მარინა

     წლების წინ, თბილისში, მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმში ვასწავლიდი ფრანგულ ენას. ეს სკოლა თავისი უცნაური გარემოთი, დირექტორით, მოსწავლეებითა და ინტერნაციონალური პედკოლექტივით, სამუდამოდ შემორჩა ჩემს მეხსიერებას.  
      თავად ლიცეუმი  ყოფილი ქორეოგრაფიული სასწავლებლის უზარმაზარ, ოთხსართულიანი შენობის ბოლო ორ სართულზე იყო განთავსებული. იქამდე ასასვლელად კი ბევრი უჩვეულო და საინტერესო ადგილის გავლა მიხდებოდა:  პირველ სართულზე შემინული, პატარა შუშებიანი საყარაულო თუ სათვალთვალო პუნქტი მეგებებოდა, სადაც ერთთავად დილიდანვე კარგად გამობრუჟული, გაქექილ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი  გურამი ან ოთარი ძია ყვინთავდნენ. ჩემთვის ბოლომდე გამოცანად დარჩა ვის, ან რას ყარაულობდნენ.
     ამ პუნქტის პირდაპირ, დიდ ოთახთან აუღებელი რიგი იდგა და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ოთახის კარზე ოქროსვარაყიანი ასოებით ჯადოსნური სიტყვა ”ამანათები” იწონებდა თავს, საიდანაც გაბადრულ ადრესატებს გულში ჩახუტებული გამოჰქონდათ შორეული საბერძნეთიდან გამოგზავნილი,  ათასგზის გადასკოჩილი ყავისფერი  ყუთები.
       მეორე, მუდმივად ჩაბნელებულ და ცივ სართულზე,  სტანდარტულ შავ-თეთრ საცეკვაო ფორმებში გამოწყობილი პატარა გოგო-ბიჭები ირეოდნენ. ამ ერთადერთ ადგილას შერჩენილი, ძველისძველი საცეკვაო სტუდიაღა ამართლებდა შენობის ფასადზე მიკრულ მოზრდილ ოქროსფერ აბრას,                                                                     რომელზეც ”ქორეოგრაფიული სასწავლებელი” წაეწერათ. მეორე სართულიდან, მთელი დღის განმავლობაში,  დოლის ბრაგუნი და გარმონის ჭყვიტინა ხმები აღწევდა ბროსეს სკოლამდე და ასე დოლ-გარმონის თანხლებით ვმოგზაურობდით მე და ჩემი პატარა მოსწავლეები ფრანგული ენის სამყაროში...
    ეს სამყარო კი მესამე სართულის შემინული კარიდან იწყებოდა. შეაღებდი და დახუთულ, ვიწრო. საჭმელებისა და ტუალეტის სუნით გაჯერებულ კორიდორში ამოყოფდი თავს, სადაც რეაქტიული კომეტებივით დაქროდნენ შესვენებაზე სულ რაღაც  10 წუთით  გამოშვებული მოსწავლეები. ერთადერთი რაც ჩვეულებრივი საჯარო სკოლის სიტუაციიდან განასხვავებდა ამ გარემოს: ფრანგულ-ქართული საუბრის ნაზავი იყო...გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორისაც ფრანგები ერივნენ, ეს არეული ხმები და გადაძახილებიც მუდმივად ორ ენაში ისმოდა.
        სკოლის უცნაური დირექტორი და მოწვეული ფრანგი პედაგოგები ამტკიცებდენენ, ჩვენთან სწავლების სისტემა, მეთოდები და მიდგომებიც ფრანგულიაო. მოსწავლეები სემესტრის ბოლოს გამოცდებსაც დისტანციურად, მათთვის უცხო ფრანგ მასწავლებლებს აბარებდნენ  საფრანგეთში.
       ამ უჩვეულო გარემოში,  კონკურსის გავლის შემდეგ, მოვხვდით მე და ჩემი რამოდენიმე კოლეგა. ყველა თითქმის ერთი ასაკის, ახალგაზრდები, უდარდელები და რაც მთავარია, დასაოჯახებლები  ვიყავით. ასაკოვანი მხოლოდ ფრანგები, ანუ საფრანგეთიდან ჩამოსული, პენსიაში გასული პედაგოგები იყვნენ და კიდევ შუახნის სათვალეებიანი ქალბატონი, დაბნეული გამომეტყველებით, რომელიც მუსიკის მასწავლებელ მარინად გაგვეცნო.
     მარინას, როგორც გვითხრა,  სამუსიკო ათწლედი ქონდა დამთავრებული და ბროსეს ლიცეუმშიც სწორედ ამ პროფილით მოხვდა. თუმცა მთელი ცხოვრება ფრანგული მიყვარდა და ფრანგული ენის პედაგოგად მუშაობაზე ვოცნებობდიო-გაგვიმხილა.
      ჩაცმულობაცა და მანერებიც სასაცილო და განსხვავებული ჰქონდა. ზამთარ-ზაფხულ გახუნებული ”კლოში” ყვავილებიანი ქვადაბოლო ეცვა, რომლის ოდესღაც იისფერი ყვავილები რეცხვისა და ჟამთა სვლისგან ახლა წითლად აელვარებულიყო, ხოლო ჭრელა-ჭრულა ბლუზებზე, დიდი ხნის მოდიდან გასული,  მხრებზე სასაცილოდ აწოწილი ე.წ.”ლიპები” წამოესკუპებინა.
       ყოველთვის ადრე მოდიოდა გაკვეთილის დაწყებამდე. დიდი, ჯარისკაცული ნაბიჯებით შემოვარდებოდა ოთახში,  ჩანთიდან მტვრების ტილოსა და ავეჯის საპრიალებელს ამოიღებდა და უზარმაზარ, ძველ, შავ პიანინოს, (რომელიც ჩვენი დირექტორის ცოლის, რუსიკოს მზითევი აღმოჩნდა,) საგულდაგულოდ გააპრიალებდა ბუტბუტით: აი, ასე უნდა მოუარო ინსტრუმენტსო.
 ზარის დარეკვისთანავე მოსწავლეებს  გარშემო  დაიმწკრივებდა და ის იყო ვიფიქრებდი,  როგორც იქნა,  დაიწყებს გაკვეთილს-მეთქი, რომ ადგილიდან წამოხტებოდა, სათითაოდ გაასწორებდა ყველა მათგანს, დაუტატანებდა და საქმიანად ისევ თავის ადგილს უბრუნდებოდა...
აი, მაშინ კი ცოტა რთული მოსასმენი ხდებოდა ჩვენი მუსიკის გაკვეთილი. პიანინოზე დაკვრაც სიარულის შესაბამისი იცოდა. გაზეპირებულ რამოდენიმე აკორდს ისე გულმოდგინედ დააბრახუნებდა, რომ რუსიკოსათვის ოდესღაც მზითევში სათუთად გამოტანებული პიანინო ადგილზე ხტუნვას იწყებდა...
    თავიდან, დანახვისთანავე, ვიფიქრე, ეს ალბათ გაუთხოვარი იქნება-მეთქი, მაგრამ მერე საუბრიდან გამოირკვა რომ გვიან გაჰყოლოდა ცოლნაყოლ მამაკაცს, რომელსაც ანზორს ეძახდა. თუმცა ისიც გაგვიმხილა, რომ მიუხედავად მრავალგზის მკურნალობისა, ღმერთმა შვილი არ მომცაო. სხვა მის შესახებ არაფერი ვიცოდით. არც ახლობლებსა და და-ძმებს ახსენებდა არასდროს და მერე ყურმოკვრით გავიგეთ, რომ მთელი ოჯახი, დედა, მამა და ახალგაზრდა ძმაც ტუბერკულოზით ყავდა გარდაცვლილი. ანზორის გარდა სხვა ახლობელი არავინ გააჩნდა...
    აი, დედობრივი გრძნობები კი ნაკლებად ჰქონდა მოძალებული, რასაც მისი პატარებთან დამოკიდებულებაც მოწმობდა. ბავშვებს ყოველთვის მენტორული და მკაცრი ტონით ელაპარაკებოდა, ხშირად უყვიროდათ კიდეც. ჩემი ჯგუფიდან რატომღაც 4 წლის პატარა ფრანგი, საშინლად მოუვლელი  გოგონა, სოფი შეიყვარა თავისებური სიყვარულით, რაც იმით გამოიხატებოდა რომ ხანდახან თავისთან მოიხმობდა, თავზე ეფერებოდა და  გაწეწილ, დაუვარცხნელ ქერა კულულებს თითებით ულაგებდა. მუსიკის გაკვეთილის დაწყებამდე კი მზრუნველად შეუსწორებდა  გაწეპილ ცისფერ წინსაფარს თან დააყოლებდა ”დაგეწვას ტაბლიე” (ფრანგ. წინსაფარი, ამ სიტყვას რატომღაც ყოველთვის ფრანგულად ხმარობდა).  სითბოსა და ყურადღებას მოკლებული ბავშვიც მალე მიეჩვია.
        მობილურები ახალი შემოსული იყო და მარინამაც იყიდა. მისთვის ცალკე საპრიალებელი ჩვარი შეიძინა და შავ პიანინოზე არანაკლებ უვლიდა.
თუმცა დიდად არც არავინ  ურეკავდა და არც თვითონ კითხულობდა ვინმეს. ერთადერთი იშვიათი ზარი ანზორისგან შემოდიოდა. ამ დროს ძალიან ამაყი და კმაყოფილი სახით ღილაკს თითს აჭერდა და რატომღაც რუსულად გადმოგვილაპარაკებდა : ”ანზორ ვიზივაეტ”, მერე ყურზე მიიდებდა და ომახიანად ჩასძახებდა:  ჰო, გისმენ!
   კიდევ ერთი უცნაური თვისება ჰქონდა: ყველაფერი იმდენად უკვირდა და ეუცხოვებოდა, რომ ვფიქრობდით, ალბათ,  ამ გაწითლებული ქვედაბოლოს და სასაცილო ბლუზების გარდა, სახლში არაფერი აბადიაო. მახსოვს, ერთხელ, რამდენხანს ატრიალა ხელში მოსწავლის მოტანილი ვარდის თხევადი საპონი. გახსნა, დაყნოსა და სათუთად ისევ თავის ადგილს დაუბრუნა. თუმცა ჩვენი ეჭვები მალე გააქარწყლა მარინას სახლში ვიზიტმა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
        განსაკუთრებით მე და ჩემს მეგობარ ლანას დაგვიახლოვდა. რამოდენიმეჯერ ყავაზეც დავპატიჟეთ, ვისაუბრეთ, ძირითადად სკოლის თემაზე და მოსწავლეებზე. კლასში შემოსვლისას, უკვე ღიმილით გვესალმებოდა, მოგვიკითხავდა, ბავშვების მიმართაც უფრო ლმობიერი და თბილი გახდა. გაზაფხული იყო, მაისის დასაწყისი და რამდენიმე გოგოს გამოგვიცხადა, ხვალ ჩემთან დაბადების დღეზე გეპატიჟებითო. აბა, ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდით, როცა ბოლოს და ბოლოს შესაძლებლობა გვეძლეოდა ეს უცნაური ადამიანი ოჯახურ გარემოშიც გვენახა და მისი ანზორიც გაგვეცნო. დილით ბაზრობას მივაშურეთ და შეგროვილი ფულით ფრანგული, იმხანად მოდაში ახლად შემოსული თეფშები ვუყიდეთ საჩუქრად. თუმცა მანამდე  მე და ჩემს მეგობარს ერთდროულად გაგვახსენდა მარინას საკმაოდ შელახული ქვედაბოლო და ისიც ვიფიქრეთ,  მსგავსი სტილის ახალი მოჩითული ”იუბკა” ხომ არ გვეყიდა, მაგრამ ეს აზრი მალე უარვყავით და ისევ ნეიტრალური საჩუქრით შემოვიფარგლეთ.
თბილისის ერთ-ერთ ძველ, ცენტრალურ უბანში ცხოვრობდა. მისამართს იოლად მივაგენით. გარეთ კარებში გველოდებოდა უკვე. საჩუქარი ზღურბლზევე დიდის ამბით გადავეცით და დაწინაურებულ მასპინძელს უკან მივყევით. მაღალი წითლად შეღებილი კიბეების ავლის შემდეგ, მოგრძო კორიდორში აღმოვჩნდით. თეთრი კარი შეაღო: აი, აქ ვცხოვრობო. კარებში საშუალო ასაკის, ლურჯ, კლეტკიან „საროჩკაში“ გამოწყობილი მელოტი  მამაკაცი შემოგვეგება და თავაზიანად ხელი ჩამოგვართვა ყველას. წარდგენა არც სჭირდებოდა,  ერთხმად გავიფიქრეთ, ეს ნამდვილად ანზორი იქნებაო. ორივემ დიდ მაღალჭერიან ოთახში შეგვიპატიჟეს. ირგვლივ საოცარი სისუფთავე და წესრიგი სუფევდა. ფანჯრებზე თეთრი, გახამებული ფარდები ჩამოეკიდათ, ხოლო ოთახი ერთ დროს მოდური რუმინული გარნიტურით იყო მოწყობილი. გაპრიალებულ ვიტრინაში კი ძვირფასი ჭურჭელი და ჩეხური ლარნაკები ბრწყინავდა. ყველაზე საპატიო ადგილი  პიანინოს ეკავა, რომელსაც მაშინვე მიუჯდა ჩვენი იუბილარი და საბავშვო, დაზეპირებული სიმღერების ნაცვლად (რომლის მოსმენის ”ბედნიერებაც” თითქმის ყოველდღე მქონდა სკოლაში) ქალაქური სიმღერების პოპური შეასრულა. ყველამ ცენტრში გაშლილ სუფრას შევავლეთ თვალი, რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლდა. მივხვდით, მასპინძელი ჩვენთან შესახვედრად საგულდაგულოდ მომზადებულიყო. აღმოჩნდა რომ თითქმის ყველა კერძი ანზორის შემოქმედება გახლდათ. მარინა  ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. როგორც კი მე და ლანა მარტო დაგვიგულა, მორიდებით გვკითხა, საჩუქარი მომეწონა, რამდენი გადაიხადეთო. თქვენ წარმოიდგინეთ,  ეს კითხვა არ გაგვკვირვებია, ველოდებოდით კიდეც. მერე როდესაც სააბაზანოში ხელების დასაბანად გასულმა პირსაბანზე ზუსტად ისეთივე ვარდის თხევადი საპონი აღმოვაჩინე, რომელსაც ცოტა ხნის წინ, მარინა გაოცებული ატრიალებდა ხელში, მივხვდი, ამ ადამიანს  არაფერი არ ეკლდა, უბრალოდ ასეთი ახირებული ხასიათი ჰქონდა: ყველაფერი ბავშვივით უკვირდა.
სუფრასთან შემომსხდრებს, კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა, როდესაც თეთრი კარი ისევ გაიღო და დაგვიანებული სტუმარი შემოვიდა ოთახში. ახალგაზრდა წვერმოშვებული ბიჭი, რომელიც ანზორის შვილი აღმოჩნდა და რომელიც მაშინვე სუფრის თავში თამადად დასვეს. ხოლო როდესაც თამადამ აღტაცებული ხოტბა შეასხა იუბილარს და აღნიშნა, ეს არის ქალბატონი, რომელიც დროს უკან ატრიალებსო, ყველამ გაბადრულ მარინას გადავხედეთ და მყისვე ავიტაცეთ ეს სადღეგრძელო. ის კი, უზომოდ ამაყი და ბედნიერი, პიანინოს მიუჯდა და ”დაისი” დააგრიალა, რომელსაც ”შალახო” მოჰყვა და სუფრაც გამხიარულდა. საღამოს კულმინაცია თეთრი დიდი ტორტი გახდა,  ანზორიმ რომ ანთებულ სანთლებთან ერთად შემოიტანა და იუბილარმა სიმღერის თანხლებით ჩააქრო.
 მერე... დიდხანს ვემშვიდობებოდით კართან მდგარ მარინასა და ანზორის და გულწრფელ მადლობას ვუხდიდით მართლა არაჩვეულებრივი საღამოსათვის.
იმ საღამოს მერე, როგორც სჩანს, საბოლოოდ თავისიანებად დაგვიგულა და მე და ლანას ”ველიკალეპნაია ტროიკა” დაგვარქვა, მესამე რა თქმა უნდა, თვითონ იყო.
მარინა საბოლოოდ ”მოვიშინაურეთ” და როგორც უფროსი მეგობარი, შენიშვნებსაც გვაძლევდა ხოლმე. მაგალითად, ყოველი ხელფასის აღების მერე, როცა ჩემს მორიგ ახალ ბიჟუტერიას ან კოსმეტიკას ნახავდა, უთუოდ შენიშნავდა:
-აი, სად მიდის ამისი ფულები?! დედაშენმა იცის ამეებში რომ ხარჯავ?
და მერე დამრიგებლური ტონით მეგობრულ რჩევასაც მომცემდა ხოლმე, ამ უსარგებლო ნივთების ყიდვას, ერთი კარგი ”კოსტუმჩიკი”  იყიდო, აჯობებსო.
ეს მეორდებოდა ყოველი ხელფასის აღებისას და მე ვერცერთხელ ვერ შევუსრულე  სურვილი და ვერ ვიყიდე  ”კარგი კოსტუმჩიკი”.
ასე გაილია კიდევ ერთი წელი ბროსეს სკოლაში. მარინა ისევ თავისი განუყრელი ჩაცმულობით დადიოდა, ისევ გამეტებით აბრახუნებდა რუსიკოს პიანინოზე და ისევ უბრაზდებოდა ახმაურებულ პატარებს (სოფის გარდა) მერე კი კმაყოფილი გადმოგვხედავდა და გვეტყოდა: ხედავთ, როგორ „გაიკანკნენ“ (ეს სიტყვა უყვარდა), ასე უნდათ მაგათო...
ამასობაში ისევ მოვიდა გაზაფხული და დადგა სურნელოვანი და ნანატრი მაისი. ჩვენმა მეგობარმა ამჯერადაც არ  უღალატა ტრადიციას და დაბადების დღის აღნიშვნა არც მეტი არც ნაკლები, ვაკეში ახლადგახსნილ „საკრეპე“-ში გადაწყვიტა, რომლის სახელიც ძალიან ფრანგულად ჟღერდა და ალბათ, ამიტომაც შეარჩია.
ანზორიმ ფული მომცა და გეპატიჟებითო-დილითვე გამოგვიცხადა. სამსახურის მერე ”ველიკალეპნაია ტროიკამ” შუაგული პლეხანოვიდან პირდაპირ შუაგულ ვაკეში ამოყო თავი ერთ ძალიან ნათელ და მყუდრო კაფეში, სადაც მხოლოდ ჩვენ და მოპირდაპირე მაგიდასთან, ასევე ფრანგული არომატით გაჯერებული კრეპების დასაგემოვნებლად შემოსული, პირში  სიგარეტგარჭობილი ორი ქალბატონი იჯდა.
იუბილარმა მენიუ ამაყად მოგვაწოდა, შეუკვეთეთო და თან გაგვაფრთხილა, თითო კრეპი ავიღოთ, საკმარისიაო.
შეკვეთა მალე მოგვიტანეს. ერთი ციდა გადახვეული კრეპები ცეცხლის ფასი რომ ღირდა,  სამსახურის მერე გვარიანად მოშიებულებმა, თვალის დახამხამებაში გადავსანსლეთ. მარინა ტრადიციულად ისევ ნერვიულობდა. ჩაბღუჯულ ჩანთას ხელიდან არ უშვებდა და აქეთ-იქით იყურებოდა. მერე გაგვიმხილა, სულ სამოცდაათი ლარი მომცა ანზორიმ და ხომ არ დაგვაკლდებაო, რაზეც ვანუგეშეთ  სამი კრეპი განა რა უნდა ღირდესო და მანაც შვებით ამოისუნთქა.
მახსოვს, დიდხანს ვისაუბრეთ, ყავაც დავლიეთ და უკვე ბინდდებოდა, კაფიდან რომ გამოვედით. გაზაფხულის მშვიდი და თბილი საღამო მოიპარებოდა ქუჩაში.  ნელი ნაბიჯით დავუყევით რუსთაველისკენ. მეტროსთან მარინას დავემშვიდობე, გვარიანად მოშიებულმა დიდი კონვერტი ხაჭაპური ვიყიდე და სახლისკენ გამოვწიე.
ამ ამბიდან თითქმის თხუთმეტი წელი გავიდა.ზუსტად ამდენივე წელია მარინა აღარ მინახავს. აღარც მისი ამბები მსმენია, აღარც ”ველიკალეპნაია ტროიკა” არსებობს და აღარც ის უზრუნველობა...  სხვადასხვა გზით წავედით. მე კახეთში, ლანა-საფრანგეთში, მარინა კი ალბათ, ისევ თბილისში დარჩა.
 მაგრამ არსებობს წელიწადში ერთი, გამორჩეული დღე - ათი მაისი, რომელიც ჩემში ყოველთვის მხიარულ, ბედნიერ და ასე შორს დარჩენილ მოგონებებს აცოცხლებს.







Comments

Popular Posts