Skip to main content
სურათები
- ამქვეყნად უამრავი ნივთი, სახლი, ქუჩა, სიტყვა და წარმოიდგინეთ გემოც კი არსებობს, რომელთაც შეუძლიათ ადამიანში ხან სასიამოვნო, სახალისო, გულისამაჩუყებელი ასოციაციები გააცოცხლონ, ხანაც-პირიქით. ჩემთვის თითქმის ყველა ამბავს თავისი ემოცია და თავისი სუნი მოჰყვება. მაგალითად, სრულიად უწყინარი და ბევრი ბავშვისთვის საყვარელი, მარწყვის საპნის სურნელი დღემდე უსიამოვნო მოგონებასთანაა დაკავშირებული და აი, რატომ...
ბავშვობაში ხშირად ვიყავით ხან ერთ, ხან მეორე ბებიასთან, დედა ხან მორიგეობდა, ხან თბილისში აგზავნიდნენ სამსახურიდან, ხანაც ისე, უბრალოდ გვტოვებდნენ ბებიებთან...დედის დედასთან ყოფნას-კოტეხში დარჩენა ერქვა, მამის დედასთან -კალოსუბანი... ამ ორ სრულიად განსხვავებულ სამყაროს მხოლოდ ბებიების სახელი აერთიანებდა-ორივე თამარა იყო.
კალოსუბანში, უნდა ითქვას, უხალისოდ ვრჩებოდით ხოლმე მე და ჩემი და, რადგან მისვლისთანავე ორივესთვის ძალიან უსიამოვნო რიტუალი იწყებოდა-ბანაობა. ბებიაჩემს ერთი ახირებული ჩვევა ჰქონდა -სასწაულად უყვარდა წყალი, მარტო თავის შვილიშვილებს კი არა, მეზობლის ბავშვებსაც შემოიყვანდა, დაბანდა, დაასუფთავებდა, ტანსაცმელს გაურეცხავდა და ისე უშვებდა სახლში.
გამონაკლისი არც მე და ჩემი და ვიყავით. ეზოში შესულებს ხელს მოგვკიდებდა და პირდაპირ ვიწრო, შავი მბზინავი ფილებით გაწყობილ აბაზანაში ამოვყოფდით ხოლმე თავს... ეს აბაზანაც და მთელი სახლიც საპნის მძაფრი სუნით დამამხსოვრდა, მომწარო, უსიამოვნო მარწყვის საპნის სურნელით. ბაბო ხის პატარა ფიცარზე დამსვავდა, დიდი ვედრით ცხელ წყალს შემოიტანდა და იწყებოდა...ძველი, მოთელილი, ფხაჭნია და საგულდაგულოდ გასაპნული სახეხით ხეხვა, ყველაზე საშინელი კი ფინალი იყო, როდესაც ეს წყეული სახეხი ტანიდან ჩემს სახეზე გადმოინაცვლებდა, თითქოს ათასობით მწარე წვეტიანი ნემსი მერჭობოდა ლოყებზე, შუბლზე, ცხვირზე. ამ დროს თვალები უნდა დამეხუჭა და მეც, რაც ძალი და ღონე მქონდა, მაგრად ვხუჭავდი თვალებს, თუმცა მწარე მარწვის საპნის ბუშტები მაინც აღწევდნენ შიგნით და საშინლად მეწვოდა... ატირებული და პირსახოცშემოხვეული გამოვრბოდი გარეთ, უსიამოვნო სიცივეში ვიცვამდი და ვცდილობდი სწრაფად დამემთავრებინა ეს კოშმარი...
როცა წამოვიზარდე, ბებიაჩემს კატეგორიულად გავუპროტესტე მისი საყვარელი რიტუალი- ჩამოსვლისთანავე პინგვინებივით რატომ გვსვავ წყალში-მეთქი -ვუთხარი (ტელევიზორში მქონდა ნანახი როგორ ჭყუპალაოპდნენ პატარა, სასაცილო პინგვინები სანაპიროზე) მახსოვს, ჩემს სიტყვებზე ბევრი იცინეს და კარგა ხანს იხსენებდნენ, მაგრამ ამან შედეგი გამოიღო და შავი ფილებით მოპირკეთებულ, ჩემთვის საძულველ სააბაზანოსაც სამუდამოდ დავემშვიდობე... მახსოვს მერეც, ყოველთვის ვერიდებოდი მის გვერდით გავლას, რადგან შეხსნილი შემინული კარიდან ყოველთვის ნაცნობი საპნის სურნელი მეგებებოდა და უსიამოვნო მოგონებებს აფორიაქებდა ჩემში...
აქვე უნდა ითქვას ის იშვიათი ფაქტიც, რომ ამ შავ სააბაზანოს მარტო დასუფთავების კი არა, სადამსჯელო ფუნქციაც ჰქონდა დაკისრებული, ბიცოლაჩემი სწორედ რომ სააბაზანოში ბანაობის დროს უხსენებდა ხოლმე ჩემს ცელქ ბიძაშვილებს მთელი დღის მანძილზე ჩადენილ ”ცოდვებს” და თითქმის ყოველ საღამოს, შემინული კარების მიღმა გულსაკლავი ტირილი ისმოდა, ამ დროს მეც ცრემლები მახრჩობდა...
მეორე, არანაკლებ მძიმე მომენტი, ძილის წინ ხდებოდა, როდესაც უკვე საბოლოოდ დაბანილ-დავარცხნილებს ბაბო დიდ ჭრაჭუნა რკინის საწოლში ჩაგვაწვენდა, ჩუსტების ფრატუნით აივანზე გადიოდა ბოლო დარჩენილი ნათურის ჩასაქრობად-ოთახში სუსტად შემომავალ ერთადერთ სინათლის სხივს სიბნელე შთანთქავდა და უკვე წყვდიადში, საწოლისკენ მომავალი ჩუსტების ხმაღა ისმოდა, მერე ისიც წყდებოდა და აუტანელ სიჩუმეს მხოლოდ სადღაც შორიდან მომავალი ძაღლების ყეფა არღვევდა. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვიძინებდი და მიზეზიც მქონდა- ზუსტად ჩემს თავთან დაკიდებული საშუალო ზომის ხალიჩა, საიდანაც კუშტი და მედიდური იერით უზარმაზარი ლომი ასვეტილიყო, სადღაც შორს, სივრცეს გაჰყურებდა...მაგრამ სულ მეგონა, რომ ცოტაც და ჩემკენ გადმოიტანდა თავის მრისხანე მზერას, ზღარბივით დამრგვალებული, ცხვირით მუხლისთავებს მოვეკრობოდი და თავზე საბანგადაფარებული ვიძინებდი... დილით, გაღვიძებისთანავე შიშით ავხედავდი შორეთში მომზირალ ცხოველთა მეფეს, რომელიც დღის სინათლეზე თითქოს ნაკლებ საშიში და სევდიანიც კი მეჩვენებოდა... ვიცმევდი და ბებიაჩემის საძინებელს თავისი სასტიკი ბინადარით, სწრაფად ვტოვებდი, თუმცა ღამე ზუსტად იგივე სცენარი მეორდებოდა იგივე ბავშური და დაუძლეველი შიშით.
მეორე სიურპრიზი ბიძაჩემის და ბიცოლაჩემის საძინებელ ოთახში მხვდებოდა, ოღონდ ამჯერად ეს ხალიჩა კი არა, საწოლების მოპირდაპირე მხარეს მიმაგრებული, არც მეტი არც ნაკლები, შიშველი მობანავე ქალის შავ ჩარჩოში ჩასმული სურათი იყო.. ამაში უსიამოვნო თითქოს არაფერი არ უნდა ყოფილიყო, რომ არა ერთი ფაქტი- ბნელ ოთახში ქალის სავსე, თეთრი ტანი სრულიად შავ ფონზე იკვეთებოდა და თუ კარგად დააკვირდებოდი, მის სხეულს სიბნელიდან მალულად, ორი კუპრივით შავი ზანგი უთვალთვალებდა მოელვარე თვალებით, ქალის მზერა ჩვენსკენ იყო მომართული და ამიტომ ვერ, ან არ ხედავდა ამ ორ არსებას... არადა სულ მეცოდებოდა და მეგონა, რომ რაღაც საფრთხე ემუქრებოდა ...
მესამე არანაკლებ შთამბეჭდავი სურათი-უცნობი ქალის პორტრეტი იყო, პირველ სართულზე მდებარე გრძელ, დაბალჭერიან ოთახში კომოდის თავიდან რომ ამაყად გადმოგვყურებდა... ძვირფას ქურქში და ბეწვის ქუდში გამოწყობილი ხვეულთმიანი ახალგაზრდა ქალი ეტლში იჯდა, ხელებზე მუფთა ეკეთა და დიდი წყლიანი თვალებით გვიყურებდა...
შუადღისით ბებიაჩემს კიდევ ერთი აკვიატებული და აუცილებლად სისრულეში მოსაყვანი რიტუალი ჰქონდა-შუადღის ძილი, ძველისძველ, სავარაუდოდ, თავის სამზითვო ტახტს, წიგნივით გადაშლიდა და ოთხივეს (მე, ჩემს დას და ორ ჩემს ბიძაშვილს) დაგვაწვენდა, თხელ ნაჭრეებს დაგვაფარებდა და თვითონაც გვერდით მოგვიწვებოდა... სიცხისგან მოთენთილებს, ყველას მალევე ეძინებოდა, მე კი უცნობ ქალს ვუყურებდი, ძილბურანში წასულს თავის სევდიან მზერას რომ არ მაცილებდა და მობანავე ქალის მსგავსად, ისიც მეცოდებოდა, რადგან მარტოსული და მიტოვებული მეგონა...
წლების მერე, როდესაც ერმიტაჟის, მერე კი ლუვრის და ორსეის მუზეუმებს ვსტუმრობდი, ყველა უზარმაზარ დარბაზში რატომღაც ამ ორ სურათს ვეძებდი, მაგრამ ვერც ის ახალგაზრდა მობანავე ქალი ვიპოვე და არც უცნობი ქალის სევდიან მზერას წავაწყდი სადმე...ისინი ისევ ბავშვობაში, იმავე ოთახებში დარჩნენ იდუმალები და ამოუცნობები...

Comments
Post a Comment