ფრაგმენტი ყოველდღიურობიდან

                     
უკვე თვეზე მეტია რაც ქვეყანაში და გურჯაანშიც (აბა ჩვენ რა გამონაკლისი ვართ) საყოველთაო ”სახლში ჯდომა” გამოაცხადეს და პროდუქტის მარკეტებისა და აფთიაქების გარდა, ყველაფერი გაურკვეველი ვადით დაკეტეს. ჩემს გარშემო სულ რამოდენიმე მაღაზია და ”ფარმადეპოს” აფთიაქის კარია მხოლოდ ღია. დანარჩენი, დიდი თუ პატარა მაღაზიის ვიტრინები ჩაბნელებულია და  ალბათ, შიგნით, თაროებზე შემოწყობილ, გასაყიდად გამზადებულ და ვერ გაყიდულ საგნებსაც ყოველდღე მტვრის თეთრი ფენა ფარავს... მიუხედავად ამისა, დილით, როგორც ყოველთვის, უსაქმურების როყიო საუბარი მაღვიძებს და უკვე ვიცი საიდანაც ისმის: ზუსტად ჩემი აივნის წინ მდგარი, უკვე 7 საათიდან გაღებული ჯიხურის წინ რამოდენიმე ადამიანი ცინცხალ ამბებს განიხილავს, თან ისე რიხიანად, რომ მარტო მე და ჩემს ზემოთ მეზობლები კი არა, გვერდით და მოპირდაპირე მხარეს მდგარი კორპუსებიც უკვე საქმის კურსში არიან  რა მოხდა ამ ერთი ღამის განმავლობაში ახალი და საინტერესო.
 მერე ამ ყველაფერს კარების ენერგიული ჯახუნის ხმა ენაცვლება, ე.ი. ”ფარმადეპოც” გახსნეს.  ძილის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან დილის სიმყუდროვე უკვე დარღვეულია და ვიცი, ეს არეული ხმები და აფთიაქის მძიმე კარის პერიოდული, 10 -15 წუთიანი ინტერვალებით ჯახუნიც საღამომდე გაგრძელდება ანუ არც მეტი არც ნაკლები, საღამოს 9 -მდე,  მანამდე, სანამ კომენდანტის მრისხანე საათი თავისი არანაკლებ ”მრისხანე” და დაუნდობელი ჯარიმებით ძალაში არ შევა. აი, მაშინ კი... მაშინ  ყველაფერი ჩერდება, ჩქამიც არ ისმის, თქვენ წარმოიდგინეთ ძაღლებიც აღარ ყეფენ. ანდა ვის დაუყეფავენ?   პატარა, მოუსვენარი ქალაქი  სიჩუმეში ეხვევა...
  სანამ ეს ჯადოსნური და დიდი ხნის  ნანატრი სიმშვიდე დადგება, წინ მთელი დღეა გადასაგორებელი. ნამძინარევი სახით და მოჭუტული თვალებით პირველ რიგში, რატომღაც, ფანჯარასთან მივდივარ. იქ, აფთიაქის წინ, უკვე დისტანციის დაცვით დგანან პირბადიანი გურჯაანელები და მოუთმენლად, ბოლთის ცემით ელოდებიან, როდის გაისტუმრებს წნევის წამალზე ანდა ანალგინის საყიდლად შესულ, ლოგინიდან დილაუთენია წამომხტარ ბებო-პაპებს ზოზინა აფთიაქარი. დავაკვირდი, წინათ, ასეთ დროს კაციშვილი არ შედიოდა აფთიაქში და ახლა, დილაადრიან, უკვე  წამლებს იმარაგებენ...
შუადღეს მეც წავედი მარკეტში. შორიდანვე  მოვკარი თვალი მაღაზიის შესასვლელთან მდგარ ნიღბიან თუ უნიღბო მომლოდინეებს. ბოლო ვინ არის, ვიკითხე უკვე  ტრადიციულად  და ვიღაც შუახნის კაცის უკან,  დისტანციის დაცვით გავჩერდი. ბორდიურზე ჩამომჯდარი მოხუცი ქალი ხმამაღლა, ომახიანად ყვებოდა თავისი დღის განრიგს, როგორ წავიდა დილაადრიან ვენახში, რადგან ყველაზე უსაფრთხო ადგილი ახლა იქ ეგულებოდა...ქალის გვერდით მდგარ ვედროებს ვკიდე თვალი, ეტყობა ”უსაფრთხო ადგილიდან” პირდაპირ ყველაზე სარისკო ადგილას-მაღაზიაში წამოსვლა გადაეწყვიტა. ერთი ლურჯად თმებშეღებილი, დახეულჯინსებიანი გოგო, რომელსაც ძაღლიც გამოესეირნებინა,  უკმაყოფილო სახით იქვე კუთხეში დგას, დროდადრო   საგულდაგულოდ ჩაკეტილ მაღაზიის კარების მინას ცხვირს აჭყლეტავს, შიგნით სიტუაციას ზვერავს  და იმედს გვიწურავს: კაი ხნის შესულები არიან და არცა ფიქრობენ გამოსვლასო. რიგი შეიშმუშნა, ძაღლიანის თანმხლებმა გოგომ კი მეგობარი მკაცრად გააფრთხილა: მოსცილდი მინას, მაგითაც გადადის კორონაო. თავის ადგილას მორჩილად დაბრუნებული ძაღლიანი კი ისევ რიტორიკულად კითხულობს: რა არის, რას ყიდულობენ ამდენს, დავიტანჯეო. რიგი პასუხად ისევ იშმუშნება. ამასობაში ახალ-ახალი მომლოდინეებით გაივსო ქუჩა. ერთმა თმაგაჩეჩილმა გოგომ რიგი დაიკავა, თუმცა მის შემდეგ მოსულ ხალხს არწმუნებს: მე არ ჩამთვალოთ, რიგიდან მალე გავალ, თუ ის არა აქვთ რაც მინდაო. მეორეს კბილი ასტკივდა და:  ახლომდებარე აფთიაქში გადავირბენ, რიგში დამიმახსოვრეთო-გვიბარებს. ამასობაში ფეხმძიმეც შემოგვემატა. ყველამ თანაგრძნობით შეხედა, ალუჩა მინდა ძალიან და თუ აქვთ ვიყიდიო. ვენახიდან ამოსულმა დანანებით ახედა: ეჰ, რამდენი ესხა ჩემს ალუჩას ვენახში, რომ მცოდნოდა, წამოგიღებდიო. საიდან უნდა სცოდნოდა ამას ვეღარ მივხვდით ვერც მე და ვერც ფეხმძიმე. შენ წესით ურიგოდ გეკუთვნის შესვლა- დავაპირე თქმა ფეხმძიმესათვის, მაგრამ უკვე ისე იყო გართული  ალუჩის მეპატრონესთან საუბრით, რომ მივხვდი, აზრი არ ქონდა. ეტყობა სახლიდანაც ალუჩის საბაბით იყო გამოსული, გულის გადასაყოლებლად.
-არაფრისაც არ მეშინია, ეს კორონაა თუ რაღაც ჯანდაბა. როცა იქნება მაინც მოვკვდები და რა არის საშიში- უმტკიცებს გარშემო მყოფებს ფეხმძიმე. ამასობაში აფთიაქში წასული კბილატკივებული ქალიც ბრუნდება.  კოკერსპანიელიანი და  დახეულჯინსებიანი, იღლიაში პურამოჩრილი, ბედნიერი სახით გამოდის მაღაზიიდან.  ჩემს წინ მდგომი შუახნის კაციც უჩინარდება  დაკეტილი კარების მიღმა და ჩემი რიგიც მოდის.
 მარკეტის კარის გაღება უკვე სეზამის  გაღების ტოლფასია. ზღურბლთან ისევ ფეხმძიმეს სიტყვები დამეწია: ნუ გეშინიათ, ხალხო, არანარი კორონა არ არსებობს, მე ესე მწამსო-დაუბარა იქ შეკრებილებს, ღიმილით ხელი დაუქნია და ნელი ნაბიჯით დაუყვა სანაპიროს ქუჩას.
მაღაზიაში  შესული, უკვე გაჭირვებით ვიხსენებ, რის ყიდვას ვაპირებდი და ვფიქრობ, რომ კორონასთან ერთად მონატრებული ადამიანური ურთიერთობების დროც მოსულა ჩემს პატარა ქალაქში...      (18.04.2020)

                                            


Comments

Popular Posts