სახსოვარი

რაც არ უნდა მძიმე იყოს,  სიკვდილი, გარდაცვალება,   ის მაინც,  ადრე თუ გვიან, ყველა ჩვენგანის ცნობიერებაში შემოდის...
და როდესაც ამ ფაქტის პირისპირ მეექვსეკლასელი ბავშვი აღმოჩნდები-ეს უმძიმეს მოგონებად რჩება მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, მით უმეტეს მაშინ, თუ ეს ადამიანი თითქმის შენი ტოლია.
მახსოვს, ჩემს თანაკლასელს,  ჩვენზე  ალბათ  1-2 წლით უფროსი და-შორენა  გარდაეცვალა. სულ უბრალო  განაკაწრი გახდა სეფსისის  მიზეზი და ვერ გადაარჩინეს...(ვერ გადაარჩინეს არადა ალბათ, შეიძლებოდა გადარჩენა-მეთქი, ასე ვფიქრობდი მაშინ ბავშვურად). ეს იყო ჩემი პირველი და ყველაზე ტრაგიკული შეხება სიკვდილთან, რომელიც მანამდე მეგონა არც არსებობდა...
  იმ დროში ანუ 80-იან წლებში, სიკვდილი არ იყო ისეთი ხშირი და ისეთი ჩვეულებრივი ამბავი როგორიც, სამწუხაროდ, ახლაა.
მაშინ თვითეული ასეთი უბედურება  მეხის გავარდნას  გავდა და ყველას  საერთო ტკივილი ხდებოდა.
ასე იყო შორენას შემთხვევაშიც . პატარები ვიყავით, მაგრამ ჩვენმა დამრიგებელმა საჭიროდ ჩათვალა, მთელი კლასის წაყვანა მისასამძიმრებლად, რადგან ასეთ დროს მეგობრის გვერდით უნდა ვყოფილიყავით...
მახსოვს, პირველი საშუალო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი და ცელქი ჯგუფი, როგორი დაზაფრული და მდუმარე  იჯდა მთელი გზის მანძილზე  რაღაც გამოუცნობის, ჯერ არ ნახულის მოლოდინში.
მერე ყველაფერი ერთმანეთში აირია:  პატარა ვიწრო  ოთახი,  უამრავი ყვავილები,  დედის და ახლობლების ტკივილისგან  შეშლილი   სახეები, შორენა...
 შიგნით აკანკალებული ნაბიჯით შესულს,  თითქოს სადღაც შორიდან  მესმოდა  კარებში მდგომი გამხდარი, აწოწილი,  და  მწუხარებისაგან მობუზული გოგოს სიტყვები: "ნეტავ წამალი იყოს რამე, რომ გაგაცოცხლოო " და დედას გეფიცებით, იმ წუთებში, მეც იგივეს ვნატრობდი  ბავშვური და ძალიან ალალი გულით.  ვნატრობდი, რომ აღარ ყოფილიყო სიკვდილი.
მაღალი გოგო იყო შორენა, შავი ხვეული თმებით, საოცრად თეთრი, გამჭვირვალე კანით და დიდი ჭკვიანი თვალებით.  ახლა კი ამ ფორმისკაბიან ლამაზ გოგოს თითქოს ეძინა  გამხდარ, უსიცოცხლო მაჯაზე დამაგრებული პატარა ელექტრო  საათით , რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში,  რადგან ეს იყო ერთადერთი ნივთი ამ გაყინულ სივრცეში, რაც მუშაობდა, რაც ჯერ არ გაეჩერებინა დროს, სიკვდილს და მაშინ უნებურად წარმოვიდგინე კიდევ რამდენ ხანს დაითვლიდა ეს პატარა ვერცხლისფერი დროის საზომი სააქაოდ ყოფნის წუთებს და მერე-იმქვეყნიურ უსასრულობას.
 ნეტავ რამდენ ხანს იმუშავებდა ნივთი, რომელიც უკვე აღარავის და არც შორენას აღარ სჭირდებოდა...
ყოველთვის როცა ამ ძალიან ტკივილიან და მძიმე სურათს წარმოვიდგენ, უნებურად მახსენდება კიდევ ერთი ეპიზოდი:  როდესაც "ტიტანიკის" ჩაძირვის მომენტში, მისი მთავარი კონსტრუქტორი, გრძნობს რა  გარდაუვალ დასასრულს, უზარმაზარი ლაინერის  უზარმაზარ  დარბაზში, ბუხრის თავზე მდგარ, მოჩუქურთმებული საათის ისრებს აჩერებს: მარადიულობაში წუთებს არ ითვლიან...


Comments

Popular Posts