წუღრუღაშენი

იანვრის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, 90-იანები დამთავრდა, მაგრამ მხოლოდ კალენდარზე...ისევ ნაცნობი და შემოჩვეული სიბნელე, სიცივე, უიმედობა ქვეყანაში, ქუჩებში, სახლებში.. 
ჰოდა, იანვარი იდგა,  ნელ-ნელა საღამოს ბინდი იპარებოდა. იქვე ანთებულ ღუმელთან ჩემი სიძე გაზეთს კითხულობდა, მგონი, ადგილობრივი პრესა იყო, აღარ მახსოვს. უცებ გაზეთი ფანჯრის რაფაზე შემოდო და საქმიანად გამოგვიცხადა, ბაზარში მივდივართ სანამ ჯერ კიდევ არ დაღამებულა, ბევრი პროდუქტის ყიდვაა საჭიროო. მალე ფქვილის, შაქრის, მაკარონის, ბრინჯის  ტომრებით დატვირთული მანქანით დაბრუნდა, თან გაოცებული მამაჩემი მოსდევდა, რომელმაც გაგვანდო: მთელი ბაზარი ცნობისმოყვარეობით მოგვჩერებოდა იმდენი რამ წამოვიღეთო. ჩემმა სიძემ გადმოგვხედა და გამოგვიცხადა, წავედით, ბოლნისში მოვდივართო, ჩვენს გაოგნებულ სახეებს რომ შეხედა, მიხვდა ყველაფერი უნდა აეხსნა და დაიწყო: ეს-ესაა გაზეთში განცხადებას წავაწყდი, სადაც წუღრუღაშენის ეკლესიაში მყოფი ერთადერთი ბერი ჩვენ, ქრისტიანებს, დახმარებას გვთხოვს და არ შემიძლია დღესვე არ ავიდე და ეს ყველაფერი არ ავუტანოო... მისია იმდენად დიდი იყო, რომ არც მე და არც ჩემს დას, წასვლაზე უარი არ გვითქვამს. 
 ასე  დავადექით შუაგული კახეთიდან ბოლნისისკენ მიმავალ გრძელ და რთულ გზას.   
სანამ დანიშნულების ადგილამდე მივედით, საკმაოდ დაბნელდა. მანქანას მუხრუჭებმა უმტყუნა. გზა უკაცრიელი და მიხვეულ-მოხვეული იყო. მთის ფერდობზე ტყე-ტყე ავდიოდით, ბედს მინდობილნი სადაც გზა მოგვიყვანდა, საოცარია, მაგრამ უკან მობრუნებაზე არცერთს არ გვიფიქრია, მით უმეტეს, თან ჩემი პატარა წლინახევრის დიშვილი გვახლდა, პირიქით, ჯიუტად მივდიოდით ოღრო-ჩოღრო გზით. როგორც იქნა ეკლესიის გუმბათი გამოჩნდა და მივხვდით, მიზანს მივაღწიეთ, წუღრუღაშენი სულ ახლოს იყო, ხელის გაწვდენაზე...
ეკლესიის ეზო გალავნით იყო შემოსაზრვრული, ჩემმა სიძემ ჭიშკარი გააღო და მანქანა ეკლესიის კართან გააჩერა.  ძაღლებმა ყეფა ატეხეს, შორს, სიბნელეს მაღალი, ანაფორიანი ლანდი გამოეყო ორ უზარმაზარ კავკასიურ ნაგაზთან ერთად და ჩვენკენ გამოემართა. ბერმა სასიამოვნო ხავერდოვანი ხმით მშვიდობა გვისურვა და ოდნავ გაოცებულმა სატრაპეზოში შეგვიპატიჟა, თვითონ კი ჭიშკარს მიაშურა, დავხურავ, როცა ბარიერი არ ხვდებათ, მგლები უფრო თამამად შემოდიანო-ჩაიბუტბუტა.
მალე სატრაპეზოში ღუმელთან გაშლილ პატარა მაგიდას ვუსხედით. ჩვენი მასპინძელი ბაგრატოვანთა გვარის შთამომავალი, პატრიარქის უახლოესი ნათესავი- მამა გიორგი იყო, საოცრად განათლებული პიროვნება და საინტერესო მოსაუბრე, რომელიც ყოველ დღე გაუსაძლის ყინვაშიც კი ტაძრის ქვემოთ პატარა საყდრამდე ფეხშიშველი ჩადიოდა და ისე ლოცულობდა. მაჰმადიანური სოფლებით გარშემორტყმული, ყველანაირად ცდილობდა წუღრუღაშენში ქრისტიანული ღვთისმსახურება არ მოშლილიყო, უჭირდა, ძალიან უჭირდა, მაგრამ  ”აქ ვიქნები ბოლო ამოსუნთქვამდეო”-გაგვიმხილა.
თავზე როგორ დაგვათენდა არ გაგვიგია, გარეთ რომ გამოვედით, უკვე   ნაცრისფერი დღე დგებოდა. დილის ნისლში მთელი თავისი დიდებულებით ვნახე წუღრუღაშენის ტაძარი, მამა გიორგის რომ ასე უყვარდა და უკვე მეც მიყვარდა. წამოსვლისას ერთი საიდუმლო გაგვანდო, დარწმუნებული ვარ, თამარ მეფის საფლავი სადღაც აქ, ამ მიდამოებშია და ოდესმე ალბათ  აღმოაჩენენო. უკან დაბრუნებულს, სიამაყის და სევდის განწყობა მომყვებოდა. სიამაყის, რომ ჯერ კიდევ არსებობდნენ ისეთი ქართველები, რომლებიც თათრული სოფლების ალყაში, ქრისტიანულ ტაძარს დარაჯად ედგნენ და სევდა, რომ ეს დიდებული ადამიანი ამ ბრძოლაში მარტო იყო.
P.S. ამ ამბიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე, რამაც ძალიან, ძალიან დამწყვიტა გული.

წუღრუღაშენი კი... ალბათ ისევ მარტოსული ამაყად დგას და თავის მორიგ ერთგულ მცველს ელოდება.

Comments

Popular Posts