მაგიდაზე დაწყობილი გირჩებისა და ხის ტოტებისგან  გაკეთებული ფიგურები და სქელტანიანი გადაქექილი რვეული საკუთარი ლექსებით.
დღეს, რუსთაველის ქუჩის დასაწყისში, იმ პატარა მემორიალური დაფის წინ ჩავლილს, სამ ძმასთან ერთად მათი დედა, ნინა პაპიდაც მახსენდება და კიდევ, ვაჟა-ფშაველა, "ლამაზად შვილის  აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადაო" რომ ამბობს.
ნინა პაპიდა ღმერთთან წილნაყარი დედაა...






Comments

Popular Posts