ტელევიზორი

მინდა ცოტა ხნით ისევ ჩემს სტუდენტობაში ანუ როგორც ახლა ეძახიან ”ბნელ და ტკბილ ოთხმოცდაათიანებში” დავბრუნდე. სიტკბოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ბნელი მართლა იყო... თან ძალიან დიდხანს ბნელოდა და ცხოვრებაც ჭირდა... თბილისში წასულ სტუდენტებს რა თქმა უნდა, სხვა საოჯახო ნივთებთან ერთად, ტელევიზორის წაღებაც დაგვჭირდა, სახლში დიდი საბჭოთა ფერადი ”ივერია” გვედგა, საღამოობით, სანამ შუქიანი ცხოვრება იყო, მთელი ოჯახი მივუსხდებოდით და ვუყურებდით იმას, რასაც მაშინდელი ტელევიზიის ერთადერთი არხი და რუსეთის ОРТ გვთავაზობდა. აი, თბილისში კი, აუცილებლად სხვა ტელევიზორი გვჭირდებოდა, ყიდვით არც იყო და საკმაოდ ძვირიც ღირდა, ამიტომ პაპაჩემმა თავიაანთი ძველი, შავ-თეთრი, ტელემაუწყებლობის გარიჟრაჟზე გამოშვებული, ოთხ გრძელ ფეხზე შემდგარი ის საოცნებო ყუთი გვაჩუქა, თბილისში მშობლების გარეშე დარჩენილი სტუდენტებისათვის, ერთფეროვანი ცხოვრება რომ უნდა გაეხალისებინა, გაეფერადებინას ვერ ვიტყვი იმ უბრალო მიზეზით რომ, ეს მოზრდილი ყუთი შავ-თეთრი გახლდათ. პაპამ მას თავზე დასადგამი სასაცილოდ აწოწილი ანტენაც მოაყოლა, რომელიც ხან იკეცებოდა, ხანაც იშლებოდა იმისდა მიხედვით, თუ როგორ ხასიათზე იყო ამ ანტენის მეგობარი. 
თბილისში ჩასულებმა ოთახი მივალაგ-მოვალაგეთ, ყველაზე საპატიო ადგილას კი შავ-თეთრი ყუთი დავაბრძანეთ და დაიწყო... საყვარელი ფილმების, გადაცემების, კონცერტების ყურება: გოგი გვახარია თავისი ”ფსიქოთი”, ”ოსკარის” ცერემონიები, ”მანას” ფესტივალები, თიკა კანდელაკი, სერგი გვარჯალაძე... ”ეს მეორე არხია, დარჩით ჩვენთან”-და ჩვენც ვრჩებოდით ამ შავ-თეთრ, ნაცნობი პერსონაჟებით, მუსიკით გაჯერებულ სამყაროში, მაგრამ ჩვენი მხიარული ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, მოვიდა ზამთარი, შუქი ან სულ არ იყო, ან იმდენად სუსტი და მბჟუტავი, რომ ტელევიზორის ეკრანი მხოლოდ ოდნავ გათეთრებასღა ახერხებდა...მახსოვს, შუაგულ ვაკეში ვცხოვრობდით, მეექვსე სართულზე, რომლის ფანჯარაც თითქოსდა ჩვენს წინ ასვეტილ, უზარმაზარ მთებს გადაჰყურებდა და ჩვენი ძალიან კეთილი და საოცარი დიასახლისი თამარა დეიდა გვარწმუნებდა, როცა ამ მთებზე თოვლი დადნება, წყლის დონე მოიმატებს, დენის საქმე უკეთ იქნება და ტელევიზორიც ძველებურად იმუშავებსო...ჰოდა, მთელი თოვლიან-ყინვიანი ზამთარი, მე და ქეთინო ფანჯარასთან ვიდექით და მთებზე თოვლის დადნობას ვნატრობდით, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ძველი ჯადოსნური ყუთი ისევ აციმციმებულიყო... 
თუმცა რამოდენიმე ხნის შემდეგ, ჩვენი შავ-თეთრი მეგობარი მაინც გამოვიდა წყობიდან, ერთადერთი იმედი აწოწილი ანტენა იყო, რომელიც რიგრიგობით გვეჭირა ხელში და სხვადასხვა მხარეს ვატრიალებდით სასურველი გადაცემის დასაჭერად, როცა უკვე ამ მეთოდმაც აღარ უშველა, გადავწყვიტეთ ხელოსანი გამოგვეძახა და აქ მოხდა ყველაზე საინტერესო რამ... გაზეთში საგულდაგულოდ მოძებნილ ნომერზე, რომელსაც მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი ფრაზა მოსდევდა ”ტელევიზორების შეკეთება-ემზარი”, სასწრაფოდ დავრეკეთ, აღმოჩნდა რომ ხელოსანი ჩვენს მეზობლად მდებარე პატარა ატელიეში მუშაობდა, ჩვენი გასაჭირი ვუთხარით, მოვალო-მოკლედ მოგვიჭრა, ლოდინმა დიდხანს არ მოგვიწია, ცოტა ხანში კარზე ჩუმი კაკუნი გავიგონეთ, ზღურბლზე 40 წლამდე მელოტი, ჭრელ ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი იდგა ხელში შავი, გაქექილი დიპლომატით, სადაც ჩვენი ღრმა რწმენით, საჭირო იარაღები უნდა ჰქონოდა. ტახტის კიდეზე მორიდებულად ჩამოჯდა, ძველი დიპლომატი მუხლებზე დაიდო და სამივესთვის მოულოდნელი კითხვა დაგვისვა: სად სწავლობთო, რაღას ვიზამდით, ზრდილობიანად ვუპასუხეთ, როცა ჯერი ქეთინოზე მიდგა და ინგლისური ენის ფაკულტეტს მოჰკრა ყური, აი, მაშინ გამოუცოცხლდა სახე... ვაიმე, როგორ გამიმართლაო, მეც ინგლისურს ვსწავლობ ჩემით და იქნებ დამეხმაროთო, ფრთხილად გახსნა ჩანთა, რომელიც არ დაიჯერებთ და საჭირო ხელსაწყოების ნაცვლად, ინგლისური ენის წიგნებით, რვეულებით და კონსპექტებით იყო სავსე, ერთ-ერთი კონსპექტიდან პატარა ბაბთიანი გოგოს სურათი ჩამოვარდა, ჩემი შვილია, გვიან შევქმენიო-აგვიხსნა... გაოგნებულები ვუყურებდით, როგორ მონდომებით ცდილობდა გარკვეულიყო რამოდენიმე გრამატიკული დროის წარმოებაში, როგორ ჩააწიკწიკა უცხო სიტყვები სქელტანიან რვეულში, და ბოლოს, თავის საყვარელ ინგლისურ როკ-ჯგუფზეც რომ მოგვიყვა, მერეღა გაახსენდა რისთვის იყო მოსული, აბა სად არის ტელევიზორიო-შეგვეკითხა თავის წინ მდგარ ჩვენს მრავალტანჯულ ყუთზე და გულდასმით დაათვალიერა, მერე დიპლომატიდან ერთადერთი ხელსაწყო, პატარა ” ატვერტკა” ამოიღო, რაღაც ნაწილი დაამაგრა, ქუდი შეისწორა და ”იმედიანი” სიტყვებით დაგვემშვიდობა: ალბათ, ეშველება, როცა შევაკეთებ მორიგ ტელევიზორს და სახლში ვბრუნდები, ყოველთვის ვლოცულობ რომ იმუშაოსო, ამჯერადაც ასე მოვიქცევიო-დაგვაიმედა... სხვა გზა არ იყო, დავრჩით ემზარის ლოცვის იმედად, რომელიც დიდხანს არ გაჰყოლია ჩვენს ორ ფერში მოციმციმე მეგობარს. 
ცოტა ხანში ისევ უიმედოდ გაშავდა ეკრანი, საიდანაც მარტო ხმაღა ისმოდა , ხოლო როდესაც ეს ფუნქციაც ამოიწურა, ჩვენმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა დახმარება და ერთ საღამოს თავის განუყრელი მეგობარი- გელა მოიყვანა დადუმებულ-გაშავებული ყუთის შესაკეთებლად, გელა, მისი მტკიცებით, ამ დარგის ავტორიტეტი იყო, რადგან მამამისი მთელი ცხოვრება ბნელ, ვიწრო ატელიეში იჯდა და დაშლილ ტელევიზორებს ჩაჰკირკიტებდა, მოსვლიდან რამოდენიმე წუთში ჩვენს ყუთს უკანა ნაწილი აღარ ჰქონდა, მხოლოდ ჩარჩო და საცოდავად მომზირალი ეკრანიღა დარჩა, თენგო ხან აქედან მოუვლიდა, ხან იქედან და აფრთხილებდა, აბა შენ იცი, ”სასწავლო” კი არ არის, სერიოზული ნივთია და კარგად გააკეთეო. გელამ გულდასმით მოხსნილი ყველა ქანჩი და ჭანჭიკი ერთ დიდ პარკში ჩაყარა და ჩვენს კითხვაზე, თუ სად უნდა წაგვეღო ამდენი ნაწილი, სევდიანად გვიპასუხა, გადაყარეთ, აღარ დასჭირდებაო... პარკი ყოველი შემთხვევისათვის საგულდაგულოდ შევინახეთ და დამსუბუქებულ-გაძარცვული ტელევიზორი გულისფანცქალით ჩავრთეთ... იმ საბედისწერო საღამოს შემდეგ, ეკრანი საბოლოოდ გაშავდა.. და ჩვენც შავ-თეთრ ჯადოსნურ სამყაროს სამუდამოდ დავემშვიდობეთ...
ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ძალიან თბილად და სიყვარულით მახსენდება ყველა ის გადაცემები და პერსონაჟები,რომლებიც პაპაჩემის ნაჩუქარი ძველი ტელევიზორის წყალობით გავიცანი და რომლებიც ჩემთვის ყველაზე ფერად მოგონებად დარჩა.

Comments

Popular Posts