მე რომ ეგზიუპერი ვიყო...

(ვუძღვნი ჩემს დიანას, რომელიც ჯერ კიდევ პატარაა და ძალიან ცნობისმოყვარე და მასთან ერთად, ყველა ზრდასრულ ადამიანს, რომლებსაც ახსოვთ, რომ ბავშვობიდან მოდიან)

მე რომ ეგზიუპერი ვიყო, აუცილებლად კიდევ ერთხელ შევხვდებოდი პატარა უფლისწულს, ოღონდ ამჯერად არა მე-20, არამედ 21-ე საუკუნეში და  საჰარის უდაბნოს ნაცვლად, შეხვედრის ადგილად, რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, პატარა და ფუსფუსა ქალაქ -გურჯაანს ავირჩევდი. რატომ მაინც და მაინც გურჯაანს? იმიტომ რომ თუ ადამიანს უნდა ესა თუ ის ქვეყანა გაიცნოს, პირველ რიგში სოფლები და პატარა, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ქალაქები უნდა მოინახულოს და კიდევ იმიტომ, რომ გურჯაანი იმ იშვიათი ქალაქების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ვულკანის გარშემოა გაშენებული.
აი, სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი დაანტერესებდა ათასობით ბავშვისა და მოზარდის უსაყვარლეს პერსონაჟს და დაუფიქრებლად ჩამოვიდოდა, თუნდაც სულ ცოტა ხნით, პლანეტის ამ უმცირეს, მაგრამ ”ვულკანურად” ძალიან მნიშვნელოვან წერტილში.
ეს ვულკანი კი, სადღაც ოკეანეში, უკაცრიელ კუნძულზე კი არ მდებარეობს, არც მეტი არც ნაკლები, მისი ჩამქრალი კრატერი ქალაქის შუაგულშია.  მის აღმოსაჩენად საკმარისია გურჯაანის ერთ-ერთი მთავარი ქუჩიდან გადაუხვიო, რკინის ჭიშკარს გასცდე და მოკირწყლულ, ფართო ბილიკს ქვემოთ დაუყვე.  ვულკანის გარშემო ულამაზეს ტყესა და სანატორიუმს ყველა ”ახტალას” ეძახის, თვითონ მისთვის კი სახელის დარქმევა რატომღაც არავის უფიქრია, რადგან არც ისეთი დიდია როგორც  ეტნა  და არც ისე თვალისმომჭრელი, როგორც ამოფრქვეული ვეზუვი, ამიტომ სახელის შერქმევა თქვენთვის მომინდვია, რადგან   ბუნების ასეთ მნიშვნელოვან საოცრებას, არ შეიძლება სახელი არ ერქვას.
ამ პატარა ვულკანის უპირატესობა ეტნასთან, ვეზუვთან და თუნდაც მონ-პელესთან შედარებით ისაა, რომ სრულიად უწყინარი, უფრო მეტიც, სამკურნალო თვისებების მატარებელია და ხალხს თავზარის დაცემის ნაცვლად, უამრავი დაავადებისაგან განკურნებაში ეხმარება... პატარა ქალაქსაც მშვიდად სძინავს, სანამ  ღრმა წიაღიდან, ვულკანის მთელ პერიმეტრზე,  პატარ-პატარა ბუშტუკები ამოდის და ზედაპირზე საპნის ბუშტივით სკდება, მანამ, სანამ ”ახტალა” მშვიდად თვლემს.
პატარა უფლისწულის მოგზაურობა ჩვენს ქალაქში სწორედ აქედან დაიწყებოდა და  ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცდებოდა, როცა მისი პლანეტის პატარა  ვულკანების მსგავსად, ჩვენიც საგულდაგულოდ მოვლილი და გასუფთავებული დახვდებოდა.
მერე უკვე გურჯაანის ქუჩებში გავაგრძელებდით გზას, თუმცა ვულკანისგან  განსხვავებით, აქ სახარბიელო არაფერი იქნებოდა. პირველ რიგში, თვალში მოხვდებოდა მოასფალტებული, მაგრამ უსუფთაო ქუჩები, გაუკრეჭავ- გადათელილი გაზონები და ბორდიურების გასწვრივ ჩამწკრივებული, დამტვრეული ურნები, საიდანაც ქუჩის მომრავლებული ჭუჭყიანი და მშიერი მაწანწალა ძაღლები რიგრიგობით იღებენ ჩაყრილ ნაგავს და იქვე, შუა ტროტუარზე შეექცევიან.  ძაღლები განსაკუთრებით დააინტერსებდა სუფთა და კოპწია პლანეტიდან ჩამოსულ ბიჭუნას. პატრონისაგან ოდესღაც სახლში მოყვანილი და მერე ქუჩაში გამოგდებული მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ გამვლელს უკან გაეკიდონ ერთი ნატეხი პურის მოლოდინით და რომლებსაც მოახლოვებისთანავე ვუყვირით და ხშირად ქვებსაც ვესვრით.  ადამიანებს დაავიწყდათ, რომ რასაც მოიშინაურებ, მასზე პასუხისმგებელიც უნდა იყო, ბოლომდე უპატრონო და არანაირ შემთხვევაში, ბედის ანაბარა არ მიატოვო.  არადა თუნდაც ერთხელ, ბავშვობაში რომ წაეკითხათ პატარა უფლისწულის მელიასთან შეხვედრა და ის, თუ როგორი გულისფანცქალით დაელოდებოდა უკვე მოშინაურებული მელაკუდა თავისი პატრონის ფეხის ხმას, როგორ გამოარჩევდა მის ნაბიჯებს ათას სხვა ნაბიჯში,  მიხვდებოდნენ, რომ მხოლოდ ”იმას გაუგებ, რასაც მოიშინაურებ” და რომ ეს მეგობრობა შესაძლოა უფრო ნაღდი და ღირებული ყოფილიყო. თუ წაიკითხავდნენ,  დარწმუნებული ვარ, მათი დიდი უმრავლესობა სხვანაირად მოიქცეოდა, მაგრამ მათ ხომ დრო არასდროს ყოფნით რამე  წაიკითხონ,  ”ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში,  ქვეყნად კი არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლება და ადამიანებსაც ვეღარ უპოვიათ მეგობარი”-ამას კიდევ ერთხელ სევდიანად მეტყოდა ჩემი პატარა სტუმარი და მივხვდებოდი, რომ არც დროს და არც საუკუნეებს ადამიანების შეცვლა არ შეეძლოთ, რომ ყველა ეპოქაში იარსებებდნენ მოშინაურებული და მერე გადაგდებული ცხოველები, ბავშვობადავიწყებული დიდები და მხოლოდ ციფრებზე შეყვარებული საქმოსნები. აქედან გამომდინარე,  ასეთ პატარა ქალაქში ამდენი ბანკის არსებობაც აღარ გააკვირვებდა, უბრალოდ გაოცდებოდა მათი მრავალრიცხოვნებით და კიდევ იმით, რომ ამ საუკუნის მაცხოვრებლებს უფრო მეტად შეყვარებოდათ ციფრები, ისევ მხოლოდ იმას ხედავდნენ, რასაც თვალით უყურებდნენ და ”გულიდან ხედვა” საერთოდ აღარ შეეძლოთ.
მერე ასე გაოცებული გაუყვებოდა მოასფალტებულ, მტვრიან ქუჩებს და მათ გასწვრივ აწოწილ, აქეთ-იქით გადახრილ ლამპიონებს გააყოლებდა თვალს, რომლებიც მეფანრის გარეშე მაშინ  ინთებოდნენ, როცა ადამიანებს და ყვავილებს ეძინათ და  ვარსკვლავებთან ერთად ანათებდნენ. ღამით ეს  ”სასარგებლო და ლამაზი სანახავი იქნებოდა”, თუმცა გაოცდებოდა, როცა ამ ლამპიონებს დილითაც არავინ ჩააქრობდა და დაზოგვის ნაცვლად, ასე დაუდევრად გახარჯავდნენ  ენერგიას. ენერგიას, რომელიც ასე სჭირდებოდა პატარა ქალაქსაც და მთელ პლანეტასაც.
მერე ლამპიონებიდან მზერას ყოველდღიურობით გათანგულ ადამიანებზე გადაიტანდა,  დღესაც ჩქარი მატარებლებივით რომ დაქრიან, ციფრებით აზროვნებენ და ნივთებს, მათი სილამაზის ნაცვლად, ღირებულებით აფასებენ, ხოლო მეგობრებს, მათი უნიკალურობის მაგივრად, შეძლებისა და წარმომავლობის მიხედვით ირჩევენ. ისინი, რა თქმა უნდა, პატარა უფლისწულს ვერ შენიშნავდნენ...
 ჩვენს უცნაურ სტუმარს არც მათხოვრები და ლოთები  გამორჩებოდა ქალაქის ქუჩებში. შესაძლოა ამ მათხოვრებსა და ლოთებსაც სცხვენოდათ რომ მათხოვრობდნენ და სვამდნენ.  ასე იმიტომაც იქცეოდნენ, რომ  თავი გაეტანათ და  სირცხვილი დაევიწყებინათ.
არ ვიცი ვიპოვიდი თუ არა მისთვის იმ ერთადერთ  ყვავილს მხოლოდ ოთხი ეკლით,  მზესთან ერთად რომ იბადებოდა და ორპირი ქარის ეშინოდა,  რომელიც არ იყო  "ეფემერული" და დიდხანს ცოცხლობდა. შევხვდებოდით თუ არა პატარა პირსაკრავიან  ბატკანს, ამაყ ყვავილს რომ ემტერებოდა... ჩემს უცნაურ მეგობარს ხომ ორივე ასე ძალიან უყვარდა, თუმცა ეჭვი მეპარება, ისინი  ჩემს მტვრიან და მოუვლელ ქალაქში აღმოგვეჩინა. ვერც ჭას ვიპოვიდით ახლო მახლო, მაგრამ ნამდვილად დააინტერესებდა ქალაქის მთავარ გზაჯვარედინზე წამომართული,  თლილი ქვით აშენებული ”ამფითეატრი”,   ყველა რომ შადრევანს ეძახდა და როგორ გაუცრუვდებოდა იმედი, როცა გაიგებდა რომ მას მხოლოდ სახელი ერქვა შადრევნის და  იქიდან არასოდეს ამოიფრქვეოდა წყლის კასკადი.
მერე... მერე შთაბეჭდილებებით დაღლილი, ისევ ”ახტალას” და მის პატარა ვულკანს მიაშურებდა და იქიდან დატოვებდა ჩვენს ქალაქსაც და დედამიწასაც. გამგზავრების წინ კი აუცილებლად მეტყოდა, რომ ადამიანთა შორის ისევ მარტოობა დახვდა, რომ ისინი არ შეცვლილან და რომ ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდებოდა, თუ გულიდან ხედვას ვისწავლიდით და კიდევ...აუცილებლად ისევე მოვუვლიდით და დავასუფთავებდით ჩვენს ქალაქს, როგორც თვითონ ასუფთავებდა პატარა ვულკანებს, რადგან მხოლოდ მაშინ გადარჩება პლანეტა, მაშინ აღარ იქნება კატასტროფები და ეპიდემიები, როდესაც მის დასუფთავებას სულ ერთი ციცქნა, რუკაზე ნახევარ წერტილად მონიშნული ქალაქიდან დავიწყებთ.












Comments

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts