აფხაზეთი-საქართველო, რომელიც არასოდეს მინახავს


რაც დიდად  ვიგრძენი თავი ანუ იმ პერიოდიდან  რაც სკოლა დავამთავრე, სულ მესმოდა აფხაზეთზე . საქართველოში  გვაქვს ადგილები, რომლებიც  სამწუხაროდ, დღემდე  ომთან  და  სისხლისღვრასთან ასოცირდება.  აფხაზეთიც  ჩემს ცნობიერებაში  ომთან ერთად შემოვიდა.  1992 წლის აგვისტოს იმ ცხელ დღეებში  ყოველ საათში აცხადებდნენ  როგორი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები მიდიოდა  ბზიფთან,  ეშერასთან, ტამიშთან, როგორ იბრძოდა ბოლომდე სოხუმი...  რატომღაც სულ ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი  ჩვენგან ძალიან შორს იყო და საზარელი ”ბოევიკები”  დინჯ და შორეულ კახეთამდე  ვერ მოაღწევდნენ.
 მე მისი თანამდევი სამოქალაქო ომის უფრო მეშინოდა. ახლაც ყურში ჩამესმის ღამღამობით, ჩვენს პატარა ქალაქში როგორ ისმოდა ავტომატის ჯერი და როგორი ძრწოლვა მიპყრობდა, როდესაც წარმოვიდგენდი, რომ შესაძლოა იმ დროს ვიღაცას კლავდნენ.  ხოლო თბილისში რაც ხდებოდა ამას უკვე ტელევიზორით ვიგებდი. ტელევიზიით ვუყურებდი აფხაზეთში დატრიალებულ უბედურებასაც. სულიერად შემძრა ლევან აბაშიძის დაღუპვის ამბავმა.
თვითონ ეს კუთხე არასოდეს მენახა. გაგრას და ბიჭვინთას დღემდე მხოლოდ სურათებით და  სატელევიზიო ფილმებით ვიცნობ. დედას ყოველთვის ეშინოდა წყლის, რადიოაქტიური ნივთიერებების, რაც მისი ღრმა რწმენით, ზღვაზე განსაკუთრებით  "უხვად" იყო. თავის ყველაზე კოშმარულ ფანტაზიებში, ჩვენს ზღვაში დახრჩობასაც  წარმოიდგენდა ხოლმე და კატეგორიულად  წინააღმდეგი იყო ისეთი დასვენების, რომელიც წყალს და სანაპიროს უკავშირდებოდა. თავიდან  სუსტად ვეწინააღმდეგებოდით, მერე შევეგუეთ, რომ ზღვას სანამ პატარები ვიყავით, ვერასოდეს ვნახავდით. მხოლოდ ერთხელ  გაგვიჩნდა მე და ჩემს დებს პროტესტის გრძნობა, როცა ჩემი ბიძაშვილები  დასასვენებლად  ლიძავაში  წავიდნენ და იქიდან დაბრუნებულები გვიყვებოდნენ  როგორ ჭყუმპალაობდნენ კამკამა ტალღებში, სეირნობდნენ ულამაზეს ბაღში და ზღვისპირა კაფეში რამდენი ნაყინი იყო, ფერადი, გემრიელი, ფიალებში მაცდურად  ჩადებული ვაფლებითა და პეჩენიით.  ოჰ,  არაზღვისპირეთში მცხოვრებ ბავშვებსაც როგორ გვინდოდა გაგვესინჯა ასეთი ნაყინი.  დიახ, გვიყვებოდნენ  ზღვაზე  და ამ დროს ჩვენ, უკვე მესამე თუ მეოთხეჯერ ვისვენებდით  ცივ  და ნისლიან ფასანაურში.  ისინი ”გაზაგრულები” ჭრელი  სარაფნებით  და ”შლოპანცებით” ჩამოვიდნენ,  ჩვენ კი, ყოველ ცისმარე დღე აივნის წინ წამომართული  უზარმაზარი  მთებიდან ამოსულ  ნისლებს გავყურებდით და თბილად შეფუთულებს, სახეს  წვიმის წვეთები გვისველებდა.  რა მოსაწყენი და სევდიანი მეჩვენებოდა  მაშინ ეს ყველაფერი...ლიძავაზე  და ნაყინზე ვოცნებობდი, რომელსაც ასრულების პერსპექტივა  არ ჰქონდა, რადგან არსებობდა  საზარელი და სისხლის გამყინავი სიტყვა ”რადიაცია” და დედაჩემის  ფობიები...
  აფხაზეთი  მიუწვდომელ ოცნებად დარჩა.  მის ომზე  კი გურჯაანში,  ”ახტალაზე” ჩამოსახლებული  ის უცხო ადამიანები გვიყვებოდნენ,  90-იან წლებში რომ გამოჩნდნენ ჩვენს პროვინციულ ქალაქში და რომლებსაც ყველა ლტოლვილებს ეძახდა. ღარიბულად  ჩაცმულები და გაუცხოებულები, თავიდან ქალაქში თამამად გამოსვლასაც ვერ ბედავდნენ.
 რადგან ბიძაჩემი ამ კურორტის დირექტორი  გახლდათ და  მათზე ზრუნვა და პასუხისმგებლობაც  მას დაეკისრა, ხშირად  სტუმრობდნენ ხოლმე  სახლში. მახსოვს,  ერთხელ, ერთი ახალგაზრდა,  სიმპატიური  ქალბატონი  მოვიდა და თან  სამი ულამაზესი გოგონა მოიყვანა. ჩემი შვილები არიანო, გაგვაცნო. მერე სუფრასთან  გვიამბო, სოხუმიდან წამოსვლამდე   როგორ საგულდაგულოდ  დაალაგა  სახლი, რადგან  ბოლომდე არ სჯეროდა, რომ მისი დატოვება კარგა ხნით მოუწევდა,  თუმცა მალევე,   შეშინებული, შვილებიანად  გამოიქცა  სამშვიდობოს. ტანსაცმლის წამოღებაც ვერ მოვასწარიო, მწარე ღიმილით გვითხრა. მე  ვფიქრობ, ყველას, ვინც საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად აქციეს, სჯეროდათ  რომ ეს დროებითი იყო და დიდხანს, ძალიან დიდხანს ელოდებოდნენ  დაბრუნებას.
  ამ საშინელი ომიდან  ბევრი დრო გავიდა...  უკვე ვმუშაობდი, როდესაც ჩემთან ოთახში  ძალიან კეთილი სახის მოხუცი შემოვიდა. დაზღვევის თაობაზე იყო მოსული. სკამი შევთავაზე, პირადობა გამოვართვი და გვარი რომ ამოვიკითხე,  მივხვდი, კახელი არ უნდა ყოფილიყო.  აფხაზეთიდან ვარ და
უკვე რამდენიმე წელია ჩემს მეუღლესთან ერთად ბაკურციხეში ვცხოვრობო. მერე თვალცრემლიანმა მიამბო, როგორ დაუხვრიტეს შვილი აფხაზებმა, რომელიც გაგრაში თანამდებობის პირი იყო, როგორ ჩამოვიდნენ აქ, მათთვის უცხო  კუთხეში.
 სოფელში პატარა სახლი შევიძინეთ, მეუღლე  ხშირად ავადმყოფობს, მინდა დაზღვევა გავუკეთო და  იმკურნალოსო. მე  საბავშვო ლექსებს ვწერ და იქნებ, როდესმე მათი გამოცემაც შევძლოო.
ამასობაში, დაზღვევის ამბავიც მოვაგვარე, პოლისი გავუწოდე და უკვე კარებში გადიოდა, რომ უცებ მოტრიალდა და მითხრა, ისეთი ზღვა აფხაზეთში  რომაა, არსად არ არისო. გახვალ ჩემი ეზოდან და იქვეა ტალღები ლურჯი...ლურჯი... ყოველთვის ღამით გავდიოდი  საბანაოდ, რადგან ამ დროს ის სულ სხვანაირია, მშვიდი, რაღაცნაირად იდუმალი, თითქოს, დგას და გელოდებაო.  თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, ორივე ვტიროდით... მთელი გულით ვუსურვე ამ უსაყვარლეს მოხუცს ზღვასთან დაბრუნება  და  თბილად დავემშვიდობე.

ახლაც ყოველთვის, როცა დედაქალაქში მივემგზავრები ან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიწევს მანქანით გავლა, თვალში მხვდება უზარმაზარი ტრაფარეტი წარწერით ”გახსოვდეს აფხაზეთი!”  მასთან ჩავლილს ყოველთვის მახსენდება ის ულამაზესი და დაკარგული მხარე,  არასოდეს რომ არ მინახავს, ის კეთილსახიანი მოხუცი, რომელიც საღამოობით პატარებისთვის ლექსებს წერს და ზღვაზე ოცნებობს, ის სამი შვილის დედა, უზარმაზარი სახლი  აფხაზ ”ბოევიკებს” რომ დაუტოვა და იქ თავისი გულიც დატოვა... ბოლოს კი- ლევან აბაშიძე და მისი მეოცნებე მეგობრები დამიდგებიან თვალწინ, სულ პატარები  საშინელ სასაკლაოზე ”მოხალისედ” რომ წავიდნენ და მათი ბოლო ამოსუნთქვა დღემდე მწვანე და ომგამოვლილ კვიპაროსებს და ევკალიტებს შერჩენიათ... და კიდევ... ჩემი ნაცნობი მოხუცის სახლის წინ მოლივლივე ზღვის ტალღები, რომლებიც არასოდეს ღელავს და  ღამ-ღამობით ჯადოსნურად  ლურჯი ფერია...






Comments

Popular Posts