შეშლილები

ასეთი ადამიანები ყოველ ეპოქაში და ყველგან  მრავლად არიან, ქალაქად, სოფლად...ექიმები მათ ცნობიერებაშეცვლილ, ფსიქიურად დაავადებულ კატეგორიად მიიჩნევენ, ჩვენ კი უბრალოდ-შეშლილებს ან უფრო მარტივად, გიჟებს ვეძახით. ადამიანები, რომლებიც სხვებს არ გვანან, რადგან იქცევიან ისე როგორც უნდათ და როგორც არ არის მიღებული.  არანაირ ზრდილობის და ქცევის კოდექსს არ დაგიდევენ და თვითონ ძალიან ლაღად და ბედნიერადაც კი გრძნობენ თავს, მაშინ როდესაც ყველა გარშემომყოფი უკმაყოფილო სახით უცქერის და კეთროვნებივით გვერდს უვლიან...
არც გურჯაანია ამ მხრივ გამონაკლისი...  მე მათ მაინც ”ცნობიერებაშეცვლილებს” დავარქმევ. ასეთების რიცხვი, ჩემი პირადი დაკვირვებით, ყოველ წელს იზრდება და ძველებს ახალი სახეები ემატება. თუმცა ერთი საინტერესო დეტალიც შევამჩნიე (მთავარ ქუჩაზე ვცხოვრობ და მათი ნახვის და დაკვირვების საშუალება მეტი მაქვს) არასოდეს ერთად არ დადიან. თვითეული ცალკე, თავის სტიქიაშია. გარიყული არც თავის მსგავსებს და არც თავისგან განსხვავებულებულებს ახლოსაც  არ იკარებს. მასასთან ძირითადად,  სიფრთხილით კონტაქტობენ , თუ ვინმე დაუძახებს ან გამოაჯავრებს, მაშინ გამოეპასუხებიან, საპატიო მანძილზე ჩერდებიან  და იშვიათად გადადიან შეტევაზე. ეს შეტევა უფრო სიტყვიერი ფორმითაა გამოხატული.
ჩემი დილა  სწორედ ერთ-ერთი ასეთი ”ცნობიერებაშეცვლილი” ზაზას ხმამაღალი გადაძახილებით და ყვირლით იწყება... ან ქუჩის ერთი ბოლოდან მეორეში ყვირილით ესალმება ვიღაცას ან (თუ მისასალმებელი ობიექტი ვერ გამონახა) ხმამაღლა "საუბრობს" დილის 7 საათზე. მერე იქვე აფთიაქთან მდგარ ჩასარიცხ აპარატს მივარდება და გამეტებით ურტყამს მუშტებს, წიხლებს. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ მაინც და მაინც აპარატი. მერე დავინახე როგორ ცდილობდა ასეთი მეთოდით აპარატში  ჩარჩენილი, "ჩაყლაპული" ხურდა ფული ამოეღო. ამ ტრადიციად ქცეულ რიტუალს რომ მოათავებს, მორიგ, ასევე "ტრადიციულ" ქმედებაზე გადადის: ჩემს სადარბაზოს მოაშურებს და ზუსტად ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრებ რუსულის მასწავლებელ ლენას რკინის კარს უბრახუნებს მუშტებს ყვირილით, "რუსო გააღე". კარების კუთხეში ზარის ღილაკიცაა, მაგრამ არასოდეს რეკავს, კომუნიკაციის ასეთი აგრესიული ფორმა აქვს არჩეული, რომელიც რა თქმა უნდა, არასდროს ამართლებს. "რუსი" კარს არ უღებს, მწარედ ნანობს რომ ოდესღაც ფული ჩაუდო ხელში და უკვე ძალიან შეწუხებული, კარებთან მდგარ "გიჟ ზაზას" პატრულის გამოძახებით ემუქრება. ეს მეთოდი ჭრის და ზაზაც თავქუდმოგლეჯილი ეშვება კიბეებზე.  გავარდება ქუჩაში და უკვე გარეთ გამოშლილ, სამსახურში მიმავალ ან სკვერში ჩამომჯდარ ადამიანებს სათითაოდ სთხოვს ორ ლარს. ეს კონტაქტში შესვლის და გამოლაპარაკების საბაბია, თორემ ფული სულაც არ უჭირს.  როგორც ამბობენ, შეძლებული ოჯახიდანაა. იმასაც ამბობენ, დღის მანძილზე ჩამოთხოვილ თანხას საგულდაგულოდ აგროვებს სახლშიო. ერთხელ უთქვამს, მე კი არა ვარ გიჟი, გიჟი ისაა, ვინც მე ფულს მაძლევსო. გურჯაანელები კი მაინც ხშირად ასაჩუქრებენ და უფრო მეტიც, ფეისბუკ გვერდიც კი გაუხსნეს.
 ჩემს ქვემოთ მარკეტს სტუმრობს დღეში რამდენჯერმე.  აიღებს "კოკა კოლას" და ხურდებს  დემონსტრაციულად წინ უყრის მოლარეს. ერთხელ, მაღაზიაში შესული შევესწარი,  მოლარის რეპლიკაზე მობრუნებულმა ზაზამ როგორ  ჩაუფურთხა ყავაში და  დახლზე დაწყობილი ჩემი პროდუქტებიც გულიანად გაწუწა. ყველაფერი უკან დავაბრუნე და მაღაზია დავტოვე. მეგონა იმ დღის შემდეგ, იქ აღარავინ შეუშვებდა, მაგრამ შევცდი, რამოდენიმე ხნის მერე, ისევ ჩვეული მანერით შემოქანდა,  რაღაცეებს ხელი წამოავლო, აყვირებულ კონსულტანტს ზედაც არ შეხედა, ფული სალაროსთან დაყარა, იგივე გოგოს წაეკამათა, თუმცა საქმე უკიდურესობამდე და აქლემივით ფურთხვამდე აღარ მისულა.

ზაზასთან დაკავშირებული ყველა ეს ინციდენტი  დილის საათებში ხდება, მერე ეს ხმაურიანი პერსონაჟი სადღაც უჩინარდება მეორე დილამდე და მის ადგილს სხვა, შედარებით ჩუმი და ზოგჯერ შეუმჩნეველი სუბიექტები იკავებენ. ზაზას წასვლიდან ცოტა ხანში,  ერთი, ზამთარ-ზაფხულ რეზინის ჭუჭყიან "შლოპანცებსა" და რამოდენიმე ზომით დიდ, კისრამდე ამოწეულ შარვალში "გამოწყობილი" უსახელო შეშლილი გამოდის ასპარეზზე.  თავისი მდგომარეობისათვის შეუფერებელი, მუდამ ხალისიანი განწყობით. ძირითადად, ბირჟაზე მსხდომებს ეკონტაქტება. ხმადაბლა რაღაცას ეუბნება და ისინიც ყვირილითა და მუქარით აგდებენ. ეს უკანასკნელი ამ ხმებს არად აგდებს და მუდამ ღიმილმიწებებული სახით სხვა ჯგუფთან ინაცვლებს. მერე ნელ-ნელა ისიც იკარგება თვალსაწიერიდან. პერიოდულად  მთავარ ქუჩას რაღაც დიდი და უსიამოვნო ლანდი გადაუვლის:  ეს უკვე მესამე, უსახელო შეშლილია.  მოშვებული თმებითა და წვერით, ასევე მაღლამდე ამოწეული შარვლით და მასში საგულდაგულოდ ჩატანებული კუბოკრული გაწეპილი "საროჩკით". შიშველი ფეხები ამასაც უზარმაზარ რეზინის "ფლოსტებში" აქვს წაყოფილი და მკაცრი, პირქუში იერით  ქალაქის თავივით   მოაბიჯებს მთავარ ქუჩაზე. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცხოს ჩვეულებრივ უსუფთაოდ  ჩაცმულ მუშადაც მოეჩვენოს, რომ არა  პერიოდული,  ხმამაღალი  შეძახილი "ალ ქაიდა"!  ამ მომენტში ალბათ,  სულ ცოტა, ბილ ლადენი ან მისი ორეული მაინც ჰგონია საკუთარი თავი და ვფიქრობ, მის წარმოსახვაში  რა უსუსურები ვართ  ირგვლივ მყოფები...

როდესაც "ნომერ პირველი ტერორისტი" ჩაათავებს მთავარი ქუჩის დაღმართს და თვალს მიეფარება, შემდეგი ცვლაც მოდის... ამჯერად ეს ახალგარზრდა ქალია- მარინე. ოდესღაც პედაგოგი ყოფილა და ბავშვებსაც ამზადებდა (რომელი სპეციალობით არ ვიცი) მოკლედ შეჭრილი შავი თმით, ბრიჯებსა და ზოლიან მაისურში გამოწყობილი, ხელში აუცილებლად დიდი ჭრელი პოლიეთილენის პარკით რაღაც უჭირავს და უდარდელად აქნევს აქეთ-იქით. სკვერში მსხდომებთან (პირველ დარტყმას ყველა შეშლილისგან ეს "სასტავი" იღებს ყოველთვის)  ნაბიჯს შეანელებს ,  თითის ქნევით გააფრთხილებს, ზოგჯერ მაღაზიაშიც შეიხედავს, თუ ფული აქვს, პურს და რაღაცეებს იყიდის,  მოლარეს გამოელაპარაკება, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც გაუკეთებს "ანალიზს" და მერე ხმამაღლა რუსულად შემოსძახებს "Широка страна моя родная"-ს. უშეცდომოდ და რითმულად მღერის.

ბოლო დროს ძალიან მოუხშირა მარინამ ქუჩა-ქუჩა ასეთ პათოსურ სიმღერებს. ერთხელ, საღამოს თავის კორპუსთან ახლოს დავინახე,  ბუნკერში ჩაყუდებული  როგორ ქექავდა ნაგავს და სავარაუდოდ, პროდუქტის ნარჩენებს ეძებდა. გული დამეწვა, მაგრამ ახლოს ვერ გავბედე მისვლა, შესაძლოა, ეს არც მოსწონებოდა.

მარინა "შეშლილების " იმ გამონაკლის კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც რაღაც მომენტში, აცნობიერებენ  კრიზისს და თვითონვე რეკავენ დასახმარებლად შესაბამის ნომერზე. საწყალს თავისივე მოთხოვნით, წაიყვანენ და ცოტა ხანში "რეაბილიტირებულსა" და წამლებით გაბრუებულს უკანვე მოაბრუნებენ მორიგ შეტევამდე. 

ამბობენ, რომ როგორც წესი, თავიაანთ მდგომარეობას "შეშლილთა" უმრავლესობა ვერ აცნობიერებს და არც იმას უწევენ ანგარიშს რას სჩადიანო, იოლად ავიწყდებათ ჩადენილი სისულელეებიც, თუმცა არა მარინას. როცა ხმამაღლა ამღერებული და აჟიტირებული კლინიკაში გადაიყვანეს, იქიდან დაბრუნებულს თავისი მეზობლებისთვის გაუნდვია, ყველაფერი მახსოვს და ის დროც მენატრება, ისეთი ბედნიერი ვიყავიო...

   ბოლოს, უკვე შებინდებისას,  როდესაც კიდევ ერთი სამუშაო დღე მიიწურება, მუდმივად  ხმაურიანი და ხალხმრავალი მთავარი ქუჩის სკვერი დაცარიელდება,  სკოლებიდან, ბანკებიდან, აფთიაქებიდან  დაღლილი ჩვეულებრივი მოქალაქეები სახლებში შეიყუჟებიან  და "არა ჩვეულებრივი" მასისგან გარიყული და გამორჩეული ზაზა, კუბოკრულსაროჩკიანი ”ბილ ლადენი”, რუსულად ამღერებული მარინაც  დატოვებენ  ქალაქის ცენტრალურ  უბანს,  ნონეშვილის  გამზირის მოპირდაპირე ქუჩიდან ერთი სრულიად იდუმალი და გამოუცნობი არსება გამოემართება სწრაფი ნაბიჯით.  ყოველთვის ერთნაირად აცვია (ეტყობა ეს ასეთების საერთო თვისებაა, არჩეულ სტილს არ ღალატობენ) ზოლიანი სპორტული შარვალი ფართო ტოტებით და ასეთივე ზოლიანი  შემოსაცმელი. ფეხსაცმელი არასოდეს უჩანს, რადგან შარვლის ტოტები მიწამდე დასთრევს.  დანარჩენებთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდაა, ერთთავად სიგარეტს ეწევა და სრულიად მარტო, აჩქარებული ნაბიჯით ზომავს ქუჩას. არავინ აინტერესებს, არავის ეკონტაქტება, მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრება ჩუმად.  იქვე, მაღაზიის წინ რამოდენიმე ბოლთას დაარტყავს, სიგარტს ჩაათავებს და სწრაფადვე უკან, სახლისკენ გაეშურება მეორე შებინდებამდე.  მასზე "შეშლილის" თქმა  დიდი უსამართლობა იქნებოდა, ასეთებს მე "მარგინალებს" დავარქმევდი.

სახლიდან გამოსული, თითქმის ყოველ დილა-საღამოს ვაწყდები ერთ ადგილას თავმოყრილ სიგარეტის ნარჩენების გროვას და უკვე ვიცი აქ ზვიადი იჯდა  განუყრელი "ცილინდრითა" და მოშვებული წვერით  და ისევ თავდაუზოგავად ეწეოდა უამრავ სიგარეტს. ჩქარ-ჩქარა, თითქოს ვიღაც  მოსდევსო, ისე ქაჩავს თვითეულ ღერს და ბოლომდე არც მიჰყავს, ჩანახევრებულს იქვე ასფალტს ასრესავს და მეორეს უკიდებს. როცა კოლოფი ჩამოიცლება, უკვე გამვლელებს სთხოვს დახმარებას. სიგარეტი არა გაქ? - წვრილი, მიმქრალი ხმით ეკითხება გამვლელებს. ზოგს ეცოდება და ერთ ღერს გაუწვდის, ზოგი ყურადღების ღირსადაც არ თვლის და გვერდს უქცევენ.  ზვიადი სკოლის  დროიდან  მახსოვს.  ჩემზე სულ რამოდენიმე წლითაა უმცროსი. დედამისი, ქართული ენის პედაგოგი იყო და მუდმივად ხელჩაკიდებული დაჰყავდა.  განათლებული, მაგრამ უცნაური ქალი, შვილზე გადამეტებულად მზრუნველი და თავისებური ხასიათის. ბოლომდე ასე ერთად დადიოდნენ, ყველასგან გარიყულები და საცოდავები. ფინანსურად არ უჭირდათ, ამბობდნენ, მეუღლისგან  უძრავი ქონება დარჩა და მისი გაქირავებით ირჩენს თავსო. ხშირად  სტუმრობდნენ კურორტებსაც. მახსოვს, ერთი-ორჯერ ბორჯომის პარკში დავინახეთ, იქაც ასე,  ქუჩის მათხოვრებივით ჩაცმულ-დახურულები, მარტო სეირნობდნენ. ეს განათლებული ქალი "პაპას ბაღის" ხის  სკამზეც მინახავს  ჩაძინებული და გულწრფელად შემცოდებია...

ბოლო რამოდენიმე თვე კი მხოლოდ შვილს ვხედავ, დედა აღარ ჩანს და სულ მინდა ვკითხო, რამე ხომ არ შეემთხვა.

საღამო ხანს თუ გურჯაანის ერთ-ერთ ულამაზეს  ადგილას, ზუგდიდის ქუჩაზე გაისეირნებთ, აუცილებლად შეხვდებით გაუსაძლის სიცხეშიც კი, გრძელ, კაპიშონიან, ყვითელ ჟილეტში, ფართო შარვალსა და ბოტასებში გამოწყობილ, გაშლილ ყვითელ თმაზე შლიაპა დაფარებულ არსებას, რომელიც ნელი ძუგძუგით ჩაგირბენთ და თვალის დახამხამებაში ჩაიკარგება  უკვე ჩაბნელებული მემორიალის სიღრმეში. სულ ერთი წუთით შესაძლოა, რომელიმე თრილერის მონაწილედ იგრძნოთ თავი, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად.  გაუჩინარებულ არსებას მალე გავიწყებთ მანქანების ხმაური და ქუჩაზე მოსეირნე ადამიანები.

ეს ქალი ჩვენი ბავშვობის მეგობარი  ეთერია, რომელთანაც  არაერთხელ  გვითამაშია  და მასთან ბევრჯერ სტუმრადაც ვყოფილვართ. ისიც გვემეგობრებოდა და ჩვენთანაც ხალისით მოდიოდა. მახსოვს, ერთხელ ბავშვობაში თოჯინებიც კი გავცვალეთ. ჩვენსავით სათამაშოები უყვარდა და ლამაზი კოლექციაც ჰქონდა მოსკოვური და გერმანული თოჯინების. ჩემი ერთი პატარა, ყუთში ჩასმული ”ოჯახი”  მოეწონა და მთელი კვირა მეხვეწებოდა ან მომყიდე (5 მანეთს მაძლევდა) ან გამიცვალე რამეშიო. საქმე იმაში იყო, რომ ეს უსაყვარლესი მინიატურული გერმანელი დედა, მამა და ორი პატარა შვილი მეც ძალიან მიყვარდა და ვერ ველეოდი... ბოლოს, ეთომ თავისი გაიტანა და რახან აღარ მომეშვა, ერთი პატარა თოჯინა ამოვარჩიე მისი კოლექციიდან და სანაცვლოდ ჩემი "ოჯახი" დავუთმე. ახლობლობას სტუდენტობის დროსაც ვაგრძელებდით. მერე საზღვარგარეთ წავიდა და იქიდან უკვე სხვა ადამიანი ჩამოვიდა...

   უბედურება ის იყო, რომ ამ განათლებულ და წესიერ  გოგოს მძიმე გენეტიკური მემკვიდრეობა ერგო წილად. საშინელი დაავადება -შიზოფრენია, რომელმაც ამ ოჯახის ყველა თაობაში იჩინა თავი, ხოლო ეთოს მამის ძმა  და ბიძაშვილი  თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მახსოვს, როგორ გვაჩვენებდა ხოლმე სიკვდილის წინ, ბავშვური ასოებითა და გულუბრყვილო შინაარსით დაწერილ ბიძამისის უკანასკნელ წერილს და მერე დასძენდა, შეყვარებული იყო და  ამიტომ მოიქცა ასეო...  მეც, და ალბათ მასაც, ბავშვური მიამიტობით გვჯეროდა, რომ 17 წლის ასაკში მან სიყვარულის გამო მოიკლა  თავი. სიყვარული ხომ ასე ძლიერი და გამოუცნობი გრძნობაა...

     ახლა... ახლა, ერთ  დროს ჩვენი გულითადი მეგობარი, არც მე და არც ჩემს დებს არათუ აღარ გვეკონტაქტება, აღარ ან ვეღარ გვცნობს.  ორიოდე მეზობლის გარდა, საკუთარი დის ჩათვლით, ყველა წაგვშალა მეხსიერებიდან. შავი კატები მოამრავლა და ღამღამობით მათთან ერთად დარბის სახურავებზე, ყოველდღე სახლის თითო კედელს ანგრევს და ახლიდან აშენებს, ”საძირკველს ამაგრებს” და ამაში ვინც წინ ეღობება ან სიტყვიერად ანდა სასამართლოს მეშვეობით ცდილობს გაუსწორდეს. დრო და დრო მეზობლის, მარტოხელა ქალის, ნათელა დეიდას კანალიზაციაში ქვებსაც ყრის და მერე სეირს შორიდან უყურებს. ამბობენ, ხატავს და არცთუ უროგოდო, თუმცა მის შემოქმედებას დღის შუქი ჯერ არ უნახია და საშინლად მაინტერესებს. ამ ყველაფრით დაღლილი, შებინდებისას ისევ ჩვეულ შლიაპასა და ამოჩემებულ ყვითელ  ჟილეტში გამოწყობილი, მემორიალს მიაშურებს და პოლტერგეისტივით გარშემო ურბენს.

შესაძლოა მისი არეული ცნობიერება აღარ უშვებს სადღაც, ქვეცნობიერში შემორჩენილ ნაცნობ სახეებს, ხმებს, მოგონებებს. ჯიუტად ისევ ფსკერისკენ ერეკება და ძველ მეგობრებთან  შეხვედრისას სახეში კი არა, სადღაც, ჩვენს მიღმა იყურება.
სხვის თვალში შეშლილი, მაგრამ თავის წარმოსახვაში- თავისუფალი და ბედნიერია.
იქნებ, ზაზაც, ზვიადიც, მარინაც და ეთერიც ღამღამობით უფრო  ფერად სიზმრებს ხედავენ ვიდრე ჩვენ, ჩვეულებრივი, სტანდარტული ”ობივატელები”...  ვინ იცის...


Comments

Popular Posts