შობა და ახალი წელი

(ვუძღვნი დალიკოს და დიანას და ვუსურვებ შობა-ახალი წელი მათთვის ყოველთვის დღესასწაული ყოფილიყოს)
შობა და ახალი წელი ჩემთან ფანჯრის რაფაზე დადგმული სანთელით და ჯორჯ მაიკლის უბერებელი ჰიტი- Christmas-ით შემოდის... ჰო კიდევ, ფორთოხლის, მანდარინის, ახლადგახსნილი შოკოლადების და თაფლის სუნით, რომელსაც დედა ბავშვობაშიც და ახლაც დიდ ხანს ნელ ცეცხლზე ათბობდა და  სახლს რაღაც ზღაპრული და  საზეიმო სურნელით ავსებდა...კიდევ შობა  სასკოლო ზეიმიდან მოტანილი ჭრაჭუნა პარკში ჩაყრილი კანფეტები და  ნანატრი არდადაგებია, რომლის  დროსაც დედას და ბებიას თბილისში,  ფილარმონიაში გამართულ საახალწლო ზეიმზე მივყავდით, მერე კი თოჯინების თეატრში, რომელსაც ყველაზე გემრიელი დასასრული ჰქონდა-თეატრის ფოიეში ნაყიდი, ქაღალდის პაკეტში ჩაწყობილი დათუნია შოკოლადები, იმდროისათვის  უკვე იშვიათი და ძვირადღირებული სიამოვნება. მეორე დღეს მთაწმინდის პარკში ან მუშტაიდში გასეირნება,  ლაღიძის წყლებით და კონვერტივით დაკეცილი ჰაეროვანი ხაჭაპურებით დანაყრებული მე და ჩემი დები  უკვე გეზს უნივერმაღისაკენ ვიღებდით,  ეს ყველაზე ნანატრი მომენტი იყო,  რადგან იქ შესულები პირდაპირ სათამაშოების სექციისაკენ მივქროდით და თოჯინებით, ჭურჭლით, პატარა ავეჯით ხელდამშვენებულები  კმაყოფილები  ვბრუნდებოდით სახლში...
მერე დგებოდა ახალი წელი,  გარეთ თოვლი მოდიოდა, მე სულ თოვლიანი ახალი წლები მახსოვს, ყინავდა, მთელი დღე ხან ეზოში ხანაც უფრო ფართო ”ტრასაზე” ანუ გვერდით მდებარე მემორიალზე ვციგაობდით და როცა აწითლებულები, გაყინულები, მაგრამ  ბედნიერები, სახლის ზღურბლს გადავაბიჯებდით, იქ უკვე საახალწლო სამზადისი, გემრიელი სუნი და რაც მთავარია, წითლად აგუგუნებული ბუხარი გვხვდებოდა...მახსოვს, გვიანობამდე არ ვიძინებდით, ველოდებოდით დედა როდის გაშლიდა სუფრას, დაიწყებოდა საახალწლო კონცერტი, აინთებოდა ნაძვის ხე და მამა გაისვრიდა  თოფს, ეს ყოველი ახალი წლის განუყრელი რიტუალი იყო... ორი მოკლე გასროლა და მერე დიდი ხნის მანძილზე კარების კუთხესთან დარჩენილი ორლულიანი თოფი. 
გამთენიისას დაწოლილებს, დილით გვიანობამდე ძილი გვინდოდა, მაგრამ ვინ გაცდიდა... დაახლოებით 9 საათზე ხის კიბეებზე ისეთი ბრახა-ბრუხი ატყდებოდა ხოლმე, იფიქრებდით ომი დაიწყოო...და მალე საძინებელი ოთახის კარებს  ორი პატარა, კინტოს ფორმაში გამოწყობილი, თუშურქუდიანი და მოქარგულ ხურჯინგადაკიდებული მეკვლე-ჩემი ბიძაშვილები, შემოგლეჯავდნენ და ძილბურანში მყოფებს თავს დაგვადგებოდნენ, აქაოდა რა დროს ძილიაო... მათ უკან კი დედა მოდიოდა თაფლით სავსე ფიალით ხელში და თითო კოვზით აუცილებლად ტკბილად ”გვაბერებდა”, ესეც ახალი წლის დილის თანმხლები ჩვეულება გახლდათ. ქვემოთ პირველ  სართულზე  უკვე ხმაური იყო...  სუფრას შლიდნენ...სადღაც შუადღისას ჩემს დას ახსენდებოდა რომ თვითონაც მეკვლეა  და ბებიასთან უნდა წასულიყო... ამ მისიას საკმაოდ უხალისოდ ასრულებდა, რადგან ორივეს სახლში დარჩენა და ტელევიზორში საახალწლო ზღაპრის ყურება გვერჩია, მაგრამ მეკვლის მომლოდინეთა მხრიდან განუწყვეტელი სატელეფონო ზარები მოსვენებას არ გვაძლევდა, მეტი რა დაგვრჩენოდა, წელმოწყვეტილები, კანფეტებით ჯიბეგამოტენილები ბებიას და პაპას  სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვებოდით, სადაც უკვე მოუთმენლად გველოდნენ: სადა ხართ აქამდე?! სხვა ვინმე რომ შემოვიდეს პირველი,  მერე რა გვეშველებაო... პირველი კი, რასაკვირველია, კაფანდარა  ქეთინო შედიოდა... მერე იქაც ლამაზად გაწყობილ,  ათასი სანოვაგით დახუნძლულ სუფრასთან დაგვსვავდა ბებიაჩემი... აქ ერთი საინტერესო მომენტი ის იყო, რომ ბიძაჩემი დიდი ხნის ნაგროვ-ნალოლიავებ, სალოგინეში საგულდაგულოდ დამალულ უცხოურ  დელიკატესებს ბოლოს და ბოლოს დღის სინათლეზე გამოიტანდა და ზემო სართულზე, კაცმა არ იცის რატომ და ვისთვის გაწყობილ მაგიდაზე, (მაგიდას ყოველთვის შლიდნენ, მაგრამ იქ  არავინ ჯდებოდა) ლამაზი ფიალებით დადგამდა,  შოკოლადები მახსოვს მოგრძო ძალიან ლამაზ ყუთში ეწყო, ყუთი ოთხ სექციად იყოფოდა და ყოველ მათგანში  სხვადასხვა გემოს დასპირტული პატარა, კვერცხის ფორმის სასუსნავები ეწყო, თუმცა  ბიძაჩემთან შეუთანხმებლად, მათი არა თუ  ჭამა, შეხებაც კი აკრძალული იყო. კარგად მახსოვს, მთელი გულისყური მეორე სართულისკენ მქონდა,  ვცდილობდი შემთხვევით მესარგებლა, ამერბინა და მალულად კიდევ ერთხელ გამესინჯა ძვირფასი ტკბილეული, რომელსაც ბებია წინა დღეებში ჩუმად სალოგინეშივე მაჭმევდა...
ორიოდე სიტყვა ნაძვის ხეზეც რომ არ ვთქვა, არ შემიძლია, რომელიც ყოველ წელს  მალულად მოჭრილი, ტყიდან მოჰქონდა  ერთ ჩვენი ოჯახის ახლობელს.  უცხოური სათამაშოებით მორთული მეორე სართულზე ამავალი ხის კიბის თავში   სულ ერთსა და იმავე ადგილას იდგა. სათამაშოებზე ზამთრის სცენები იყო დახატული, ზოგზე მოციგავე, ზოგზე მოგუნდავე ბავშვებით... ნაძვის ძირში დადგმული პატარა წითელსახურავიანი სახლი კი, რომლის ფანჯრებიც მონაცვლეობით ინთებოდა, ხომ საერთოდ პატარა ზღაპარს მაგონებდა.
სათამაშოებს ჩვენც ყოველ წელს ახალს და განსხვავებულს ვყიდულობდით, მახსოვს, ერთხელ დედას ფული გამოვართვით და მე და ჩემი დები მორიგი ახალი ბურთების საყიდლად წავედით, თან, საბედისწეროდ, ჩვენი ერთი წლით უფროსი მეზობელი მაიაც  წავიყოლეთ.  ქუჩის ბოლოს, ე. წ. ”პადზემკაში” სულ ორად ორი მაღაზია იყო გახსნილი და ორივე საახალწლო ნივთებით სავსე... ვიყიდეთ და რა ვიყიდეთ, ნაირ-ნაირები, დიდ-პატარები, სხვადასხვა ფორმის და ფერის.. ორი პარკი გავავსეთ და ორივე რატომღაც მაიამ დაიჭირა ხელში, ალბათ, შველა უნდოდა...ის იყო ”პადზემკის” კიბეებს მივუახლოვდით, რომ წაიბორძიკა და ორივე პარკს ხელი გაუშვა, მაშინდელი სათამაშოები ხელის შეხებითაც კი ტყდებოდა და ძირს დაყრილი მთლად წვრილად დაიმსხვრა... სამივეს და მაიასაც გული ყელში გვქონდა მობჯენილი...სასწრაფოდ დარჩენილი ფული გადავთვალეთ და ჰოი საოცრებავ, კიდევ მოგვდიოდა სათამაშოები, ახლაც მახსოვს ის ბედნიერების განცდა უკან ისევ ორი სავსე პარკით რომ დავბრუნდით... თითქოს არაფერი მომხდარიყოს... ერთი კია, ეტყობა მაიას სინდისი ქეჯნიდა და მეორე დღეს თავის ნაძვის ხიდან მოხსნილი ყველაზე საყვარელი სათამაშო გვისახსოვრა, რომელიც ბევრი წელი შემორჩა ჩვენს ნაძვის ხეს...
ახალ წელს უკავშირდება ჩემი პირველი და უკანასკნელი გამოსვლა სასკოლო ზეიმზე, როცა რუსული მასწავლებელმა მაშენკას როლი მომცა პატარა რუსულ ზღაპარში  (არა იმიტომ რომ სამსახიობო ტალანტი აღმომაჩნდა, უბრალოდ, რუსული ყველაზე კარგად მე ვიცოდი ჯგუფში) მთელი ოჯახი საგონებელში ჩავარდა, სიტყვებს კი დავისწავლიდი, მაგრამ შესაფერი კაბის შოვნა გახდა თავსატეხი. მაშენკას თავიდან თუ უხეში ჩექმები და ბეწვიანი ტყაპუჭი  ეცვა, ბოლო სცენაში, ჯადოსნური ჯოხის ერთი მოსმით, თეთრ ლამაზ კაბაში გამოწყობილი უნდა გამოსულიყო თავისი კარვიდან,  ასეთები არ იყიდებოდა...ბევრი ძებნის შემდეგ, ისევ ბებიაჩემმა  მოძებნა გამოსავალი, . . . .  და რამოდენიმე დღეში   პეპლებიან ბანტებიანი კაბაც მზად იყო . . .  ეჭვი მაქვს,  ამ საქმეს დიდი მისაღები ოთახის გახამებული თეთრი ფარდა შეეწირა.
მთავარი კი ზეიმზე მოხდა.  როდესაც ბოლო ეპიზოდში კარავში შესული, ფარდის ახალი კაბით, ტრიუმფალური გამოსვლისთვის ვემზადებოდი, უცებ ჩექმის შესაკრავი გაიჭედა... ვეღარ ვიხდიდი, გარეთ უკვე ფერხულისთვის წრე შეკრეს, მუსიკა დაუკრეს,  მაგრამ მაშენკას გარეშე ზეიმი არ იქნებოდა, ამიტომ ათეულობით ცნობისმოყვარე პატარა თვალი უყურებდა  კარავში  ჩემს საცოდაობას ..მეტი გზა არ იყო.. ლამაზი და კეკლუცი ტუფლების ნაცვლად  თეთრი კაბით და მუხლამდე შავი ჩექმებით უხალისოდ ჩავები ფერხულში..
მაშინ დავრწმუნდი, რომ სცენაზე გამოსვლა და სასკოლო ზეიმები  ჩემი საქმე არ იყო...
მერე იყო ბევრი ახალი წლის  დღეები, საგანგებოდ მოწვეული თუ შემთხვევით შემოსული მეკვლეებით, მანდარინებით და კამფეტებით სავსე ხურჯინგადაკიდებული ორი გადარეული ბიჭით, ”კუჩხი ბედინერით” და ”ბედის ირონიით”, დიდებული კახური მრავალჟამიერით,  ორლულიანი თოფის ბათქუნით და თოვლში გაკვალული პირველი ნაფეხურებით.
 ბევრი შობა ფანჯარაზე დადგმული სანთლებით და ქუჩაში მომღერალი პატარა გოგო-ბიჭებით, სიცივეს რომ არ უშინდებოდნენ. 
ისევ 31 დეკემბრის საღამოა..დედა  დაბლა სართულზე სამზარეულოში ფუსფუსებს, თაფლი აქვს ცეცხლზე შემოდგმული და თავს დასტრიალებს, არ უნდა ადუღდეს თორემ ყველაფერი ჩაიშლება და ნანატრი გოზინაყი შავი გამოვა, მამა ტრადიციულად სავარძელში ზის და რადიოს უსმენს (ტელევიზორი მოგვიანებით ჩაირთვება, როდესაც საახალწლო კონცერტს დაიწყებენ) მე და ჩემი დები ნაძვის ხეს დავტრიალებთ, საგულდაგულოდ შენახული სათამაშოები, წვიმები, შუქები და ფიფქები გამოგვაქვს და მორთვას ვიწყებთ, ყოველთვის 31-ში ვრთავთ ნაძვის ხეს, ეს წინასაახალწლო განწყობას გვიმძაფრებს  და ალბათ იმიტომ... რადიოშიც, რა თქმა უნდა, სადღესასწაულო  განწყობაა და ამაზე წამყვანი- გოგი ჭილაშვილი ზრუნავს, გოგი ჩვენი ახლობელი ოჯახის შვილია და მამაჩემი ალბათ ამიტომაც უსმენს გულისყურით, ათასი ლამაზი სურვილის, მილოცვის  შემდეგ,  ჯორჯ მაიკლის ულამაზეს სიმღერა-”შობას”,  ჩემი აზრით, ყველაზე  საახალწლო სიმღერას გვიტოვებს . . .
გარეთ  წვრილად ცრის, რომელსაც ალბათ, თოვლი მოყვება და მასთან ერთად თეთრი, ცივი, მაგრამ მაინც იმედიანი რიჟრაჟი დგება...

13.12.2019.



Comments

Popular Posts