თიანეთი

ოთხი-ხუთი წლის ასაკიდან მხოლოდ პატარ-პატარა ეპიზოდებად შემონახული მოგონებები, სურათებად ჩარჩენილი ამბები მახსოვს. სამაგიეროდ, დღემდე მკაფიოდ და დაწვრილებით შემორჩა ჩემს მეხსიერებას თიანეთში დედასთან, ბებიასთან, დიდ ბებიასთან და დებთან ერთად გატარებული ზაფხული, როდესაც პირველი კლასი დავხურე და ნანატრი არდადაგებიც დაიწყო.
მშობლები, ალბათ იმიტომ, რომ პატარები ვიყავით და შორ გზაზე მგზავრობას გვარიდებდნენ, ანდა თვითონ ეზარებოდათ შორეულ, უფრო ”დახვეწილ” კურორტებზე წასვლა, ცხელი ზაფხულის გასატარებლად, რატომღაც, ახლო-მახლო სოფლებს არჩევდნენ და თავის თავსაც და ჩვენც გვარწმუნებდნენ: ასე სჯობია, აქ უფრო სუფთა ჰაერიაო. მათი აზრით, ეს იყო ის მთავარი სიკეთე, რაც ამ ”კურორტებს” გააჩნდა. თუმცა თეთრწყლებზე ჩასული მე და ჩემი დები, საბოლოოდ დავრწმუნდით რომ ”სუფთა ჰაერიც” მშობლების მოგონილი მითი იყო, როცა ჩასვლიდან სულ რაღაც ნახევარ საათში ირგვლივ ყველაფერი: ტანსაცმელი, ლოგინი, სათამაშოები და საჭმელიც კი ჩვენი ცხვირების ჩათვლით, ფუნის და ძროხების მძაფრი და არცთუ სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთა საკმაოდ დიდი ხნით და მთელი იქ ყოფნის მანძილზე ჩვენი ყოველდღიურობის  განუყრელ ატრიბუტად იქცა.
ეს სუნი განსაკუთრებით საღამოობით მატულობდა, როდესაც საძოვრიდან დაბრუნებული ძროხები მორჩილად დადგებოდნენ ბოსელში და ბალახის ცოხნით ელოდებოდნენ მოწველას. მერე ისმოდა ნაცნობი ხმა და ვედროში თანაბარი ინტერვალებით ჩამდინარე რძის ჩხრიალი. რამოდენიმე დღეში ისე მივეჩვიე ამ რითმულ ხმებს, რომ დაუნახავად, აივანზე მდგომმა ან ოთახში მყოფმა, უკვე ვიცოდი როდის ივსებოდა პირამდე ვედრო, რადგან ამ დროს რძე სულ სხვანაირად ხმაურობდა, ხოლო როცა უკვე შებინდებისას გაზქურაზე შემოდგმული ქათქათა ქაფით დაიფარებოდა, ჩემი გულიც უსიამო წინათგრძნობით ივსებოდა, რადგან ვიცოდი, სულ რამოდენიმე წუთში მაგიდასთან მოგვიხმობდნენ, სადაც უკვე ფინჯნებში დასხმული ქაფქაფა რძე და ყველაზე საძულველი საჭმელი-რძეში მოხარშული პური გველოდებოდა, რომლის არათუ ჭამაზე, მიკარებაზეც კი სასტიკ უარს ვაცხადებდით, თუმცა ყოველ საღამოს იგივე ოთახში, იგივე მაგიდასთან უცვლელი მენიუ მეორდებოდა და ყოველი ვახშამიც ჩვენი უცვლელი პროტესტით სრულდებოდა. აქედან გამომდინარე,  სულაც არ იყო გასაკვირი იგივე წონით რომ ვბრუნდებოდით მშობლიურ ქალაქში მშობლების ღრმა რწმენით, ”ჰაერგამოცვლილები”, ხოლო ჩვენი ღრმა რწმენით, ბედნიერები რადგან, ბოლოსდაბოლოს, თავს ვაღწევდით იქაურ სურნელს, რძის პროდუქტებს და მუდმივად წვიმიან, ნესტიან გარემოს.
”ჰაერის გამოცვლის” გარდა, ერთადერთი დადებითი ფაქტი თეთრწყლებზე ის მოხდა, რომ ჩვენთან ერთად წამოსულმა ბებიაჩემის დიშვილმა-ნუნუმ, თავისი მომავალი მეუღლე სწორედ რომ თეთრწყლებზე ყოფნისას გაიცნო. ალბათ, აზრადაც არ გაუვლია რომ ამ ღვთისგან და კაცისგან დავიწყებული სოფელში ჩვენთან ერთად დასავენებლად წამოსვლა მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა-ეს კი ბებაჩემის დიდი მონდომებით მოხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჩვენს გვერდით ოთახში დასასვენებლად ჩამოვიდა ოჯახი, ბებია, დედა, მამა და პატარა ბიჭი (სახელი აღარ მახსოვს), რომელიც დანახვისთანავე ავითვალწუნე და ყველა ჩემს სათამაშოსთან მიახლოება ავუკრძალე. სამაგიეროდ, მისმა ბებიამ შემოგვხედა კეთილგანწყობილად ჩვენც და ნუნუსაც და ბებიაჩემს საიდუმლოდ გაანდო, რომ თავისი ძმიშვილისა თუ დიშვილისთვის მოსწონდა. დიდხანს აღარ უყოყმანიათ და ეს ახალგაზრდა ყმაწვილი პირდაპირ თეთრწყლებზე ჩამოიყვანეს მომავალი მეუღლის გასაცნობად.
ახლაც გუშინდელ დღესავით მახსოვს, სახლის წინ თალარით გადახურულ ეზოში, ხის გრძელ მაგიდას როგორ შემოვუსხედით, ბაბომ ხილი და ტკბილეული დააწყო, ცოტა ხანში უზარმაზარი საზამთროც გამოიტანა.  ყაყაჩოსავით გაწითლებული ნუნუ და მისი საბედო მორცხვად ხმაგაკმედილები ისხდნენ და თვალებს მაღლა ვერ სწევდნენ. ჩვენები კი სავარაუდოდ, უხერხულობის გასაფანტად,  ნუნუს თვალით ანიშნებდნენ საზამთრო გადაეღო... აღარ მახსოვს, შეჭამა თუ არა მორცხვმა საპატარძლომ საზამთროს ნაჭერი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მათი ნიშნობით დასრულდა, ამას რა დამავიწყებს.
ნუნუ კი გავაბედნიერეთ, მაგრამ მშობლებს პირობა ჩამოვართვით, რომ ამ სოფლისკენ აღარ გავიხედავდით.
პირობა შესრულებული იქნა და მეორე ზაფხულს გეზი თიანეთისკენ ავიღეთ. თვითონ სოფლის სახელი ბევრ სასიკეთოს არაფერს გვპირდებოდა, მაგრამ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინეთ და დავთანხმდით.
დიდი ხნის ძებნა არ დაგვჭირვებია. ბინა იოლად ვიშოვეთ.
დიდ დაცემულ, მწვანედ შეფერილ ეზოს შუაგულში ერთსართულიანი მოგრძო სახლი იდგა წინ დიდი, ასეთივე გრძელი აივნით და ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ოთახებით, რომლებშიც უკვე შესულიყვნენ ჩვენისთანა ”სუფთა ჰაერის” მაძიებელი ”დაჩნიკები”. მანქანიდან გადმოსულმა, პირველ რიგში ღრმად ჩავისუნთქე და როცა ძროხების სუნის ნაცვლად ბალახის და ყვავილების სურნელმა შემიღიტინა ნესტოებში, შვებით გავიფიქრე: ეს უკვე კარგია-მეთქი და სწრაფი ნაბიჯით მივყევი დაწინაურებულ მშობლებს.
პირველ რიგში ეზო შევათვალიერე, რომელსაც დასაწუნი მართლა არაფერი ჰქონდა. ხასხასა სიმწვანეში თეთრად ირწეოდა ხეებზე გაბმული ჰამაკები, ეზოს სიღრმეში საქანელაც ჩამოებათ, რომელზეც დაუყოვნებლივ დავიწყეთ ქანაობა და მემგონი, მთელი იქ ყოფნის პერიოდი მარტო ჭამის დროს თუ ვტოვებდით, რადგან სხვა  გასართობი არ იყო...
ოთახში ორი თუ სამი დიდი რკინის საწოლი დაგვხვდა, მომცრო მაგიდა თავისი სკამებით და ერთი დიდი ტანსაცმლის კარადა. შუქი მხოლოდ შემინული კარიდან შემოდიოდა.  ირგვლივ  უსიამოვნი ნესტის სუნი იდგა, ამიტომ ბარგის დალაგებისთანავე გარეთ აივანზე გამოვვარდით მე და ჩემი დები და მერეც, ოთახში მხოლოდ დასაძინებლად ანდა კუთხეში დაწყობილ უზარმაზარ საზამთროებზე საკონწიალოდ შევდიოდით.
რაც შეეხება ამ ლამაზი ეზოსა და ძველი ხის კიბეებიანი სახლის დიასახლისს, ის ერთი მოხუცი, კოჭლი ქალბატონი გახლდათ,
-თიკო დამიძახეთო- გაგვეცნო. ქალბატონ თიკოს  მენტორულმა ტონმა, მკაცრმა სახემ და საუბარმა რატომღაც მაშინვე სკოლა და მასწავლებლები გამახსენა და არც შევმცდარვარ... ჩვენი მასპინძელი დაწყებითი კლასების პედაგოგი აღმოჩნდა, რაც პირველკლასდამთავრებული მოწაფისათვის კატასტროფის ტოლფასია. ამათვალ-ჩამათვალიერა და როცა გაიგო წერა-კითხვა რაღაც დონეზე უკვე ნასწავლი მქონდა, გადაწყვიტა, თავის თავზე აეღო ჩემი აღზრდა-განათლების საქმე. ხელი ჩამავლო და თავის ოთახისკენ  წამიყვანა,  ლასლასით გავყევი, თან გულში იმ დღეს ვწყევლიდი, როცა თიანეთში წამოსვლა გადავწვიტეთ... 
გადმოალაგა საბავშვო მოთხრობები, ჟურნალები, ერთ-ერთი მათგანი ამოარჩია და წასაკითხად მომცა, თან დრო დამითქვა რამდენ დღეში უნდა ჩამებარებინა გამოცდა: მომეყოლა წაკითხული ამბის შინაარსი. რაღას ვიზამდი, თხელი, ნახატებიანი წიგნი იღლიაში ამოვიჩარე და ერთ-ერთ ჰამაკს მივაშურე...  ყელში ბუთგაჩრილი ვუყურებდი როგორ დარბოდნენ და თამაშობდნენ ჩემი პატარა დები სხვა ბავშვებთან ერთად და სკოლას, მასწავლებლებს, წიგნებს წყევლა-კრულვას ვუთვლიდი...
პირველი მძიმე შთაბეჭდილება რომ ცოტათი გაექარვებინა, დედამ გასეირნება და სოფლის დათვალიერება შემოგვთავაზა, საიდანაც ერთადერთი მაღალი, დაჟანგებულრკინებიანი კარუსელი დამამხსოვრდა, რომლის ასევე ჟანგიან ჯაჭვებზე ჩამოკიდებული ზოგი მისაყუდებლიანი, ზოგიც საზურგემოგლეჯილი სკამები ყოველ დატრიალებაზე აქეთ-იქით აწყდებოდნენ და ავისმომასწავებლად ჟღრიალებდნენ. კარუსელის შესახედაობიდან გამომდინარე ნაკლები შანსი იყო იქ დატრიალების ნებართვა მიგვეღო, მაგრამ აქ მოხდა ყველაზე მოულოდნელი და  გამაოგნებელი რამ: დედა მაშინვე დაგვთანხმდა... სულ რამოდენიმე წამში უკვე ბედნიერი ვურტყამდი წრეებს... აქედან მოყოლებული ეს ერთადერთი ”ჯაჭვებიანი ბზრიალა” ჩვენს ძირითად გასართობად იქცა.  თუმცა დედა ცოტა ხანში ისევ გურჯაანში დაბრუნდა მის მაგივრად ბებიაჩემი ჩამოვიდა და როცა ისევ კარუსელთან წაყვანა ვთხოვეთ, ამ სავალალო კონსტრუქციის დანახვისთანავე  შეშინებულმა პირჯვარი გადაიწერა, აქაოდა რა ხიფათს ხართ გადარჩენილები აქამდე რომ არ ჩამოვარდითო.
იმ დღიდან გასეირნების და დაჟანგულ კარუსელზე ქანაობის პერსპექტივას წერტილი დაესვა. სამაგიეროდ, სხვა გასართობი გამოჩნდა: გვერდით ოთახში ჩამოსული  სამი წლის პატარა სომეხი რუსულად მოსაუბრე ბიჭი, რომელიც ჩემს, ასევე სამი წლის დას ნინოს ემტერებოდა და შემთხვევას არ უშვებდა მისთვის რამე არ ევნო. ამ ფაქტზე პატარებმა არა, მაგრამ დიდებმა სერიოზულად იჩხუბეს. ორივეს ბებია თავის შვილიშვილს იცავდა, ამ დროს მე ხელს ვკიდებდი ამ პატარა არამზადას, ჩემთან ოთახში შემყავდა, ორივე უზარმაზარ საზამთროებზე ვსხდებოდით და რუსულად ვბაასობდით.
ჩვენი ”მხიარული” არდადაგებიდან ერთი კვირის თავზე პაპაჩემი ჩამოვიდა ერთი ავტობუსი სტუმრებით, მათ შორის იყო პაპიდაჩემის მეუღლეც-ილო პაპა. სანამ სტუმრები ტერიტორიის ათვისებით, ჰამაკში ქანაობით და მწვადის შესაწველად ცეცხლის გაჩაღებით იყნენ დაკავებული, ილო პაპამ ხელი ჩამკიდა და თიანეთის ბაზრის მოსანახულებლად წამიყვანა. რა თმა უნდა, ამის შესახებ არც მე და არც მას არაფერი გვითქვამს ჩვენებისთვის. უკან მობრუნებულმა ბებიის, პაპის და სხვების შეშლილ სახეებს რომ შევხედე, თავიდან ვერაფრით ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მერე ამიხსნეს, რომ ყველას დაკარგული ან მოტაცებული ვეგონე და ლამის მთელ თიანეთში ძებნა გამოაცხადეს. თიანეთის ბაზარი არანაირად არ დამამხსოვრდა და ვერც იმას ვიხსენებ, იქ რა შევიძინეთ მე და ილო პაპამ.
ასე გავიდა ორი კვირა... წამოსვლის წინ ქალბატონ თიკოს სიტყვასიტყვით მოვუყევი ის პატარა მოთხრობა, მთელი ორი კვირა რომ თხა და გიგოსავით მეჭირა ხელში, ბარგი ჩავალაგეთ და გეზი ისევ მონატრებული სახლისკენ ავიღეთ. წამოსვლის წინ დედას უკვე სხვა პირობა ჩამოვართვით-მასწავლებელთან სახლს არასოდეს ვიქირავებდით.
(თებერვალი, 2020წ)



Comments

Popular Posts