გივი სარალიძე (ერთი წარწერის ისტორია)

        
ჩემს წიგნებთან საპატიო ადგილას (ანუ ყველაზე გამოსაჩენ მხარეს) დევს პატარა  ფრანგული ლექსიკონი პირველ გვერძე წარწერით : "ფრიადოსან თამრიკოს გაუმარჯოს!  შენი ყველაფერი მშობლიური სხვისაზედ მეტად გიყვარდეს. ფრანგული ენის სწავლაშიც გისურვებ წარმატებას, შენი სამშობლოსა და ხალხის სამსახურში გამოგადგება!"
გივი სარალიძე.
 ეს წიგნი პაპას უახლოესმა მეგობარმა, ექიმმა, სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილმა პრორექტორმა და დიდებულმა თამადამ, ბატონმა გივი სარალიძემ მისახსოვრა.
მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, ფრანგული ენის სწავლა რომ დავიწყე და როდესაც პაპასთან სტუმრად მოსულმა მკითხა, რომელ ენას ვსწავლობდი და ისიც გაიგო, როგორ მომწონდა ეს უცხო ენა,   ფრანგულ წიგნს შემპირდა. მაშინ ჩვენთან ლამაზად ილუსტრირებული წიგნები და მით უმეტეს, უცხოეთში გამოცემული, დიდი იშვიათობა იყო. ჩემს ბიბლიოთეკას კი  ბატონი გივის ყოველი სტუმრობის შემდეგ, ახალი, ლამაზი ნახატებითა და უმაღლესი პოლიგრაფიით დაბეჭდილი წიგნი ემატებოდა. ასე გაჩნდა თაროებზე საფრანგეთში დაბეჭდილი სალათისფერ ყდიანი ლექსიკონი, რომელიც მერე უკვე ფრანგული ენის ფაკულტეტის სტუდენტს, არაერთხელ გამომადგა. რუსული ილუსტრირებული ზღაპრები, ფრანგულ ენაზე გამოცემული ბროშურა ქართული ხელოვნების შესახებ , რომლებსაც ხშირად ვათვალიერებდი, ვკითხულობდი და დღემდე მახსენებს იმ ლაღ და ხალისიან საღამოებს, პაპაჩემის ოჯახში რომ ასე ხშირად იმართებოდა. სუფრას ტრადიციულად უცვლელი თამადა, ბატონი გივი უძღვებოდა. ყოველ დღესასწაულზე ჩამოდიოდა გურჯაანში და აუცილებლად სტუმრობდა პაპას და ბებიას. მე წიგნს მაჩუქებდა, უფროსებს კი დიდ, ლამაზ კედლის კალენდარს, რომელიც მერე მთელი წელი ეკიდა ჩვენს ოთახში და რომელიც წიგნების მსგავსად, მაშინ იშვიათობა იყო. ამიტომ სულ მეგონა, რომ ჩვენი თამადა სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად, ან წიგნის მაღაზიაში ან გამომცემლობაში მუშაობდა.
ალბათ, არცაა გასაკვირი, როგორი სიხარულით ველოდებოდი მის მოსვლას ყოველ დღესასწაულზე. შემოვიდოდა მაღალი, ახოვანი მთლად თეთრი თმითა და ასეთივე ქათქათა, ბუდიონის მსგავსი დიდი  ულვაშებით. როხროხა ხმით მოგვიკითხავდა, ხელს ჩამოგვართმევდა და თავის უცვლელ ადგილს იკავებდა სუფრის თავში. აუცილებლად მოითხოვდა ჭიქებს, რომლებიც "მღეროდნენ" და ამ "მომღერალი", ციმციმა ბროლის ბაკლებით სვამდა ძალიან ლამაზ სადღეგრძელოებს სამშობლოზე, მეგობრობაზე, სიცოცხლის სილამაზეზე.
ერთხელ ისიც მახსოვს, ბატონი გივის სიტყვებზე, ყველანი ერთ დღეს აღარ ვიქნებით, წავალთ ამქვეყნიდან, რადგან  ეს გარდაუვალიაო, საღამოს ბებიასთან მარტო დარჩენილმა, რამდენი ვიტირე, არ მინდა მოვკვდე და შენც სულ ჩემთან მინდა იყო-მეთქი-შეშინებული მოვთქვამდი და ბაბოც გულში მიხუტებდა, ნუ გეშინია, ბებიკო,  სულ ერთად ვიქნებითო...
ქართული სუფრა რომ აკადემიაა და მისი აკადემიურობა სწორედ თამადაზეა დამოკიდებული, ამაში   ბატონმა გივიმ დამარწმუნა. დაიწყებდა სადღეგრძელოს და შეუძლებელი იყო ან  გეხმაურა სუფრასთან  ან არ მოგესმინა მისთვის, იმდენად საინტერესოდ და გულშიჩამწვდომი სიტყვებით ყვებოდა ყველაფერს. არ მახსოვს ოდესმე  თრობა შეტყობოდეს, თუმცა საკმაოდ სვამდა... მერე უკვე გვიან, როცა ყველა გრაფინს ფსკერი გამოუჩნდებოდა და ბროლის "მომღერალი" ბაკლებიც დაცარიელდებოდნენ,  როცა უკვე საკმაოდ შემთვრალი პაპაჩემი პირდაპირ სუფრაზევე იძინებდა, თამადა ყველას გვემშვიდობებოდა  მომავალ მორიგ დღესასწაულემდე.
ერთხელ, ჩვენთან უმასპინძლეს ჩემმა მშობლებმა. მახსოვს ახალ ორსართულიან ბინაში რამოდენიმე წლის  გადასულები ვიყავით და პაპამ ბატონი გივი მოიყვანა სტუმრად. მან არც ახლა უღალატა ტრადიციას და მორიგი ახალი წიგნი მომიტანა, ჩვენებს კი დიდი კალენდარი უსახსოვრა. მერე მეორე სართულზე დიდ ოთახში ავედით, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ზაფხულის თბილი საღამო დგებოდა და ღია ფანჯრებზე თეთრ ფარდებს არხევდა... ბატონი გივი პირდაპირ ფანჯარასთან მივიდა, გადაიხედა და აღტაცებულმა წამოიძახა: "შეხედეთ, აქედან რა დიდებულად ჩანს კავკასიონიო." ყველანი დავინტერესდით და ჩვენდა სამარცხვინოდ, წინ გადაშლილი  კავკასიონის თეთრი ქედი მაშინღა შევამჩნიეთ...ბატონმა გივიმ "აღმოგვაჩენინა"...მერე კი სუფრა ტრადიციული ლამაზი ლექსებითა და მოგონებებით გაგრძელდა...
ამ დღიდან ბევრი ხანი გავიდა... წლებმა თავისი ქნა და თამადაც ისე ხშირად ვეღარ სტუმრობდა ვერც თავის მამაპაპეულ სახლს და ვერც პაპაჩემს, ხოლო შვილის, ახალგაზრდა ექიმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, უკვე აღარ მინახავს... მხოლოდ ერთხელ, ისიც სულ რამოდენიმე წუთით მოვკარი თვალი. თბილისში სამსახურიდან შინ მარშუტკით ვბრუნდებოდი. ბევრი ხალხი იყო, უცებ მძღოლმა დაამუხრუჭა, კარი გაიღო და  წელში მოხრილი, ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი ამოვიდა. წინა ადგილი მაშინვე დაუთმეს და სანამ დაჯდებოდა, უცებ, ნაცნობმა სახემ გამიელვა თვალწინ. ეს გივი სარალიძე იყო განუყრელი  თეთრი ულვაშებით, თუმცა საკმაოდ მოტეხილი და დაუძლურებული. ვიფიქრე, როცა ჩემი ჩასვლის დრო მოვა (სულ ბოლოში ვიჯექი) მივალ და მივესალმები-მეთქი, მაგრამ ჩემზე ადრე, მალევე ჩავიდა მორიგ გაჩერებაზე...
მას შემდეგ  მის შესახებ აღარაფერი მსმენია...
ბატონი გივი ალბათ, აღარ არის ამქვეყნად, პაპამაც დაგვტოვა და ის დროც დავიწყებას მიეცა... აღარც მისნაირი მჭევრმეტყველი და ინტელიგენტი თამადა შემხვედრია სადმე, რომელიც "მომღერალ" ბაკლებს მოითხოვდა და იმით შესვამდა მარადიული ღირებულებების სადღეგრძელოს... ეს მხოლოდ ბატონ გივის შეეძლო...
მე კი დამრჩა ულამაზესი წიგნები ერთ მათგანზე  მიწერილი სიტყვებით, 10 წლის პატარა გოგოს ანდერძივით რომ დამიტოვა : "ყველაფერი მშობლიური სხვისაზედ მეტად გიყვარდესო"...
  



Comments

Popular Posts