ბებიაჩემი

ჩემი ყველაზე მშვიდი და ბედნიერი მოგონება.. ვხუჭავ თვალებს და ვხედავ:  ღამეა...მე არ მეძინება და არც ლოგინში წოლა არ მინდა,  ბაბო მახვევს ზოლებიან ადიელაში  და მაყენებს ფანჯარასთან, მუხის სქელ რაფაზე. ორივე ვუყურებთ მთვარით  და ლამპიონით განათებულ დაქანებულ ქუჩას და ველოდებით..
ყოველ ღამე, ძალიან გვიან, ამ ქუჩაზე ზემოდან ჩამორბიან  მაწანწალა,  სასაცილოდ კუდაპრეხილი ძაღლები, თან სულ ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე რიგითობით...ჯერ დიდი, მერე საშუალო ტანის და ბოლოს პატარა, ყველას თავისი სახელი აქვს ჩემგან და ბებიასგან შერქმეული...
აი ისინიც, ჯერ დიდი შავი ძაღლი მორბის ყეფით, მას სხვებიც მოსდევენ და გაურკვეველი მიმართულებით სიბნელეში იკარგებიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოცუცქნულ, თეთრ, ხუჭუჭა ბეწვით დაფარულ ბალონკას-ბელკას  ველოდებით, სანამ ბელკა არ ჩამოჰყვება განათებულ ქუჩას, მანამდე ძილზე ლაპარაკიც ზედმეტია... ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ, ისიც  სწრაფად ჩამოირბენს  დაღმართს და სხვა ძაღლებთან ერთად სიბნელეში გაუჩინარდება...
ბელკაა!!! - ვყვირი ხმამაღლა, მაგრამ დახურული ფანჯრიდან ბელკას ჩემი ხმა არ ესმის, მინაზეც ვუბრახუნებ რომ მოიხედოს და ბაბოს, ვინ იცის მერამდენედ, ვეკითხები, როგორ დარბის და  როგორ ხედავს ბელკა, როცა თვალები მთლიანად ხვეული, ჭუჭყიანი კულულებით აქვს დაფარული...
მერე... მერე წამწამები ნელ-ნელა მიმძიმდება და სადღაც ბურანში ვგრძნობ როგორ ფრთხილად მაწვენს ბებიაჩემი უზარმაზარ აპრეხილ კუთხეებიან საწოლში, ”წულპანის სპალნას” რომ ეძახის და თვითონაც გვერდით წამოწოლილი ძალიან თბილი თითებით  თმებზე  მეფერება, ესეც ჩემი და ბებიას ძილიწინა რიტუალია.   ძალიან ბედნიერს,  საბოლოოდ მეძინება და  ასეთივე მშვიდი და ბედნიერი სიზმრები მოდიან...
განსაკუთრებით  ბაბოს პატარა სამზარეულო დამამახსოვრდა... თეთრი კარადებით დაფარული კედლით, დიდი მაცივრით, რომელიც იმიტომ მომწონდა რომ მის კარებზე მიმაგრებულ პატარა ჩაღრმავებულ რკინაზე ჭიქის დაჭერით,  ხილის ცივი წვენი ჩამოდიოდა, მაცივრის გვერდით პატარა მაგიდა იდგა თავისი ოთხი უზურგო სკამით. აი, სწორედ აქ და სწორედ ამ მაგიდასთან ვუსმენდი ბებიაჩემის მიერ საგანგებოდ ჩემთვის შეთხზულ ზღაპრებს... ზღაპრებს მარტო ბაბო მიყვებოდა, თანაც არა ისეთს როგორიც წიგნებშია, არამედ თავის მოგონილს  და  მათი უცვლელი მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი, თუ ეს პერსონაჟი სიუჟეტში შემოსვლას დააგვიანებდა, შევახსენებდი: ”მერე გამოვჩნდი მე”  და  თავგადასავალიც მაშინ იწყებოდა... შემეძლო მილიონჯერ მომესმინა როგორ მოიპარა მელაკუდა ბაჩიამ სკოლის ბუფეტიდან ნამცხვრები, როგორი კეთილი დათვები იყვნენ ბახვა და ციცინო, როგორ ვმეგობრობდი ვეფხვებთან და ლომებთან და ისინიც, ზურგზე შემოსმულს, როგორ მასეირნებდნენ. არ მინდოდა არც წითელქუდა და არც ნაცარქექია, არც ფიფქია და არც ჩექმებიანი კატა, მე ხომ მელია ბაჩიას  და  თეთრი დათვების სამყაროში ვცხოვრობდი...
სულმოუთქმელად ველოდებოდი სადილის ან ვახშმის დროს, როცა სამზარეულოში ბებიაჩემის წინ დასკუპებული წვნიანს ვხვრეპდი და ზღაპარიც იწყებოდა, ზღაპარი, რომელიც ჭამის პროცესის და ჩემი ბავშვობის განუყრელი ნაწილი იყო.  ამბები, რომლის მოგონებაც და ლამაზად მოყოლაც, მხოლოდ ბაბოს შეეძლო და სხვას არავის ამქვეყანაზე...
საღამოობით, ლამაზ ტრადიციად ჰქონდა თავისი ”საფირმო” ”პეროგის” გამოცხობა.  ღუმელიდან გამოღებულს, შაქრის ფხვნილს მოაყრიდა და გასაციებლად ფანჯრის რაფაზე შემოდგამდა.  მანამდე ორ თხელ, ფაიფურის, იისფერი ყვავილებით მოხატულ  ფინჯანში ჩაის დაასხამდა და ფიალით მურაბასაც გამოიღებდა, მერე  პატარა, ლამაზ რომბებად იჭრებოდა ჯემიანი არომატული პეროგი, ვსვავდით ჩაის და უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი ჩემი საყვარელი ზღაპრების გმირებზე და ისიც დაუზარელად მერამდენედ მიყვებოდა... მიყვებოდა თავის ბავშვობაზეც, თავის მშობლებზე.  ხშირად შევსწრებივარ, როგორ იწმენდდა ცრემლებს, დედა მომენატრაო-მეტყოდა ხოლმე, მეც ჩავეხუტებოდი გულში და გავინაბებოდი...
ბებია იყო ჩემთან და ჩემ დებთან როცა დასასვენებლად მივდიოდით, ბებიას ვაბარებდი გაკვეთილებს ყველა საგანში და ისიც გულმოდგინედ იბარებდა, თვითეულ წინადადებას თითს აყოლებდა და  მერე აუცილებლად დამარიგებდა: "ბებიკო, არ იცი, გეშლება.  ხუთჯერ კიდე წაიკითხე, ხუთჯერ მოყევი და ისე დაიძინეო... "
სწორედ მისი წყალობით, ძალიან პატარებმა კარგად ვიცოდით რუსული.  მე ოთხი წლის ვიყავი, ქეთინო -სამის, როცა თავის მეზობლად მცხოვრებ მასწავლებელს სთხოვა კვირაში ორი-სამი დღით მოსვლა და ჩვენი მეცადინეობა...ასე დაიწყო პირველი გაკვეთილები ჩემს ცხოვრებაში, ყოველი მეცადინეობა წიგნების ძებნით იწყებოდა, რომლებიც ბაბოს ხან კარადის ქვემოდან, ხან სათამაშოების ყუთიდან, ხანაც სულაც ეზოდან მოჰქონდა, დაფლეთილები და ფურცლებამოხეულები. მერე პატარა მაგიდასთან შემომსხდრებს, ანია მასწავლებელი რუსულად გვიკითხვდა ზღაპრებს, ლექსებს..  შუა მეცადინეობაში  ქეთინოს მაგიდაზე ეძინებოდა და ბაბოს გაჰყავდა, მარტო დარჩენილს კი მეგონა, ორმაგად მამეცადინებენ-მეთქი...
რომ წამოვიზარდეთ, უკვე სკოლის მოსწავლეები, ისევ ბებიაჩემმა  წაგვიყვანა რუსულის მასწავლებელთან, ამჯერად უკვე ჩვენ დავდიოდით ნინა არუთინოვას პატარა, თოჯინებით სავსე ბინაში, რომელიც დღემდე ხშირად მესიზმრება თავისი ფერადკაბიანი  ბინადრებით.
არც მე და არც ჩემს დებს, არ გვივლია ბაღში, რადგან ეს სუპის და ფაფების სუნით გაჟღენთილი შენობა ერთ დიდ ოთახში ჩაკეტილი უამრავი ბავშვით  და მკაცრი სახის მასწავლებლით, შიშის ზარს გვცემდა... მახსოვს პირველ დღეებში ბაბოც გვერდით გვეჯდა ერთი ციდა სკამზე.  სანამ იქ იყო, მშვიდად ვიყავით, წასვლას რომ დააპირებდა, განგაშს ვტეხდით, ამიტომ ბებიაჩემმა და ანია მასწავლებელმა სახლში ითავეს ჩვენი სკოლამდელი აღზრდა-განათლების საქმე და ბაღსაც სამუდამოდ დავემშვიდობეთ.
ბავშვობაში უცნაური ხასიათი მქონდა.  რაღაცას ავიკვიატებდი და დაჟინებით ვითხოვდი... ამ კაპრიზების შესრულებასაც ბებიაჩემი იღებდა ყოველთვის თავის თავზე, ერთხელ, პაპა ახალი ჩამოსული იყო საზღვარგარეთიდან და მეც ავიჩემე ჩეხოსლოვაკიაში და პოლონეთში წამიყვანეთ-მეთქი.  ბაბომ ძალიან მშვიდად ჩაგვკიდა ხელი მე და ქეთინოს, ჩაგვსვა მანქანაში და წაგვიყვანა... წინანდალში, ეს იყო ”ჩეხოსლოვაკია”,  დავათვალიერეთ ულამაზესი ბაღი და ჯერი მუზეუმში შესვლაზე მიდგა, რაზეც სასტიკი უარი გამოვაცხადე, რადგან კარებიდან თვალი მოვკარი ხალიჩით დაფარული კიბის მოაჯირზე წამოსკუპებულ, სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის თეთრ ბიუსტს და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
 მახსოვს, ამ ფაქტზე დიდხანს დამცინოდნენ, ზღაპრებში ლომებთან და ვეფხვებთან მეგობრობს და ბიუსტმა შეაშინაო...
”ჩეხოსლოვაკია” რომ მოვინახულეთ, მერე გეზი ”პოლონეთისკენ” ანუ თელავისკენ ავიღეთ, რომელიც მე და ქეთინოსათვის ყველაზე სასიამოვნო ამბით -უნივერმაღში შოპინგით დაგვირგვინდა.  ამ ღირსშესანიშნავი დღის სურათიც გვაქვს ბაბოსთან და ზაური ძიასთან (რომელმაც ჩვენი მძღოლობა ითავა) ერთად გადაღებული წინანდლის ბაღში. მახსოვს, მერეც როგორი სიამაყით ვაჩვენებდი მეზობლის ბავშვებს ამ სურათს და”ჩეხოსლოვაკიის” ამბებს ვუყვებოდი...
ბებიაჩემის დამსახურებით ვიცოდი ზეპირად უამრავი საბავშვო ლექსი და ჟურნალ ”დილა”-ს ყველა ნომერი.  ეს  შუადღის საათებში ხდებოდა, ბაბო გადმოიღებდა ”დილა”-ს მორიგ ახალ ნომერს, გვერდით დაგვისვავდა და გვიკითხავდა... მერე ამ წაკითხულ მოთხრობებზე ვფიქრობდი მთელი დღე და კითხვებით არ ვასვენებდი, ისიც დაუზარელად მპასუხობდა. პირველად საბავშვო ბიბლიოთეკაშიც ბებიაჩემმა წაგვიყვანა და თან საკმაოდ პატარები.

ამ ყველაფერთან ერთად, ცდილობდა სხვა რამითაც ვყოფილიყავით დაინტერესებული, და გადაწყვიტა ხელსაქმე ესწავლებინა... ახლაც თვალწინ მიდგას,  როგორი წვალებით და ნებისყოფის დაძაბვით ვცდილობდი თეთრ ნაჭერზე ე.წ.”მერაშკების” გამოყვანას, ქარგვას, ყაისნაღის ხმარებას, თუმცა არაფერი არ გამომივიდა.  
ჩემს დაბადების დღეზე ყოველთვის მოჰქონდა წითელი მიხაკები, მაშინ გურჯაანში ყვავილები არ იყო იოლი საშოვნელი, მით უმეტეს, შუა ზამთარში.  მიუხედავდ ამისა, ყინვიან და თოვლიან იანვარში ჩემი სადღესასწაულო სუფრა წითლად იყო აბდღვრიალებული იმდენი მიხაკით რამდენი წელიც მისრულდებოდა..
დღემდე საოცრად მიყვარს ეს ჩაკეცილ ფურცლებიანი, ნატიფი ყვავილები...
ბებია ყველა ნათესავისა და ახლობელის პატრონი და მიმხედი იყო... პერიოდულად, პირველი სართულის პატარა ოთახში გაშლილ საწოლში ხან მისი დეიდაშვილი, ხან დიშვილი, ხანაც რომელიმე გაჭირვებული ნათესავი იწვა, თავს შეუძლოდ იგრძნობდნენ და მასთან მოდიოდნენ, ისიც ჩააწვენდა გახამებულ თეთრეულში, თავთან წამლებს და მურაბიან ჩაის დაუდგამდა და სრულ გამოჯანმრთელებამდე უვლიდა...ბაბომ შეიფარა და გაზარდა თავისი ახლობელი, მთლად ობლად დარჩენილი პატარა ბიჭი, რომელიც მახსოვს, მერე უკვე დაოჯახებული, როგორ მოდიოდა მის სანახავად, როგორც შვილი დედასთან.
საოცარი მოწესრიგებული და მოვლილი იყო ყოველთვის.  მახსოვს,მის კარადაში ფაქიზად ჩამოკიდებული კაბები, პალტო, ლაბადა, შუბა, პატარა აკურატული ხელჩანთები და მათი განუყრელი ატრიბუტები: გახამებული ცხვირსახოცი და პომადა და კიდევ ფრანგული სუნამო, რომლითაც მთელი მისი ოთახი, თეთრეული და ტანსაცმელი იყო გაჟღენთილი და რომელიც დღემდე ჩემი სუნამოცაა, იმიტომ რომ ეს  ბედნიერი ბავშვობის სურნელია, ბავშვობის, რომელიც წარმოუდგენელია ბებიაჩემის და ამ არომატის გარეშე...
ბოლომდე იღებავდა თმას, ბოლოს როცა თვითონ აღარ შეეძლო, მე ვეხმარებოდი და სულ ვპირდებოდი რომ ისევ ისე დავრჩებოდი მასთან, ისევ ისე დავსხდებოდით იმ პატარა სამზარეულოში, დავისხავდით ჩაის და გათენებამდე ახლა უკვე მე მოვუყვებოდი საინტერესო ამბებს...
ვერ შევუსრულე და ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი სინანულია.
უნივერსიტეტს  ვამთავრებდი, როცა ბებია გარდაიცვალა, ყველაზე დიდი ტკივილი მაშინ ვიგრძენი. თითქოს ერთბაშად წამართვეს ბაბოს თბილი და მზრუნველი ხელები, ჩახუტება, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვა ”ბებიკო”,  ნაცნობი ხმა, ულამაზესი ცისფერი თვალები, მოფერება  და მათთან ერთად, ბავშვობაც.  
მახსოვს, წლების მერეც, როცა ვერც მოგონებები, ვერც სიზმრები და ვერც ტირილი ვეღარ მშველოდა, გიჟივით ავრბოდი მეორე სართულზე და დედას საძინებლის დიდ კარადაში სათუთად შენახულ მის პალტოს ვეფერებოდი. ვცდილობდი, სადღაც ღრმა ნაკეცებში მიმეგნო იმ ნაცნობი და უძვირფასესი სურნელისთვის, რომლითაც გაჟღენთილი იყო ჩემი უსათუთესი მოგონებები.
მჯერა, რომ ბაბოს არასოდეს მივუტოვებივართ მე და ჩემი დები, რადგან ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში, ყოველთვის გვესიზმრებოდა  და როგორც სჩვეოდა, სიყვარულით დინჯად გვარიგებდა...
ახლაც, განსაკუთრებით ღამით, ძილის წინ, თუნდაც სულ რამოდენიმე წამით, წარმოვიდგენ მთვარის შუქიან  ოთახს წაწვეტებულ კუთხიანი ავეჯით და დიდ ფანჯარას, რომელთანაც მე და ბებია განათებულ ქუჩას გავყურებთ და ძველებურად,  ბელკას ველოდებით. ველოდებით, რადგან არ გამწყდარა ის სუსტი ძაფი, რომელიც ბებიაჩემთან მაკავშირებს და რადგან, როგორც ერთხელ, ერთი დიდი ადამიანის ჩანაწერებში ამოვიკითხე: ახლობელი ადამიანები როდესაც მიდიან,
მართლა კი არ მიდიან...იქ სადაც მე ვიცი, რჩებიან...”

Comments

Popular Posts