გიორგი პაპა

           მოხდა ისე, რომ ვმუშაობ ფრანგულ სამედიცინო ცენტრში ”კახეთი-იონი”, სადაც სხვადასხვა განყოფილებებთან ერთად, ქიმიოთერაპიაცაა , რომელიც მეორე შენობაშია და თითქმის შეხება არ მაქვს ამ კატეგორიის პაციენტებთან. სადღაც, სხვა კუნძულზე მგონია არსებობს სიმსივნე, გადასხმები და მძიმე პაციენტები. ეს ორი, ძალიან მაგარი გოგოს, ხატია (ექიმი-ონკოლოგი) და ნაზის (ონკოლოგიის ექთანი) სამფლობელოა. აქ დროის სულ სხვა ათვლაა პროცედურიდან მორიგ პროცედურამდე. აქ მთავარი თბილი სიტყვა და კიდევ...იმედია,რომელიც  ჯადოსნურად  მოქმედებს ყველა აქ მოსულ ადამიანზე.
ჰოდა ისიც მოხდა, რომ ერთ დღეს სამსახურში მისულს, მთხოვეს, რომ სწორედ ამ განყოფილებაში გამეტარებინა მთელი შაბათი დღე, რადგან  თბილისიდან ცნობილი ონკოლოგი ჩამოდიოდა  და მასთან ყოველთვის ხალხმრავლობა იყო.  აი, ამ ურიცხვი პაციენტის ნაკადი უნდა დამერეგულირებინა და რიგითობის დაცვით შემეშვა ექიმთან.
მისია რთული იყო… ვხვდებოდი და გამაფრთხილეს კიდეც რომ ეს არ იქნებოდა იოლი სანახავი და მოსაგვარებელი.
რადგან სხვა გამოსავალიც არ არსებობდა,  თეთრ ხალათშემოცმულმა, ნებისყოფით აღჭურვილმა და ნერვებ მობილიზებულმა გვერდით შენობას მივაშურე. შესასვლელშივე ხალხი ირეოდა. ზოგი იჯდა, ზოგსაც  სკამების სიმცირის გამო, ფეხზე დგომა უწევდა. საოცარი კი ის იყო, რომ ნაკადი არ წყდებოდა,  კარი ხშირ-ხშირად იღებოდა და ახალი სახეები ემატებოდა ვიწრო, ჩახუთულ კორიდორს. შემოდიოდნენ გამხდარი, დასუსტებული სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ზოგი ხელიხელ მოყავდათ, ახალნაოპერაციები, დაბინტული, შეფუთული.  ასეთებს შეშინებულ თვალებზე ეტყობოდათ რომ პირველად იყვნენ ექიმთან მოსულები, ზოგი უკვე კარგა ხნის პაციენტი იყო, შედარებით მოშინაურებული და ამ გარემოს მიჩვეული. ასეთებსაც უცებ ვცნობდი, მხნედ შემოდიოდნენ, ნაზის, ქიმიოთერაპიის ექთანს, მიესალმებოდნენ, მოიკითხავდნენ და თავიაანთ სავარძელს მიაშურებდნენ მორიგი პროცედურის მოლოდინში.  ჩემს ხალათს ინტერესით უყურებდნენ და რადგან მეც, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლად მიმიჩნიეს,  ზოგი ჭრილობას მაჩვენებდა, ზოგიც გადასხმის შესახებ მეკითხებოდა. ამ უხერხულობისთვის რომ თავი ამერიდებინა და რიგის მომწესრიგებლის სტატუსი შემენარჩუნებინა, ხალათი გავიხადე და მათ გვერდით ჩამოვჯექი. რადგან  ონკოლოგი  თვითეული პაციენტის გასინჯვას საკმაო დროს უთმობდა, რიგიც ნელა მიიწევდა წინ და მეც საქმე ნაკლებად მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე ყველა ოთახი ნაზისთან ერთად მომევლო. საპროცედურო სავარძლები უკვე ყველგან შევსებულიყო. გადასხმის სისტემას მიერთებულნი, ზოგი თვლემდა, ზოგი  კედელზე მიმაგრებულ ტელევიზორს მისჩერებოდა, ზოგიც იქვე სავარძელზე სადილობდა.  ეს წვრილი სისტემები და იქ შეყვანილი ქიმიური პრეპარატებიღა იყო მათი ერთადერთი იმედი და მაცოცხლებელი ძალა და ისინიც ამ იმედს ებღაუჭებოდნენ, ესათუთებოდნენ, სასოებით შეჰყურებდნენ.
ყველას ვესალმებოდი, თავს ძალას ვატანდი  ხალისიანად მომეკითხა თვითეული მათგანი,  ისე თითქოს არაფერიც არ ხდებოდა სერიოზული და საგანგაშო, თითქოს ეს რიგითი ჩვეულებრივი პროცედურა ყოფილიყოს და არა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. გაოცებული ვუყურებდი როგორ სწრაფად და პროფესიონალურად მუშაობდა  ყველა მათგანთან ნაზი,  უზომავდა წნევას, სიცხეს, უსწორებდა კათეტერს, პატარა ტაბლოზე  ჩემთვის გაურკვეველ ციფრებს ელვისებური სისწრაფით კრეფდა და მერე ისევ უზარმაზარ გამწოვთან აფთიაქარის სიზუსტით აზავებდა ახალ-ახალ ქიმიურ კოკტეილებს.
ბოლო მესამე ოთახიღა იყო დარჩენილი და წამლებმომარჯვებულ ნაზის მეც უკან მივყევი.  ორი პაციენტი დაგვხვდა  ერთი ახალგაზრდა, ზორბა მამაკაცი, ნერვიულად რომ ცქმუტავდა სავარძელზე  და ადგილს ვერ პოულობდა  და  მოხუცი პაპა  საოცრად  კეთილი სახით. 
ორივეს მივესალმეთ, მოვიკითხეთ და ნაზიმ ამაყად გადმომხედა, ნახე როგორი პაპა გვყვავს, ჩინეთის ომში იბრძოდაო. ამ სიტყვებზე მოხუცს სახე გაუბრწყინდა.
-მართლა?!  რა მაგარია, აბა, თქვენ ბევრი რამ გექნებათ თავს გადახდენილი-გავესაუბრე გამხდარ, კაფანდარა მოხუცს, რომელსაც კანის სიმსივნის რთული ფორმა აღმოაჩნდა და ახლა ქიმიით ცდილობდნენ მისი სიცოცხლის გახანგძლივებას.
-გიორგი მქვია-გამეცნო, თელავის რაიონიდან ვარ, სოფელი აკურა ხომ გაგიგიაო. მოხუცის ნათელი სახის დანახვამ  და მისი სახელის-გიორგის გაგონებამ, დადებითად განმაწყო ჩემი თანამოსაუბრის მიმართ.
დაკვირვებული ვარ, ჩემი უახლოესი ადამიანებიდან დაწყებული, ყველა გიორგი გამორჩეულად კეთილშობილი და გულღიაა. თითქოს ამ სახელში ჩადებული უდიდესი რწმენა, სიკეთე და დადებითი ენერგია პიროვნებასაც ასეთად აყალიბებს.
გამონაკლისი არც ჩემი ახლადგაცნობილი მოხუცი იყო, რომელიც ყველაფერთან ერთად, ძალიან ენაწყლიანი ადამიანი და სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.
  ოთხმოცდაათს გადაცილებული, ყოველ პროცედურაზე თავისი ძველი, მაგრამ კარგად შენახული და მოვლილი "მოსკვიჩით" მოდიოდა.  მანქანების ხელოსანი ვიყავი, ომის მერე ვინ აღარ მოდიოდა ჩემთან, ვატყობდი, ხალხს უჭირდა, ამიტომ ან ძალიან ცოტას ვართმევდი ფულს, ან სულაც უფასოდ ვეხმარებოდიო-მითხრა. ხშირად საწვავიც მიჩუქებია,  შეშაც თუ მქონდა სახლში  და ზამთარი იყო, იმასაც ვატანდი.  ეხლაც მოდიან, მცნობენ და ხან რა გასაჭირი აქვთ ხან რა, მიხარია, თუ ისევ შემეძლება დახმარება, ვიღაცას ხელს გავუმართავ, ვიღაცას მანქანით მივეხმარები და წავიყვან, სხვა რისთვისა ვართ ადამიანებიო.  ამასობაში შუახნის ქალბატონი შემოვიდა, გიორგი პაპას მზრუნველად თავი გაუსწორა, მოიკითხა.
-ჩემი ქალიშვილია,  თბილისში ცხოვრობს, იქ მუშაობს, მაგრამ ყოველ გადასხმაზე ჩამოდის და თან მომყვება, არ მტოვებს-ცრემლებმორეულმა მითხრა. მერე ჩაფიქრდა და დაამატა,  მეუღლე ჰყავდა, სვამდა  და გარდაეცვალა. ერთი გოგო დარჩა და მეც თავისი შვილივით მპატრონობს.  ცუდი დიაგნოზი  მითხრეს ექიმებმა, არ ვიცი,  რამდენ ხანს ვიქნები კიდევ, შვილი მაიძულებს რომ ქიმია გავიკეთო, ასე მიხანგძლივებენ სიცოცხლესო.
გიორგი პაპა შეძლებისდაგვარად გავამხნევე, დავემშვიდობე და უკვე ოთახიდან გამოსვლას ვაპირებდი, კართან დამეწია მისი სიტყვები: კარგად იყავი, შვილო, ეცადე, ყოველთვის სიკეთე აკეთო. ამდენი წელი ვიცხოვრე და მჯერა, ესაა მთავარი ცხოვრებაშიო.
კორიდორში გამოსული  ვუყურებდი კედელზე დაკიდულ იმპრესიონისტების რეპროდუქციებს, ამ მძიმე გარემოში სითბო და გაზაფხული რომ შემოჰქონდათ და ვფიქრობდი გიორგი პაპაზე, იმედისა და სიკეთის  იმ უდიდეს ძალაზე,  ჩვენს მრავლისნანახ დედამიწას რომ ატრიალებდა.
P.S. ამ ცოტა ხნის წინ მოვიკითხე  და ნაზიმ მითხრა, კარგა ხანია უკვე აღარ გამოჩენილა, ალბათ აღარ არისო. გული დამწყდა. მისნაირი ადამიანები მიდიან, მაგრამ  კეთილ მოგონებად რჩებიან....




Comments

Popular Posts