დედა


იცით როგორი ქალია?.. რაღაცნაირი შიგნიდან გამთბარი და განათებული სილამაზე აქვს, ყურადღებიანი, სასწაულად ენერგიული, მოუსვენარი, მზრუნველი კეთილი სახითა და დაღარული ხელებით, რომლებიც არასდროს ჩერდებიან: რეცხავენ, ალაგებენ, ზრუნავენ პაციენტებზე, ეფერებიან შვილებს და შვილიშვილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან მძიმე, ქალისთვის შეუფერებელ შრომასაც არ თაკილობენ: ამუშავებენ მიწას, მოყავთ მოსავალი...
ადრე სულ მინდოდა ჩემი კლასელების მშობლებივით, მაღალ ქუსლებზე შემდგარს, "მანიკურ " და "პომადაწასმულს" ევლო და ბავშვურად სულ ვეხვეწებოდი გამოპრანჭული ყოფილიყო, მაგრამ აგვიხსნა, რომ თავისი ცხოვრების გიჟური რიტმიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი იქნებოდა.
დღემდე ასეა: სახელდახელოდ გადაცმულია თავისუფალ შრიალა ტანსაცმელში, უქუსლო, დაბალძირიან ფეხსაცმელში ან სულაც ნაჭრის "ჩუსტებში" და დაქრის...
ერთი შეხედვით, ვერც შეატყობთ რომ ეს უბრალოდ ჩაცმული, ძალიან უშუალო ადამიანი უამრავი პაციენტის იმედი და მკურნალია...
ეს ქალი დედაჩემია...
ადამიანი, რომლის სითბოსაც ჯერ კიდევ არაცნობიერი ცხოვრებიდან ვგრძნობ და რომელიც ჯადოსნური კეთილი ფერიასავით სწორედ იქ გაჩნდება, სადაც მიჭირს. ერთადერთია, ვისაც ყველანაირი ვუყვარვარ ღირსებითა და ნაკლით, ვინც არასოდეს მიმატოვებს და ვისიც ბოლომდე მჯერა.
დედაზე წერა ძალიან ძნელი ყოფილა და თხემიდან ფეხის ტერფამდე გულწრფელი თუ არ ხარ, ამას ვერასდროს მოახერხებ...
დედა ის გამორჩეული ადამიანია, რომელსაც ერთნაირად შეუძლია იყოს განსაკუთრებულად ალერსიანი და მკაცრიც, ძალიან დამთმობიც და პრინციპულიც, სუსტიც და შესაშურად ძლიერიც...
ახლაც ძალიან ძლიერია...მისი ერთი ჩვეულებრივი დღე თითქმის განთიადიდან იწყება, როცა მამასთან ერთად მიდის ფერმაში და ეხმარება. მერე გამოძახება, ავადმყოფები... ”ჯეოჰოსპიტალიდან” დაბრუნებული ჩანთას კუთხეში მიაგდებს და იწყებს ერთი ხელით ცომის მოზელას, მეორით- წამალს ეძებს, რომ მამას დაალევინოს, კიდევ რამოდენიმე უჩინარი ხელი აქვს და ერთდროულად უამრავი საქმის კეთება შეუძლია. ამ დროს ყველა მშობელი ცდილობს შვილი დაიხმაროს, დედაჩემი აქაც გამონაკლისია. სანამ პატარები ვიყავით გვეუბნებოდა, გაანებეთ თავი ყველაფერს, მერეც გეყოფათ შრომაო. ახლაც იგივეს გვიმეორებს, სახლშიც დატვირთულები ხართ და მე ჯერ არ მჭირდება თქვენი დახმარებაო. არადა გადაღლილ თვალებზე და წაშლილ სახეზე ვხვდებით, რომ ძალიან სჭირდება-უბრალოდ ამას არასოდეს არ გვაგრძნობინებს...
რამოდენიმე წლის წინ, დაბადების დღეზე ახალი საფულე ვაჩუქე და ჩუმად, შიგ ფულიც ჩავუდე. ალბათ, პირველად ვნახე ასეთი განაწყენებული ცხოვრებაში: სანამ შემეძლება მე უნდა გაჩუქო ფული, ასეთი რამ აღარ გაბედოო...აი, ასეთია, თვითონ გასცემს, სანაცვლოდ არასდროს არაფერს ითხოვს...
ბავშვობიდან მახსოვს ერთი ამბავი... დედას აწყენინეს, თან ძალიან, თან დაუნდობლად. ვფიქრობ ხოლმე, რომ მე შეიძლება ეს ვერც გადამეტანა...ის კი თავის სიმაღლეზე დარჩა, იმ ადამიანებთან კი ღირსეული დისტანცია შეინარჩუნა.
თავისი რთული პროფესიიდან გამომდინარე სულ სადღაც ეჩქარება, ჩემს ბავშვობაში ღამის მორიგეობებიც უწევდა, ხშირად სტუმრებით სავსე მაგიდიდან აუყენებიათ და მძიმე პაციენტთან წაუყვანიათ. მერე გამთენიამდე გვილოდია მე და ჩემს დებს. დასასვენებლად წასულებს დაგვაბინავებდა, ბებიას გადაგვაბარებდა და რამოდენიმე დღეში უკან, სამსახურში ბრუნდებოდა. მარტო პაციენტების კი არა, მთელი სანათესაოს და მეზობლების იმედია. ერთხელ, ფასანაურში ვიყავით. გვერდით სახლში თბილისიდან ჩამოსული ოჯახი ისვენებდა თან 3-4 წლის პატარა ბიჭი ახლდათ. უცებ, შუაღამეს გადაცილებულია და მესმის განწირული ყვირილი: ნანი ექიმო, გვიშველე (დედას სახელი და პროფესიაც გაუგიათ)მორბის ორი შეშინებული ქალი და მკლავებზე ის პატარა ბიჭი ჰყავთ გადაწვენილი. მაშინ პირველად მივხვდი, რას ნიშნავს იყო ექიმი და აღმოჩნდე საჭირო დროს საჭირო ადგილას...
ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, დღეში რამოდენიმეჯერ ფეხით უწევდა მემორიალის უსასრულო კიბეების და გრძელი აღმართის ფეხით ასვლა, სანამ საავადმყოფოს თეთრ კორპუსებს მიაღწევდა, თუმცა არასოდეს უწუწუნია. ეს ყველაფერი ჯერ პაციენტებს და მერე ჩვენ გვჭირდებოდა, სამ სტუდენტ გოგოს თბილისში, რომლებიც ყოველ შაბათ დილას მოლოდინით გაჰყურებდნენ გზას.
როცა დედა ვერ ახერხებდა, მამა ითავსებდა ამ ფუნქციას და ასეთ დროს ჩანთაში უკვე წერილის ძებნას ვიწყებდით, რომლებსაც მე და ჩემმა დებმა "საქმიანი წერილები" … დავარქვით. სენტიმენტების და გატყლარჭული ფრაზების გარეშე გვწერდა ზრუნვით და რაღაცნაირი შიშითაც, შიშით როგორ ვიქნებოდით მშობლებისაგან მოშორებით, უცხო ქალაქში და ეს შიში დღემდე აქვს...
შაბათიდან შაბათამდე დრო ისე იწელებოდა...მერე ამოივლიდა კიბეებს, ზარის მოკლე ხმა და ოთახში შემოდიოდა გრიგალი, კედლებიც კი იღვიძებდნენ, ”საქმიანი წერილები” უკვე დედაჩემის სახეს იღებდა...
-”ეს ქათამი შეგიძლიათ გაყოთ, ნაწილი შეწვათ, ნაწილი მოხარშოთ, ხორცი გაყინული შეინახეთ და შეწვის წინ გაადნეთ”... წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, თავებს მექანიკურად ვუქნევთ და ამქვეყნად ყველაზე ძალიან გვინდა რომ დარჩეს და ჩაგვეხუტოს... თბილად ვისხდეთ ძველ დივანზე და ჩვენ მრავალტანჯულ, შავ-თეთრ ტელევიზორს ვუყუროთ...
ერთხელ, მამამ ჩამოიტანა დიდი ჩანთა და როცა გავხსენით ვერც წერილი ვნახეთ და ვერც აკურატულად შეფუთული პროდუქტები. მახსოვს, იმედგაცრუებულმა ქეთინომ როგორ ამოიოხრა: არა, ეს დედას გამზადებული ჩანთა არ არისო...
აღმოჩნდა, რომ წამოსვლის წინ საავადმყოფოში მძიმე პაციენტთან წასულა და ჩანთა ბებიაჩემს (მამაჩემის დედას) ჩაულაგებია...
იმ გაჭირვებულ წლებში ბევრი ავადმყოფი სახლში აკითხავდა და აქედან უმრავლესობას ფული არ ჰქონდა... გულმოდგინედ გასინჯავდა, დანიშნულებასაც მისცემდა და როცა ვკითხავდით, გადაიხადა თუ არა ფულიო, მშვიდად გვეტყოდა, ისეთი გაჭირვებული იყო, რომ გამორთმევა კი არა, აქეთ უნდა მიმეცა წამლის საყიდელი თანხაო...
ერთი საკმაოდ ნერვიული ქალბატონი, რომელსაც შვილი ჩვეულებრივი, ბანალური დიაგნოზით ჰყავდა ავად, შუაღამისას ურეკავდა და ასჯერ დასმულ კითხვებს, ასმეერთედ უმეორებდა. დედამ, რომელიც შესაშური მოთმინებით უსმენდა, შესთავაზა, თუ ეს დაგეხმარება, მე წამოვალ და შენთან ერთად გავუთენებ ბავშვს ღამესო...
მძიმე სენით დაავადებულ კოლეგას, თითქმის ყოველდღე ნახულობდა, სახლში მოსულს კი, შეეძლო, საათობით ესმინა მისთვის ტელეფონზე , თან შეძლებისდაგვარად, გაემხნევებინა.
ერთხელ, მე და ჩემმა დებმა გულუბრყვილოდ ვკითხეთ: დე, არ იღლები ამდენი ავადმყოფი ხალხის მოსმენითო?
-მე ექიმი ვარ და სხვანაირად არ შეიძლებაო-მოკლედ გვიპასუხა.
ახლაც, მძიმე პაციენტი როცა ჰყავს, მთელი დღე ჩაფიქრებული დადის, კითხვებზე მექანიკურად გვპასუხობს, მერე გაგვიმხელს, ფიქრებით ისევ საავადმყოფოში ვარო...
სტუდენტები ვიყავით და სიმსივნით დაავადებულ პატარა გოგოსთან მიჰყავდათ ხოლმე გადასხმის გასაკეთებლად. ისეთი დათრგუნული იყო მთელი ის პერიოდი და ისე შესტკიოდა უცხო ბავშვზე გული, როგორც საკუთარ შვილზე.
საოცარია, ასეთი მობილიზებული და გამოცდილი სპეციალისტი, როგორ ახალბედა ექიმივით ნერვიულობს როცა საქმე შვილების ან შვილიშვილების ჯანმრთელობას ეხება...
სკოლას ვამთავრებდი, როცა მისმა მეგობარმა თავისი გოგო მოიყვანა, ყურების გახვრეტა უნდოდა. მაშინ ძირითადად, სახლში მახათის ნემსით, ყოველგვარი გაყუჩების გარეშე ატარებდნენ ამ პროცედურას. ყველაფერმა გადასარევად ჩაიარა და საყურეებით დამშვენებული გოგოც კმაყოფილი წავიდა სახლში.
მეორე დღეს ჩემმა დამაც იგივე გადაწყვიტა, თუმცა აქ მოხდა გასაოცარი ამბავი: დედამ ხელები ვერაფრით დაიმორჩილა რომ ნინოსთვის ყურში ნემსი გაეყარა...
წლების მერეც იგივე განმეორდა როცა ჩემს პატარა გოგოს გადასხმა და ვენის პოვნა დასჭირდა...
გამუდმებით განიცდიდა ისეთ ელემენტარულ რაღაცეებს რაზეც მანამდე მეცინებოდა, სანამ მე თვითონ არ გავხდი დედა. მაგალითად, როგორ გადავიდოდი საკმაოდ დიდ და მანქანებით სავსე გადასასვლელზე, როდესაც სამსახურიდან სახლში მომიწევდა დაბრუნება ანდა არ გავციებულიყავი ბანაობის დროს...
არცერთ შვილს, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური დაავადებების სპეციალისტია, არა ჩაგვიტარა არანაირი აცრები და ეს მაშინ, სოციალიზმის ეპოქაში, სამედიცინო სისტემისთვის ბოიკოტის გამოცხადების ტოლფასი იყო. ეს ის ადამიანია, ვერანაირი აუცილებლობა თავის პრინციპებზე უარს რომ ვერ ათქმევინებს და კიდევ იმ იშვიათთაგანი, შვილების ნებისმიერ არჩევანს რომ პატივს სცემს და მხარს უჭერს. არცერთი არ ჩარეულა არც ჩვენი მომავალი პროფესიის არჩევაში და არც იმაში, ვის დავუკავშირებდით ცხოვრებას.
ეს კი დიდი ნდობის ნიშანია, რაც დღევანდელ მშობლებს ნაკლებად ან საერთოდ არ გააჩნიათ საკუთარი შვილების მიმართ და სწორედ აქედან მოდის უამრავი უთანხმოება, თაობათა შორის გაუცხოება...
სკოლაში მიყვანიდან დღემდე ამაყობს ჩვენი წარმატებებით. ყოველი წარმატებულად ჩაბარებული გამოცდის მერე, ფრენით ჩამოვიქროლებდი უნივერსიტეტის კიბეებზე და დედაჩემს შემოვეხვევოდი კისერზე. ახლაც მახსოვს, ის განცდა როგორ მეჩქარება მოვუყვე რა საკითხები შემხვდა და როგორ ვუპასუხე... თან ვიცი, რომ ეს ყველაზე ძალიან მას აინტერესებს და მას უხარია.
გადაღლილობის და მოუცლელობის მიუხედავად, ყოველთვის ჩვენი ინტერესებით ცხოვრობდა და დღემდე ასეა - დე, ძერჟავინი მღერის-გახარებული ეძახის ქეთინო და გათენებამდე ერთად ვუსმენთ მომღერალს, რომელსაც ჩვენსავით, დედაც ანდრიუშას ეძახის... როცა შენი ასე ესმით, მთების დაძვრასაც კი შეძლებ...
ამ რამოდენიმე წლის წინ, თარჯიმანი ვიყავი ფრანგულ -ქართულ სამედიცინო კონფერენციაზე. დედაც მოწვეული იყო ამ შეხვედრაზე და დააგვიანდა. ვდგავარ შუა დარბაზში, მიჭირავს მიკროფონი და გულმოდგინედ ვთარგმნი სანაღვლე გზების დაავადებებს. უცებ, ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, თვალი რიგებს შუა გამირბის და ვხედავ: შეუმჩნევლად შემოსულა, მაგრამ ვერ დაჯდა მე რომ დამინახა, ბოლომდე იდგა ასე, ძალიან დაძაბული სახით და ჩემს ყოველ მიმიკას და სიტყვას აკვირდებოდა, განიცდიდა. მერე რა ბედნიერი იყო როცა ყველამ აღნიშნა საუკეთესო თარგმანი და მეც მასთან ერთად როგორი ამაყი დავდიოდი...ყვარლის ედემის ულამაზეს ბაღში ერთად ვიღებდით სურათებს...
აი, ასეთი პატარა გაელვებებისგან შედგება ცხოვრება და ყველა ეს გაელვება, რომელსაც მშობელთან ერთად იზიარებ-საუკეთესო მომენტებს ქმნის...
ჭიპლარი გადაჭრილია, მაგრამ ჩვენ, შვილები უხილავი, ბიოლოგიური ძაფებით ხომ მაინც მშობლებთან ვართ დაკავშირებული. განსაკუთრებით, როცა შორს ვარ ან როცა რაღაც მაწუხებს, დედის სხეულიდან წამოსულ უთბილეს ფლუიდებს ყველაზე მძფრად მაშინ ვგრძნობ და იმედით ვივსები. იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმედი ხომ ერთადერთია, რასაც ვერასოდეს წაართმევ ადამიანს და რაც ცხოვრების გაგრძელების ძალას გაძლევს....
ერთხელ, თბილისში ჩვენმა დიასახლისმა, დეიდა თამარმა გაგვიმხილა: იცით ბავშვებო, თქვენზე მეტად მე მიხარია ნანის ჩამოსვლა, რაღაცნაირი იმედიანი ქალიაო.
უკვე ბებიაა, თუმცა, როგორც ბავშვობაში გიორგიმ დაარქვა, ”მაგარი ბიჭია”. ამ ”მაგარი ბიჭის” ასაკს არასოდეს არ გეტყვით, რადგან ეს მხოლოდ ციფრებია. მთავარი- ის შინაგანი მუხტია, ასე უხვად რომ ასხივებს ჩემი დედიკო.
მინდა, ყოველთვის ასეთი მაგარი იყოს და მამასთან ერთად ძალიან, ძალიან დიდხანს მეგულებოდეს...
მე და ჩემს დებს გაგვიმართლა-ჩვენ დედამიწაზე ჩამოსული მფარველი ანგელოზი გვყვავს გვერდით!!!!





Comments

Popular Posts