ქვეყანა, რომელიც მიყვარს

     სკოლის პერიოდში ძალიან ხშირად გვაძლევდნენ დავალებას თემაზე ”საქართველო” ან ”პატრიოტიზმი”. თვითონ სათაურიც კი ისე პათეტიკურად ჟღერდა რომ მეც და სხვა ბავშვებიც, ვალდებული ვიყავით, თემაც ასეთ სტილში გაგვეშალა.  ჰოდა,  მეც ვშლიდი მაღალფარდოვანი და ბჭყვრიალა, ხშირად გაუაზრებელი ფრაზების კორიანტელს. მაშინ ასე იყო მიღებული, შენს ქვეყანაზე მხოლოდ პათეტიზმით და მხოლოდ კარგი რამეები უნდა დაგეწერა. მთავარია, თემა ლამაზი გამოსულიყო და ლამაზი ნიშანიც მიგეღო, თორემ პატრიოტიზმს ვინ დაგიდევდათ.
გავიდა ბევრი წელი. უნივერსიტეტის დამთავრების მერე, ჩემი ფრანგული სკოლიდან  ორი თვით სტაჟირებაზე გამაგზავნეს საფრანგეთში. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ევროპაში ასე დიდი ხნით და თან მშობლების გარეშე.
თავიდან თითქოს არ გამჭირვებია, დედა ხშირად მირეკავდა, ყოველ საღამოს კი, ჩემი ერთი წლის დიშვილის-გიორგის სურათს ვუყურებდი და ისე ვიძინებდი. ეს ძალიან მამშვიდებდა, მეგონა, გათენდებოდა და დედაც და გიორგიც იქვე, ახლოს იქნებოდნენ...      გავიდა თითქმის ორი თვე. პარიზში ბოლო კვირა  საშინელ ნოსტალგიაში გავატარე... ვერც ლუვრმა მიშველა და ვერც  აწოწილმა ეიფელის კოშკმა. დღეებს ვითვლიდი. ფრენა დილის 7 საათზე იყო და ამიტომ თითქმის შუაღამეს მოგვაკითხეს იქაურმა ქართველებმა მე და ჩემს კოლეგას აეროპორტში წასაყვანად. ქალაქის ცენტრიდან საკმაო მანძილი გავიარეთ და მთელი გზა სული მელეოდა მოუთმენლობისგან. მივედით, საბარგულიდან მძიმე ჩანთები ამოვიღე, ნელ-ნელა ავდივართ კიბეებზე, პირველი ტერმინალი, მეორე, მესამე... გრძელი კორიდორი, ყველგან ხალხი ირევა, ყველას ეჩქარება, ჩანთებს მიათრევენ, ლიფტებიდან პერიოდულად რაღაც ყრუ ხმა აღწევს ჩვენამდე, იქაური ქართველები კედელზე გამოკრულ გაფრთხილებას მაჩვენებენ, ბარგს უპატრონოდ ნუ დატოვებთო.  ეს ხმები სწორედ ამ ”ობლად” დარჩენილი ჩანთების აფეთქების ხმებია. 2003 წელია, ყველგან ტერორიზმის აჩრდილი დადის და ფრანგებიც შეძლებისდაგვარად, ცდილობენ, თავი დაიცვან.
შეშინებული, ტყვიასავით მძიმე ჩანთებს კიდევ უფრო მაგრად ვებღაუჭები და ვცდილობ, არ ჩამოვრჩე დაწინაურებულ ჩვენს  პარიზელ მასპინძელს-ნინოს, რეგისტრაციის ბიურომდე სულ სირბილით რომ  მივყავართ. პასპორტების კონტროლი, მომსახურე პერსონალის გაყინული, მკაცრი სახეები და უცებ თვალისმომჭრელ სინათლეში გავდივართ, ირგვლივ კედლების ნაცვლად უზარმაზარი შუშებია და მათ მიღმა, დილის რიჟრაჟში გიგანტური ფრინველებივით იკვეთებიან თვითმფრინავები ნაირ-ნაირი წარწერებითა და ფერებით.
-მე ვეღარ წამოვალ, აქ უნდა დაგემშვიდობოთ გოგოებო,- გვეუბნება ნინო და სევდიანი ხმით ამატებს: აი, ამ შუშებს იქით, საქართველოა.
საქართველო. . . აქ უკვე თავს ვეღარ ვიკავებ და ცრემლების ნიაღვარი მომდის. პირველად მაშინ ვიტირე, მერე, უკვე ილუმინატორში თეთრად დათოვლილი კავკასიონის მთები რომ აისვეტა, მაშინ დამისველდა სახე... თბილისში რომ ჩამოვფრინდით, მამა დამხვდა აეროპორტში მანქანით და უკვე გვარიანად იყო შეღამებული, როცა გურჯაანში შემოვედით. ძალიან ვიკავებდი თავს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შევძელი და როცა ჩემს ქუჩაზე შემოვუხვიეთ, ლამის ხმამაღლა მოვრთე ღრიალი. ძალიან ჩემი იყო ეს ქუჩისპირა ნაძვები,  ლამპის შუქით განათებული ფანჯარა, (შუქი არ იყო) და ამ ფანჯრების იქით-დედა, ახტალის ჩაბნელებული ტყე და შორს, მემორიალი თავისი ჯარისკაცის მამით. . .
29 წლის ასაკში მივხვდი, როგორ მიყვარდა ქვეყანა, იმ უზარმაზარი შუშების მიღმა რომ მელოდებოდა, მიყვარდა ისეთი როგორიც იყო, დანგრეული, ჩაბნელებული, მოუვლელი. თურმე ყოველთვის მიყვარდა, მაშინაც კი, როცა ასე გაუაზრებლად ვწერდი პატრიოტულ თემებს სკოლაში და მაშინაც, როცა უკიდურესად ჭირდა ცხოვრება.   
ალბათ, ზოგჯერ, რომ იგრძნო, უნდა შორს წახვიდე...




ფოტოს ავტორი დ. გორხელაშვილი

                                             

Comments

Popular Posts