დეზდეს ლიმონები

                                        
მინდა დავწერო დროზე, რომელიც ადრეც ბევრჯერ ვახსენე და რომელიც ჩემი სტუდენტობის და არამარტო სტუდენტობის, განუყოფელი ნაწილია.
 როდესაც, რაც არ უნდა დაგვებანა და მოვწესრიგებულიყავით, ყველას აგვდიოდა ბოლის სუნი, იმიტომ რომ გრძელ და სასწაულად თოვლიან-ყინვიან ზამთარს ყველა ღუმელთან,  ე.წ. "ფეჩის" გვერდით ვატარებდით, როდესაც ყველას გვეცვა დასაუთოვებელი ტანსაცმელი, (იმ უბრალო მიზეზით რომ შუქი პრაქტიკულად არ იყო), სანამ ზოგიერთმა შენახულმა და თადარიგიანმა არ გამოძებნა ბებია-ბაბუისეულა ნახშირის უზარმაზარი, ტყვიასავით მძიმე უთოები. ჩვენ არ ვიყავით ასეთი შენახული ხალხი, ამიტომაც ხშირად დასაუთოებელი ტანსაცმლით გვიწევდა სიარული.
   გურჯაანში,  არ დაიჯერებთ და იმ არარსებულ პირობებში, თოვლიანი ზამთარიც კი გვიხაროდა, რადგან  წყლის პრობლემა ცოტა ხნით იჭრებოდა-თოვლს ღუმელის გვერდით ვადნობდით. თუ თოვლი იგვიანებდა მაშინ ვედრებით და ათასნაირი წყლის ჭურჭელით, სადღაც ახლო -მახლო სასწაულად შემორჩენილ, თვითდინებით ძაფივით  მოწკაპწკაპე  წყალს ვპოულობდით და მთელი დღე, დიდი ნებისყოფით აღჭურვილები, ველოდებოდით როდის გაივსებოდა მოყვითალო- მოჟანგისფრო  სითხით ვედრო.
 თითქმის ყველა ოჯახში ღუმელზე ცხვებოდა დაბრეცილი, მოშავო ფერის პურები. თუ  სასწაული ხდებოდა და  ქარხანა აცხობდა, თან  თუ  გაგიმართლებდა ერთი მრგვალი დაბრაწული "ბუხანკა"  შეგხვედროდა, ამას ციდან გამოგზავნილი საჩუქარივით ვიღებდით ყველა...
თბილისში ცოტა სხვანაირად იყო ეს ამბები. იქ ბოლის სურნელს ე.წ. "კერასინკის" და ნავთის მძაფრი სუნი ანაცვლებდა. შუქი, ყოველ შემთხვევაში, ცენტრალურ უბნებში მაინც, საღამოობით მოდიოდა, მაგრამ ისეთი სუსტი და მბჟუტავი, რომ ჩვენი მრავალჭირნახული შავ-თეთრი ტელევიზორი საბოლოოდ კარგავდა მიღებას და უიმედოდ შავდებოდა. ონკანიდან ყინულივით ცივი წყალი მოსჩქეფდა და ვცდილობდით სწრაფად დაგვებანა ხელები რომ ზედ არ მიგვყინოდა. ”ფეჩზე” გამომცხვარ პურს თეთრი ლავაშები ან მესხური პურები ანაცვლებდა, რომელიც ცხელივე უნდა გვეჭამა , რადგან გაციებული ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდებოდა-მრგვალ ცომის გუნდად  იქცეოდა.
აი სახლის მამაპური ღუმელი კი აქ ძალიან გვენატრებოდა თავისი მუდმივად ჭვარტლიანი მილებით და ბოლით, რომელიც ხშირად გარეთ გასვლის ნაცვლად, ოთახში რომანტიულად ირხეოდა და არად აგდებდა ამ დროს თუ თვალები და ცხვირი გეწვოდა ანდა ისტერიულ ხველას იწყებდი...ხანდახან მეგონა, იმ გაუსაძლის სიცივეში ბოლსაც კი არ უნდა გასვლა -მეთქი....
ჰოდა ეს თბილი ღუმელი ძალიან გვაკლდა თბილისში სწავლას მსხვერპლად შეწირულ სტუდენტებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი უზარმაზარი ოთახის უკიდეგანო, დიდ ღრიჭოებიან ფანჯრებს ყინვა  მარტო გარედან კი არა, შიგნიდანაც   ლამაზი ორნამენტებით ხატავდა. 
 მაშინ ბევრმა და მათ შორის ჩვენც, დიდი ფიქრისა და თავისმტვრევის შემდეგ, მივაგენით მარტივ გამოსავალს, რომელიც შესაძლოა შორეულ ქვის ხანაში მცხოვრებმა წინაპრებმა აღმოაჩინეს და გაჭირვებამ ჩვენც გვაპოვნინა: ერთ  გაუსაძლის ყინვიან საღამოს ჩავედით კორპუსის ეზოში და გვერდით მშენებარე შენობის წინ დაყრილი აგურებიდან რამოდენიმე ამოვათრიეთ, შემდეგ როგორც უკვე გამოცდილი "ექსპერტები" გვირჩევდნენ გასუფთავებულ, მხრჩოლავ "კერასინკაზე"კარგად გაცხელებულ  აგურს გავახვევდით ნაჭერში, ჩავდებდით ადიელაში, ტანსაცმელს გახდის ნაცვლად, კიდევ დავიმატებდით და ნელი ბზრიალით  პლედში თავიდან ფეხებამდე გავეხვევოდით, მხოლოდ ცხვირი რჩებოდა გარეთ გათოშილი ჰაერის ჩასაყლაპად...
ადამიანად დარჩენის გამოცდას ყოველდღე გვიწყობს განგება, იმ დროს კი- განსაკუთრებით. მახსოვს, როგორ მხარში ედგა ყველა ერთმანეთს, როგორ ინთებოდა ცივ საღამოებში ატენის ქუჩის ერთ-ერთ ვიწრო ეზოში დიდი კოცონი და საერთო ცეცხლზე უზარმაზარ ქვაბში იხარშებოდა ბოსტნეულის სუპი, დუღდა ჩაიდანი და მერე ყველას სათითაოდ პატარა ქვაბებით და ფინჯნებით პირველად ბავშვებთან  და მოხუცებთან მიჰქონდა ცხელი ჩაი და წვნიანი, იყოფდნენ პურს.
როდესაც კოცონის დანთება იგვიანებდა, ჩვენი მოხუცი დიასახლისი ბინის უზარმაზარ აივანზე ძველი ქაღალდებით პატარა ცეცხლს დაანთებდა და ზედ დიდ, ძველებურ ჩაიდანს შემოდგამდა. მერე მთლად გამურული სახით და გაჩეჩილი თმებით, ჩვენს ოთახში შემოიხედავდა: ”ბავშვებო, სანამ ცხელია სწრაფად დაისხით ჩაიო”, ჩვენც დიდი ფინჯნებით ბლომად ვისხავდით და ვხვრეპდით  ყველაზე გემრიელ და ცხელ ჩაის, რომელიც მარტო სხეულს კი არა სულსაც მითბობდა, როცა წარმოვიდგენდი რამდენი ჟურნალ-გაზეთი შეეწირა მის ადუღებას და როგორი წვალებით დაანთო დეიდა თამარამ ცეცხლი...
   ჰოდა, ასეთი სასტიკი ზამთრის ერთ საღამოს, ჩვენს გაყინულ ბინას და მის სამ, ასევე თავით ფეხებამდე გათოშილ ბინადარს, კიდევ ერთი შეემატა - დეიდა თამარას ყოფილი მძახალი, ქალბატონი დეზდემონა, ანუ როგორც ეძახდნენ, დეზდე, რომელიც შორეული სუფსიდან სულ ორი დღით სტუმრობდა დედაქალაქს  და რადგან ქალაქში სხვა ახლობლები არ ჰყავდა, ჩვენთან გაჩერება გადაწყვიტა.  ორიოდე სიტყვით უნდა აღვწერო ამ ინკოგნიტოდ, ყველასათვის მოულოდნელად გამოჩენილი პერსონაჟის გარეგნობა, რომელიც მაღალი, ახმახი ქალბატონი იყო ცეცხლისფერი თმებით და აღნაგობისათვის შეუფერებელი, დაბალი შემპარავი ხმით. მე და ქეთინოს, საერთოდ, გვჩვევია ასეთი საინტერესო ტიპაჟებისთვის ჩვენეული მეტსახელების დარქმევა. დეზდეზეც დიდხანს არ გვიფიქრია და შეხედვისთანავე ასტრიდ ლინდგრენის  დაუვიწყარ პერსონაჟს- ფრეკენ ბოკს მივამსგავსეთ. ასე დაიწყო ჩვენი და ფრეკენ ბოკის ორდღიანი თანაცხოვრება დეიდა თამარას უზარმაზარ ბინაში.
  გაყინული ზამთრის კიდევ ერთი უიმედო და სევდიანი რიჟრაჟი დგებოდა. მე საშინელი, ალბათ გრიპის ყველა ცნობილი და უცნობი ვირუსი ერთად მჭირდა და ზემოთხსენებულ აგურებში, ადიელებში, საბნებში გახვეული ვიწექი მაღალი სიცხითა და საშინელი ხველებით. სახე თითქმის არ მიჩანდა და მთლიანად გაჭედილი ცხვირის გამო ძილსაც ვერ ვახერხებდი. ოთახში ნელ-ნელა იპარებოდა რძისფერი შუქი და ყინვისაგან შიგნიდან გულმოდგინედ მოხატული მინები ციმციმს იწყებდა... 
ზუსტად ჩემ წინ რაღაც დიდი და მრგვალი, ელიოზივით ერთიანად შეფუთული ფიგურა დავლანდე. ვიფიქრე, მთელი ღამის უძინარს, ნამდვილად მეჩვენება-მეთქი, მხედველობა დავძაბე, სიცხით დამძიმებული თვალები მოვისრისე... კონტურები ნელ-ნელა გამოიკვეთა, უზარმაზარი თავი შემოხვეულ დიდ შალად იქცა, რომლის სიღრმიდანაც დეზდეს ორი გაოცებული თვალი მომჩერებოდა.
არ ვიცი რამდენი ხანი მაკვირდებოდა ასე. მე სავარაუდოდ, გვიან შევნიშნე, მას კი ალბათ აინტერესებდა, მეძინა თუ არა. შალით შეფუთულ ხელებში პატარა ყვითელი ბურთის ფორმის რაღაც ჩაებღუჯა. სანამ ხმას ამოვიღებდი ეს ბურთები მაგიდაზე დააწყო: ”აი, ეს ჩემი ეზოს ლიმონი მიირთვითო” და სწარაფადვე გავიდა ოთახიდან ისე, რომ პასუხს არ დალოდებია...
მას შემდეგ დეზდე აღარ მინახავს, ამიტომ მადლობაც ვეღარ გადავუხადე. სავარაუდოდ, იმ დილითვე გაემგზავრა თავის მშობლიურ სუფსაში...
მე კი, ამდენი წლის მერეც, განსაკუთრებით ყინვაში და განსაკუთრებით, ცუდად ყოფნის დროს, სიცხიანს, ხშირად მახსენდება ჩემი საწოლის წინ, პატარა მაგიდაზე დაგორებული ლიმონები, თავისი თბილი ფერით და მძაფრი არომატით, წუთით რომ დამავიწყეს ჩემი ავადმყოფობა და სასტიკი, დაუნდობელი ზამთარი...

Comments

Popular Posts