ყველაფერი ყირამალა

      (დონალდ ბისეტის ზღაპრების მოტივებზე)

     (დალიკოსთვის 15 წუთში მოგონილი ზღაპარი. 2019წ)
გაზაფხულის ერთ ლამაზ დღეს, პატარა კესოს თავის ოთახში შეშინებულს გამოეღვიძა, ძალიან უცნაური სიზმარი ესიზმრა, ვითომ, ირგვლივ  ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა, ყველა უცნაურად იქცეოდა და არა ისე, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში...
პირველი აზრი, რამაც გაუელვა გამოღვიძებულს, იყო: კიდევ კარგი გავიღვიძე და ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილაო. ჩაიცვა და სამზარეულოს მიაშურა. დედა და მამა უკვე მაგიდასთან ისხდნენ და კესოს ელოდებოდნენ: სად ხარ ამდენ ხანს, შიმშილით ვკვდებითო, დროზე გვაჭამე,  გვაგვიანდება გაკვეთილებზეო. გაოგნებულმა კესომ  ჩაიდანი შემოდგა და საუზმის მომზადებას შეუდგა.  მშობლებმა ისაუზმეს, კესოს ჩანთას ხელი წამოავლეს და სკოლისაკენ გასწიეს, თან ჩქარობდნენ,  მასწავლებელმა არ შეგვასწროს კლასშიო. კესოს კი შეახსენეს, რომ საბავშვო პოლიკლინიკაში რამოდენიმე  პაციენტი ჰყავდა მისაღები. რაღას იზამდა, გოგონამ დედას ჩანთა მოძებნა და მისი სამსახურისკენ გასწია.
გზად პატარა ბაღი უნდა გაევლო, სკვერში მოხუც სათვალეებიან ბებოს კიკინებიანი შვილიშვილისათვის ხელი ჩაეკიდა და მორჩილად მიჰყვებოდა სასეირნოდ. მეორე პატარა ბიჭს კი მოხუცი პაპა დაესვა საქანელაზე და აქანავებდა..
ქუჩაში მანქანები არეულ-დარეულად, ყოველგვარი წესრიგის გარეშე მოძრაობდნენ და ეს არც იყო გასაკვირი, საჭესთან  მძღოლების ადგილას  ბავშვები მოკალათებულიყვნენ და მხიარულად დაჰქროდნენ. გზად მაღაზიაშიც შეიარა კესომ, სადაც, ჰოი საოცრებავ, ატირებული უფროსები შვილებს კანფეტების და ბამბის ნაყინის ყიდვას სთხოვდნენ.
ყველაზე დიდი სიურპრიზი კი დედას სამსახურში ელოდა, სადაც თეთრ  ხალათსა და ქუდებში გამოწყობილი ნორჩი ექიმები ისხდნენ და რიგირიგობით იძახებდნენ კედელთან ატუზულ , ექიმის მომლოდინე შეშინებულ უფროსებს. ზოგ პატარას ფონენდოსკოპი მოემარჯვებინა და სრულიად სერიოზული სახით, დიდი ოკრობოკრო ასოებით, წერდა დანიშნულებას, ზოგიერთები კი, შპრიცით ხელში, ატირებულ უფროესებს დასდევდნენ აცრის გასაკეთებლად.
ერთი სიტყვით, სრული ქაოსი იყო. კესოც მოუჯდა ექიმის მაგიდას, სადაც ადრე დედა მუშაობდა და სრული სერიოზულობით შეეცადა მიეღო მასთან გასასინჯად  მოსული დეიდები და ბიძიები. საღამოს დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა შინ. სადღაც შორიდან ესმოდა როგორ უყვებოდნენ მშობლები სკოლის ამბებს, რომელ საგანში რა ნიშანი მიიღეს თან, ქანცგაწყვეტილი, ცდილობდა საოჯახო საქმეები,  მეორე დღის სადილი მოესწრო და ბოლოსდაბოლოს, დასაძინებლად დაწოლილიყო... თავი უამრავი შთაბეჭდილებებით ჰქონდა სავსე... მკვდარივით ჩაეძინა...
რამდენ ხანს ეძინა არ ახსოვს. თვალი რომ გაახილა, მზე კარგად ამოსული იყო. ძლივს წამოდგა და შეშინებული ჩვეულებისამებრ სამზარეულოსკენ გაეშურა. იქ, წინსაფარაფარებულ დედას, უკვე მოესწრო საუზმის გაშლა და ახლა ლამაზ ყვავილებიან ფინჯნებში ჩაის ასხამდა.
გოგონამ თვალები მოფშვნიტა... მაშ, ყველაფერი რაც გადახდა, მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი ყოფილა. რა კარგია!  დედას მაგრად ჩაეხუტა და გაიფიქრა: უფ, რა ძნელი ყოფილა დიდობაო!!!!


Comments

Popular Posts