ყველას რაიმე აქვს სახსოვარი (ეპიზოდი პირველი-ანა ბაბო და ლექსო პაპა)

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი” -წერს გალაკტიონი თავის ერთ-ერთ  ლექსში.    ჩემი სახსოვარი- უძვირფასესი და ძალიან თბილი მოგონებებია ადამიანებზე, რომლებიც ჩემს გარშემო იყვნენ და დაბადების წუთიდან თავზე მევლებოდნენ...  მინდა ჯერ ისინი გავიხსენო, რომელთა გაცნობაც ვერ მოვასწარი და მხოლოდ  მონაყოლით და შავ-თეთრი ფოტოებით ვიცი მათ შესახებ...
ჩემი პირველი მოგონება  ლექსო პაპას უკავშირდება, პაპაჩემის მამას. ძალიან პატარა, თვეების ვიყავი რომ გარდაცვლილა და მის შესახებ მხოლოდ დედას და პაპიდას (პაპაჩემის დის) გადმოცემით ვიცი..
დედა სამშობიაროში რომ წაუყვანიათ ცივი თოვლიანი იანვრის ბოლო დღე თენდებოდა... პაპიდა თვალცრემლიანი მიყვებოდა: ეს ამხელა ვაჟკაცი ღია ფანჯარას არ მოშორებია, სანამ მახარობელმა პირველი შვილთაშვილის დაბადება არ ამცნოო...
-”შენ გაიხარე ბიჭოო,- ჩამოსძახა თურმე მახარობელს, მოვკვდი კაცი ნევიულობითო”- ახლა ვფიქრობ ხშირად, რომ ის გაყინული თოვლიანი დღე ღია ფანჯარასთან ლექსო პაპას დიდმა სიყვარულმა გაათენებინა, ისეთმა სიყვარულმა, სანამ მშობელი და მერე ბებია და პაპა არ გახდები, მანამდე რომ ვერ იგრძნობ.
მონადირე იყო და სახლში ყოველთვის ხოხბებით, კაკბებით, გარეული კურდღლებით დატვირთული ბრუნდებოდა თურმე.. ძალიან ტკივილიანი და სევდიანი წავიდა ამქვეყნიდან, რადგან მთელი ცხოვრება ელოდა 22 წლის შვილის დაბრუნებას ომიდან და ის კი არ გამოჩნდა...  ლექსო პაპა არა, მაგრამ ანა ბაბო ძალიან ნათელ მოგონებად დარჩა ჩემს მეხსიერებაში, წელთა სიმრავლისაგან დაპატარავებული, წელში მოხრილი, ჯოხზე დაყრდნობილი, ქათქათა თმებით და  სევდიანი, ტირილისაგან ამოღამებული თვალებით...  და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან ამაგიანი, ყველა შვილიშვილი და შვილთაშვილი მის კალთაში გაიზარდა.  ახლაც თვალწინ მიდგას ფეხებმოკეცილი როგორ იჯდა პაპას ღია დერეფანში კალთაში ჩემი პატარა ბიძაშვილებით, მე კი, უკვე მოზრდილი, მივირბენდი, ვაკოცებდი და ისევ სათამაშოდ გავრბოდი.
სკოლას ვამთავრებდი როცა დაიღუპა... ცოტა ხნით ადრე ვნახე, ჩვეულებისამებრ თავისი აივნის კიბეზე ჩამომჯდარი, ჯოხზე დაყრდნობილი, დამინახა და როგორც სჩვეოდა, აკანკალებული, მთლად დანაოჭებული ხელები  გამომიწოდა,  მეც ისევ თბილად და გულიანად ჩავეხუტე, ლოყებზე ვაკოცე...როგორ ხარ მეთქი. არა მიშავს, შენ გენაცვალეო  და ეს სიტყვები  სამუდამოდ ჩემთან დარჩა...
 პატარაობისას   ხშირად ვსტუმრობდი  პაპას მშობლებისეულ  სახლს..  ოთახს, სადაც ანა ბაბო ცხოვრობდა თავის ტკივილიან  მოგონებებთან  ერთად,  ცალკე ასავლელი კიბე ჰქონდა.  აივანს გავირბენდი და  დიდ,  ძალიან მის ცივ  სამყოფელში(მაშინ ასე მეჩვენებოდა),  ამოვყოფდი თავს, სადაც  წითელი საღებავით შეღებილი, გაპრიალებული იატაკი იყო და მთელი მისი ავლა-დიდება სულ რამოდენიმე ნივთისგან შედგებოდა, ორი დიდი რკინის საწოლი, ყოველთვის გულმოდგინედ ალაგებული, მოზრდილი ტანსაცმლის კარადა, ორიოდე სკამი და რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო, სევდიანი და იდუმალი იყო: კუთხეში მდგარი პატარა მაგიდა მის თავთან დაკიდებული სამი, შავ ჩარჩოში ჩასმული, უზარმაზარი სურათით, იმ ოთახში სწორედ მათ სანახავად შევდიოდი, სანთლით, საკმეველით, ასანთით და ჯვრებით დაფარული მაგიდის წინ ვდგებოდი და დიდხანს ვუყურებდი ამ სურათებს. პირველი ლექსო პაპა მიყურებდა ძალიან მკაცრი სახით და მთლად თეთრი თმით, მერე მისი შვილი, შოთა პაპა, ომის უბედურება რომ გამოიარა 17 წლის ბიჭმა, სასწაულად გადარჩა, ჩამოვიდა და თირკმელებმა ვეღარ გაუძლო.. ახალგაზრდა წავიდა და სამი შვილი დატოვა ამქვეყნად, ამ სურათში შოთა პაპა შუახნის იყო, შავი ხვეული თმით, ისტორიას ასწავლიდა სკოლაში და ყვებოდნენ, ექსკურსიის შემდეგ, სანამ ყველა მოსწავლეს სახლამდე არ მიაცილებდა, თვითონ არ დაბრუნდებოდა შინო,    სკოლის მერხიდან მოულოდნელად წაიყვანეს ომში, სახლში არავინ ყოფილა და პატარა დას სხვა რომ ვერაფერი მოუფიქრებია, ერთი ვედრო ყურძენი  გაუტანებია თან (შემოდგომა იყო) პაპიდა ყვებოდა, შეწუხებულმა მითხრა, ეს ყურძენი რომ გამითავდება ვედრას რა მოვუხერხოო..აი, ასეთი უკეთილშობილესი და დიდი გულის იყო ეს უზარმაზარი გოლიათი...
და ბოლოს, ყველაზე გულისმომკვლელი, მესამე, 22 წლის გოგია პაპას სურათი იყო. ამ სურათის დანახვაზე ბურთი მებჯინებოდა ყელში, რადგან ძალიან ვამსგავსებდი პაპაჩემს. თითქოს ახალგაზრდა ვალიკო პაპა მიყურებდა ძალიან კეთილი და სევდიანი თვალებით. სამხედრო ფორმა ეცვა იმ სურათში და თავზეც გვერდულად სამხედრო ქუდი ეხურა. სრულიად ახალგაზრდა უკვე  ლეიტენანტი ყოფილა. ანა ბაბო და ლექსო პაპა ბევრი წელი ელოდნენ, ის კი არ ჩანდა... მახსოვს, დედა მიყვებოდა, ანა ბაბოს ტირილმა და გლოვამ მხედველობა დაუქვეითაო...
მე პატარა ვიყავი, ალბათ 4-5 წლის, მაგრამ ძალიან ცხადად მახსოვს ის ამბავი, 70-იანი წლების მიწურულს,  მთელი საბჭოთა კავშირი რომ აალაპარაკა, რუსეთის ერთ პატარა დასახლებაში, სტავროპოლში  მოსწავლეები კარტოფილის ამოსაღებად წაიყვანეს სკოლის ეზოში და იპოვეს ნეშტი, რომელიც საბუთების მიხედვით, ქართველ ლეიტენანტს- გიორგი უტიაშვილს ეკუთვნოდა, სკოლის შენობაში ომის დროს ჰოსპიტალი ყოფილა, სადაც მას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, ალბათ, ეს გახდა  გარდაცვალების მიზეზიც,  ამ ჰოსპიტლის ეზოშივე დაკრძალეს...
მახსოვს უამრავი ყვავილები, მიხაკები, ტიტები, (მგონი ადრიანი გაზაფხული იყო), არ დაიჯერებთ და ამ ყვავილების სუნიც მახსოვს, და მათთან ერთად,  წითელი, ხავერდგადაკრული მოზრდილი ყუთი გოგია პაპას ნეშტით, მთლად გათეთრებული, წელში მოხრილი ანა ბაბო რომ დასტიროდა: ”როგორ ყველას ყვარებიხარ შვილო, სახლში უნდა წაგიყვანო შვილო”...
მთელი სკოლა ჩამოვიდა ომში დაკარგული ქართველი ლეიტენანტის ბოლო გზაზე გასაცილებლად, პიონერები წითელი ყელსახვევებით 24 საათი იდგნენ საპატიო ყარაულში ნეშტის გვერდით, უამრავი ადამიანი მოდიოდა, ტელევიზია, პრესა, ჟურნალისტები.
დღესაც, როდესაც გვერდით ავუვლი ძველ სასაფლაოს,  შესასვლელთან მიყურებს ობელისკი, სადაც შინმოუსვლელი გმირის- 22 წლის ლეიტენენტი გიორგი უტიაშვილის ცხედარი განისვენებს, ბავშვობაში დედას მივყავდით და სანთლებს ვანთებდით, დედა თვალცრემლიანი გვიყვებოდა ომზე, თავის ბიძებზე.

ჩემი ბავშვობის ყველაზე სევდიან მოგონებას კი  გოგია პაპა ისევ 22 წლის ახალგაზრდად შემორჩა, ანა ბაბოს დიდ, ცივ ოთახში შესულს კეთილი და იმედიანი მზერით რომ მეგებებოდა...

Comments

Popular Posts