კინო


      გასული საუკუნის 80-იან წლებში გურჯაანი პატარა, ფუსფუსა ქალაქი იყო თავისი ორიგინალური ადგილმდებარეობით, საბჭოთა არქიტექტურის სტილში აშენებული შენობებით, გზებით, რომლებზეც დღევანდელისგან განსხვავებით, ცოტა მანქანები მეტი სიფრთხილით და შეძლებისდაგვარად ნაკლები სიჩქარით მოძრაობდნენ.  მაღაზიებით, სასურსათო სუპერმარკეტებით, რომლებსაც მაშინ ”გასტრონომი” ერქვა. აფთიაქი ერთი იყო და ისიც მთავარი, ბანკიც  ერთი და არა ათეულობით, კულტურისა და დასვენების პარკი, კულტსახლი და რაც მთავარია, ქალაქის მთავარ გამზირზე წამომართული დიდი შენობა, ფასადზე ოქროსფერი წარწერით          ” ნატო ვაჩნაძის სახელობის კინოთეატრი”.
დიახ, გურჯაანში იყო კინოთეატრის დიდი და ლამაზი შენობა.
კომუნისტები კინოხელოვნებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ, როგორც  ”მასებზე ზემოქმედების უძლიერეს იდეოლოგიურ საშუალებას” და ამიტომ ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში იხსნებოდა კინოთეატრები. სოფლებში-კლუბები ან ეზოში სახელდახელოდ მოწყობილი ”კინოდარბაზები”.  მათში ძირითადად, რევოლუციასა და სამამულო ომზე გადაღებული, საბჭოთა მოქალაქეების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფილმები გადიოდა, თუმცა დრო და დრო ჩვენამდეც აღწევდა ფრანგული, იტალიური და ამერიკული კინოსურათები და მაშინ, დაცარიელებული დარბაზები ხალხს ვეღარ იტევდა. 
ერთი სიტყვით, ახალი კინოშედევრების გაცნობის საშუალება არსებობდა და გურჯაანელებიც ხალისით ეცნობოდნენ.  ვის არ ნახავდით ბილეთების რიგში: დღენიადაგ ”ბირჟაზე” დაყუდებული უსაქმურებიდან დაწყებული, ინტელიგენციით დამთავრებული, რომელთაც ახალი სურათის ნახვასთან ერთად ყოველდღიური, დამღლელი რუტინიდან განტვირთვა სურდათ.
          მე ძალიან გამიმართლა იმით, რომ მამაჩემი კინომანი გახლდათ და ეს სიყვარული გენეტიკურად გადმოგვეცა მე და ჩემს დებს. მახსოვს, როგორ იწერდა მამა უამრავ საბჭოთა თუ უცხოურ ჟურნალებს და მათი წყალობით, ცნობილი კინოვარსკვლავების ფოტოების საკმაოდ დიდი კოლექცია ჰქონდა.  მერე ეს ალბომები ჩვენ გადმოგვაბარა და უკვე მე და ჩემმა დებმა შევავსეთ ძველი თუ ახალი მსახიობების ნაირ-ნაირი ფოტოებით.
          საღამოობით,  ყველა ერთად ვუყურებდით ”ილუზიონ”-ში გასულ, მანამდე აკრძალულ  უცხოურ კინოსურათებს და ამიტომ, პატარაობიდანვე სამივემ კარგად ვიცოდით ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, ნანახი გვქონდა მათი თითქმის ყველა ფილმი.
          როცა წამოვიზარდეთ, კინოს საყურებლად ჩვენი ფერადი ტელევიზორიდან უკვე ადგილობრივი კინოთეატრის დიდ დარბაზში გადავინაცვლეთ და ეს ”მისიაც” მამამ იტვირთა. დედა გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და ოჯახური საქმეების გამო, იშვიათად შემოგვიერთდებოდა ხოლმე და ამიტომ ყოველი ახლად გამოსული ფილმის სანახავად მამასთან ერთად მივდიოდით.
ბილეთები ძირითადად, წინასწარ გვქონდა შეძენილი, რადგან  სალაროსთან ყოველთვის გრძელი რიგი იდგა. დიდი ალბათობა იყო უბილეთოდ დარჩენილიყავი, ამიტომ თადარიგს წინასწარ ვიჭერდით.
ერთი სული მქონდა როდის მივუახლოვდებოდით თეთრ დიდ შენობას ფართო კიბეებით, ორივე მხარეს, მინის ჩარჩოში ჩასმულ ფერად აფიშებს კიდევ ერთხელ შევავლებდი თვალს, გავივლიდით სალაროსთან მდგარ ხალხის ტალღაში და მივაღწევდით შესასვლელამდე, შევაჩეჩებდით ბილეთებს ზონზროხა შავგრემან კარის ქალს-მანიას, რომლის ქორივით მზერას არცერთი უბილეთო არ გამოეპარებოდა, ჩხუბით გამოეკიდებოდა, უკანვე გააბრძანებდა, ხოლო მორიგ ბილეთიანს თავაზიანად მოუხევდა ”კონტროლს” და კითხვაზე, როგორი სურათიაო, ამაყად მიუგებდა: ”მაგარი ფილმია, ოქრო”.
 ჩვენც,  მანიას ”კომპეტენტურ” შეფასებას მინდობილნი, თამამად შევდიოდით ფოიეში. აი, აქედან იწყებოდა სხვა სამყარო. . . შესვლისთანავე დიდი სივრცე, რომელსაც მაღლიდან მედიდურად დასცქეროდა ოქროსფერ ჩარჩოში ჩასმული ნატო ვაჩნაძის უზარმაზარი პორტრეტი. ფეხის ხმა წყდებოდა, რადგან ფოიეში მოიისფერო რბილი იატაკი ყველაზე მაღალ და წვრილი ქუსლების კაკუნსაც ეფექტურად ახშობდა და ამ სიჩუმეში ხმამაღალ საუბარსაც ვეღარავინ ბედავდა. პირდაპირ პატარა, მთლიანად ხეში ჩასმული ავანსცენა გვეგებებოდა, რომლის ორივე მხარეს, უზარმაზარი შავი ხმის გამაძლიერებელი, ე.წ. ”დინამიკები” დაედგათ, ფართო ფანჯრებიდან  უხვად შემოდიოდა შუქი, თუმცა დარბაზის ორივე კუთხეში მდებარე პატარა კარების ზემოთ მუდმივად ბჟუტავდა  მწვანე ასოებიანი აბრა წარწერით ”შესასვლელი”, რომელიც მაცდურად გვეპატიჟებოდა ”საოცრებათა ქვეყანაში” და ჩვენც მამასთან ერთად, ხშირად დაგვიანებული,  შევდიოდით უკვე მთლიანად ჩაბნელებულ დარბაზში, ეკრანიდან გადმოსული შუქის წყალობით ვპოულობდით ჩვენს ადგილებს, აკეცილ ხის სკამს ჩამოვწევდით, მოვკალათდებოდით და წამსვე ვივიწყებდით გარეთ დარჩენილ ქუჩას, სახლებს, ახმაურებულ შემოსასვლელს, გურჯაანს, რადგან ამ პატარა კარის მიღმა სხვა დრო, სხვა ქალაქები და სხვა ადამიანები გველოდებოდნენ. თავგადასავლებიც  იწყებოდა. . .
          ერთ-ერთი პირველი ფილმი ”ტარზანი” ვნახეთ, რომლის პრემიერაც წლების წინ გურჯაანელებისათვის ძალიან სავალალოდ დამთავრდა...როგორც მამა გვიყვებოდა, ფილმით შთაგონებულმა ახალგაზრდებმა, ”ახტალის” ტყეში თოკები გაჭიმეს და ”იდეის ხორცშესხმას” შეეცადნენ, თუმცა ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დეტალი ვერ გათვალეს, ცურვაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, ჯონი ვაისმიულერის მოქნილობა. . . ამიტომ, მალე ტრავმატოლოგიური განყოფილება გაივსო ”ლიანებზე” მოხტუნავე, ხელ-ფეხ დამტვრეული  ”ტარზანებით”.
ამ ისტორიის გახსენებისას, ყოველთვის ვფიქრობ, კიდევ კარგი, ”შერეკილების” ნახვის შემდეგ, ფრენის იდეა არ აიტაცა ზოგიერთმა, რასაც გაცილებით ცუდი დასასრული ექნებოდა. . .
სწორედ ამ ჯადოსნურ დარბაზში, არაერთხელ გვიმოგზაურია მე და ჩემს დებს ”ატლანტიდის ბელადებთან”, ვეშაპებზე მონადირეებთან, მეკობრეებთან, გვირბენია ამაზონის ჯუნგლებში, გვიდევნია საშიში დამნაშავეებისათვის, უზარმაზარი კინგ-კონგის ხელებზეც გვიფრენია მშვენიერი ჯესიკა ლანჟის გვერდით, ლუი დე ფიუნესთან ერთად უამრავი სასაცილო თავგადასავალი გადაგვხდენია ”დიდ გასეირნებაში”, თქვენ წარმოიდგინეთ, იდუმალი ოკეანის ფსკერიც  შეგვისწავლია და სამ მეგობარ მამაკაცთან ერთად პატარა ჩვილიც გაგვიზრდია უამრავი კურიოზებით.
იყო შემთხვევები, როდესაც  ტექნიკური ხარვეზის გამო, ფილმის ჩვენება რამოდენიმე წუთით წყდებოდა და მაშინ, აქამდე განაბულ დაბაზს, გამაყრუებელი სტვენის ხმა გადაურბენდა, დამსწრე საზოგადოება ჯიუტად ითხოვდა გაგრძელებას. საბედნიეროდ, კინომექანიკოსი დროულად ახერხებდა აპარატის გამართვას და ზღაპარიც გრძელდებოდა. . .
          გამორჩეულად დამამახსოვრდა ”ქვის რომანის” პრემიერა, რომელზეც ბიძამ და ბიცოლამ წაგვიყვანეს. ზღვა ხალხი ირეოდა კინოთეატრის წინ და ფოიეში.  როგორც იქნა, შევაღწიეთ დარბაზამდე და დაიწყო მაიკლ დუგლასის და ქეთრინ ტერნერის სახიფათო მოგზაურობა კარტახენაში, უზარმაზარ, მწვანედ მოელვარე ზურმუხტზე ნადირობა, ხოლო ეს  ყველაფერი ამ ორი გმირის რომანტიული სიყვარულის ფონზე ვითარდებოდა. ზურმუხტის პოვნა კი ქეთრინის დის გადასარჩენად იყო აუცილებელი, ამიტომაცაა რომ ბოლო სცენაში ჯეკ კოლტონი (მაიკლ დუგლასი) ოკეანეში თან მიჰყვება უზარმაზარ ნიანგს, რომელმაც ეს სანუკვარი ძვირფასი ქვა გადაყლაპა. დარბაზში სამარისებური სიჩუმეა და ყველა სულგანაბული ველოდებით ფილმის ფინალს, სადაც ზურმუხტისყლაპია ნიანგის ტყავისგან  შეკერილი ჩექმებით ჯეკი თავის საყვარელ ქალს შუა ქალაქში იახტით მიაკითხავს.
ინთება შუქი და ჩვენც ამ რომანტიკითა და სიყვარულით მონუსხულები ვტოვებთ დარბაზს, მხოლოდ ბიძაჩემი იყო იმედგაცრულებული, ”მწვანე ბოთლის ნატეხს დასდევდა ამდენი ხალხიო”- დაასკვნა ფილმის ბოლოს, რაზეც ბევრი ვიცინეთ. . .
კინოს რომ უდიდესი იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ზეგავლენის უნარიც ჰქონდა, ამაში ახალგამოსული ფილმიც გვარწმუნებდა. ახალი კინოსურათის ნახვის შემდეგ, მარტო ფილმის სიუჟეტი კი არა, გმირების დიალოგებიც ”ფრთიან გამონათქვამებად” იქცეოდა. შესაძლოა, რეჟისორის ჩანაფიქრსა და ფილმის იდეას ბევრი ვერ ჩასწვდენოდა, მაგრამ მთავარი პერსონაჟების ფრაზებს, კარგად იმახსოვრებდნენ. ასე მაგალითად, ”დისკოს მოცეკვავის” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომელიც მაშინვე საბჭოთა კინოგაქირავების ლიდერად იქცა და რომლის ყოველ სეანსსაც გურჯაანელი ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა პირველი რიგიდან ადევნებდა თვალს, პატარა ქალაქის რეალობაში შემოვიდა უცნაური ფრაზა: ” ძერჟი გიტარუ, ჯიმი”, რომელსაც მოცეკვავე ჯიმის  ფილმის ყველაზე კულმინაციურ მომენტში ეუბნებიან და ამით იკვრება მთავარი კვანძიც.
აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ როდესაც ”დისკოს მოცეკვავე” ვნახეთ, კინოთეტრიდან გამოსულებს, მამამ კატეგორიულად გამოგვიცხადა, ამის შემდეგ, მხოლოდ ჩემი არჩევით ვნახავთ ფილმებსო.
ინდური ფილმები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გურჯაანელ ბოშებში, რომლებიც გრძელ ჭრელა-ჭრულა კაბებსა და სამკაულებში საზეიმოდ გამოწყობილები, დილიდანვე დასეირნობდნენ ქალაქის მთავარ პროსპექტზე და სეანსის დაწყებას ელოდებოდნენ, ბილეთების უმეტესი ნაწილი მათ ქონდათ ნაყიდი და შესაბამისად, დარბაზის ნახევარსაც ისინი იკავებდნენ.
არც კურიოზები აკლდა ფილმის მსვლელობას. ერთხელ, როცა წინა რიგში გამოჭიმული, გურჯაანის კოლორიტი ვინმე კარლო, სენიორ რობინზონის პარასკევას ხმამაღლა ეპატიჟებოდა ”ახტალაზე” ვანების მისაღებად,  ინტიმური სცენის მომლოდინე გასუსულმა დარბაზმა იფეთქა და მაყურებელი ისტერიულად ხარხარებდა  მთელი ოცი წუთის განმავლობაში. კინოჩვენება ხშირად წყდებოდა სულ უკანა რიგში მიმჯდარი, რომელიმე სულსწრაფი მწეველის ”ქურდულად” მოკიდებული სიგარეტის კვამლის გამო, რომელიც კარგად ჩანდა პროექტორიდან გამოსული ფერადი სხივების ფონზე. ”დამრღვევი”, ადმინისტრაციის და თქვენ წარმოიდგინეთ, მაყურებლის მკაცრი მოთხოვნით, ყოველთვის ტოვებდა დარბაზს და ხშირად, ასეთი ინციდენტების მთავარი გმირი,  გურჯაანის კიდევ ერთი კოლორიტი  ”გიჟი ავთო” იყო, გაპრიალებული ჩეხური ფეხსაცმლით, ”ვილვეტის” შარვლით, კოტონის მაისურით და მის ჯიბეში ჩადებული, უკვე ჩანახევრებული  ”პალ მალის” კოლოფით.
ცოტა მოგვიანებით, უკვე გიორგი შენგელაიას ”ხარება და გოგიამ” დაიპყრო ჩვენი ქალაქის  და მთელი საქართველოს კინოთეატრები, ხოლო ლევან თედიაშვილის გმირის, კახელი ყაჩაღი- გოგიას ფრაზა ”...ეხლა კი დაგაჯდა სიკვდილის ბუზი”, მთელმა გურჯაანმა აიტაცა.
სკოლას ვამთავრებდი როდესაც ეკრანებზე ორი ქართული ფილმი, ”ჩიორა” და ’სპირალი” გამოვიდა, რომელთა ნახვაც მასწავლებელმა გვირჩია და ამჯერად უკვე დამოუკიდებლად, მამის გარეშე  წავედით მე და ჩემი დები კინოთეატრში.
”ჩიორადან”, სიუჟეტთან ერთად, ალექსანდრე ბასილაიას ულამაზესი მუსიკა დამამახსოვრდა, ხოლო ”სპირალით” გურამ ფანჯიკიძის უკვე წაკითხული, სკანდალური რომანი ცოცხლად ვიხილე დიდ ეკრანზე.
მერე. . .  მერე დრო სასტიკი გახდა... კინო, სულიერება, რომანტიკა აღარავის სჭირდებოდა, აღარც შუქი იყო, აღარც პირობები და ადრინდელი განწყობა. ცოტა ხნით, დიდი ეკრანი სახელდახელოდ მოწყობილმა ვიდეოთეკამ ჩაანაცვლა, მერე საბოლოოდ დაიკეტა ეს უზარმაზარი შენობა და მასთან ერთად კინოს სამყაროც.
რამოდენიმე წელში,  მოსახლეობისათვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა ვიდეო მაგნიტოფონები  შავ კასეტებთან ერთად და ახლა სახლებში გრძელდებოდა ახალი თუ ძველი, უკვე დავიწყებული თუ ჯერ უნახავი ფილმების ყურება.
ახლა ტელევიზიით 150 არხიდან 100-ზე ერთმანეთის მიყოლებით საეჭვო ხარსხის და ღირებულების ფილმები გადის, რომელთაც  მეტწილად, მაყურებელი აღარ ჰყავთ.
კინოთეატრის შენობამ საბოლოოდ დაკარგა თავისი ფუნქცია და ხალხმაც დაივიწყა. კედლებთან მაღალი ბალახი ამოიზარდა, აფიშები გახუნდა  და დაიხა, მინის ჩარჩოები ჩაამსხვრიეს. მალე ქალაქში მომრავლებული ბანკებიდან ერთ-ერთმა, ჯერ შენობის ნახევარი დაიკავა, შემდეგ მთლიანად გაფართოვდა და გრძელ კიბეებზე პრემიერაზე მოსული, გამოპრანჭული საზოგადოების ნაცვლად, პენსიის მომლოდინე მოხუცი, ხელჯოხიანი ბებიების და პაპების რიგი დადგა.
ამ ბანკებითა და აფთიაქებით გადაჭედილ პატარა ქალაქში აღარც კინოთეატრის და აღარც რომანტიკის ადგილი აღარ იყო.





Comments

Popular Posts