მეეზოვე

     ყოველ დილა, არა აქვს მნიშვნელობა წელიწადის რა დროა და როგორი ამინდია, ერთსა და იმავე დროს, თითქმის ერთსა და იმავე ადგილას ვხედავ სრული აღნაგობის, ჭრელა-ჭრულა კაბებში გამოწყობილ ქალბატონს, ზამთარში ამ სიჭრელეს, .. "ბუშლატა" ემატება, ხვეული, შესაღები თმა მუდმივად გაშლილი აქვს, წელზე შემოკრული საფულით და ხელში დიდი ეზოს ცოცხით, თავჩაღუნული გვის. მერე როცა შესვენებაზე გავდივარ, ისიც ისვენებს, იქვე, გზაჯვარედინთან, ბორდიურზე ერთი ამოჩემებული ადგილი აქვს, აქაც თავჩარგული, ცოცხჩახუტებული ზის, ხელში პურის ნაჭერი უჭირავს და უგემურად, ჩაფიქრებული სახით შეექცევა... საღამოს სახლში რომ ვბრუნდები, ისევ ქუჩას დასტრიალებს, გულდასმით ალაგ-ალაგ აგროვებს პატარ-პატარა გორებად წიწვებს, ქაღალდებს... ეს წიწვებიც ხომ გამოულევადაა მთელ ქალაქში. წელიწადის ყველა დროს ჩამოდის და ჩამოდის გაქუცული, დამტვერილი ნაძვებიდან... სულ მიკვირს, როგორ უნდა გაწმინდოს ჰაერი ხემ, რომელსაც უამრავი გამონაბოლქვი და მტვერი უხვად ადევს და მემგონი, ენა რომ ჰქონდეს, აქეთ შეგვეხვეწებოდა გასუფთავებას.
ნაძვებს ვერა, მაგრამ ჩემი ნაცნობი მეეზოვე, მის ქვემოთ დაყრილ ათას უბედურებას კი აწესრიგებს ისე, როგორც შეუძლია, ზერელედ, ზანტად, კუშტი გამომეტყველებით.
რამოდენიმე დღის უკან, მაღაზიიდან ვბრუნდებოდი, ამდენი ხნის მანძილზე, პირველად რომ გამომელაპარაკა, უფრო სწორად, მე თვითონ მივედი მასთან. ბაზრის მოპირდაპირე მხარეს, ხიდის საფეხურთან ჩამომჯდარი, მწვანილებს ყიდდა. ვიცანი, გამახსენდა, სახლში ხახვი და წიწმატი აღარ მქონდა და ორიოდე კონას ხელი წამოვავლე:
-
რა ღირს?-ვეკითხები.
-
შენთვის მთლიანად ლარი ღირს, იმიტომ რომ გიცნობ..
-
ხო, ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს-დავუდასტურე.
-
არა, მაგიტომ არა, მეც გოჩიაშვილი ვარ (თურმე მიცნობს და გვარიც კი სცოდნია), აი, სიკოს გოგო..
-
უი, არ ვიცი, მამას ალბათ, ეცოდინება-გავიღიმე, მთელი ბღუჯა მწვანილები პარკში ჩავაწყე, მადლობა გადავუხადე და წამოვედი...
მეორე დილით, ტრადიციულად, ისევ შევხვდით ერთმანეთს. ის ცოცხით, მე-ჩანთაგადაკიდებული, ხელში პარკით. გავუღიმე და პირველი მე მივესალმე, ცოტა გაოცებულმა შემომხედა და თავი დამიქნია. ალბათ, არ ელოდებოდა... მას მერე ყოველთვის ვესალმები და ისიც დინჯად, თავის დაქნევით მპასუხობს..
თითქოს არაფერი, მაგრამ ესეც ყოველდღიურობის ნაწილი და კიდევ ერთი ადამიანური ისტორიაა.
ფოტო აღებულია ინტერნეტიდან
.


Comments

Popular Posts