პირველი მაისი და ახდენილი ოცნებები

ხვალ პირველი მაისია...ოცდამეერთე საუკუნეში ეს თარიღი არაფრით გამორჩეული, გვიანი გაზაფხულის ერთი ჩვეულებრივი, მზიანი ან წვიმიანი დღე შეიძლება იყოს.
აი, ჩემს ბავშვობაში კი,  ეს დღე სულ სხვანაირად თენდებოდა... ყველაზე პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე ვაკეთებდი იყო ის, რომ ვიცვამდი თეთრ, მთელი ზამთრის მანძილზე ნანატრ, თხელ ”გეტრებს”.
რაც არ უნდა მზიანი, თბილი მარტი და აპრილი ყოფილიყო, დედა ყოველთვის სიტყვას გვაძლევდა რომ  სწორედ პირველ მაისს უნდა ჩაეცმია ჩვენთვის ”გეტრები”... სიტყვა სიტყვა იყო...
ჩავიცმევდი და ჩემთვის იმ წუთიდან იწყებოდა  გაზაფხულიც, სითბოც და დიდი ბავშვური ბედნიერებაც. მობეზრებულ ზამთრის  ტანსაცმელს კარადაში  ვინახავდი და ”პარადისთვის” მზადებას ვიწყებდი. მაშინ, საბჭოეთში,  ალბათ, ყველა ბავშვს და უფროსებსაც საპირველმაისო ზეიმის აღმნიშვნელი მხოლოდ ეს სიტყვა გვქონდა. მისი ქართული ანალოგის, ”აღლუმი”-ს არსებობა,  ძალიან გვიან აღმოვაჩინე.
დილით, ყოველთვის სკოლასთან ვიკრიბებოდით და პლაკატებითა და ყვავილებით ხელში, უკვე მერამდენედ გავდიოდით გენერალურ რეპეტიციას, როგორ ჩავივლიდით ტრიბუნის წინ.
შემდეგ, უკვე საგულდაგულოდ ”ნავარჯიშები” და მომზადებულები, ვდგებოდით დანიშნულ ხაზთან.
ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ  ირთვება საპარადო მარში, ზურაბ სოტკილავას ”ჩვენ წინ მიგვიძღვის პარტია”,  დიქტორი შთაგონებული ხმით აცხადებს ჩვენს სკოლას,  ბავშვები ქალაქის მთავარ პროსპექტზე აღმართულ ტრიბუნას ვუახლოვდებით...  ტრიბუნაზე კი  ჩემი პაპაა. თვალებით ვეძებ, ხელს  ვუქნევ,  პაპაც მხედავს  და სიყვარულით მესალმება... მე კი საოცრად ამაყი მივაბიჯებ ...
ამ გამოსვლის შემდეგ იწყებოდა მთავარი ზეიმი,  როცა სახლიდან გამოტანებულ ფულს ბოლო კაპიკამდე ვხარჯავდით კევებში, რეზინზე მობმულ კონწიალა ფერად ბურთულებში, ”მამალოებში”.  ეს ყველაფერი კი მხოლოდ ამ დღეს და მხოლოდ ”პარადზე” გამოჰქონდათ გასაყიდად. ამ დღეს  ვუსინჯავდით პირველად გემოს კარაქის ბრიკეტის მსგავს, ქაღალდში შეფუთულ ნაყინს, ჯოხზე წამოცმულ შოკოლადიან ესკიმოებს, მერე გულიანად ვღეჭავდით ვარდისფერ სურნელოვან ”პედროს” და სახლისაკენ მიმავლები, მხიარულად ვკენწლავდით ფერად რეზინის ბურთებს...
მოდიოდა მაისივით თბილი გაზაფხულის საღამო, გვეცვა ”გეტრები”, ჯიბეებში გვეწყო უამრავი საღეჭი რეზინა და გული სავსე გვქონდა ძალიან დიდი ბავშვური სიხარულით.
აი, ასე ცოტა იყო  საკმარისი მაშინ ბედნიერებისათვის, ბედნიერებას კი  ”მამალოს” ფერი და ნაყინის გემო ჰქონდა...
(30.04.2020)






Comments

Popular Posts