როგორ შემიყვარდა კითხვა

(ვუძღვნი დალიკოს იმ იმედით, რომ ოდესმე ეს მასაც დაემართება)


დღეს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომინდა წიგნებზე დამეწერა, იმ ამბებზე მომეთხრო, ჩემზე დღემდე რომ ახდენენ ზეგავლენას და ხშირად მახსენებენ თავს...
ჩემი წიგნებთან ურთიერთობა მეორე კლასში ანუ სადღაც 7 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ზაფხულში ბებიაჩემმა (რომელმაც შემდგომშიც არაერთ კარგ ამბავში ჩამრთო და ამისთვის სიკვდილამდე მადლიერი ვარ) მე და ჩემი ერთი წლით პატარა ანუ 6 წლის ქეთინო წაგვიყვანა საბავშვო ბიბლიოთეკაში... ერთადერთი, რაც იმ ,,საბედისწერო” ვიზიტიდან დამამხსოვრდა, იყო წითლად თმაშეღებილი შუახნის ბიბლიოთეკარი ქალბატონი (არა. . . თმა ნაღდად წითელი ქონდა) და ძველი წიგნების სუნი, რომელიც ძალიან არ მომეწონა ...
წიგნები, ძირითადად, ძველები და დაფლეთილები, (ალბათ ზარმაცი და უსუფთაო ბავშვების ხელში გამოვლილი) თაროებზე ოკრო-ბოკროდ ეწყო... აბა ჩვენ რისი ამომრჩევები ვიყავით, იმ წითელთმიანმა თვითონ, თავისი ჭკუით, შემოგვთავაზა რაღაცეები... გადმოაწყო და გადმოაწყო ერთმანეთის მიყოლებით მიფლეთილ-მოფლეთილები, წინ აგვიკოკოლავა და ბებიაჩემმაც, ჩემი გულის გასახეთქად, ამაყად გამოუცხადა: ამას სულ წავიღებთ, ამ ზაფხულს დაჯდება ორივე და წაიკითხავსო. ქალმა, ცოტა დაბნეულმა, გადმოგვხედა და დაგვთანხმდა, თვითეული მოშავო ფურცელი სადღაც რვეულში გაატარა, ბაბომ დიდი პარკი მოიმარჯვა და საგულდაგულოდ შიგ ჩააწყო ის, რაც ”ხალისიან” ზაფხულს გვპირდებოდა მე და ჩემს დას.
რაღას ვიზამდით, წამოვედით წელმოწყვეტილები. სახლში ყველა მათგანი ამოვალაგეთ, გადავშალ-გადმოვშალეთ. მაშინდელ საბავშვო წიგნებში სურათები ან სულ არ იყო, ან ძალიან ძუნწად, მხოლოდ შავ-თეთრი უცნაური ფიგურები, თითქოს ფერადი ფანქრები დაენანათ გასაფერადებლადო. ზოგი ერთ თაროზე შემოვდეთ, ზოგი- მეორეზე, ზოგი ტახტზევე დარჩა დერეფანში და დავივიწყეთ... ერთადერთი, ბებიაჩემი არ მოდუნებულა, თითქმის ყოველდღე გადმოდიოდა და გვეკითხებოდა ჯერ ტკბილი ხმით : აბა, ბებიკო რა შვებით, კითხულობთ? ხო იცით, იმ ქალთან ძალიან სირცხვილი იქნება წაუკითხავად რომ დაუბრუნოთ ესენიო, მერე, რომ შეატყო, გადაშლილიც არ გვქონდა, ხმას საყვედური გაურია, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ...
ზაფხული მიიწურა, ჩვენ კრილოვის ჭრიჭინობელებივით დავქროდით,ვთამაშობდით, ის ძველი წიგნები აღარც გაგვხსენებია. გავიდა სექტემბერიც, ოქტომბერი დაიწყო და ბიბლიოთეკიდან ერთი თვის (თუ უფრო ნაკლები ვადით) წამოღებული წიგნები წითელთმიანმა ქალბატონმა გაიხსენა, ჯერ შემოგვითვალა დააბრუნეთო, წავუყრუეთ, მერე მეორედ შეგვახსენა, წაღებულს უკან მოტანა სჭირდებაო და როცა ამანაც არ გაჭრა, ერთ დღეს ქუჩის კარებში გარჭობილი კონვერტი დაგვხვდა. ან მოიტანთ იმ წიგნებს ან არადა, თქვენს თავს დააბრალეთ რაც მოხდებაო... მაშინ შევფუცხუნდით და ბებიაჩემიც ჩავრთეთ ამ ამბავში. ბოლოსდაბოლოს, ხომ ის იყო ამ ყველაფრის ინიციატორი. აბა! წაკითხვით ხომ არაფერი წაგიკითხიათ?! მოძებნა მაინც არ დაიზაროთ, ყველა შეაგროვეთ და წავიღოთო. ზოგი საიდან გამოვათრიეთ, ზოგი საიდან, დავაწყეთ ისევ იმავე ტახტზე დერეფანში, გადავთვალეთ და ერთი აკლდა, თვლით გვქონდა გამოტანებული ბიბლიოთეკიდან. ძალიან არ გვიდარდია ამ ფაქტზე და პარკში საგულდაგულოდ ჩაწყობილები, დაფლეთილ-გაშავებულები უკან გავაგზავნეთ (ვინ წაიღო აღარ მახსოვს...) დავივიწყეთ შარშანდელი თოვლივით, ეგ ერთი წიგნი ვიღას ემახსოვრებაო. მაგრამ არც ესე იოლად იყო საქმე, წითელთმიანს ხომ ყველა მათგანი თავის დიდ საკანცელარიო რვეულში ჰქონდა გატარებული, ჰოდა .. რომ შეადარა, ერთი პატარა თხელი მოთხრობა, ჩემდა გასაკვირად, სათაურიც მახსოვს ”ცისფერი იალქნები” ერქვა, მოინაკლისა. რამოდენიმე დღეში ამ ამბიდან, ქუჩის კარებში გარჭობილი მორიგი ელვა კონვერტი აღმოვაჩინეთ... კონვერტი, რომლისაც უკვე ძალიან გვეშინოდა, იმიტომ რომ ვიცოდით, შიგნით რაც დაგვხვდებოდა, მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ”ცისფერ იალაქნებზე” სახლში ძებნა გამოცხადდა. თითქმის მთელი ოჯახი ჩართული იყო ამ საქმეში ბებიაჩემის თაოსნობით, ბოსტანშიც კი ვეძებეთ, მარანში კონსერვებს შორის შევიჭყიტეთ, ლოგინის დიდი ტახტებიც არ გამოგვრჩენია, მაგრამ ამაოდ... მაშინ დედაჩემმა, რომელსაც ყველა კონფლიქტის მოგვარება ძალიან იოლი და მოხერხებული მეთოდებით შეუძლია, იყიდა ახალი, ცინცხალი, 15-ოდე საბავშვო მოთხრობა და ზღაპარი, ამოიიღლიავა და ბიბლიოთეკაში დიდის ამბით მიიტანა, ოღონდ ესენი არ დასაჯოთ და ერთ ამდენს კიდევ გისაჩუქრებთო... მე იქ არ ვყოფილვარ (ანდა იმ წერილების მერე იქ რა მიმიყვანდა) ამიტომ, შესაბამისად, წითელთმიანის გამომეტყველება არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთლად უკმაყოფილო სახე არ უნდა ჰქონოდა.
საოცარი კი იცით რა არის? ამ ამბის შემდეგ არაერთი წელი გავიდა და მე ისევ ვაგრძელებდი იმ პატარა ბროშურის ძებნას, გაცრეცილ ყდაზე იალქნიანი გემით რომ იწონებდა თავს. ალბათ, სინდისი მქეჯნიდა...
მერე... იცით რა მოხდა, ძალიან ხშირად ვიყავი ბებიასთან, განსაკუთრებით, არდადაგების დროს და ერთი ოთახი შემიყვარდა მის უშველებელ სახლში, ეზოს მხარეს, მოშორებული ქუჩის და ადამიანების ხმაურს, რომელსაც ყველა ბიბლიოთეკას ეძახდა, მაგრამ, მემგონი, ჩემს გარდა არავინ სტუმრობდა. ოთახში ნახევრად ბნელოდა, იმიტომ რომ მისი ერთადერთი ფანჯარა დიდ, ბუხრით, განჯინით (ბებიაჩემის მზითევი იყო), და აკვნით (სადაც დედაჩემი და ბიძაჩემი გაიზარდნენ) შემკულ დახურულ აივანზე გადიოდა, აივნის მხრიდან ოთახს მზე თითქმის არ უდგებოდა და ამიტომ შესვლისთანავე შუქს ვანთებდი ხოლმე. ფანჯარასთან ლამაზი ”წულპანის” ფირმის (ასე ეძახდა ბებიაჩემი) საწერი მაგიდა იდგა ამავე ”წულპანის” ფირმის დიდი შვინდისფერ მაუდგადაკრული მოხუჭუჭებული სკამით და რაც ყველაზე მთავარი იყო... ორი კედელი იატაკიდან თითქმის ჭერამდე წიგნებით იყო სავსე. ოღონდ აქ ბიბლიოთეკის ძველი და დაფლეთილი წიგნები კი არა, სულ ცინცხალი, გადაუშლელი, ფერად- ფერად ყდიანი ტომები იწონებდნენ თავს, რამდენი ისტორია, რამდენი ამბავი, ადამიანთა ბედი და თავგადასავლები ეტეოდა ამ ვიწრო თაროებში, დაწყებული კომუნისტური პარტიის ბელადების ნაშრომებით, დიდი საბჭოთა ენციკლოპედიით და დამთავრებული დიდი კლასიკოსებით. პაპაჩემი და ბიძაჩემი მათ საგულდაგულოდ აგროვებდნენ და ფერის, სისქის და სიმაღლის მიხედვით ალაგებდნენ თაროებზე. თაროს პერიოდულად რომელიმე ქართველი პოეტის კრებული ტოვებდა და რამოდენიმე ხნით ბინას ხან პაპაჩემის საძინებელში იდებდა, ხან კი, ქვემოთ ტახტზე წამოწოლილ ბიძაჩემს ქონდა იღლიაში ამოდებული. ეს უკანასკნელი დროდადრო, საღამოობით, გადაშლიდა და შთაგონებული სახით, ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს, ძირითადად გალაკტიონს. ასე მოსმენით დავისწავლე ”მერი” და ”მესაფლავე”, ჩემი ასაკისათვის შეუფერებელი მაგრამ გენიალური ლექსები.
თუმცა ისევ მეორე სართულზე ავირბინოთ და ბიბლიოთეკას დავუბრუნდეთ. წიგნების გარდა, ამ თაროებზე არანაკლებ საინტერესო ნივთები იწონებდნენ თავს, მაგრამ მათ წიგნებთან საერთო არაფერი ქონდათ: უცხოური ძვირფასი სასმელების კოლექცია და სიგარებით სავსე მოგრძო ყუთი, ლამაზი ოქროსფრად მოვარაყებული სანაყი, რომელიც ძალიან მომწონდა და ბოლოს პაპამ მაჩუქა. (ახლაც ჩემთანაა, ისევ წიგნებთან მივუჩინე ბინა, ნაცნობ გარემოს არ განვაშორე) პატარა სუვენირი ნავი, რომელზეც შუქები ინთებოდა და ორი ციცქნა ნიჩაბი ქონდა აქეთ-იქიდან შემოწყობილი, წინა ციდა სკამზე კი პატარა სომბრეროი  ანი ბიჭი შემოსკუპულიყო. სიმშვიდე, იდილია და ირგვლივ გამეფებული უზურნველობა, სწორედ რომ კითხვისთვის და მედიტაციისთვის განგაწყობდა ადამიანს. ჰოდა მეც განვეწყე...
ჯერ საწერი მაგიდის ყველა უჯრა საგულდაგულოდ შევისწავლე, ამაზეც ორიოდე სიტყვა რომ არ ვთქვა არ შეიძლება... აქ იყო პაპას მიერ საზღვარგარეთიდან და მოსკოვიდან ჩამოტანილი უცხო ნივთები, კალმები, ბლოკნოტები და თქვენ წარმოიდგინეთ, ასანთის კოლოფიც კი, რომლის ერთ მხარეს ციმციმა გოგო გიყურებდა, გადმოატრიალებდი და-ციმციმით გიღიმოდა. მაშინ ეს იშვიათი ნივთი იყო და მახსოვს, ბიძაჩემი ძალიან უფრთხილდებოდა, რომ გაეგო რამდენჯერ ვატრიალე ხელში, ალბათ გული გაუჩერდებოდა, მაგრამ მე კოლოფს ყოველთვის სათუთად ვაბრუნებდი თავის ადგილას და უჯრასაც გულმოდგინედ ისევ პატარა გასაღებით ვკეტავდი... მეორე დღემდე, როცა ისევ თავიდან იწყებოდა ეს რიტუალი...
პირველად, ჯანი როდარის ”ჩიპოლინოს თავგადასავალი” მომხვდა თვალში, სულ ქვემოთ ღია თაროზე შემოდებული, ხახვის ბიჭი ეხატა და ამან მიმიზიდა, სქელტანიანი იყო, მაგრამ მაინც გადმოვიღე და იქვე ტახტზე უდარდელად წამოწოლილმა (ძირითადად წამოწოლილი ვკითხულობ) კითხვა დავიწყე...და დაიწყო ჩემი მოგზაურობა ჩიპოლინოსთან, ალუბლიკოსთან სენიორ პომიდორთან და პრინც ლიმონოსთან ერთად... დროდადრო ბებიაჩემის ძახილი მაბრუნებდა საოცრებათა ქვეყნიდან ისევ ლომონოსოვის ქუჩაზე, საჭმელად მეძახდა, უცებ ჩავირბენდი და ერთი სული მქონდა როდის დავუბრუნდებოდი გასაჭირში დატოვებულ მეგობრებს... ხშირად ჭამასაც მსხვერპლად ვწირავდი და გვიანობამდე ბიბლიოთეკაში ვიყავი შეკეტილი. ერთმანეთის მიყოლებით წავიკითხე ჯანი როდარის სხვა მოთხრობები, პარმენ ლორიას ” ჩემი პატარა ოჯახი”, ნიკო ლომოური, ეგნატე ნინოშვილი, კლავდია დევდარიანი, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძის ”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ”მე ვხედავ მზეს”, ”კუკარაჩა”, “ჯეინ ეარი”, ვოინიჩის ”კრაზანა”, თენგიზ გოგოლაძის ”რითი ვჯობივარ მამაჩემს”, ვერა სტრეშნევას ”უფროსი და”, ”ჩვიდმეტიწლისანი”, ”ზოიასა და შურას ამბავი”, ვკითხულობდი იმას, რაც ხელში მომხვდებოდა და ეს ”ხელში მოხვედრილი” ყველა წიგნი ერთმანეთზე საინტერესო და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი იყო. მათგან, შესაძლოა, ზოგიერთი არც იყო მთლად საბავშვო და გულუბრყვილო, მაგრამ ამას ვინ დაეძებდა...
ბიბლიოთეკის მთელი არა, მაგრამ რაღაც გარკვეული ნაწილი რომ წავიკითხე, გადავწყვიტე, დიდი ხნის პაუზა დამერღვია და იმ ნაცნობ საბავშვო ბიბლიოთეკას ვწვეოდი, წლების წინ მუქარის წერილებით რომ აგვიკლო მე და ქეთინო. ჰოდა, გავბედე და მივედი, წითელთმიანიც იქ იყო და სხვა ქალებიც, თბილად შემხვდნენ: ოდესღაც ჩაწერილი ვიყავი თქვენთან -მეთქი, მორცხვად ვუთხარი, აბა იმ ნომერს ახლა ვეღარ ვიპოვით ახალ ბარათს გაგიხსნითო-მითხრეს ღიმილით, შვებით ამოვისუნთქე, მგონი, ვერ მიცნეს-მეთქი და ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანები მოვიკითხე თუ ჰქონდათ,
-აგერ, იმ თაროებს გაუყევიო-მიმასწავლეს და მეც, ნელი ნაბიჯით, დავიწყე ღია, ოჩოფეხებზე შემდგარი თაროების ათვისება, პირველ რიგში ის ნაცნობი სუნი ვიგრძენი, წლების წინ რომ შემიღიტინა ცხვირში და მივხვდი, ამ სუნს ძალიან შორეულ წარსულში უნდა გადავესროლე, ვინც ბიბლიოთეკაში ერთხელ მაინც ყოფილა და ვისაც წიგნები უყვარს, ეს სუნიც მისთვის მშობლიური და კითხვის პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება, მერე, უკვე აბიტურიენტს და სტუდენტს, არაერთხელ მომიწია თბილისის დიდ ცნობილ ბიბლიოთეკებში ამ სურნელის გარემოცვაში კითხვა და მუშაობა...
ჟიულ ვერნის ”კაპიტან გრანტის შვილებს”, ”თხუტმეტი წლის კაპიტანი” მოჰყვა, მერე კაპიტანი ნემოც გავიცანი, ”საიდუმლო კუნძული” სახლში აღმოვაჩინე და მემგონი, ამაზე ძალიან არაფერი გამხარებია მაშინ, სულმოუთქმელად წავიკითხე, რა ვიცოდი, რომ გაივლიდა ბევრი წელი და უკვე საფრანგეთში, ჟიულ ვერნის მშობლიურ ქალაქში ორ თვეს გავატარებდი, მის მუზეუმში რომ შევედი, ჟრუანტელმა დამიარა, არ დაიჯერებთ და იქაც ის ნაცნობი სურნელი იდგა, ჩემი პატარა ქალაქის ბიბლიოთეკაში რომ თავბრუს მახვევდა...
მახსოვს როგორი გულისფანცქალით ველოდი როდის შეხვდებოდა ლუიზა პოინდექსტერი მორის მუსტანგერს ”უთავო მხედარში” ანდა როგორ დამთავრდებოდა ულამაზესი მარიონ უედის სასიყვარულო თავგადასავალი”თეთრ თათმანში”, როდის დაბრუნდებოდა რობიზონ კრუზო თავის მშობლიურ ქალაქში და გრაფი მონტე-კრისტო როგორ გაიქცეოდა იფის ციხიდან...მალე იმდენად ხშირი სტუმარი გავხდი წითელთმიანის და მისი სამფლობელოსი, რომ როგორც აქტიური და ერთგული მკითხველი, მაშინდელი ცენტრალური რადიოს ჟურნალისტმა თავის ერთ-ერთი საბავშვო გადაცემისათვის ჩამწერა.
სკოლას უკვე ვამთავრებდი და აბიტურიენტობის, მერე კი გამოცდების ციებ-ცხელებისათვის მზადებას უნდა შევდგომოდი...ამ დროს გურჯაანში და ჩემს ცხოვრებაშიც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: დიდი ხნის მზადებისა და მსჯელობის შემდეგ, გურჯაანში ბატონი ოთარ ჭილაშვილის დიდი შრომითა და თაოსნობით გაიხსნა გიმნაზია, რომელიც მისი ძმის, გამოჩენილი მეცნიერისა და შესანიშნავი პიროვნების, უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბურჯის, გურამ ჭილაშვილის სახელს ატარებდა და ამ სასწავლებლის დირექტორად ოთარ ჭილაშვილი დაინიშნა, ოთარი ძია უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ფიზიკოსი, საზღვარგარეთ განათლებამიღებული პიროვნება და რაც მთავარია, პაპას მხრიდან, ჩვენი უახლოესი ნათესავი იყო, ამ ახალი სამსახურის გამო ის მთლიანად გურჯაანში გადმოვიდა საცხოვრებლად და მთელი ენერგიითა და მონდომებით დაიწყო გიმნაზიის მოწყობა უნივერსიტეტიდან მოწვეულ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად. ზაფხულის ცხელ საღამოებს კი ჩვენთან სახლში ატარებდა. ბუხრის ოთახში, ან სულაც დერეფანში გაშლილ სუფრასთან ჩემი მშობლები და ოთარი გვიანობამდე მასლაათობდნენ, ძირითადად ახლად დაწყებული ეროვნული მოძრაობის შესახებ მსჯელობდნენ, მერე ჩემი აბიტურიენტობაც გაიხსენეს და ოთარი ძალიან დაინტერესდა მე, როგორც მომავალ ფილოლოგს, რომელი მწერლები და ნაწარმოებები მომწონდა... ახლაც გუშინდელივით მახსოვს მაღლა, მეორე სართულის დიდ ოთახში ფეხი ფეხზე გადადებული ბატონი ოთარი ტელევიზორს უყურებდა თან რაღაც ჟურნალს ათვალიერებდა, მერე უცებ მომიბრუნდა: შენ რას შვები, რას აპირებო?
-რა ვიცი ფილოლოგიურზე მინდა ჩაბარება და ვემზადები -მეთქი,-მორცხვად ვუპასუხე,
-მერე? კითხულობ რამეს?
დავიბენი...რამოდენიმე ნაწარმოები დავუსახელე, ისიც სასკოლო პროგრამიდან და მირჩია: როცა დრო გექნება, მოდი უცხოელი კლასიკოსები გადაშალე და აბა თუ დაინტერესდებიო... მალე მისი რჩევით, უფრო სერიოზული მწერლები მოვიძიე ბიბლიოთეკაში, შექსპირი, გოეთე, ჰემინგუეი. ერნესტი მემგონი უკვე ცოცხალი ადამიანივით მიყვარდა... თითქმის ყველა მისი ნაწარმოები სულმოუთქმელად წავიკითხე, ჯერ ”მოხუცი და ზღვა”, ძალიან დავსევდიანდი, თითქოს მარტივი სიუჟეტია, ერთი მარტოხელა, ზღვის პირას მცხოვრები მეთევზე ყოველდღე გადის ნავით ზღვაში იმ იმედით, რომ დიდ თევზს დაიჭერს, მაგრამ თევზი ან არ ჩანს, ან ძალიან აწვალებს...ეს ყველაფერი კი ისე უბრალო და გასაგები ენით აქვს მოთხრობილი, რომ გგონია გვერდით გიზის და ისე გიყვება..ამიტომ ძალიან დამაინტერესა კიდევ რა დაწერა ასე უბრალოდ და საინტერესოდ-მეთქი... და ასე დაიწყო ”ჰემინგუეის ზამთარი” ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს, სასტიკი 90-იანები იწყებოდა, ნელ-ნელა გვაგუებდნენ- შუქსა და გათბობასთან დამშვიდობება მოგიწევთო, ბოლო შუქიანი ზამთარი იყო რაღაც სასწაულად შემორჩენილი ცენტრალური გათბობით.. ვიჯექი საძინებლის დიდ ოთახში ფანჯარასთან, ოდნავ გამთბარ რადიატორთან ჩახუტებული და მთელი დღეები ვკითხულობდი ”აღმოხდების მზე”-ს, ”პარიზი-განუყრელ დღესასწაული”, ”მშვიდობით იარაღო”... წარმოვიდგენდი როგორ იჯდა სიმპათიური თეთრწვერა მწერალი ერთ-ერთ მყუდრო პარიზულ კაფეში და ჭიქა ყავაზე მთელი დღე წერდა, წერდა ზაფხულში კაფის ტერასაზე, ზამთრის გრძელ საღამოებში კი პატარა, სიგარის კვამლით გაჟღენთილ ინტერიერში, მერე იღებდა თოფს და აფრიკაში ლომებზე სანადიროდ მიდიოდა ანდა, თავისი მარტოსული მეთევზის მსგავსად, დიდ თევზს დაეძებდა უკიდეგანო ოკეანეში... ეს ყველაფერი კი ბორის გრიბანოვს ჰქონდა შესანიშნავად აღწერილი თავის წიგნში ”ჰემინგუეი”, რომელიც ასევე სულმოუთქმელად წავიკითხე.
ბატონ ოთარსაც მოვუყევი რომ ჰემინგუეით დავინტერესდი და ძალიან მომწონდა... არაფერი მოპასუხა, უბრალოდ გაეღიმა. მივხვდი, ესიამოვნა მისი რჩევა რომ გავითვალისწინე და სერიოზულ მწერლებს ჩავუჯექი.
მერე კი წიგნი და მასში მოთხრობილი უამრავი ისტორიები, სხვადასხვა პერსონაჟების ტრაგიკული, სასაცილო, სასიყვარულო, სათავგადასავლო, დეტექტიური ანდა უბრალოდ ცხოვრებისეული ჩვეულებრივი ამბები მრავლად იყო, რომლებიც დიდხანს შემორჩნენ ჩემს მეხსიერებას, ზოგიერთი სიუჟეტი ახლაც მახსოვს, ზოგის კი ის ემოცია მახსენდება, ამა თუ იმ ისტორიამ რომ დამიტოვა. ოსტაპ ბენდერთან და კისასთან ერთად მეც ვეძებდი 12 სკამში ჩამალულ ბრილიანტებს, მომწონდა წითელთმიანი ალქაჯი მარგარიტას, მასზე შეყვარებული ოსტატის , აზაზელოსა და ბეჰემოთის სიგიჟეები, განსაკუთრებით დიდებული და იდუმალი ვოლანდი. არ დაიჯერებთ და ბულგაკოვის ”ძაღლის გულში” ასე მეგონა მოხუცი პროფესორის სახლის ერთ-ერთი ბინადარი ვიყავი, რომელიც საღამოობით მაგიდას უჯდა და ორი ექიმის მსჯელობას უსმენდა, ჩეხოვის ”ალუბლის ბაღის” სევდა მომყვებოდა, სკარლეტ ო’ჰარას გამბედაობას ვნატრობდი, ომისგან განადგურებულ ტარაში რომ ბრუნდება: მიწას მოვთხრი, ვიშრომებ, მოვიპარავ, თუ საჭირო გახდა, მოვკლავ კიდეც, მაგრამ ვფიცავ, არასოდეს არ ვიშიმშილებო...და გულწრფელად მინდოდა რეტ ბატლერი უკვე მონანიებულ და მარტო დარჩენილ სკარლეტს ისევ დაბრუნებოდა, მაქს ფრიშის ”ჰომო ფაბერში” ვალტერისა და ზაბეტის უცნაური შეხვედრა და მოგზაურობა მაოცებდა, მებრალებოდა ყველასგან მიტოვებული მეფე ლირი, ვფიქრობდი რომეოსა და ჯულეტას სხვა გარემოში და თუნდაც სხვა ეპოქაში რომ ეცხოვრათ ბოლომდე ასე ერთგულად ეყვარებოდათ თუ არა ერთმანეთი, მეც მირბენია შერლოკ ჰოლმსთან და ექიმ უოტსონთან ერთად ტორფის ჭაობებში ბასკერვილების ძაღლის საძებნელად, და კიდევ უამრავი ჩახლართული საქმის გახსნის მოწმეც ვყოფილვარ, სულმოუთქმელად ვკითხულობდი აგატა კრისტის ”აღმოსავლეთის ექპრესს” რომ გამეგო ვინ იყო მატარებელში ჩადენილ იდუმალ მკვლელობაში დამნაშავე, ძმები კარამაზოვები და გრუშენკა, ანა კარენინა და ვრონსკი, ემა ბოვარი და რუდოლფი და სიცოცხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება, დედოფალი მარგო და ჰენრი ნავარელი, ანჟელიკა და ჟოფრეი დე პეირაკი, თამარ შარვაშიძე და თარაშ ემხვარი, გი დე მოპასანის მეოცნებე, რომანტიული ჟანა და მოღალატე ჟულიენი...თუმცა ყველაფერი ამის პარალელურად შემეძლო დაუსრულებლად მეკითხა ასტრიდ ლინდგრენის ”ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” ...მერეც, როცა უნივერსიტეტის წლები უკან დარჩა და უკვე მასწავლებელს, უზრუნველი, შოკოლადების, მანდარინებისა და ფორთოხლის სუნით გაჟღენთილი ბავშვობა მენატრებოდა, ხშირად ამიღია ხელში ეს წიგნი, რომელსაც ჯადოსნურად შეეძლო სევდისა და მონატრების დავიწყება, ამ ცოტა ხნის წინ, ჩემი შვილებისათვის გადავწვიტე ეს კეთილი და ცელქი პერსონაჟები გამეცნო, შევთანხმდით, რომ ყოველ საღამო თითო ამბავს წავიკითხავდით და უნდა ვაღიარო, მათზე მოუთმენლად მე ველოდებოდი მორიგი თავგადასავლის დაწყებას, ის საღამოები ძალიან სასიამოვნოდ გვახსოვს სამივეს.
უნივერსტეტმა სხვა სამყაროში გადამიყვანა, გაყინულ აუდიტორიებში აკანკალებული ვუსმენდი ლიტერტურათმცოდნეებს, თენგიზ კიკაჩეიშვილსა და რამაზ ჭილაიას, ახლაც ჩამესმის რუსუდან ნიშნიანიძის (შოთა ნიშნიანიძის ქალიშვილი) ხმა პაოლო იაშვილის ”პირამიდებს” რომ კითხულობს და როდესაც, უნებურად, პირამიდები და პირქუში სფინქსის სახე დაგიდგება თვალწინ, სახესა და ტანზე კი ხმელთაშუა ზღვის თბილი ტალღები გელამუნება...წუთით გავიწყდება რომ უნივერსიტეტის მე-5 კორპუსის ცივ აუდიტორიაში ზიხარ და იწყებ მოგზაურობას, მერე უცებ ლექცია მთავრდება და იღლიაში წიგნებამოჩრილი სახლის გზას მიუყვები, მაგრამ სახლშიც მინდა ზღაპარი გაგრძელდეს, ვჯდები მოუხერხებელ მწვანე სავარძელში და ხელში სახლის გვერდით მდებარე პატარა სამკითხველოდან მხოლოდ ორიოდე დღით გამოტანებული წიგნი მიჭირავს. ვკითხულობ და თან, როგორც ამ დროს მჩვევია, თმის ბოლოებს ვაწვალებ, სათითაოდ ვიღებ და თითზე ვიხვევ, ეს კითხვის პროცესის განუყოფელი ნაწილია, კითხვა არის ის, რაც 90-იანების მძიმე პერიოდს მავიწყებს, გარეთ ქარია და ეზოში გასათბობად კოცონს ანთებენ, შენ კი ზიხარ უდარდელად მწვანე სავარძელში და იცინი ალექსანდრისა და ფანფანის ხალისიან, უცნაურ სიყვარულზე ანდა მარგარიტ დურასის გმირების მხურვალე გრძნობებს განიცდი...
ღამე ისევ , მოლივლივე ტალღები, უკაცრიელი სანაპირო და ჰემინგუეის ჯიუტი მოხუცი მესიზმრება, ყოველ საღამოს პატარა ნავით უკიდეგანო ზღვას რომ არ უშინდება დიდი თევზის ძებნაში.. და კიდევ... ის პატარა, ოდესღაც საბავშვო ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და საბოლოოდ დაკარგული წიგნი, რომლის ყდაზეც ლამაზი გამოყვანილი ასოებით ”ცისფერი იალქნები” წაეწერათ.


06.12.2019 საავტორო უფლებები დაცულია :)))

Comments

Popular Posts