ჩემი გამოცდები

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის კიბეები... რა უსასრულო გეჩვენება როცა მისაღებ გამოცდაზე ადიხარ და მერე რა მოკლე და სწრაფად ჩამოსარბენი, როცა ყველაფერი უკან  მოიტოვე, თუმცა გააჩნია,  როგორ მოიტოვე...მაღალი ნიშნის იმედი გაქვს თუ საერთოდ არ გაქვს იმედი...
აი, მაშინ ან ბედნიერი სწრაფად ჩამორბიხარ და ფიქრობ : სულ რამოდენიმე საფეხური ყოფილაო, ან ეს საფეხურები კიდევ უფრო მრავლდება, როცა ფეხს ითრევ და ჩამოსვლა არ გინდა...
ჰოდა, პირველ წელს, გამოუცდელ აბიტურიენტს, ეს კიბეები მეგონა აღარ დამთავრდებოდა,  როცა მეოთხე გამოცდიდან გამოვედი. 
პირველი გამოცდის წინ კი, მამაკაცის დაყენებულმა ბარიტონმა  ხმამაღლა, მკაფიოდ გამოკვეთილი სიტყვებით გამოაცხადა:      ” გამოცდაზე ვიწვევთ მეოთხე ჯგუფის აბიტურიენტებსო”.  ჩემს საგამოცდოში სწორედ ეს ციფრი ეწერა. ბოლოჯერ გადმოვხედე სიცხეში მდგარ  მამას და ბიძას, რომლებსაც ბიცოლაჩემი ქოლგით უჩრდილავდა ივლისის ცხელი მზის სხივებს და  გრძელ კიბეებს ავუყევი...გული ამოვარდნაზე მქონდა. თითქოს ვეღარასოდეს გამოვიდოდი ამ უზარმაზარი თეთრი შენობიდან. ჩემნაირი გამოუცდელი აბიტურიენტები ერთად მოგვაგროვა ვიღაც მაღალმა, აწოწილმა კაცმა და ლიფტში შეგვიშვა, თვითონ გრძელი ხელი შემოყო, საჭირო ღილაკს დააჭირა და წარმატებები გვისურვა. მომავალი ფილოლოგები, დიდ აუდიტორიაში, მერხებთან გავნაწილდით. ცოტა ხანში გამომცდელიც შემოვიდა, წითური გაჩეჩილთმიანი ახალგაზრდა კაცი,  სპორტულ შარვალსა და დასრესილ მაისურში, რომელიც, თითქოს გამოცდის ჩასატარებლად კი არა, კუს ტბაზე სარბენად იყო გამოსული. გამოუძინებელი თვალები უკმაყოფილოდ მოავლო სავსე დარბაზს და ისეთი დაუჯერებელი რამ თქვა, ყველამ გაოცებისგან პირი დავაღეთ: ”რა გინდათ, რას მოდიხართ ამ დასაქცევშიო”...პირველი შთაბეჭდილება ისეთი არ აღმოჩნდა ცოდნის ტაძარზე, როგორსაც ველოდი, მაგრამ ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგან ცოტა ხანში მეცხრე საუკუნეში გადავინაცვლე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დეტალების  გასახსენებლად. ქართულის  წერას ისევ ქართული, ამჯერად ზეპირი გამოცდა მოჰყვა.  ლევან ბერძენიშვილის კითხვას -”რა დაგიწერო ახლა შენო?”  მხრების აჩეჩვით გულუბრყვილოდ ვუპასუხე-არ ვიცი რა ნიშანიც გინდათ-მეთქი.  სიცხისაგან, დაღლილობისგან და უამრავი ჩემნაირი აბიტურიენტის მოსმენით გაღიზიანებულმა, ოფლი მოწმინდა და საგამოცდოში ლამაზი რვიანი ჩააწიკწიკა. გამოცდიდან გამოსულმა უკვე ვიცოდი რომ იმ წელს შორს იყო სტუდენტობის პერსპექტივა, მაგრამ გამოცდებს ჯიუტად ვაგრძელებდი. შემდეგი საგანი უცხო ენა გახლდათ, რომელიც სულ რაღაც ერთ კვირაში მოვამზადე, რადგან მთელი წელი რუსულში ვმეცადინეობდი, დარწმუნებული რომ ფრანგულის ნაცვლად რუსული ენის ჩაბარება შემეძლო.  გამოცდამდე რამოდენიმე დღით ადრე, მამაჩემმა სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა რომ მთელი წელი სულ სხვა საგანში მამზადებდნენ და სკოლის ცოდნით გამიშვეს ფრანგული ენის ჩასაბარებლად. რაღას ვიზამდი, წელმოწყვეტილი შევედი გამოცდაზე, რომლიდანაც მხოლოდ ლეგენდარული,  ღრმად მოხუცებული, ფრანგული ენის სახელმძღვანელოების ავტორი  ნუნუ ქადეიშვილი დამამხსოვრდა სახეზე, თმასა და ტანსაცმელზე უხვად დაყრილი ფერუმარილით. ჩემდა გასაკვირად, ფრანგული მაინც ჩავაბარე...”ცოტა მეტი რომ გემეცადინა უკეთეს ნიშანსაც მიიღებდიო”-მითხრა ახალგაზრდა,მოკლედ თმაშეკრეჭილმა გოგომ, ქალბატონ ნუნუს მეათე ჭიქა ყავა მიუცუნცულა და კარამდე გამომაცილა.
პირველ წელს არ გამიმართლა და  ჩემი საოცნებო სასწავლებლის გარეთ დავრჩი.
          მთელი წელი იგივე საგნები, იგივე პედაგოგები და იგივე წიგნები, ოღონდ ამჯერად, ჩემ დასთან ერთად, უფრო ხალისიანად გავიმეორე და მოვიდა მეორე ზაფხულიც.  საბუთების შესატანად ერთად შევედით მე და ქეთინო. აქ უკვე არჩევანს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით. ისევ ჯიუტად და ამოჩემებულად შემოვხაზე ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.  ქეთინოს ბევრი არ უფიქრია და რახან სახელი უცხოდ და საინტერესოდ ჟღერდა, სოციოლოგიის ფაკულტეტი არჩია. 
დადგა გამოცდების დღეც.  ამჯერად ორნი ავუყევით გრძელ კიბეებს და უკან, გაუსაძლის პაპანაქებაში დავტოვეთ დედა,მამა და კიდევ უამრავი აბიტურიენტის უამრავი გულშემატკივარი ჯიუტად რომ იდგნენ თაკარა მზეზე და ყველა ერთ დიდ კარს მიშტერებოდა, საიდანაც ”უსისხლო” გამომცდელებისგან ბოლომდე გამოწურული, მთელი წლის მეცადინეობისგან თვალებამოღამებული გოგო-ბიჭები უნდა გამოსულიყვნენ...
ისევ იგივე ბარიტონმა მიგვიწვია გამოცდაზე,  იგივე აყლაყუდამ  ჩაგვსვა ლიფტში და რომელიღაც მაღალ სართულზე აგვაქანა. ამჯერად, უკვე ”გამოცდილი” მეორეჯერ გადამზადებული, თამამად შევდიოდი  თეთრ აუდიტორიებში.  მაღალი ქულები წერაში, ქართულ ზეპირში, უცხო ენაში... მახსოვს, თვითონ გამომცდელებიც წინასწარ მილოცავდნენ  წარმატებით ჩაბარებულ გამოცდებს.
ბოლო მეოთხე გამოცდაღა მქონდა დარჩენილი ისტორიაში, რომელიც იმ წელიწადს რატომღაც წერით ბარდებოდა. საოცრად თამამად შევედი აუდიტორიაში,  მერხზე ყველას ორი, ერთი-მწვანე შავად წერისთვის და მეორე პირისფერი- სუფთად გადასათეთრებელი რვეული დაგვხვდა. ახლაც გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ ვჯდები პატარა სკამზე პატარა მაგიდასთან და ვიღებ მწვანე შავად საწერ რვეულს, მერე ბილეთს, რომლის ყველა საკითხი ზედმიწევნით კარგად ვიცი და ვიწყებ წერას.  პირველი კითხვა ამოვწურე, გადავდივარ მეორეზე, მესამე და უცებ გამომცდელის ხმა ჩამესმის:  ”დრო იწურება, 40 წუთი დაგრჩათ”-გვაფრთხილებს.  ინსტიქტურად ჩემს საათს ვუყურებ და მერე სწრაფად ვიღებ მეორე, პირისფერ რვეულს. ვიწყებ ძალიან სწარაფად გადათეთრებას, ერთი აბზაცი, მეორე და კალამი ხელიდან მივარდება. თითები, ხელის მტევნები და მემგონი მთელი სხეული მიცახცახებს. ერთი ასოც ვეღარ გამომყავს, არ ვიცი საიდან ამდენი გამბედაობა და მივრბივარ კომისიის თავმჯდომარესთან, ჩემს გასაჭირს ვუხსნი და ვთხოვ, მწვანე რვეული შავად დაწერილი საკითხებით, ჩაიბაროს... მარიკა ლორთქიფანიძე მაშინ პირველად  ვნახე ახლოს, ცივი გაყინული მზერით მიყურებს სქელშუშიანი სათვალეების სიღრმიდან და მკაცრად თავს აქნევს უარყოფის ნიშნად: ”დაწყნარდით და დაასრულეთ გადათეთრება”- ეს სიტყვები სასიკვდილო განაჩენივით ჩამესმის.
პირველად ვიგრძენი, რა საშინელებაა როდესაც ხელები არ გემორჩილება და გრძნობ, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება გულიც გაგიჩერდეს. ანგარიშმიუცემლად ვხურავ ორივე რვეულს, ვტოვებ გამომცდელის მაგიდაზე და სირბილით, უკანმოუხედავად ვეშვები პირველი სართულისკენ... ცრემლები მახრჩობს და თითქმის ვერაფერს ვხედავ.
კართან მსუქან აბიტურიენტ გოგონას ვაწყდები, ალბათ ჩაიჭრა,  პირდაპირ კარებში დაწოლილა, ფეხებს იქნევს გაჭირვეულებული ბავშვივით და არაფრით არ ჩადის მშობლებთან, გვერდით ჩაცუცქული პოლიციელი კი შეწუხებული და თანამგრძნობი სახით ეხვეწება ადექიო.
ტირილით  მივიკვლევ გზას სიცხეში. მგონია, ყველა მე მიყურებს გაოცებული სახეებით და შორიდან ვხედავ დედას შეშფოთებული სახით  ჩემკენ რომ მორბის...
ამჯერადაც არასაკმარისი ქულით ისევ გარეთ დავრჩი და რაც მთავარია, ამჯერადაც ჩემგან შორს დარჩა საოცნებო თეთრი ტაძარი, უკვე ძილშიც რომ მესიზმრებოდა. 
მაშინ გადავწყვიტე, რომ ქართული ფილოლოგია არ იყო ალბათ, ჩემი მომავალი შესაფერისი პროფესია და ბედი სხვა სპეციალობაზე უნდა მეცადა. ასე ავირჩიე მომდევნო წელს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კეთილად მოსაგონარი წარმატებული გამოცდები, ზაფხულის ცხელი ბედნიერი დღეები, როდესაც ძალიან ლაღად  და თავდაჯერებულად აბარებ გამოცდებს, როდესაც ყოველ სისხამ დილით სახლიდან გასულს უამრავი ყვავი დაგჩხავის თავზე, ისინი არასოდეს არ ჩანან, მაგრამ ყველგან არიან ხეებზე, შენობის სახურავებზე, დენის სადენებზე  და დილის ბინდ-ბუნდში ცარიელ ქუჩაში მიმავალს, თითქოს მამხნევებენ.  მათი, ერთი შეხედვით, საზარელი ჩხავილი, ჩემთვის ყოველთვის წარმატებით ჩაბარებულ გამოცდას ნიშნავს. როდესაც სახლში დაბრუნებულს ჩემი უსაყვარლესი დიასახლისი და დიდი გულშემატკივარი,  დეიდა თამარა მეექვსე სართულის ფანჯარაში მელოდება და მეც ქვემოდან ბოლომდე ვუშლი ათივე თითს. ყველაზე ბოლო ისევ ისტორია იყო, თუმცა ამჯერად ზეპირი გამოცდა.
ღამით, რა თქმა უნდა, არ მეძინა. მახსენდებოდა გასული წლის ბოლო წარუმატებელი გამოცდა, აკანკალებული თითები, ასოების ნაცვლად ფურცელზე დაჯღაბნილი იეროგლიფები... დილაბნელზე გაღვიძებულებს, დეიდა თამარა გვამხნევებს მე და დედას, რომელიც ჩემზე არანაკლებ ნერვიულობს. ქუჩა ცარიელია, მაღლიდან  ისევ ისე დამჩხავიან ყვავები, საიდანღაც უზარმაზარი ძაღლი  ჩნდება და ნელი ძუნძულით ბოლომდე მოგვყვება მე და დედას მაღლივ კორპუსამდე.  ესეც, ალბათ,    რაღაცას ნიშნავს, ვფიქრობ ჩემთვის, რადგან ასეთ დროს უნებურად ყველა და ყველაფერი რაღაც სიმბოლურ დატვირთვას იძენს...
დაძაბული და გასული წლის თავგადასავლებით დამძიმებული, უსიამოვნო განწყობით შევდივარ პატარა, სიცხისაგან გათანგულ ოთახში.
იწყება გამოცდა, შემოდიან პროფესორებიც.  ერთ მათგანს მაშინვე ვცნობ -აკა მორჩილაძე  (მაშინ ჯერ კიდევ გიო ახვლედიანი). ყურადღებას იქცევს იმით, რომ ამდენ ასაკოვან ისტორიკოსებში  ეგ ერთია ახალგაზრდა და თან, ძალიან სიმპატიური, თანაც ძალიან კეთილგანწყობილი, მაღალი, ახოვანი, შავი თმებით და ოდნავ მოშვებული წვერით. კისერში ცხვირსახოცი აქვს ჩაფენილი, გაუსაძლისად ცხელა...
-აბა, ვისაც ათიანები უნდა აქეთ წამოვიდეს- აცხადებს და დამთავრებული არა აქვს სიტყვა, ათიოდე  გოგო უკვე მის წინაა წამოსკუპული და მომლოდინე თვალებით შეჰყურებს. მე არც ამაში  გამიმართლა ჩემი სიმორცხვის და სიამაყის გამო, ამიტომ ცოტა ხასიათწამხდარი ვიღებ ბილეთს და მოსაფიქრებელი 30წუთის ნაცვლად 15 წუთში მივდივარ მეორე ასაკოვანი გამომცდელის მაგიდასთან, რომელიც სათვალეებით, ჩია ტანითა და კეთილი გამომეტყველებით, რატომღაც ძია იულიუსს მაგონებს, ”კარლსონის” მულტფილმიდან.  ძია იულიუსი სათვალეების ზემოდან მათვალიერებს, დაჯექი და დაიწყეო მანიშნებს და მეც ვიწყებ...დამთავრებული არ მაქვს რომ მაწყვეტინებს და პირდაპირ კომისიის თავმჯდომარესთან მივყავარ როგორც პირველი ათიანის კანდიდატი. აქაც შარშანდელი სიურპრიზი მელოდება -ქალბატონი მარიკა უნივერსიტეტის რექტორთან ერთად.
-”ახლა მთავარია, არ დაიბნე”-ვამხნევებ საკუთარ თავს და სასწაული ძალით მობილიზებული ვჯდები მათ წინ გრძელ მერხზე.  პირველივე პასუხების მოსმენისას, ყინულივით ცივი გამოხედვა რადიკალურად იცვლება, სქელშუშიანი სათვალეების მიღმა უკვე ინტერესით მაკვირდებიან მისი თვალები და ბოლოს მიღიმის: -”მომეცით საგამოცდო, პირველი ათიანი უნდა დავწერო დღეს. გილოცავთ, წარმატებები!”- მეტი უკვე არაფერი აღარ მესმის. ისევ ის ნაცნობი კიბეები, ჩამოვრბივარ და თვალებით მხოლოდ ერთ ადამიანს -დედას ვეძებ, რომელიც უკვე ჩემკენ მოდის სწრაფი ნაბიჯით და შეშინებული სახით. ცრემლებისაგან ლაპარაკს ვერ ვახერხებ,  გულში მაგრად ვეხუტები და ათივე თითს ვშლი... მცხვენია, მაგრამ ხმამაღლა ვტირი და თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმის დედას სიტყვები: ”შენ ესე უნდა მოწყობილიყავი”..

იმ საღამოს უნივერსიტეტის დიდი, მძიმე კარი ჩემთვის ფართოდ გაიღო...





Comments

Popular Posts