დაბადების დღეზე

დაბადების დღე ბევრნაირი არსებობს ანუ ყველა სხვადასხვანაირად აღნიშნავს წელიწადის ამ გამორჩეულ დღეს, როდესაც ერთი წლით იზრდებიან.
აი, პედაგოგის იუბილე კი, რომელსაც კოლეგების ვიწრო წრეში პატარა მყუდრო კაფეში აღნიშნავენ, სრულიად განსხვავებული რამაა. თანაც, თუ ამ კაფემდე მისასვლელად, ვიწრო, ხვეული და ცოტა არ იყოს დაქანებული კიბეების ავლა გჭირდება, ეს ხანდაზმული მასწავლებლისთვის მთის მწვერვალზე საცალფეხო ბილიკით ასვლის ტოლფასია, ხოლო იქიდან ჩამოსვლა-მთლად უარესი...
რაღა დაგიმალოთ და მეც, სიმაღლის ფობიით შეპყრობილ ადამიანს, ძალიან გამიჭირდა დანიშნულების ადგილამდე ასვლა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თებერვლის ერთ საღამოს, ჩემმა მეზობელმა, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა და თან, როგორც სჩვევია, მოწვეული სტუმრების სრული სია გამაცნო, მე მისივე სიტყვებით, რიგით მე-7 სტუმარი უნდა ვყოფილიყავი ორ სკოლის დირექტორსა და  მის რამოდენიმე კოლეგას შორის.
აუცილებლად მოვალ-მეთქი, შევპირდი და დათქმულ დროს  ბამბანერკითა და ვარდებით ხელში, იმ ძნელად მისაღწევ პატარა კაფისკენ გავეშურე.. მთელი გამბედაობა მოვიკრიბე  და მოხვეული კიბის გაყინულ მოაჯირს ჩაფრენილი, მესამე სართულამდე ავედი. ჩემი ვარაუდით, ყველა სტუმარი უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყო. ასეც იყო, საჭმელებით დახუნძლულ მაგიდას რამოდენიმე პედაგოგი, თავად იუბილარი და დირექტორი (სუფრის თავში) შემოსხდომიდნენ რატომღაც პალტოებმოხურულები  (თუმცა საკმაოდ თბილოდა) და უჩვეულოდ მოწყენილი სახეებით.
სუფრის მეორე ბოლოს იუბილარი იჯდა იისფერი ულამაზესი კაბითა  და მარგალიტის გრძელი მძივით. მასაც სახეზე სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა.  ეტყობა ასეთია პროტოკოლი-მეთქი, გავიფიქრე. ყველას მივესალმე და მითითებულ ადგილას დივანზე, ხანდაზმული მასწავლებლის გვერდით დავჯექი. კედელზე მიმაგრებულ უზარმაზარ ტელევიზორში  90-იანი წლების პოპულარული რუსული ჯგუფი ”ласковый май” და მისი სოლისტი იურა შატუნოვი მღეროდა თეთრ ვარდებზე, ვარდისფერ საღამოზე, ჭაღარა ღამეზე და მაშინ მივხვდი ირგვლივ გამეფებული მოწყენილობის მიზეზს.
 იუბილარი პოზიორობდა და სადღაც მეათე ფოტოც რომ ჩაუჩხაკუნეს, ტელეფონში საქმიანად  დაათვალიერა სურათები, სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ უკმაყოფილო დარჩა და ნერვიულობისაგან დამახინჯებული ქართულით რიტორიკული შეკითხვა დასვა: ” რატო ერთ სურათში არ ვარ კარგადო”... მგონი მაშინ გააცნობიერა რამდენი წლის გახდა, წარსულ ახალგაზრდობაზე ჩაფიქრდა და სახე უფრო მოეღუშა. აი, აქ მივხვდი, რომ რაიმე უნდა მეღონა და სიტუაცია რომ ცოტათი გამეხალისებინა, ჩემს წინ მაცდურად მდგარ, შავი ღვინით სავსე ბოკალს ხელი წამოვავლე, სადღეგრძელო ვითხოვე და სახალხოდ ვაღიარე, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც წლების სვლა ვერაფერს აკლებდა. საბედნიეროდ, შატუნოვმაც უფრო მაჟორულ ნოტაზე გადაინაცვლა და ყველამ გავიღიმეთ. 
ამასობაში ვერცერთმა ვერ შეამჩნია როგორ გაუჩინარდა სუფრიდან ჩემს გვერდით მჯდომი ქალბატონი. ეს პირველმა  მე აღმოვაჩინე და შეწუხებულმა, მის კოლეგებს ვთხოვე: მოიკითხეთ რამე ხომ არ უჭირს -მეთქი. მოპირდაპირე მხარეს მჯდომმა მკაცრი სახის პედაგოგმა მოკლედ შეკრეჭილი თეთრი თმით და მკაცრად მოკუმული ტუჩებით რომ იჯდა, ამაზე ძალიან მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი კომენტარი გააკეთა: ”по англиски ушла”. სიმართლე გითხრათ, ამ სიტყვების მნიშვნელობა მართლა ვერ გავიგე, მაგრამ საუბრიდან გამომდინარე, მივხვდი, ეს შეუმჩნევლად წასვლას ნიშნავდა. მეტი დამაჯერებლობისათვის ქუჩაშიც გაიხედეს და მისი თანმხლები ერთგული ძაღლიც რომ ვერსად დალანდეს, დარწმუნდნენ, ნამდვილად ინგლისურად წავიდაო. როგორც გაირკვა, ჩემს მეზობელს ღამე სახლში ყოფნის არა, მაგრამ სახლში შესვლის დაუძლეველი შიში ჰქონია თურმე და ამიტომ დაბინდებამდე მიატოვა სუფრა.

რუსული ჰიტები მალე ”ლამბადამ” შეცვალა და აქ მოხდა გასაოცარი ამბავი: მუსიკის ცეცხლოვან ჰანგებს აყოლილი ქერად თმაშეღებილი მასწავლებელი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში თავის ავადმყოფობაზე წუწუნებდა, უცებ ადგილიდან წამოხტა და ტანის რწევით დარბაზს ჩამოუარა, თან იუბილარიც გაიწვია საცეკვაოდ...მაგიდასთან მსხდომებსაც გადაედოთ ეს განწყობა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა ყველას. მივხვდი უკვე წასვლის დროც იყო და ის იყო წამოდგომა დავაპირე (მთლად ინგლისურად ვერ წავედი), რომ ჩემმა მეზობელმა თითქოს გამოიცნო ჩემი ფიქრებიო, გამაფრთხილა: ხომ იცი საჩუქრების წაღებაში უნდა დამეხმაროო... რაღას ვიზამდი, უკანვე დავჯექი. მალე ტორტიც მოიტანეს, რომლის არათუ ჭამაზე, გაჭრაზეც კი ყველამ უარი გამოაცხადა და ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, უზარმაზარი, სადღესასწაულოდ თეთრი ვარდებით მორთული ბისკვიტი იუბილარს სახლში მთლიანად წაეღო.  მთელი უბედურება კი ის იყო, რომ მისი ჩატანის პრივილეგია ყველამ სულგრძელად მე დამითმო.  ტორტი ცალ ხელში დავიჭირე, მეორეთი კი მოაჯირს ჩახუტებული ნელი ნაბიჯით დავუყევი გაყინულ კიბეებს. წინ მიმავალი ორი ზორბა ქალბატონი, მათივე თქმით, დაგორებისგან მიცავდა, უკან კი იუბილარის გამამხნევებელი შეძახილები  მესმოდა.  დაბლა ჩასულს, საჩუქრების წასაღებად საგანგებოდ დაბარებული ჩემი მეუღლე გვიცდიდა, რომელსაც ტორტისა და საჩუქრების სახლამდე მიტანა ჰქონდა დავალებული.  
ჩემმა, აწ უკვე ერთი წლით გაზრდილმა მეზობელმა, ტორტი დიდის ამბით მანქანაში ჩამიდო: სახლში მომაწოდეო, თავად კი საჩუქრების ფერადი პარკებით  დატვირთული, ნელი ნაბიჯებით გაჰყვა ლამპიონებით განათებულ ქუჩას. 


Comments

Popular Posts