ერთი საუკუნე გასულა, პაპა!

დარაბებს მიღმა 1982 წლის გაზაფხულის უთბილესი საღამოა, ფანჯრები ღიაა და მთელი ოჯახი ტრადიციულად, ტელევიზორის წინ ვიკრიბებით: დედა, მამა, ჩემი დები და მე. საინფორმაციო გამოშვება გადის და დღის მნიშვნელოვან ამბებს გადმოსცემენ. დიქტორი გამოკვეთილად და ხმამაღლა აცხადებს:” სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიენიჭა”... და ეკრანზე მისი ხმის პარალელურად, ჩნდება სახელები და გვარები... რამოდენიმე წუთიანი პაუზა და დედა უცებ ხმამაღლა ყვირის: ეს ხომ მამაა!!!მამა!!!
უცხო გვარებს შორის უცებ, ასე ნაცნობი და ახლობელი ადამიანის, ვალიკო უტიაშვილის სახელს ვკითხულობ და საერთო მხიარულებას მეც ვუერთდები. მერე დედა მიდის ტელეფონთან და პირველ რიგში, პაპას ურეკავს... ზარები უკვე აღარ წყდება... ბევრი მილოცვა და სიხარულის ცრემლები. მე შრომის გმირის შვილიშვილი ვარ...
ჩვენს ქაოსურ საუკუნეში ღირებულებები გადაფასდა, მაგრამ იმ პერიოდში, დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილზე, ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობდა და გმირებიც ბევრნი არ იყვნენ...
რამდენი დაწერილა პაპაზე, სტატიები, წიგნები, რომლებსაც ახლა სათუთად ვინახავ, რადგან თვითონ მან მისახსოვრა და ყველა მათგანს თავფურცელზე წარწერაც გაუკეთა...
მახსოვს, მოსკოველი კორესპონდენტების სტუმრობაც, როცა მასთან ერთად ჩვენ და მისი დედა-ანა ბაბოც გადაიღეს, რომელიც ალბათ, რა ბედნიერი იყო მაშინ...
ყველაზე მთავარი, რაც დამამახსოვრდა იყო ის, რომ პაპა არასოდეს იღლებოდა (ალბათ, ამიტომაც გახდა გმირი), საქმე არასოდეს ეზარებოდა და სიცოცხლის ბოლომდე თავისი ცხოვრების ჩვეული რეჟიმისთვის არ უღალატია. მახსოვს, პატარა ვიყავი, მოვიდოდა შუადღით და ზუსტად ერთ საათს იძინებდა. ერთ საათში აკითხავდა მძღოლი, კიდევ ერთი საოცარი ადამიანი-ზაური ძია და პაპას უკვე მეორე შუადღემდე ვეღარ ვნახულობდი. ის გვიან ღამით ბრუნდებოდა და სისხამ დილით ისევ მიდიოდა...
მიუხედავად იმისა, რომ მოესწრო ეროვნულ მოძრაობას, საბჭოთა კავშირის ნგრევას და კიდევ ბევრ პოლიტიკურ ქარტეხილებს, ბოლომდე მაინც კომუნისტად დარჩა და მე ვთვლი, რომ სწორედ ესაა ადამიანის ღირსება-არ უღალატო შენს პრინციპებს და არჩეულ გზას. ყველაზე მეტად კი იმ საქმის ერთგული იყო, რომელსაც ასე თავდადებით 30 წელი შესწირა.
ძალიან ახალგაზრდამ, გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაიბარა ორი დიდი სოფელი თავისი კოლმეურნეობით, ვენახებით, ზვრებით, მინდვრებით, ფერმებით, რომლებსაც დამუშავება, მოვლა და პატრონობა სჭირდებოდა.
კომუნისტების ერთ-ერთი გამორჩეული უნარი, სწორედ კადრების სწორი შერჩევა იყო. ისინი გათვლას ყოველთვის ენერგიულ და ძლიერ პიროვნებებზე აკეთებდნენ და ამჯერადაც არ შემცდარან. პაპამ ორ სოფელზე პასუხისმგებლობა ბოლომდე აიღო და სულ მალე აქცია კახეთში ყველაზე გამორჩეულ კოლმეურნეობად მილიონიანი სადაზღვევო ფონდით, რაც იმ წლებში იშვიათი იყო. ყველა მაცხოვრებელს ჰქონდა გაზი, წყალგაყვანილობა, კომუნიკაციები, დაიგო ასფალტი, აშენდა საშუალო და დაწყებითი სკოლა, სამი საბავშვო ბაღი, დიდი სავაჭრო ცენტრი, სტადიონი, კულტურის სახლი ბიბლიოთეკითა და კონოდარბაზით, უზარმაზარი ქორწინების სახლი, რომლის მდებარეობა თვითონვე შეარჩია, რადგან მისი აივნებიდან ხელისგულივით ჩანდა მთელი სოფელი, ხოლო მესამე სართულის ღია ტერასიდან- ხელის გაწვდენაზე იყო კავკასიონი. აქ ერთ-ერთმა პირველმა ბიძაჩემმა იქორწინა. ამ გამორჩეულ და ცნობილ შენობას ხშირად ათვალიერებდნენ მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, ბალტიისპირეთიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ინგლისიდან და იაპონიიდან ჩამოსული სტუმრები. პაპა მარტო ალაზნის ველზე გაშენებული უზარმაზარი ვენახების, ფერმების მოვლას არ დასჯერდა და სოფლის თავში 4,5 ჰექტარზე სრულიად აუთვისებელი, ეკალ-ბარდიანი ღელე მალე ლიმონარიუმად აქცია, ეს ცხელ და გვალვიან კახეთში იმდენად იშვიათი მოვლენა იყო, რომ მაშინდელ საკავშირო პრესაში ამაზე ბევრი დაიწერა. ჩამოიტანა ჩაის ნერგები, უნდოდა დასავლეთში გავრცელებული ეს კულტურა, კახეთშიც დაენერგა...
ძალიან გრძელი და დატვირთული დღეები განთიადიდან იწყებოდა და შუაღამეს მთავრდებოდა. ყველაგან უნდა მოესწრო ყოფნა, ვენახების შემოვლა და უმაღლესი საბჭოს ყრილობებზე სიარული, იქ სიტყვით გამოსვლა, რომ მთელ უზარმაზარ საბჭოთა კავშირს გაეცნო ჩვენი მხარე და მისი ერთ-ერთი სოფელი, რომელიც შრომაში ტოლს არავის უდებდა. მე იშვიათად მინახავს ასეთი პირდაპირი და მართალი ადამიანი, ზურგს უკან არავისზე არ საუბრობდა და სათქმელსაც ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა...
ერთხელ, ყველაზე საშიშ ორგანოს-მაშინდელი უშიშროების შენობის ღრმა სარდაფებშიც კი მოუწია ჩასვლა. (სამწუხაროდ, ეს მაშინდელი რეჟიმისთვის დამახასიათებელი აუცილებლობა იყო) როდესაც ლიფტი რამოდენიმე სართულით ქვემოთ დაეშვა, თანმხლებ პირებს, ამავე უწყების ჩინოვნიკებს, გაოცებულმა გადაულაპარაკა: ასეთ დაბალ შენობას, რამსიღრმე სარდაფი ჰქონიაო, რაზეც ერთ-ერთმა ორაზროვნად მიუგო: ”Здание низкое, но от сюда Магадан выден”. წლების შემდეგ, გაგვიმხილა, რომ მაშინ პირველად იგრძნო რა იყო შიში...
იმ დროს საზღვარგარეთ მხოლოდ ერთეულები, ძირითადად, სამთავრობო დელეგაციები გადიოდნენ და პაპაც მათ რიცხვში იყო. პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი...
ბევრჯერ მოუყოლია თავის მოგზაურობაზე იტალიაში. განსაკუთრებით, მშვენიერი ფლორენცია დამამახსოვრდა და კიდევ, ვენეცია თავისი წყლით სავსე ქუჩებით და მასზე მცურავი გონდოლებითო. აქედან ჩასულებს, რა თქმა უნდა, თან იტალიელი უშიშროების თანამშრომლები დაჰყვებოდნენ. ისინი იმდენად დაუმეგობრდნენ მათი ქვეყნით მოხიბლულ ქართველ კომუნისტს, რომ წამოსვლისას ორი უძვირფასესი ნივთი უსახსოვრეს: ოქროს კულონი, რომელზეც ულამაზესი და სევდიანი მარიამ მაგდალინელი იყო ამოტვიფრული და რომელსაც მე, როგორც უძვირფასეს რელიქვიას, ისე ვინახავ და ოქროსივე მედალიონი იტალიის კომუნისტური პარტიის სამი ბელადის პროფილით და წარწერით- ”მოვდივართ შორიდან და მივდივართ შორს”. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ეს ენა და პაპამ მითარგმნა. შორს კი ისევ კომუნიზმის და ნათელი დღეების მოლოდინი იყო...
ერთხელ, სკოლაში ღია გაკვეთილი მოვაწყვეთ და მოვიწვიეთ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე მოვიდა, გვესაუბრა კოლმეურნეობაზე, მიღწევებზე, თავის არცთუ უზრუნველ და ომის ქარტეხილიან ბავშვობაზე. დასასრულს, მასწავლებელმა ბავშვების სახელით, პიონერული ყელსახვევი უსახსოვრა, რომელიც კლასიდან გასვლისას, მე მომახვია ყელზე, ამას ჩემი შვილიშვილი, თამრიკო წამომიღებსო. როგორი ამაყი ვიყავი იმ წუთებში...
გასაოცარია, ეს ბუნებით მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი, როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო შვილიშვილების მიმართ. მომეფერებოდა, თავზე მაკოცებდა, თან დაამატებდა ცხვარი ფარაში თავის ბატკანს ასე სცნობსო. ძალიან ამაყობდა ჩემი ფრიადოსნობით და მერვე კლასის დამთავრებისთანავე, იმ დროს ძალიან იშვიათი ნივთი, შეპირებული კინოაპარატი ჩამომიტანა, შენია და რაც გინდა ის გადაიღეო. ყოველთვის გვანებივრებდა ლამაზი საჩუქრებით, დიპლომატებით, რომლის შიგნით ძალიან უცხო და იშვიათი ბლოკნოტები და კალმები მხვდებოდა. ისევ პაპას დამსახურებით, პირველს მეცვა მაშინ ძალიან მოდური ”მოხარშული ჯინსებიც”...
ჩემს ბავშვურ მეხსიერებას ულამაზესი კადრი შემორჩა: მოსკოვიდან დაბრუნებული, უკვე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, თვითმფრინავის ტრაპზე ჩამოდის გულში ჩახუტებული უზარმაზარი თოჯინებით ხუთ შვილიშვილ გოგოს რომ უყიდა, ისინი საბარგულში ჩასაბარებლად ვერ გაიმეტა და მთელი გზა ხელით ატარა, ამას მხოლოდ ძალიან დიდი სიყვარული გაგაკეთებინებს...აეროპორტიდან უკვე დაცვის ესკორტის თანხლებით მოვდივართ გურჯაანში. ახლაც ჩამესმის როგორ აცხადებს ხმამაღლა რაცია ვალიკო უტიაშვილის სახელს და როგორ გვითმობენ გზას შემხვედრი მანქანები...
სულმიკვირდა, ასე დატვირთული, როგორ პოულობდა დროს ყველგან ჩამოეკითხა ჩვენთვის,რამოდენიმე დღის წასულები, უკვე ვენატრებოდით და ხშირად გვიან ღამით ჩამოდიოდა ბორჯომში, ფასანაურში, გვინახულებდა და მეორე დილით ამდგარს, კარგა ხნის წასული მხვდებოდა. აეროპორტში თვითმფრინავში ჩასასხდომად მიმავლებს ჩამოგვისწრო და გაგვაცილა...
პირველი შვილიშვილის სტატუსის გამო იყო ალბათ, რომ გამორჩეულად ვუყვარდი..." ჩემი მასკოვსკი გოგო", ასე მარტო პაპაჩემი მეძახდა და ახლაც როგორ მენატრება ეს ომახიანი ხმა... ერთხელ დამარიგა, არსებობს პირველადი და მეორადი საქმეები, ამიტომ ყოველთვის უნდა იცოდე, რომელს მიანიჭო უპირატესობაო. დღესაც, როდესაც უამრავი საზრუნავი ერთად დამაწვება მხრებზე, ეს სიტყვები ჩამესმის ყურში...
კიდევ იცით რა მაოცებდა მასში?.. ადამიანი, რომელიც მთელი დღის მანძილზე ემსახურებოდა ასეთ საჭირო, მაგრამ არარომანტიულ საქმეს და სახლში შუაღამისას დაბრუნებულს, მაინც რჩებოდა დრო წიგნისთვის, პოეზიისთვის. კითხულობდა მუხრან მაჭავარიანის, იოსებ ნონეშვილის და ბულატ ოკუჯავას ლექსებს. ესეც მარტო პაპას შეეძლო.
ჩემი დის ქორწილში,სუფრასთან ადღეგრძელეს. უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო, ფეხზე წამოდგა, სამადლობელი მოიხადა და როგორც სჩვეოდა, ომახიანად წაიკითხა თავისი უსაყვარლესი სტრიქონები: "რაა დიდება..."
ბოლო წლებში ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, ”სახარებას” კითხულობდა ხშირადო. მე ვფიქრობ, პაპაჩემში ყოველთვის იყო ღმერთის ნაკვალევი, ისე რომ, ეს შეიძლება გაცნობიერებულიც არ ჰქონდა...სხვანაირად ასე სუფთა ხელებით ცხოვრებას ვერ შეძლებდა...
გარდაცვალების შემდეგ, მის წიგნაკში ვნახე ჩანაწერები, თურმე ყოველთვის ინიშნავდა მნიშვნელოვან მომენტებს, ასე მრავლად რომ იყო მის ცხოვრებაში. აპირებდა მემუარების დაწერასდა მათში აუცილებლად იტყოდა როგორ ატკინეს გული, როდესაც 90-იანებში, განუკითხაობასა და ძარცვის პერიოდში, იგივე სოფლის მაცხოვრებლებმა ყველაფერი დაშალეს, გააპარტახეს და ნაწილ-ნაწილ წაიღეს სახლებში, რადგან ”თავისუფლება” და რეჟიმის ნგრევა ”ასე ესმოდათ”. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და სოფელს, რომელიც სწორედ ვალიკო უტიაშვილის დამსახურებით გახდა ცნობილი და წარმატებული, აღარაფერი შემატებია. მისნაირი თავკაცები დღეს აღარ არსებობენ, აღარც ის ენთუზიაზმია და არც ისეთი თავდადებული შრომა აღარ იციან, გმირად რომ გაქცევს... ჩუმლაყის ტრასაზე კი, გზის პირას საცოდავად მიმზერენ დანგრეული და გაძარცვული შენობები, სადაც ერთ დროს სიცოცხლე ჩქეფდა... ალბათ, ამის გამო რამდენი დარდი და ჩვენთვის არ გამხელილი ტკივილი წაიღო პაპამ იმქვეყნად. მე კი დამრჩა მაგალითი როგორ უნდა იცხოვრო სუფთა ხელებით, სინდისით...და ნებისმიერ სიტუაციაში დარჩე ადამიანად...
ახლაც, ყოველ 12 აგვისტოს, თვალწინ მიდგას დიდი დერეფანი შუაში გაშლილი მაგიდით, იუბილართან მოდიან განუყრელი მეგობრები მიხო პაპა და როსტომი ბაბუა, თვითონ რომ "ბიჭებს" ეძახდა და ასე ძალიან უყვარდა. თამაშობენ ნარდს, მერე მიუჯდებიან სუფრას და იხსენებენ... მოსაგონარი კი ძალიან ბევრი აქვთ...როგორ მინდოდა ეს საღამოები კიდევ ბევრი წელი ყოფილიყო...მაგრამ, ასეთი გამორჩეულებიც ერთ დღეს მიდიან და გულში მოგონებებთან ერთად ძალიან დიდ, შეუვსებელ სიცარიელეს გვიტოვებენ...
მე მჯერა, გმირები აგრძელებენ სიცოცხლეს და როგორც ერთი, უნიჭიერესი ქალბატონი იტყოდა : " სწორედ ასეთი ადამიანები რომ იბადებიან...თუნდაც ძალიან იშვიათად... ამიტომ არსებობს კაცობრიობა დღემდე."

Comments

Popular Posts