გურჯაანიდან თბილისამდე

დეკემბრის სუსხიანი დილაა, თუმცა მზე ბოლომდე არ თმობს პოზიციებს და მაინც აპირებს ამოსვლას,  სწორედ ამ ფაქტით იმედმოცემულები (ე.ი. კარგი ამინდი იქნება)  და შესაბამისად, გზაც ნაკლებად საშიში, მე და დალიკო ისთ პოინტში წასასვლელად ვემზადებით... დალიკოს დაბადების დღიდან გამოყოლილი და დახარჯვას უკვე მრავალგზის გადარჩენილი დანაზოგი საგულდაგულოდ აქვს პატარა ვარდისფერ საფულეში შენახული და ამ დღეს უკვე კვირაზე მეტია ელოდება...ჩვენდა გასაოცრად, წინა საღამოს დათოც გვთანხმდება თბილისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ე. წ. მარშუტკით რომ ჩავიდეთ  და ამიტომ დილით დაუყოვნებლივ ჩქარ-ჩქარა ვტოვებთ სახლს, კარებთან მდგარ პლანშეტმომარჯვებულ დიანას, რომელიც უკვე მეათედ გვიმეორებს რა უნდა ჩამოვუტანოთ და დათოსთან ერთად უკვე საჭირო ადგილზე ვდგავართ ანუ სტრატეგიულად ხელსაყრელ წერტილში, სადაც ყველა თბილისისკენ და არამარტო თბილისისკენ მიმავალმა ტრანსპორტმა უნდა ჩაგვიქროლოს, მაგრამ ჩვენ თვალებით მხოლოდ იმ ოთხკუთხა გადაქექილ აბრას ვათვალიერებთ, წითელი ასოებით ჩვენი დედაქალაქის სახელი რომ აწერია... ლოდინი დიდხანს არ გრძელდება,  პირდაპირ ჩვენს ფეხებთან თეთრი, ცოტა არ იყოს მოძველებული, გადაღებილი მარშუტკა ამუხრუჭებს...-თბილისში?-მოკლედ გვეკითხება შავ სათვალეებიანი მძღოლი, ჩვენ თავს ვუქნევთ და მერე მაინც ყოველი შემთხვევვისათვის, ვაზუსტებთ: ისთ პოინტში.დათო თვალით გვანიშნებს სადაა  თავისუფალი ადგილი და მძღოლის უკან გაზეპილ-გადაქექილ სკამზე ვჯდებით მე და დალიკო.  სალონს თვალს ვავლებ და თითქმის ცარიელია, თუ არ ჩავთვლით მძღოლს და ჩვენს უკან, ერთი სკამის მოშორებით მჯდომ ქალბატონს, რომელიც ალმაცერად გვათვალიერებს.. სულ ათი წუთი არ გვაქვს გავლილი, რომ სოფელ გურჯაანისკენ მიმავალი აღმართის დასაწყისში, ვიღაც თავზე კაპიშონჩამოცმული, შავსათვალეებიანი, მობილურზე გაცხარებით მოლაპარაკე  ახალგაზრდა ხელს უქნევს მძღოლს და სწრაფად ჯდება სალონში, კარებს ენერგიულად მოაჯახუნებს და თან მჭექარე ხმით მობილურზე საუბარს აგრძელებს..სალონის უჩვეულო სიმყუდროვე უკვე დარღვეულია და თანაც, ჩვენდა საუბედუროდ, დიდი ხნით... არც მეტი არც ნაკლები, სულ ცოტა პატარძეულამდე მაინც... თვალს ვაყოლებ ზამთრისგან გახრიოკებულ გორაკებს, საცოდავად მომზირალ სახლებს წინ გაფენილი ჩურჩხელებით, ჩირებით, გოგრებით, სახეს დეკემბრის ცხარე მზე მწვავს და ჩემდა უნებურად ყურს ვუგდებ უკან მჯდომ კაპიშონიანს:  ”არა, გელა მე საქართველოში არ ვიყავი ხო იცი, გუშინ ჩამოვედი, საზღვარგარეთ ვიყავი ბიჭო”...თან ისე ოსტატურად ახერხებს საუბარს რომ თემა ყველასთვის უცნობი რჩება...ჰო...კი.. აბა რავი..ვნახავ...” მთელი გზა გრძელდება,  ბოლოს საბედნიეროდ, სალაპარაკო მითავდებაო გელას შესჩივის და ცოტა ხანში ნანატრი სიმშვიდე დგება...თუმცა ეს მხოლოდ რამოდენიმე წუთით...მობილური ისევ წკრიალებს...ამჯერად გურამია ხაზზე...ზუსტად იგივე ტექსტს უკვე მეორედ უსმენს მთელი სალონი, თან ეტყობა, ამ ჩემი ცოდვით სავსე გურამს ტელეფონის ბალანსი სრულად აქვს შევსებული, ასე რომ კაპიშონიანი უკვე უფრო თამამად, ხანგრძლივად  და რაც მთავარია, მჭექარედ ყვება როგორ ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან გუშინ (ქვეყანა არაფრით არ თქვა..ეტყობა არ იყო მთლად სახარბიელო ადგილას) ამ დროს გზაზე მორიგი მგზავრი გვიქნევს ხელს ვუახლოვდებით ,ხელში რაღაც უჭირავს, თავიდან გადაშლილ წიგნს ვამსგავსებ, კარებს აღებს, ამოდის და ... და ჰოი საოცრებავ, ყდაში ჩასმული მობილური არ არის თანაც, ისიც შუა საუბარშია ვიღაცასთან ჩართული და უფრო უარესი, აზერბაიჯანულად... არა, დღეს, აშკარად, მობილურების საერთაშორისო დღეა და მე არ  ვიცი. მობილურ ბლოკნოტიანად  ჯდება  კაპიშონიანის გასწვრივ და უკვე სინქრონში, ორ ენაზე გრძელდება აზერბაიჯანულ-საზღვარგარეთული ამბების მოყოლა...აქ უკვე მარტო მგზავრების კი არა, მძღოლის მოთმინებაც იწურება (ეტყობა, არც იმან იცის მობილურების  დღის შესახებ) და გაგულისებული მთელი ძალით აჭერს გაზს... ჩურჩხელებ-ჩირებ-გუდის ყველ და შოთის პურიანი ტრასა უკან მოგვკივის..სხვა დროს ალბათ დავიძაბებოდი, მაგრამ ახლა მიხარია კიდეც რომ  ეს  დაჩაჩანაკებული მრავალჭირნახული მარშუტკა ყველა ძვირფას, პრიალა ჯიპზე წინ  ჩაუქროლებს თბილისის ტრაფარეტს და ვინ იცის უკვე მერამდენედ, ცდილობს დედაქალაქში შესვლის პირველობა არავის დაუთმოს... თუმცა ამ გაგიჟებული რბოლის მიზეზი  მარტო ჩვენ, მგზავრებმა და მძღოლმა ვიცით... სულ ცოტა ხნით პაუზა და უცებ ისევ ზარის ხმა ისმის.. აქეთ-იქით ვიყურები ამჯერად ვინაა, მერე ვხვდები  ჩემი მობილური რეკავს, არც ამას უნდა საერთაშორისო დღეს ჩამორჩეს და ხმა ამოიღო... შავსათვალეებიანი მძღოლის მოთმინების ფიალას უკვე ერთი წვეთიღა აკლია და ეს წვეთი ჩემი ტელეფონი რომ არ აღმოჩნდეს,სწრაფად ვპასუხობ ერთი სიტყვით -ჩამოვედით!  და უკვე საშობად მორთულ ისთ პოინტთან ჩასასვლელად ვემზადებით მე და დალიკო...ყურებდაგუბებულს  სადღაც უკნიდან მესმის დალიკოს სასოწარკვეთილი ხმა: დედა, დაიფიცე რომ მარშუტკით არასოდეს აღარ წამოვალთ....


Comments

Popular Posts