პაპიდაჩემი

გვიანი გაზაფხულის თბილი საღამოა. მე, დედა და ჩემი დები კონცერტზე მივიჩქარით.  თბილისიდან ცნობილი მომღერალია ჩამოსული და ისიც მხოლოდ ერთი დღით.  ორმაგად  გვეჩქარება, რადგან ვიცით,  პაპიდა უკვე გველოდება თეატრის შესასვლელთან.  ტრადიციულად ვაგვიანებთ. ის კი, როგორც სჩვევია, დათქმულ დროზე ნახევარი საათით ადრე მოსულა ულამაზეს თეთრ ლაბადაში გამოწყობილი. შორიდანვე ვამჩნევთ ნაცნობ ვარცხნილობას, უკან გადაწეულ  ხვეულ თმებს,  ღიმილით შორიდანვე გვესალმება: ”სადა ხართ აქამდე, დაიწყო კონცერტიო?!”- გვეძახის.  ერთად შევდივართ უზარმაზარ ფოიეში, ავუყვებით მარმარილოს კიბეებს და ვჯდებით განათებულ დარბაზში.  ეს არის  ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი კონცერტი, პაპიდას წყალობით სულ სიცილით რომ ჩაივლის და ბედნიერები ვბრუნდებით სახლში...მე საუკეთესო პაპიდა მყავს...
 რამდენი რამ დაწერილა ბებიებზე, პაპებზე, მაგრამ ძალიან ცოტა პაპიდაზე. მე, ამ მხრივ, გამონაკლისი ვიქნები და ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანს  გავიხსენებ.
რაც უფრო გიყვარს და გესათუთება ადამიანი, მით უფრო ძნელია მასზე წერა...  ეს ჩემი რექვიემია, რომელიც პაპაჩემის ერთადერთ დას, მანია პაპიდას ეძღვნება.
სამ ძმას მეოთხე და ჰყავდა.  თხელი აღნაგობის, სქელი, ძალიან ხვეული თმით და ლამაზი თეთრი სახით.  ომის პერიოდს დაემთხვა მათი ბავშვობა და ცხადია, დალხენილი ცხოვრება არ ქონიათ. მახსოვს, პაპა მიყვებოდა, სკოლაში რომ მივდიოდით გზად პატარა რუ უნდა გადაგვეკვეთა,  ფეხსაცმელები რომ დაგვეზოგა, ზამთარ-ზაფხულ ფეხზე ვიხდიდით, წყალში ფეხშიშველები გავდიოდით და მეორე ნაპირზე ვიცვამდითო.  პაპიდამ მარტომ გააცილა თავისი ჩვიდმეტი წლის ძმა- შოთა პაპა ომში, როდესაც მის წასაყვანად მოვიდნენ:  ”სახლში არავინ იყო, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ყურძენი დავკრიფე ერთი ვედრო და ის გავატანეო”- გვიყვებოდა მერე. ალბათ, საშინელ სასაკლაოზე მიმავალ ძმას სევდასთან ერთად რამხელა სითბო გაატანა თან...
ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ილო პაპა შეუყვარდა.  ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მაინც  მას გაჰყვა ცოლად. გაჭირვება და რთული დღეები ელოდა წინ...  ქმარი მალევე დაიჭირეს და თხუთმეტი წლით რუსეთის  ყველაზე შორეულ მხარეს გადაასახლეს. მეუღლის ოჯახში დარჩა მთელი ეს უსასრულო წლები. როგორც თვითონ გვიყვებოდა, ეს არ ყოფილა ადვილი, როცა მისი იქ ყოფნა არავის მოსწონდა, თუმცა თავისი დაუზარელი ბუნებით, სითბოთი და გულღია ხასიათის წყალობით, მალე ყველას პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა.  მისი მონაყოლიდან მახსოვს, როგორ ხვდებოდა ყინვაში ფარნით, შორეული რეისიდან დაბრუნებულ ილო პაპას ძმას, რომელიც მემანქანე იყო და ყოველ ღამე სახლისკენ მიმავალ გზას უნათებდა, როგორ შეიფარა  ილო პაპას მეორე ძმის შვილი, რუსეთში დაბადებული და დედისგან მიტოვებული პატარა ბიჭი.  როგორ უვლიდა, ბანდა, აჭმევდა, აძინებდა, ეფერებოდა...
ასე გავიდა მარტოობის თხუთმეტი წელი... ილო პაპა დაბრუნდა.  მე ასეთი თავგანწირული და მოსიყვარულე მეუღლე იშვიათად მყავს ნანახი, როგორიც პაპიდა იყო.  ამ უთბილეს ადამიანს შვილი არ მისცა განგებამ და მთელი ცხოვრება სხვის შვილებზე ზრუნავდა. არასოდეს არ მახსოვს მისგან დაწუწუნება ან საყვედური, რატომ არ მყავს შვილიო, რადგან ეს იყო ის იშვიათი პიროვნება, რომელსაც  ყველა ბავშვები თავის საკუთარ შვილებად მივაჩნდით. მთელი თავისი არარეალიზებული დედობრივი გრძნობები ჩვენში ჩადო და თვითონაც ყველა ჩვენგანში დარჩა.
 ამოვიდოდა  ჭრელი, დაწნული კალათით და ამოგვიტანდა თავის გაკეთებულ ნუგბარს, ნაირ-ნაირ საჩუქრებს. სამსახურიდან ხშირად უწევდა ექსკურსიებზე სხვადასხვა ქალაქებში წასვლა და იქიდან ყოველთვის საჩუქრებით დატვირთული ბრუნდებოდა, არავინ გამორჩებოდა, ყველაზე იფიქრებდა, ყველას გაახარებდა...
დასასვენებლად ყოველთვის  ჩვენთან ერთად მოდიოდა, თუმცა თავისი მორიდებული ბუნებიდან გამომდინარე, ბინას ყოველთვის ცალკე ქირაობდა: ასე მირჩევნია, არავის შევაწუხებო. 
დილით ადრიანად მოვიდოდა პროდუქტებით დატვირთული და მთელ დღეს ჩვენთან ატარებდა. ახლაც  ცხადად ვხედავ, როგორ ვსეირნობთ ბორჯომის პარკში მასთან ერთად, როგორ გვიყვება სასაცილო ისტორიებს და ჩვენთან ერთად გულიანად იცინის. მახსენდება, როგორ წაგვიყვანა საზაფხულო კინოდარბაზში და ერთად ვუყურეთ ინდურ ფილმს ”დისკოს მოცეკვავეს”. მერე, კინოდან გამოსულები, რამდენს ვიცინოდით.
ერთხელ, ძალიან პატარა დამტოვეს პაპიდასთან.  ქვედა სართულის ვიწრო ოთახში, თავის გვერდით გამიშალა საწოლი და მთელი ღამე თავს დამტრიალებდა. იმ ღამიდან მთვარით განათებული ფანჯარა და პაპიდას საწოლთან დაკიდებული შავ-თეთრი სურათი დამამახსოვრდა: ლამაზი თმებგაშლილი გოგო უზარმაზარ ჯვართან  მუხლებზე დამხობილი ლოცულობდა. ახლაც მისი სახლი ყოველთვის ამ სურათთან ასოცირდება და სულ მგონია, მიუხედავად ახალი მეპატრონეებისა, ის სურათი ისევ იმ ადგილას ჰკიდია.
 კიდევ მახსოვს მისი საოცრად მოწესრიგებული  მარანი თაროებზე ჩამწკრივებული სხვადასხვა ზომის ქილებით, მურაბებით, კომპოტებით. თაროებს გახამებული თეთრი მარლები ჰქონდა ჩამოფარებული. გადავწევდით და მათ უკან ჩირებს, შოკოლადებს,  ყველანაირ ხილს ვპოულობდით. ამ ყველაფერს მერე თანაბრად უნაწილებდა ყველა ახლობელს.
 მაღლა სართულზე ედგა საგანგებოდ მოსკოვიდან ჩამოტანილი თეთრი ”სპალნა”, რომელშიც არასოდეს წოლილა და რომელიც ბოლომდე  დაკეტილ ოთახში დარჩა. კიდევ, წითელიატაკიანი მისაღები კუთხეში დიდი ღუმელით, შუაში გაშლილი მაგიდა, რომელთანაც პაპიდა და ილო პაპა სტუმრებს მასპინძლობდნენ.
დიდი სიყვარულით იღებდა ილო პაპას ერთადერთ შვილს, უყვარდა მთელი მისი ოჯახი, რუსეთში ჩასულმა საჩუქრებით მიაკითხა თავის ქმრის პირველ მეუღლეს და ახლოს გაიცნო, დაუმეგობრდა. 
პაპიდამ ადრე დატოვა ეს ქვეყანა. მძიმედ ავადმყოფს ილო პაპა უვლიდა მარტო, გვერდიდან არ შორდებოდა და სანამ შეეძლო, მის საფლავზე ატარებდა დარჩენილ დღეებს.
წლების მერეც, ყოველი ზარის დარეკვისას, მეგონა კიბეებზე ამომავალ ნაცნობ ფიგურას დავინახავდი, ტელეფონის ყურმილის აღებისას, ნაცნობ ხმას  გავიგონებდი: ”როგორა ხარ, გენაცვალოს პაპიდა?” ხოლო თეატრთან მისული ახლაც ვეძებ თეთრ ლაბადაში გამოწყობილ ულამაზეს ქალს კონცერტზე მომავალ, დაგვიანებულ გოგოებს რომ ელოდება...




Comments

Popular Posts