ჩვენს ქუჩაზე ერთი კაცი დადიოდა...

ექვსი წლის ვიყავი, უკვე პირველკლასელი, როდესაც ჩემი ოჯახი  ხუთსართულიანი კორპუსიდან გურჯაანის ცენტრში, ქალაქის ყველაზე ლამაზ და საყვარელ ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც რატომღაც ზუგდიდის ქუჩა ერქვა, თუმცა ამ შუა კახეთში მდებარე ადგილს  სამეგრელოს დედაქალაქის სახელი ვინ დაანათლა, ნამდვილად არავინ იცოდა და ალბათ, არც არავის მოსვლია ეს კითხვა აზრად   სამოთახიანი "ხრუშჩოვკის" შემდეგ მამას აშენებულ დიდ, ორსართულიან სახლში ამოვყავით თავი, რომელსაც წინ დამრეცი ეზო და ამ ეზოში ზაფხულობით,  დედას მრავალფეროვან-მრავალბოსტნეულიანი  ბოსტანი ამშვენებდა...
მეზობლებიც საოცარი ხალხი იყვნენ. თვითეულ ოჯახზე ალბათ, მთელი ისტორია დაიწერება. ძირითადად, თანამდებობის პირები, შეძლებული ადამიანები ცხოვრობდნენ, ქუჩის დასაწყისიდანვე თვალს მოგტაცებდათ უზარმაზარი, ორ  და სამსართულიანი, იმ პერიოდისთვის საკმაოდ ფეშენებელური სახლები წინ ლამაზად მოასფალტებული, ქალაქური ტიპის, ყვავილნარიანი ეზოებით. ყველგან დიდი ოჯახები ცხოვრობდნენ, რამოდენიმე თაობა ერთად. საღამოობით, გოგოები ქუჩაში ბამბიქტონს ვთამაშობდით, ბიჭები კი კალათბურთში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ერთ-ერთი აივნის მოაჯირზე სახელდახელოდ დამაგრებული ბადის ქვემოთ. (ამდენი წელი გავიდა, ის ბავშვებიც გაიზარდნენ და აღარ არიან ჩვენს ქუჩაზე, მაგრამ ბადე მაინც დარჩა) ყოველი სახლის წინ ხის გრძელ სკამზე უფროსები ისხდნენ და მასლაათობდნენ. მერე ერთი ჯგუფი მეორესთან გადაინაცვლებდა და ახლა იქ ირჩეოდა ახალი ამბები. ზოგჯერ, სკამზე ჯდომაც რომ მობეზრდებოდათ, ქუჩაზე ნაძვების ჩრდილში დასეირნობდნენ და ეზოებში გამოფენილ მეზობლებს ხმამაღლა ესალმებოდნენ, მოიკითხავდნენ და ერთად გასეირნებას სთავაზობდნენ, ჩამოდი აქ უკეთესი ჰაერია და უფრო გრილაო. სიგრილით კი ნამდვილად გრილოდა და ზაფხულში, საღამოობით ციოდა კიდეც.  ეს ახტალის ტყის და მემორიალის პარკში წლების წინ დედაჩემის და მისი თანატოლების დარგული  თვალუწვდენელი ალვის ხეების  დამსახურება იყო.  შებინდებისას შრიალებდა ალვები, "ახტალაზე" ალა პუგაჩოვას პოპულარულ ჰიტებს უკრავდნენ, ხოლო ჟაკეტმოხურული ბავშვები სახლის წინ გრძელ სკამებზე ვისხედით და  "ამის პატრონმა რა ქნას" ვთამაშობდით.
აი, ასეთი უცნაური და ხანდახან სასაცილო პიროვნება გახლდათ. სახლიც ასეთივე ჰქონდა, რომელიც აშენების ხანიდან მოყოლებული არც შეეკეთებინა, არც გაერემონტებინა და მით უმეტეს, არც დაელაგებინა ვინმეს. იდგა ასე უზარმაზარ სახლებს შორის როგორც სიძველისა და უხსოვარი ეპოქის გადმონაშთი, ჩაშლილი კრამიტებით სახურავზე და გაუვალი ბარდებით ეზოში. გაბარჯღულ ბუჩქებს, ხეებსა და ბალახებს შორის მხოლოდ ვიწრო საცალფეხო ბილიკიღა დარჩენილიყო რომლითაც თენგიზა სახლისკენ მიიკვლევდა გზას. მასზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ოდესღაც ახალგაზრდობაში ცოლი ჰყოლოდა, რომელიც დედამისს გაეშვა სახლიდან და იქიდან მოყოლებული ასე ორნი, მარტო ცხოვრობდნენ. შვილი არასოდეს ჰყოლია. მერე დედაც გარდაცვლილა და  თენგიზაღა შემორჩა  ობლად გაპარტახებულ კარ-მიდამოსა და ზუგდიდის ქუჩას. ჰო, კიდევ იყო ერთი, იმ პერიოდში არცთუ უმნიშვნელო გარემოება, ეს უცნაური პიროვნება იურისტი გახლდათ და თავის დროზე, საკმაოდ წარმატებულიც. სწორედ ამ ფაქტის გამო იყო ხოლმე, რომ ყოველ მის დანახვაზე, ჩვენი კარის მეზობელი ესმა დეიდა, მიმავალ თენგიზას სევდიანად თვალს გააყოლებდა  და გულიანად ამოიოხრებდა, ეჰ, ერთი შენი დიპლომი ჩემს ზაზას მისცაო...
ასე რომ, არ იყო მთლად დაკარგული კაცი...ხანდახან  შურდათ კიდეც მისი.
მხოლოდ ერთადერთხელ ახმაურდა მისი ეზო, როდესაც მთელი ქუჩისთვის გასაოცარი ამბავი მოხდა: თენგიზას სტუმრები ეწვივნენ, ხოლო ამის შესახებ ჩვენ იქიდან გავიგეთ, როცა მისმა თბილისელმა სტუმარმა, პატარა და თავხედმა გოგომ, ჩვენს ეზოში ამოყო თავი. ახლადგაცნობილმა ქალაქელმა მთელი სახლი და სათამაშოები გულდასმით დაგვითვალიერა, კარგად გაერთო ყველაფრით, წასვლის წინ იღლიაში ჩემი დის უსაყვარლესი ახალი, პატარა ჩანთა ამოიჩარა და  გაიქცა. ჩანთა დედას დახმარებით, რა თქმა უნდა, უკან დავიბრუნეთ (სანაცვლოდ ლამაზი წიგნები ვუსახსოვრეთ) და ამ უეცრად თავსდატეხილმა, არასასურველმა სტუმრებმაც მალე დატოვეს თენგიზაც და ჩვენი ქალაქიც. მას შემდეგ, იმ სახლს აღარავინ სტუმრებია...
ბოლო პერიოდში,  უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა და  გურჯაანში ჩამოსული, ჩემს მეზობელს უკვე მოტეხილსა და დაუძლურებულს ვხედავდი. ერთი ახირებული ჩვევა დასჩემდა სიბერეში. ძაღლები და კატები შეუყვარდა, ამიტომ მთელი მახლობელი ავტოსადგურის და მთავარი ქუჩის მოხეტიალე ცხოველები უკან დასდევდნენ. მათგან ყველაზე ერთგული, კუპრივით შავი გოშია მურა კი, ღამეც არ შორდებოდა თენგიზას სახლის კარებს. დილით ქუჩაში ჭიშკართან თვლემდა, ღამით-ეზოში დარბოდა და სიბნელეში მობოდიალე კატებს უყეფდა. ხშირად დამინახია, "პაპას ბაღთან", ბორდიურზე ჩამომჯდარი, როგორ აჭმევდა უპატრონო,  მასთან მიკედლებულ ცხოველებს პურსა და შოკოლადებს. მეზობლები ამბობდნენ, მთელი მისი პენსია მათ კვებას ხმარდებაო. პენსიით ცხოველებს აჭმევდა, თვითონ კი ”კათარზისის” უფასო სასადილოში სადილობდა... მერე საღამოობით, ჯოხზე დაყრდნობილი, ჩვეული აუჩქარებელი ნაბიჯებით მურასა და მისი მეგობრების თანხლებით, შემოუხვევდა ზუგდიდის ქუჩაზე. ყველა შემხვედრთან ჩერდებოდა  და სახლისკენ მისასვლელ დროს წელავდა, სახლისკენ, სადაც არავინ ელოდებოდა...
ერთადერთი მომკითავი, კარის მეზობელი მარო ბაბო ჰყავდა, რომელიც ყოველ დილა ეხმიანებოდა და ზუსტ დროსაც მოახსენებდა ხოლმე. ამ უბედურს საათი არა აქვს და მთხოვა, რომ მე გავაგებინოო. ასე რომ, მარო ბაბო იყო მისი მაღვიძარაც და ძილისპირულიც. ახლა ვფიქრობ, ალბათ, საათის არქონაც მოგონილი იყო, რათა  საშინელ სიმარტოვეში ვიღაცა შეხმიანებოდა, ვიღაცას მისი სახელი დაეძახა. მერე ეს ერთადერთი მომიკითხავი და ხმის გამცემიც დაკარგა, მარომ მასზე ადრე დატოვა ეს ქვეყანა და თენგიზა თავის უტყვი, ოთხფეხა მეგობრების ამარა დატოვა. საწყალს ამის მერე დიდხანს აღარც უცოცხლია. სრულიად უცხო ადამიანმა დამარხა, რადგან ახლობელი არავინ დარჩა...
პატრონის წასვლის შემდეგ, ერთხანს ერთგული  მურა დარაჯობდა კიდევ უფრო გაპარტახებულ და გაველურებულ კარ-მიდამოს. მერე მურაც დაიკარგა და ამით დასრულდა კიდევ ერთი შეუმჩნეველი და არაფრით გამორჩეული მარტოობის ისტორია, ისტორია, რომელიც ნაკვალევს მხოლოდ მოგონებებში ტოვებს...










Comments

Popular Posts