გოგო, რომელსაც უყვარს ცხენები

ბავშვობიდან ასე ვარ, სექტემბერი და სევდა ერთად მოდიან ჩემთან. თითქოს, ეს ბარაქიანი თვე მოსავლის აღებას, რთველს, ბევრ ხილსა და განსაკუთრებით დამტკბარ მზიან დღეებს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ მე არ მიყვარს. ბავშვობაში ის უზრუნველი და ცხელი ზაფხულის დამთავრებას და მეცადინეობის, სკოლის მომაბეზრებელი რუტინის დაწყებასთან ასოცირდებოდა. ახლაც სექტემბერს ზამთრის მოახლოება, მზიანი და თბილი დღეების დამოკლება, გრძელი ღამეების დაწყება და რაღაცნაირი, უმიზეზოდ სევდიანი განწყობის შემოჩვევა მოაქვს. ორი უდიდესი წმინდანის- მარიამის და ქეთევან დედოფლის ხსენების თვეა სექტემბერი, თითქოს ამ დროს ხელახლა მიიძინებს ”ქალთა შორის ყველაზე იდუმალი და დედათა შორის ყველაზე ვალმოხდილი” დედა-ღვთისმშობელი, თვის მიწურულს კი - ხელახლა აღესრულება მუხრან ბატონის ყველაზე უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული ქეთევანი. ”შემოდგომა ღვთისმშობელზე დარდის სეზონიაო”-ნიჭიერად დაწერს ერთი ქალბატონი და ჩემი სექტემბრის სევდაც ამოხსნილია... წელსაც, ბევრი თვის მერე, ისევ დაიწყო სწავლა, ტრადიციულად შუა თვეში და არა პირველ რიცხვში, როგორც ამას ბავშვობიდან ვიყავით მიჩვეულები. ტრადიციულად ისევ ერთი დღით ვითხოვე შვებულება სამსახურიდან და ჩემს გოგოებს გავყევი გიმნაზიაში. ორივე საკმაოდ მოზრდილები არიან იმისთვის, რომ მარტოც მოახერხონ და დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დავიწყებულ და არც თუ დიდად მონატრებულ სკოლის ზღურბლს გადააბიჯონ, მაგრამ როცა ვიცი, ჩემი თანხლება და კლასის გვერდით, ბნელ და ხმაურიან დერეფანში დედის დაგულება დიანასთვის რამხელა სიხარულია, ამ ბავშვურ ბედნიერებაზე უარს არასოდეს ვეუბნები. სკოლის პირველ დღეს მთლიანად მის გვერდით ვატარებ. წელს მშობლებს, ეპიდემიის საშიშროებიდან გამომდინარე, შიგნით არ უშვებდნენ, თუმცა გაუბედავად შესასვლელთან მისულს, კარში მდგომმა მასწავლებელმა თბილად გამიღიმა, თერმომეტრი შუბლზე დამიმიზნა და ღიმილით მანიშნა-შებრძანდითო. ამოვისუნთქე, არა ჩემს გამო, დიანას გამო, რადგან ამ დღესაც ახლოს, კლასის კართან დაველოდებოდი და აგუგუნებულ კიბეებზე ბავშვებს შევერიე... კიდევ იმაშიც გამიმართლა, რომ ჩემი და-ნინო ამ სკოლაში ასწავლის და კორიდორში ფეხზე დგომის პერსპექტივას წერტილი დაესვა. მის პატარა, ნათელ და უამრავი თვალსაჩინოებებით სავსე ოთახში ამოვყავი თავი. ნინო სწავლაში ჩამორჩენილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობს უკვე რამოდენიმე წელია. ასეთ ბავშვებს ”ინკლუზიური მოსწავლეები” ჰქვიათ და ეს აქამდე, ჩვენი სასკოლო რეალობისთვის უცნობი სიტყვა, თვითეულ მათგანს მეტსახელივით აქვს მიწებებული. ნინოსგან ვიცი, თავისებურად საინტერესო, მაგრამ ძალიან რთულია ასეთებთან მუშაობა. კედლებს თვალი მოვავლე (მეტი საქმე მაინც არ მქონდა), წელიწადის ოთხივე სეზონი თაბახის მოზრდილ ფურცლებზე იყო გადატანილი, შემოდგომასთან ჩვეულებისამებრ, ყვითელი და ბეჟი ფერები სჭარბობდა, ფოთლები ხეებიდან ცვიოდა, ზოგი უკვე მიწაზე იყო გაფენილი, ისევ საშემოდგომო სევდა ვიგრძენი და ნახატს თვალი ავარიდე. მზერა გვერდით თაროზე შემოწყობილ ლამაზყდიან წიგნებზე გადავიტანე, შემეცნებითი სათამაშოები ზემო თაროზე დაელაგებინათ, ალბათ, გაკვეთილის ბოლოს, ბავშვების გასახალისებლად. კუთხეში რბილი, ბალიშისმაგვარი ვარდისფერი და ლურჯი ”სავარძლები” დაედგათ, შიგ ჩაჯდომა და ერთ-ერთი იმ ფერადყდიანი წიგნის გადაფურცვლა მომინდა... მივხვდი, მასწავლებელი თავს არ ზოგავდა...მწირი დაფინანსების პირობებში მაქსიმუმს აკეთებდა. ფანჯრიდან უხვად იფრქვეოდა დღის სინათლე, ფარდა მკაცრმა რეგულაციებმა ფანჯარას ჩამოაშორეს და უზარმაზარი მინებიდან მოჩანდა დიდი, ყვითლად აბალახებული, მომლოდინე მშობლებით მოფენილი მინდორი, შორს- თეთრი უსახური კორპუსები. რატომღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ მე კლასში სკამზე მოკალათებული ვიჯექი, დანარჩენები კი ტრიალ მინდორში თაკარა მზეზე ელოდებოდნენ გაკვეთილზე წამოსკუპებულ გოგო-ბიჭებს. ფიქრებიდან ქალის ხმამ გამომარკვია, მივიხედე, კართან საშუალო ასაკის, მოკლედ თმაშეჭრილი, ჟოლოსფერ კაბაში გამოწყობილი ქალი მიყურებდა. შავი დიდი ჩანთა უხერხულად ჩაებღუჯა ხელში... მასწავლებელი ვეგონე, სახის გამომეტყველება ისეთი გაქვთ, თქვენ აუცილებლად ბავშვებთან უნდა მუშაობდეთო. ჩემი რვა წლიანი პედაგოგიური გამოცდილება გამახსენდა და გამეცინა: ოდესღაც ვმუშაობდი ძალიან პატარებთან-მეთქი. სკამი შევთავაზე, თითქოს ამას ელოდებოდა, სწრაფად შემოვიდა და პატარა ”ინკლუზიურებისთვის” განკუთვნილ ერთი ციდა ხის სკამზე უხერხულად ჩამოჯდა. მივხვდი, ჩემი მშვიდი განწყობა და ფიქრები უკვე დარღვეული იყო, თან დიდი ხნით. მინიმუმ, გაკვეთილების დამთავრებამდე. -ჩემი მარიამი მოვიყვანე ამ ჯგუფში, მხოლოდ აქ ჰქონდათ ადგილი და მიმიღეს, სხვა სკოლებმა უარით გამომისტუმრესო-დაიწყო მოყოლა. მერე მასწავლებელი რომ გავიცანი, გამიხარდა კიდეც რომ სხვაგან არ აღმოვჩნდი, ძალიან მომეწონა ნინოც და აქაური გარემოც-აგრძელებდა მოყოლას. ექიმებს ბავშვისთვის რთული, ეპილეფსიის დიაგნოზი დაესვათ, მაგრამ დედას ამასთან შეგუება გაუჭირდა და ბოლო იმედთან, თბილისში ჩამოსულ გერმანელ პროფესორთან წაიყვანა მარიამი. გულმოდგინედ გამოკვლევის შემდეგ, უცხოელმა ექიმმა უთხრა ის, რისი გაგონებაც ალბათ, ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ბავშვს ეპილეფსია კი არა, ჯერ ამოუხსნელი, მისთვის გაუცნობიერებელი ნიჭი აწუხებს, რომელიც ადრე თუ გვიან, თავის გზას იპოვისო... მანამდე კი... მანამდე მარიამსაც და დედასაც უნდა გაეძლოთ, რთული პერიოდები ერთად დაეძლიათ და იმ იდუმალი ტალანტის დღის შუქზე გამოტანას დალოდებოდნენ... მაგრამ როგორი ძნელი იყო ეს ლოდინი... გაწამებულმა ქალმა ყველა უბედურების მიზეზად ეპილეფსიის წამლები მიიჩნია და ბავშვს მხოლოდ ვიტამინები დაუტოვა მკურნალობის ერთადერთ გზად... ვიტამინები, რომლებსაც მისი ღრმა რწმენით, მარიამის გონების ამოუხსნელი ლაბირინთები უნდა გაეხსნა, ქვეცნობიერში არსებული, ჯერ არ გახსნილი ნიჭი ცნობიერი გაეხადა... მიყვებოდა და თანდათან აღვიდგინე ეს ქალი, ახლა ჩემს წინ პატარა სკამზე უხერხულად ჩამომჯდარი ჩანთის სახელურს და კაბის დიდ, მხრებამდე ჩამოფარებულ საყელოს რომ ნერვიულად აწვალებდა, უკვე მყავდა ნანახი, ჯერ კიდევ დიანას ბაღის პერიოდში, ყველაზე უცნაური და ახირებული მშობელი, მერე უკვე ჩემთან სამსახურში გამოკვლევაზე მოსულიც გავიხსენე... გასაკვირი ის იყო თვითონ არ ვახსოვდი ან შეიძლება გამიხსენა და წარსულში უკან მიხედვა აღარ მოისურვა... იქ, მხოლოდ შვილის ავადმყოფობით დატანჯული დღეები დარჩნენ... საუბარი ზარის გაბმულმა ხმამ შეგვაწყვეტინა, კარებში თეთრ საზეიმო ფუმფულა კაბასა და ვერცხლიფრად აბჭყვიალებულ ”ბასანოშკებში” გამოწყობილი პატარა გოგო შემოვარდა, ჩალისფერი მრგვალად შეჭრილი ხვეული თმა ცალ მხარეს ჰქონდა გადაწეული, სახის ლამაზი და პროპორციული ნაკვთებით და ჩაცმულობით რატომღაც ბრიულოვის ტილოზე დახატული პატარა გოგო მომაგონა, ცხენზე ამხედრებულ ლამაზ ქალბატონს რომ შეჰყურებს აღტაცებით. (მოგვიანებით მივხვდი რომ ტყულად არ გამჩენია ეს ასოციაცია). მოსული დიდი ტანით პირველკლასელს სულაც არ ჰგავდა, აღმოჩნდა, რომ თავისი პრობლემიდან გამომდინარე, 7 წლის ასაკში შემოიყვანეს სკოლაში. რომ არა უცნაური საქციელი, გამიკვირდებოდა კიდეც მისი ამ ჯგუფში დანახვა. წამის მეასედებში მოასწრო ყველა ნივთის დათვალიერება, ხელით მოსინჯვა და ის იყო ზედა თაროზე დაწყობილ სათამაშო სამზარეულოს გადმოღებას აპირებდა, რომ უკან მასწავლებელიც შემოჰყვა. მაგიდასთან მიიხმო. მარიამი არ დამჯდარა, ეტყობა დიდხანს ერთ ადგილას გაჩერება უჭირდა. თითებიც ვერ ემორჩილებოდნენ სათანადოდ. გაკვეთილი თამაშით დაიწყო, თაროდან სამი პატარა, პლასტმასის ბაყაყი გადმოიღო ნინომ, ბაყაყისთვის უჩვეულო წითელ ფერებში შეღებილი... მათი ენით ცდილობდა პატარა მოსწავლეს გასცნობოდა, საუბარი აეწყო. თავიდან კითხვებს უყურადღებოდ და გაფანტული პასუხობდა და როცა შესთავზეს, მოდი ახლა დავხატოთო, მაშინ გამოუცოცხლდა სახე... დედამ ფანქრები მიაშველა, თეთრ ფურცელზე ბაყაყი წამოაწვინეს და გვერდი შემოუხაზეს, მერე-მეორე და გაფერადებაზე რომ მიდგა საქმე, უცებ ახალ ფურცელს წამოავლო ხელი: -ცხენი მინდა დავხატო, პასუხს არც დალოდებია, ისე მოხაზა ფურცელზე კონტურები... თავი, რომელსაც გრძელ ზოლად ტანიც მიაყოლა, კუდი, ფეხები.. -ისე, ამსგავსებს, მართლა ჰგავს, ყოჩაღ-აქებს მასწავლებელი. დედას სევდიანად ეღიმება და კაბის გრძელ საყელოს თავს არ ანებებს, ნერვიულად ისწორებს და მერამდენედ იფენს მხრებზე. მარიამი შექებას ყურს არ უგდებს, თითქოს არც ესმის, ფანქრებით აფერადებს. -გიყვარს ცხენები?-ეკითხება ნინო. თანხმობის ნიშნად თავს უქნევს და თავაუწევლად ხატავს... მერე ფანჯარასთან მიდის და შემოდგომისფრად აბალახებულ მინდორს ათვალიერებს. ვხვდები, იქაც ცხენებს ეძებს. მზერა კედლებზე გამოფენილ ნახატებზე გადააქვს და უცებ სახე უნათდება, მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად იღიმის, გახარებული მირბის კარის უკან კედელზე გამოფენილ ცხოველების სურათებთან... -აი, ცხენი... ასეთი მინდა დავხატო, მერე თითებს ქვემოთ ჩამოაყოლებს და ბოლო სურათს აჩვენებს იქვე მდგარ ნინოს: ეს რომ ცხენს არა ჰგავს, რა არის? სურათის ქვემოთ წარწერას დამარცვლით კითხულობს: ჯ ო რ ი. -ხო, ნახე აღნაგობით ცხენს ჩამოჰგავს, მაგრამ სხვანაირია, უფრო პატარა-უხსნის მასწავლებელი. -წავიდეთ, ცხენები ვნახოთ -დედას ხელს კიდებს მარიამი და კარებისკენ ექაჩება. გაკვეთილიც ამით მთავრდება. -მარიამ, ხვალ გელოდები-ემშვიდობება ნინო და ხელს უქნევს, თუმცა ეს სიტყვები ჩანთააკიდებულ და უკვე კორიდორში დაწინაურებულ, ბრიულოვის ნახატიდან გადმოსულ პატარა გოგოს უკვე აღარ ესმის. ამ რამოდენიმე დღის წინ მოვიკითხე მისი ამბები. -ნელ-ნელა ვეჩვევით ერთმანეთს, თუმცა რთული მომენტებიც გვაქვს-მითხრა ნინომ და დაამატა, ყოველდღე, გაკვეთილების მერე, ეზოში მირბის თავქუდმოგლეჯილი და ცხენებს ეძებს... ხანდახან, უმართლებს და იქვე მინდორში მობალახეებს პოულობს კიდეც, მაშინ უბედნიერესიაო. ვუსმენდი ნინოს და წარმოვიდგინე ტრიალ მინდორზე თეთრ კაბაში გამოწყობილი, გაწეწილი გოგო ცხენებს როგორ დასდევდა. სამყაროში უმიზეზოდ არაფერი არ ხდება...მე მჯერა, სწორედ მათი სიყვარული და ხატვა აპოვნინებს მარიამს იმ გადარჩენის გზას, გერმანელმა პროფესორმა რომ უწინასწარმეტყველა და რომელსაც დედაც და შვილიც ასე იმედიანად ელოდებიან...

Comments

Popular Posts